"არ მომწონს, როცა გათხოვილი ქალი ქმარს ღალატობს, ადამიანმა ჯერ ძველი ურთიერთობა უნდა დაასრულოს და მერე უნდა იპოვოს სხვა"
font-large font-small
"არ მომწონს, როცა გათხოვილი ქალი ქმარს ღალატობს, ადამიანმა ჯერ ძველი ურთიერთობა უნდა დაასრულოს და მერე უნდა იპოვოს სხვა"
"ღალატი" - ეს სიტყვა უხსოვარი დროიდან დღემდე, ყველაზე უპატიებელ და სამარცხვინო საქციელს აღნიშნავს. განსაკუთრებით მკაცრად ისჯებოდა და ისჯება ქალის ღალატი: მსოფლიოში ახლაც არსებობს ქვეყნები, სადაც მოღალატე ქალებს დაუნდობლად ასახიჩრებენ, სახეში გოგირდმჟავას ასხამენ, ან - სულაც კლავენ და მერე ამ მკვლელობას "ღირსების მკვლელობას" უწოდებენ. როგორც წესი, ასეთ დროს "მოსამართლის" როლში მსხვერპლის ქმარი, მამა, ძმები და უახლოესი ნათესავები გვევლინებიან.

როგორ აფასებენ ღალატს XXI საუკუნის საქართველოში, ან რატომ ღალატობენ ადამიანები მეუღლეს და ოჯახს, რომელიც ერთ დროს სიყვარულით შექმნეს? - ეს შეკითხვა სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ცნობილ ქართველებს დავუსვით.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ნიკა ხაჩიძე, ჟურნალისტი:
"ჩემთვის ღალატი ღალატია - არა აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის - ქალის თუ კაცისგან. როდესაც ურთიერთობაში კრიზისია და ორ ადამიანს შორის მესამე პირი ჩნდება, ესე იგი, პრობლემა ამ ორშია. აბა, რა გითხრათ? - ღალატობენ იმიტომ, რომ ერთმანეთი ჰბეზრდებათ და ვეღარ უგებენ, თორემ მესამე პირი წყვილის ურთიერთობაში ყოველთვის ზედმეტია. სპონტანური გადაწყვეტილებების მომხრე არა ვარ, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია: შეიძლება წლების ურთიერთობა დაინგრეს და ის ურთიერთობა უფრო მყარი აღმოჩნდეს, რომელიც 1-2 თვეში ჩამოყალიბდა. ჩვენთან, საქართველოში, დამკვიდრებულია აზრი, რომ მამაკაცი თავისი ბუნებით მონადირეა და ე.წ. გვერდზე გახედვა ეპატიება, თუმცა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ზოგიერთი ქალი ნაკლებად მონადირეა: თუ ქალი მოინდომებს, მასაც ძალიან კარგად შეუძლია "გვერდზე გახედვაც" და ღალატიც. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული. მე ძალიან არ მომწონს, როცა გათხოვილი ქალი ქმარს ღალატობს - ჩემი აზრით, ადამიანმა ჯერ ძველი ურთიერთობა უნდა დაასრულოს და მერე უნდა იპოვოს სხვა. ვეტყოდი თუ არა სიმართლეს მეგობარს, თუ მას ცოლი ღალატობს - ვეტყოდი, მაგრამ ჯერ იმ ქალს და მის რჩეულს დაველაპარაკებოდი და მერე მეგობარსაც ვეტყოდი. რატომ უნდა იცხოვროს ტყუილში ადამიანმა, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ჩემი მეგობარია?!"

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:
"ვფიქრობ, რომ ყველა ოჯახს თავისი კანონები აქვს, რაც შესაძლოა, სხვებისთვის მიუღებელია, მაგრამ მაინც არ უნდა ჩავერიოთ. შეიძლება იმ ოჯახში ასეა მიღებული, შეიძლება ცოლი ქმარს ბევრ რაიმეს პატიობს, რადგან უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთის გარეშე ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ. იმ გაუგებრობას, რომელიც ურთიერთობაში ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას, ხშირად პატიობენ ხოლმე და ეს არ უნდა გვიკვირდეს. არსებობს ასეთი გამონათქვამი: "მამაკაცისთვის ქალი ყოველთვის ქალია, ქალი კი, მასში სასწაულს ეძებს"-ო - განსხვავებული აზროვნების და ფსიქიკის გამო ცოლ-ქმარს შორის ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნება, ამიტომ, ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ ბედნიერება თავისთავად არ მოდის, მის შეგრძნებასაც ცოდნა უნდა. და კიდევ - რაც უფრო მეტს გასცემ, უფრო ბედნიერი ხარ. მეუღლისთვის მეც ბევრი რამ მიპატიებია, რადგან კარგად ვიცოდი: ძნელია იმ ადამიანის პოვნა, ვინც მართლა გიყვარს და როცა გიყვარს, იძულებული ხარ დათმო - დათმო შენი თავმოყვარეობა, სიამაყე, ეგოიზმი და ა.შ... ადამიანს ორი მხარე აქვს - კარგი და ცუდი, თუ გიყვარს, ეს ორივე მხარე უნდა მიიღო. თუ ეს ადამიანი ძვირფასია შენთვის, მარტო ფლირტის გამო მასზე უარს ვერ იტყვი - ასეთ დროს პატიება ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენი საუბრისას გამახსენდა როგორ საყვედურობდა ცოლი ერთ ცნობილ რეჟისორს: რა არის, სულ რომ მღალატობ და სხვა ქალებში მცვლიო - მან კი, ნახევრად ხუმრობით უპასუხა: სულ ვეძებ, ვეძებ, მაგრამ შენნაირი მაინც ვერავინ ვიპოვეო. ასე რომ, ყველაფერი ინდივიდუალურია, ორი ადამიანის ურთიერთობა გართობა არ არის და სხვის ოჯახში რა ხდება, ეს ჩვენი განსასჯელი არ უნდა იყოს".

ზუკა ხუციშვილი, მომღერალი:
"არ მესმის, რატომ უნდა მქონდეს სხვა ადამიანთან ურთიერთობის სურვილი, როცა ვინმე მიყვარს? მე ეს ვერ წარმომიდგენია! ღალატი ერთნაირად მძიმე ასატანია როგორც ქმრისგან, ასევე - ცოლისგან, აქ მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. 21-ე საუკუნეა და ცოტა არ იყოს, ძველმოდურად მიმაჩნია მოსაზრება, რომ შეიძლება კაცმა "გვერდზე გაიხედოს", ქალმა კი - უნდა მოითმინოს. ეს ურთიერთობა ორ ადამიანს შორის ყალიბდება და ორივეს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ერთმანეთის მიმართ. შესაბამისად, ღალატი ორივესგან გაუმართლებელია. ვფიქრობ, რომ მეუღლეები ერთმანეთს მაშინ ღალატობენ, როცა მათ შორის ყველანაირი გრძნობა ქრება. რა თქმა უნდა, ურთიერთობა ღალატის შემდეგაც შეიძლება დაალაგო, თუ ძალიან ეცდები, მაგრამ რატომ ჩერდებიან იმ ადამიანთან, ვისაც ღალატობენ? - ეს ჩემთვის გაუგებარია. როდესაც ოჯახში სიყვარული ქრება, მაშინ იწყება ღალატიც და ყველაფერი ცუდი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მამაკაცს ისევე შეუძლია ერთგულება, როგორც ქალს. როცა მეუღლე გიყვარს და სათანადო ყურადღებას აქცევ, არა მგონია მან სხვისკენ გაიხედოს. ამიტომ, როდესაც ქალი ქმარს ღალატობს, ამაზე ქმარიც პასუხისმგებელია. აქ ერთი მხარის პრობლემა არ იკვეთება, ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარემ ვერ გაუგო ერთმანეთს. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ დაშორდე, არც ის დატანჯო და არც თავად დაიტანჯო.
დასასრულ, მე ყველას ვუსურვებ ოჯახს გარეთ არ ეძებოს სითბო და სიყვარული, რომ ეს ყველაფერი ოჯახში ჰქონდეს და არა - სადღაც, გარეთ... ასეთი ჰარმონია კი, მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ორმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა, თუ ისინი "ერთ სულ და ერთ ხორც" იქცნენ".

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხელმარჯვე ჟურნალისტის მრავალმხრივი გატაცება და ცხადად ნანახი "სიზმარი"
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.