უბრალო ბიჭი, რომელმაც კარიერა ჭურჭლის მრეცხაობით დაიწყო
font-large font-small
უბრალო ბიჭი, რომელმაც კარიერა ჭურჭლის მრეცხაობით დაიწყო
"საბოლოოდ საქართველოში ვაპირებ დარჩენას"

ფრანკ მუცონე იტალიური წარმოშობის კანადელია, რომელიც მულტი ბრენდული კომპანიის, "Hotel collection international"-ის რეგიონული მენეჯერია საქართველოში. კომპანია ესპანეთში დაარსდა და სასტუმროების მენეჯმენტის, სტუმარ-მასპინძლობისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით 1999 წლიდან მუშაობს. 8 თვეა ფრანკი საქართველოში ცხოვრობს და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასტუმროს სერვისის გაუმჯობესების კუთხით რჩევებს აძლევს.


როგორია მისი თვალით დანახული საქართველო, ჩვენი რესტორნებისა და სასტუმროების სერვისი და რით ვჯობივართ ევროპას, ამის შესახებ რესპონდენტი მოგვიყვება.

ჩვენ ერთმანეთს თბილისურ კაფეში შევხვდით, სადაც "აპარატის" ყავა და "ჩიზქეიქი" მოვითხოვეთ, მაგრამ ორივეზე უარი მივიღეთ და მხოლოდ თურქული ყავა და ბლინი შემოგვთავაზეს. ფრანკი თავაზიანად უღიმოდა მიმტანს და ყოველგვარი პრეტენზიებისა და გაღიზიანების გარეშე დათანხმდა მის შეთავაზებას. ჩვენი საუბარიც სწორედ აქედან დავიწყეთ:

- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას? რაც გინდოდათ, არ ჰქონდათ ამ კაფეში. კმაყოფილი ხართ, მომსახურებით?
- როდესაც საქართველოში კაფეში ან რესტორანში შედიხარ, ყველაფერი გადასარევადაა მოწყობილი, ინტერიერიდან დაწყებული, მაგრამ შემდეგ მომსახურებით ცოტა იმედგაცრუებული რჩები.
- 8 თვეა, საქართველოში ხართ და რას იტყვით, ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენაა?
- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს მენეჯმენტის პრობლემაა.
- როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება და სტანდარტებთან მიახლოება?
- ყველა სფეროშია პრობლემა, მაგრამ კარგი მენეჯერი სტუმარს შესვლისთანავე ეუბნება, რა მომსახურებას ვერ შესთავაზებს. როცა თავს სტუმრის ადგილზე წარმოიდგენ, ბევრ კითხვას გასცემ პასუხს და ბევრ ხარვეზს გამოასწორებ.
- თქვენ შესახებ მომიყევით.
- 43 წლის ვარ. ჩემი მშობლები იტალიელები არიან და დიდი ხნის წინ წავიდნენ კანადაში საცხოვრებლად. მამამ არ იცოდა ინგლისური, მაგრამ მოახერხა და დააარსა სამშენებლო კომპანია, სადაც პატარაობიდანვე ვმუშაობდი. უკვე მოზრდილი, როცა კოლეჯში ვსწავლობდი, გასართობად, საღამოობით კლუბებში დავდიოდი, შინ გვიან ვბრუნდებოდი და დილით სამსახურში ხშირად ვაგვიანებდი. ამის გამო მამაჩემის გულისწყრომა დავიმსახურე. სამსახურიდან გამათავისუფლა და სწავლის დაფინანსებაც შემიწყვიტა. იმისათვის, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა, პატარა კაფეში დავიწყე ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა. თუმცა, მარტო სამზარეულოში არ ვიყავი, სტუმრებთანაც გამოვდიოდი და თეფშებს ვუცვლიდი. ერთხელ მონრეალში ჰარდ-როკ-კაფეში შევედი, სადაც თანამშრომელი სჭირდებოდათ და მაგიდების გადამწმენდავად ამიყვანეს. ამ კაფეს ძალიან კარგი მენეჯერი ჰყავდა. ის არა მხოლოდ უძღვებოდა კაფეს მუშაობას, არამედ მიმტანებს, მომსახურე პერსონალს კლიენტებთან ურთიერთობას გვასწავლიდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო ეს და ამ მიმართულებით მინდოდა მემუშავა. მალე სასტუმროს მენეჯმენტის შესწავლა დავიწყე. ჰარდ-როკ-კაფეში მალე დავწინაურდი, მერე წავედი ევროპაში და ახლა ამ სფეროში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება მაქვს. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური.
- როდესაც სამსახურმა შემოგთავაზათ საქართველოში სამუშაოდ წამოსვლა, რა მოლოდინი გქონდათ და რა დაგხვდათ? იცოდით თუ არა ამ ქვეყნის არსებობის შესახებ?
- არ ვიცოდი, ასეთი ქვეყანა თუ არსებობდა. რუკაზე მოვძებნე და თხილისოდენა ტერიტორია აღმოვაჩინე. აზრზე არ ვიყავი, აქ რა დამხვდებოდა და ცოტა ვნერვიულობდი კიდეც. ვიცოდი, რომ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული იყო და ცოტა ვშიშობდი, უსაფრთხო იქნებოდა თუ არა საცხოვრებლად. თვითმფრინავი აეროპორტში რომ დაეშვა, იქიდან დავიწყე გაოცება. სასტუმრომდე ტაქსით გამოვიარე რუსთაველი, "თავისუფლება" და აღფრთოვანებული დავრჩი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი ლამაზი და მოვლილი იყო ყველაფერი.
- თავს დაცულად გრძნობთ ჩვენს ქვეყანაში?
- დიახ, ძალიან დაცულად ვგრძნობ.
- არსებობს სხვადასხვანაირი სასტუმრო. საქართველოში რომელი ტიპის სასტუმრო უფროა მორგებული მომხმარებელზე? ფასები შეესაბამება თუ არა სერვისს?
- ნებისმიერი მიმართულებით რაღაცაა გამოსასწორებელი. კარგია, სასტუმროს ბევრი ბრენდი რომაა წარმოდგენილი, რადგან ტურისტს არჩევანის საშუალება აქვს. საქართველოში ყველა მიმართულება თანაბრადაა განვითარებული და ყველა კატეგორიის კლიენტზეა მორგებული.
- როდესაც ჩადიხართ რომელიმე ქვეყანაში, თავად რა კრიტერიუმებით არჩევთ სასტუმროს?
- ვინაიდან მე არ ვითვლები მდიდარ ადამიანად, პირველ რიგში ვინტერესდები ფასით, მერე - ლოკაციით - სასურველია, სასტუმრო იყოს ქალაქის ცენტრში. შემდეგ ვრეკავ სასტუმროში და გავესაუბრები მენეჯერს - დავუსვამ რამდენიმე, ჩემთვის საინტერესო შეკითხვას. პასუხების მიხედვით ვხვდები, როგორ მომსახურებას მივიღებ ამ სასტუმროში და შემდეგ ვწყვეტ, დავჯავშნო თუ არა იქ ნომერი.
- მე როცა ჩავდივარ უცხო ქვეყანაში, მირჩევნია, ცენტრიდან მოშორებით ვიქირაო სასტუმრო. რა უპირატესობა აქვს ცენტრში ცხოვრებას?
- მაგალითად, როდესაც ჩადიხარ რომში, იქ გარეუბანში სასტუმროში ცხოვრება არაა სასურველი. ჯერ ერთი, გარეუბანი არის ძალიან ჭუჭყიანი, დაბინძურებული ქუჩებია, ცენტრში მისასვლელად გჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ათასი ჯურის ქურდბაცაცა დაძვრება და შესაძლოა, საფულე ან ძვირფასი ნივთები მოგპარონ და დაზარალდე. სხვათა შორის, საქართველომ იმით გამაოცა, რომ ძალიან სუფთა ქვეყანაა, არ ყრია ნაგავი და დალაგებული ქუჩებია. აქ ისიც უჩვეულოა, რომ ამდენი ხნის მანძილზე ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არაფერი მოუპარავთ, არ ქურდობენ. ერთეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მე ის უფრო ხშირად მსმენია, რომ დაკარგული საფულე დაუბრუნებიათ ქართველებს. სხვა ქვეყანაში ასეთი რამ არ გამიგონია.
GzaPress
- მოასწარით ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რეგიონის მონახულება?
- სასტუმროები, რომელსაც მე ვემსახურები, სამ ქალაქშია - თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. ამიტომ მიწევს ამ რეგიონებში ხშირად ყოფნა და შესაბამისად, დათვალიერებაც. სიმართლე გითხრათ, თელავში ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც გამაოცებდა. მხოლოდ ერეკლე მეფის სასახლემ და ღვინომ მოახდინა შთაბეჭდილება. ქუთაისში ვნახე გელათი, პრომეთეს მღვიმე, ასევე ვიყავი მარტვილის კანიონზე. ძალიან მომეწონა, რაც ვნახე. განსაკუთრებით მომეწონა მღვიმე, სადაც ძალიან კარგი მომსახურება იყო. ტურიზმი ახალი სფეროა თქვენთვის და ბევრი რამ არის დასახვეწი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეყანა კარგი ტემპით ვითარდება. ბათუმი ძალიან ლამაზია. გამიგონია, რომ სვანეთიც ძალიან ლამაზია და მისი ნახვა მინდა. მომეწონა ქართული სამზარეულო, ძალიან გემრიელი კერძები გაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა რესტორანში ერთი და იგივე კერძებია. განსხვავებული ვერაფერი დავაგემოვნე. ისე, რაც აქ ვარ, 15 კილო მოვიმატე თქვენი გემრიელი კერძების წყალობით.
- ღამის გართობა მოგწონთ საქართველოში?
- დიახ, მომწონს. ყველაფერი ძალიან კარგადაა ორგანიზებული, ხშირად დავდივარ კლუბებში და კარგად ვერთობი.
- რა განასხვავებს საქართველოს სხვა ქვეყნებისგან?
- ძალიან პატარა ქვეყანაა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქვს თავისი ენა, დამწერლობა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თბილისის ძველ ქუჩებში სეირნობა ცალკე ამბავი და თავგადასავალია. ქართული ღვინო კი საოცრებაა. თუმცა, საჭიროა უფრო მეტი რეკლამა, რომ ევროპიდან ტურისტები მოიზიდოთ. ძალიან ბევრ უცხოელთან მაქვს ურთიერთობა ყოველდღიურად და როდესაც იგებენ, რომ აქ ვცხოვრობ, მეუბნებიან, რომ ძალიან იღბლიანი ვარ.
- თქვენც ასე ფიქრობთ?
- დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. ამაყი ვარ, აქ რომ ვცხოვრობ და მინდა, ყველა ჩემმა ახლობელმა და ნათესავმა ნახოს ეს ქვეყანა. იმასაც კი ვეუბნები, ოღონდ ჩამოდით, ნახეთ ეს საოცრება და ბილეთის ფულს მე გადავიხდი-მეთქი. შემოდგომაზე ჩემი ოჯახის წევრები ჩამოდიან - და და მამა. ვიცი, რომ იმათაც ძალიან მოეწონებათ აქაურობა. საბოლოოდ საქართველოში ვაპირებ დარჩენას და დაფუძნებას. საქართველოში ყველა დღე საინტერესო თავგადასავალია.
- მეგობრები შეიძინეთ?
- დიახ, რამდენიმე მეგობარი შევიძინე და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- სიმპათიური მამაკაცი ხართ, ქალების ყურადღებითაც განებივრებული იქნებით.
- ამ კითხვას არ ველოდი, ცოტა დავიბენი (იცინის). ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან, მოვლილები, გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებასა და დროს უთმობენ. კარგად და გემოვნებით იცვამენ და კარგად უვლიან ქმრებსა და ბოიფრენდებს. უმეტესობა ძალიან ტრადიციულია, მოკრძალებული.
- ქართული სუფრის ტრადიციები თუ გამოცადეთ საკუთარ თავზე?
- დიახ, გამოვცადე, მაგრამ მახსოვს მხოლოდ დასაწყისი, შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
- რამ გაგაოცათ ჩვენს ქვეყანაში?
- უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი რამ, რაც აქ ვნახე, სხვაგან არსად მინახავს. დილით ძროხებს უშვებენ სახლიდან საძოვარზე და საღამოს თავისით მოდიან სახლში. ეს საოცრებაა. ასეთი წვრილმანები არის ქვეყნის მახასიათებელი და სავიზიტო ბარათი, რაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, რომ ტურიზმი განვითარდეს. მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელმაც ჩემი კარიერა ჭურჭლის რეცხვით დავიწყე და თუ საჭირო გახდება, ისევ დავუბრუნდები მაგ საქმიანობას. ახლა რჩევები მინდა მივცე როგორც ტურიზმის, ასევე სასტუმროებისა და კვების ობიექტების განვითარების კუთხით და ამ საქმეს ერთგულად ვემსახურები.
მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.