სანდრო დათიშვილის ველომოგზაურობა საქართველოდან შოტლანდიამდე
font-large font-small
სანდრო დათიშვილის ველომოგზაურობა საქართველოდან შოტლანდიამდე
"უარს ვერ გეტყვით ასეთ მიპატიჟებაზე"

"...ჩემო მეგობრებო, როგორც იქნა, ბოლომდე ვგრძნობ მზადყოფნას, რომ გაგიზიაროთ ჩემი მიზნები და გეგმები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში "ვალაგებდი". ვისთანაც ბოლო დროს ურთიერთობა მქონდა, უკვე ყველამ იცით, მაგრამ ახლა ოფიციალურად მინდა დავაანონსო ჩემი მოგზაურობა. 20 ივნისს, საქართველოს დროშით დაგიქნევთ ხელს და ველომოგზაურობაში გავეშურებით, რომლის საბოლოო წერტილი შოტლანდიაა (ედინბურგი). მოგზაურობის მიზანი და მოტივაცია უფრო ღრმაა. ბოლომდე მგონია, რომ კარგ რამეს ვაკეთებ როგორც საკუთარი შინაგანი და კულტურული განვითარებისთვის, ისევე ჩემი მეგობრებისთვის, გარემოცვისა და ალბათ ქვეყნისთვის. ცოტათი განერვიულებთ, ვისთვისაც სულერთი არ ვარ ამ 3 თვის განმავლობაში, მაგრამ თქვენი თანადგომისა და გამხნევების დიდი იმედი მაქვს". - ასე გააცნო ყველას თავისი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში რაგბის გულშემატკივარმა, სანდრო დათიშვილმა და 20 ივნისს დაიწყო ველომოგზაურობა.


ის ევროპის 11 ქვეყნის გავლით შოტლანდიაში ჩავა, მარიფილდზე გასამართ შოტლანდია-საქართველოს მატჩზე დასასწრებად და ჩვენი ნაკრების საქომაგოდ. სანდრო გზაში გადახდენილ ამბებსა და შთაბეჭდილებებს სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს. პერიოდულად ისვენებს, ღამეს კარავში ან სასტუმროში ათევს და, დაღლილობის მიუხედავად, ამბობს, რომ ბედნიერება ჯერ კიდევ წინაა.
- თელაველი ვარ, თუმცა ბოლო 7 წელია, თბილისში ვცხოვრობ. სამხატვრო აკადემიის, ურბანული არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მოგზაურობა, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ როგორც ქართველების უმრავლესობა, ვერც მე ვახერხებდი სადმე წასვლას. ასე რომ, გამოცდილი მოგზაურის იმიჯს ნამდვილად ვერ მოვირგებ. ყველაფერს ახლა ვსწავლობ და ახლა ვიწყებ. ველოსიპედით მოგზაურობის იდეა მას მერე გამიჩნდა, რაც თეორიულად დავინტერესდი ლაშქრობით, სხვადასხვა საინტერესო ადგილით. ვითვლიდი მანძილს, რა დრო და რესურსი დაგჭირდებოდა ადამიანს, რომ ჩასულიყავი, მაგალითად, თელავიდან თბილისში. თავდაპირველად რატომღაც ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი ჩემი იდეის მიმართ და არავის სჯეროდა, რომ თუ მოინდომებ და კარგად დაგეგმავ, რას და როგორ აპირებ, აუცილებლად გამოგივა. პირველი შორი მანძილი თელავი-თბილისი იყო, ნათხოვარი ველოსიპედით წამოვედი. საკუთარი არც მოგზაურობამდე მქონია. ამ ერთჯერადი ტურის მერე თავდაჯერებულობაც მომემატა და ამბიციაც, თუმცა მაშინ არაფერი დამიგეგმავს. როდესაც დაანონსდა საქართველო-შოტლანდიის სარაგბო მატჩი, ჩემი მიზნებიც მომენტალურად ამ ამბავს დავუკავშირე. სამსახურში შევათანხმე, რომ 1 წელში სამოგზაუროდ მივდიოდი და გადავწყვიტე, ქართული დროშით ევროპის 11 ქვეყნის გავლით შოტლანდიაში ჩავსულიყავი და ჩვენი ნაკრებისთვის მეგულშემატკივრა. ამით მნიშვნელოვანი მოტივაცია და მიზანი შევიქმენი, რომ არ უნდა გავჩერდე, უნდა შევძლო და ჩავიდე! რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუყვებოდი ჩემი გეგმების შესახებ, პასუხისმგებლობა რომ ამეღო და უკანდასახევი გზა აღარ მქონოდა. მოტივაციის გარეშე სისულელეა სადმე წასვლა. ასევე, თანასწორად მნიშვნელოვანია ის დამატებითი ბენეფიტები ანუ სარგებელი, რაც მოგზაურობას მოაქვს.
GzaPress
- ამ მოგზაურობისთვის საჭირო თანხები თვითონ გაიღე?
- პრობლემად რჩებოდა სპონსორის მოძიება. ძირითადი თანხის მოძიება თავად მომიხდა, რადგან არავის გამოუჩენია ყურადღება ან დაინტერესება ამ მოგზაურობისადმი, მიუხედავად თანამშრომლობის მრავალმხრივი პერსპექტივისა. ზოგსაც უბრალოდ არ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ერთადერთი კომპანია დამიდგა გვერდით, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. როდესაც მეგობრები მიხვდნენ, რომ აღარ გადავიფიქრებდი, ისინიც დამეხმარნენ, ჩემზე მეტად უხაროდათ და ელოდნენ ამ მოგზაურობას. სწორედ მათი რეაქციები, ყოველდღიური მესიჯები და დაინტერესება მაძლევს სტიმულს, უფრო აქტიურად ვეძებო საინტერესო დეტალები და გავუზიარო მათ.
- განსაკუთრებით საინტერესო ამბები გაიხსენე?
- ყოველი დღე საინტერესოა, არის დეტალები, რომელთა გამოც არ ინანებ საკუთარ არჩევანს. ვფიქრობ, გამორჩეულად საინტერესო დღეები კიდევ ბევრი მაქვს წინ, გზის ნახევარი ხომ ჯერ კიდევ გასავლელი მაქვს. მეხუთე ქვეყანაში ვარ უკვე. სასიამოვნოდ გამაკვირვა თურქეთმა თავისი განვითარების მაღალი ტემპითა და ევროპული სახელმწიფოს ქონის სურვილით. ასევე ავსტრიამ, სადაც მჭიდროდ განვითარებული ურბანული გარემოს მიუხედავად, გარშემო უამრავი ცხოველია. ბულგარეთში გამაკვირვა უცნაურმა, გულის ფორმის საფლავის ქვებმა წყვილებისთვის. სხვაგან მსგავსი არსად მინახავს. გავიცანი ბულგარელი გიორგი მარკოვი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან თავისი ავტობიოგრაფიული წიგნიც მაჩუქა, ხელმოწერითა და ტელეფონის ნომრით. საინტერესოა, რომ მარკოვს 1984 წელს, ევროპის ჩემპიონატზე შეიარაღებული ტერორისტის განეიტრალებაში მიუძღვის წვლილი.
კიდევ ერთი დღე მახსენდება ემოციურად - თურქეთში ყოფნისას კაფეში მკითხეს, საიდან ხარო? საქართველო რომ ვახსენე, ერთ-ერთმა, მეც ქართველი ვარ, ჩემი პაპა ბათუმიდან იყოო. სადღაც წავიდა, 20 წუთში ისევ დაბრუნდა და ონლაინლექსიკონის დახმარებით ზარ-ზეიმით მაუწყა, დღეს ჩემი სტუმარი უნდა იყოო. იქ ყოფნისას ბევრი სტუმართმოყვარე ადამიანი ვნახე, მაგრამ სახლში პირველად დამპატიჟეს. ჰოდა, ვუთხარი, წასასვლელი კი ვარ და გეგმასაც ვუხვევ, მაგრამ უარს ვერ გეტყვით ასეთ მიპატიჟებაზე, მით უმეტეს, ქართველს-მეთქი. ჩემი ანგარიშიც მან გადაიხადა და ადე, ადეო, ქართულად მითხრა. წავედი მის ოჯახში მის ძმებთან ერთად, გამიმასპინძლდნენ. გავიცანი მათი მამაც, რომელმაც ქართული შედარებით კარგად იცოდა. დავპირდი, თქვენს ფოტოს "ფეისბუკში" გავაზიარებ, ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ თქვენნაირი ხალხი არსებობს-მეთქი. აი, ეს არის ქართული სისხლი...
GzaPress
- საინტერესოა, რაგბის დიდი გულშემატკივარი ხარ და ამიტომ გადაწყვიტე მოგზაურობა, თუ სხვადასხვა ქვეყნის ველოსიპედით შემოვლის იდეამ მოგხიბლა?
- რაგბი ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი სპორტია. თან ეს მსოფლიო ჩემპიონატამდე გასამართი ბოლო შეხვედრაა, შესაბამისად, მათი მხარდაჭერა და ქომაგობა ორმაგად მნიშვნელოვანია.
- დღის განმავლობაში რამდენი კილომეტრის გავლა გიწევს?
- ვცდილობ ორგანიზებულად ვიმოძრაო, რეჟიმის მიხედვით, მაგრამ უმეტესად ამინდი, რელიეფი და მანძილი გკარნახობს, რა და როგორ გააკეთო. ნორმალურ პირობებში მხოლოდ დილით და საღამოთი ვმოძრაობ, შუადღეს კი ვცდილობ, მზეს მოვერიდო. საშუალოდ დღეში 90 კმ-ს გავდივარ, რომ არ გადავიღალო, თუმცა ყოფილა ისე, რომ 180-ც გამივლია, ზოგჯერ კი 40-ის გავლასაც ვერ ვახერხებ. კარავში ვიძინებ, ადგილს ჩასვლისას ვპოულობ. დიდ ქალაქებში კი სასტუმროში ვჩერდები, რადგან კარვის გაშლა ქალაქში არ არის ნებადართული, თანაც ნაკლებად უსაფრთხოა.
- ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, მოგიწონეს იდეა?
- ოჯახი, რა თქმა უნდა, ცდილობდა გადარწმუნებას, მაგრამ მყარად მწამს, რომ ადამიანმა გადაწყვეტილებები თვითონ უნდა მიიღოს, დანარჩენების აზრი კი მხოლოდ რეკომენდაციად უნდა დარჩეს და არა კატეგორიულ მოთხოვნად.
- სანდრო, სამომავლოდ კიდევ თუ გეგმავ მსგავს მოგზაურობას?
- ინტერესები მრავალმხრივი მაქვს, როგორც სპორტის, ასევე კულტურისა და ხელოვნების მიმართ. ამიტომ შესაძლებელია, მომავალშიც დავგეგმო რამე არასტანდარტული მოგზაურობა, მაგრამ ჯერ საკმარისი ემოციები და მოგონებები დამიგროვდა და უახლოეს მომავალში არაფერს ვაპირებ. საინტერესოა, ყოველდღიურობაში დაბრუნების მერე რამდენად მალე მომენატრება ველოსიპედით მოგზაურობისას აბსოლუტური თავისუფლება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.