რა უნდა ვიცოდეთ ნესვისა და საზამთროს შეძენისას?
font-large font-small
რა უნდა ვიცოდეთ ნესვისა და საზამთროს შეძენისას?
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"

ზაფხული ყველაზე ნათელი, ყველაზე ხალისიანი დროა, რომელსაც სეზონური ხილი კიდევ უფრო "აგემრიელებს". საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ნესვი და საზამთრო. აფრიკიდან გავრცელებული ეს ნუგბარი ჩვენი ქვეყნის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ერთნაირად უყვარს, თუმცა, მათი შეძენისას ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე:


- თქვენს გამოცემასთან ადრეც მითქვამს, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ძირითადი პირობა სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესია, მაგრამ ძნელია ჯანმრთელობის შენარჩუნება დღეს, რადგან საკვები, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ, გაურკვეველი ნივთიერებებით არის გაჟღენთილი. ქიმიურ სასუქებსა და პრეპარატებს მოსავლიანობის გასაზრდელად ყოველთვის იყენებდნენ და ახლაც იყენებენ, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა, თავისი ვადა აქვს. სამწუხაროდ, ამ ნორმებს ყველა ვერ, ან - არ იცავს.
- რას გულისხმობთ ამ ნორმებში?
- თითოეულმა ფერმერმა კარგად უნდა იცოდეს, როდის შეიტანოს ბაღში ქიმიური პრეპარატები: ნიადაგის დამუშავებამდე თუ მერე, რომ ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე არ იყოს. საზამთროსა და ნესვის ბაღებში ყველაზე მეტად აზოტის შემცველ სასუქებს იყენებენ, მათ გარეშე მცენარის ნორმალური განვითარება ფერხდება, რადგან მიწა ძალიან გამოფიტულია. ჭარბი რაოდენობით ნიტრატებისა და ნიტრიტების გამოყენება ზრდის ამ ნივთიერებების მომწამვლელ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე: არღვევს ნახშირწყლოვან და ცილოვან ბალანსს, უარყოფითად მოქმედებს სისხლის წითელ ბურთულებზე და ხელს უშლის ჟანგბადის შეთვისებას, რაც ძალიან აქვეითებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ნიტრატები ნაწლავებში გარდაიქმნება ნიტრიტებად და წარმოიქმნება კანცეროგენური ნივთიერებები, რომლებიც სიმსივნეს იწვევს. ადამიანის ორგანიზმი ძალზე მგრძნობიარეა ამ ნივთიერებების მიმართ.
GzaPress
- რამდენად სასარგებლო ან სახიფათოა ამ მხრივ საზამთროსა და ნესვის დიდი რაოდენობით მიღება?
- საზამთრო და ნესვი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს, შესაბამისად, ზაფხულში მათ ბევრი ყოველდღიურად მიირთმევს. უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო ხილია. ორივე უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, წმენდს თირკმელებს და მთელ ორგანიზმს ასუფთავებს წიდებისგან, თუმცა, დიდი დოზით მათი მიღება სასურველი სულაც არ არის. ადამიანი, რომელიც ხილს ყიდულობს, პირველ რიგში, ზომას და გარეგნულ ნიშნებს აკვირდება და სულაც არ ფიქრობს მის ქიმიურ შემცველობაზე. გარეგნული ნიშნებით რაც უნდა ვარჩიოთ, მაინც ვერ გავიგებთ, რამდენია ხილში აზოტოვანი ნივთიერებების რაოდენობა. ზოგიერთი ფერმერი უამრავ შხამქიმიკატს იყენებს, რომ დიდი რაოდენობით მოსავალი მიიღოს და რაც შეიძლება სწრაფად. ეს სფერო სახელმწიფოს მიერ სათანადოდ არ კონტროლდება, რის გამოც ბაზარზე გამოტანილი ნებისმიერი პროდუქტი რისკის შემცველია. ამიტომ უნდა იყოს დადგენილი ზღვრული დოზა, რომელიც ოპტიმალურია მოზრდილებისა და პატარებისთვის. მართალია, ეს დოზა ყველასთვის განსხვავებულია, მაგრამ მიახლოებითი ნორმა მაინც უნდა დაწესდეს. სხვათა შორის, ქიმიური ნივთიერებების დოზა ქალაქისა და სოფლის მკვიდრებისთვის განსხვავებულია. ქალაქში ჰაერი უფრო მეტი ნახშირორჟანგით არის გაჟღენთილი, ამიტომ ქალაქებსა და რეგიონებში ნიტრატების უსაფრთხოების დოზა განსხვავებული უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსახლეობა საზიანო პროდუქციისგან დაიცვას - ცხადია, ეს საზამთროს და ნესვსაც შეეხება.
- როდის უნდა შევიძინოთ ნესვი და საზამთრო?
- ნაადრევად მოწეული საზამთრო და ნესვი არ ვარგა, რადგან დიდი შანსია, რომ მასში ნიტრატები და სხვა მავნე ნივთიერებები იყოს დიდი რაოდენობით. სასურველია, ეს ხილი კარგად იყოს უკვე შემოსული. ამ შემთხვევაშიც, მომხმარებელს უნდა ვურჩიო: ამ პროდუქტებს ყოველდღიურად და დიდი რაოდენობით ნუ მიიღებთ. ორგანიზმს ათვისების დრო უნდა მივცეთ, თორემ დიდი დოზით ყველაფერი მავნებელია. საერთოდ, საშუალო ზომის საზამთრო და ნესვი უფრო კარგია. რაც უფრო დიდი ზომისაა ნაყოფი, სავარაუდოდ, მის მოსაყვანად ფერმერს უფრო მეტი სასუქი აქვს გამოყენებული. ცნობილია, რომ საზამთროს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოყოფის უნარი აქვს, მაგრამ გააჩნია, ვის როგორი ორგანიზმი აქვს ან რამდენია მისთვის ნიტრატების და ნიტრიტების დოზა. არსებობს ხელსაწყო, რომელიც ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობას ზომავს. სამწუხაროდ, ეს ხელსაწყო ყველა ქვეყანაში არ იყიდება და არც ჩვენთან მინახავს, ამიტომ სურსათის კონტროლი სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. მართალია, ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე გაიზარდა როგორც ჰიგიენური ნორმების, ისე შერჩევით პროდუქციის შემოწმება, მაგრამ შერჩევითი კონტროლი სასურველ შედეგს არ იძლევა.
- როგორ უნდა შევარჩიოთ მწიფე საზამთრო ან ნესვი?
- ნაყოფის სიმწიფის შესაფასებლად ხალხშიც ბევრი საინტერესო რჩევაა გავრცელებული. თუ საზამთროს ან ნესვის ქერქი დაზიანებულია, არ უნდა შეიძინოთ, რადგან ასეთ პროდუქტში უფრო იოლად აღწევს მავნე ნივთიერებები. შეძენამდე კარგად შეამოწმეთ საზამთროს ქერქი: მწიფე საზამთროს ქერქი ფრჩხილის დაჭერისას არ დაზიანდება. ამასთანავე, ნებისმიერ საზამთროს აქვს ღია ფერის ლაქა იმ მხარეს, რა მხარითაც ის მოკრეფამდე იდო მიწაზე. თუკი ეს ლაქა მწვანეა ან თეთრი, საზამთრო არ არის კარგად დამწიფებული - ეს ლაქა ყვითელი უნდა იყოს. რაც უფრო მუქი ყვითელია ლაქა, მით უფრო მწიფეა საზამთრო. საზამთროს მსგავსად, ნესვის სიმწიფის განსაზღვრაც შეიძლება მისი გარეგნული დათვალიერებით. მწვანე ლაქებიანი ნესვი არ არის კარგად დამწიფებული, ყავისფერ ლაქებიანი კი - პირიქით, გადამწიფებულია. ნესვის ყუნწი, გადაღუნვისას არ უნდა ტყდებოდეს. თუ ისეთი ნესვი შეარჩიეთ, რომელსაც ყუნწი არა აქვს, დააკვირდით ჭიპს - ის არ უნდა იყოს ძალიან მაგარი, რადგან ასეთი ნესვი უმწიფარია, ძალიან რბილი კი - მის გადამწიფებაზე მეტყველებს. კარგად დააკვირდით უკვე სახლში მოტანილ და გაჭრილ ნესვსა და საზამთროს: თუ მათში თეთრი, ძაფის მაგვარი შრეებია და მათ სხვადასხვა ფერის კურკები აქვთ, დიდი ალბათობით, ისინი ნიტრატებითაა გაჯერებული. დაბოლოს: აუცილებლად გარეცხეთ ნესვიც და საზამთროც - ამით მათ უამრავ მავნე ბაქტერიას მოაშორებთ.
GzaPress
- ძალზე პოპულარული იყო ჩვენთან საზამთროს დიეტა. თქვენ როგორ შეაფასებთ მას?
- მე ასეთ დიეტებს არ მივესალმები, რადგან დიეტა ერთი პროდუქტის იმედზე არ უნდა წამოვიწყოთ. ამ დროს კვება დაბალანსებული უნდა იყოს და ყველაფერი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით უნდა მივიღოთ: სპეციალისტმა უნდა გვირჩიოს, მთელი დღის განმავლობაში რა უნდა ვჭამოთ და რა დოზით.
- ცნობილია, რომ მოწინავე ქვეყნებში პროდუქცია მაღაზიაშიც და ბაზარზეც უკვე შემოწმებული შედის, ჩვენ რატომ ვერ მივაღწიეთ ამას?
- როგორმე ამას ჩვენც უნდა მივაღწიოთ. მაღაზიაში პროდუქტი ისე არ უნდა შევიდეს, თუ მისი შემადგენლობა შესწავლილი და შემოწმებული არ არის. უნდა მოვითხოვოთ საბუთი, დასკვნა და დავრწმუნდეთ, რომ მასში აზოტოვანი ნივთიერებები ნორმის ფარგლებშია. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნები და კატეგორიულები, ფერმერმა და მეწარმემ ანგარიში რომ გაგვიწიოს. მათთვის მომხმარებელი უნდა იყოს მთავარი შემკვეთი - მან უნდა იცოდეს, სად რა უნდა შეიძინოს.
- ბოლო ხანებში სულ უფრო აქტუალური ხდება ეკოპროდუქტების წარმოება. ჩვენ რა პერსპექტივები გვაქვს ამ მიმართულებით?
- ასეთი პროდუქტების წარმოებისას, ფერმერები მხოლოდ ორგანულ სასუქებს იყენებენ და ასეთი ნაწარმი მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ფერმერები აგროვებენ ფოთლებს, ნარჩენებს, მას ნეშომპალად აქცევენ და ასე იღებენ საუკეთესო ორგანულ სასუქს. მსგავსი მეთოდი კიდევ ბევრია. ეკოპროდუქციის წარმოება საქართველოსაც შეუძლია. ჩვენი წინაპრები ამას მშვენივრად ახერხებდნენ და მათი გამოცდილება ჩვენც არ უნდა დავივიწყოთ. თუ ამ მიმართულებას მეტი ყურადღება მიექცევა და მოსახლეობას ეცოდინება, რომ რომელიღაც პროდუქტში შხამქიმიკატების დონე მინიმალურია, ის უფრო დიდი რაოდენობით გაიყიდება, რაც მეწარმისთვისაც საუკეთესო სტიმულია. ევროპაში ფერმერი თუ ისეთ სასუქს გამოიყენებს, რომელიც ორგანიზმში გროვდება და საშიშ დაავადებებს იწვევს, ეს საქციელი განზრახ მკვლელობასთან არის გათანაბრებული და უმკაცრესად ისჯება, ჩვენ კი, რა უნდა ვთქვათ? როცა ქვეყანაში საეჭვო შემადგენლობის ბავშვის საკვები შემოდის და თავისუფლად იყიდება, ამის შემდეგ რომელ წესრიგსა და კონტროლზეა ლაპარაკი?! ამ სიტუაციაში ერთადერთი იმედი რჩება - იქნებ, დასავლურ სტანდარტებს თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მივაღწიოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.