ექსტრიმის მოყვარული ოსტატი და ოფროუდერული თავგადასავლები
font-large font-small
ექსტრიმის მოყვარული ოსტატი და ოფროუდერული თავგადასავლები
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"

ნიკოლოზ თურმანიძეზე მითხრეს, ოფროუდერია და ბევრი საინტერესო ამბავი ექნება მოსაყოლიო. როდესაც შევხვდი, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ოფროუდერი, მჭედელიც არის, ასევე გატაცებულია თევზაობით, ნადირობით, სპორტინგით (მოძრავ სამიზნეზე სროლის სახეობა).


- ბავშვობაში ჩხირკედელაობა მეხერხებოდა, ხელმარჯვე ბიჭი ვიყავი. მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი დავამთავრე ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავების განხრით. ისეთი პერიოდი იყო, ჩემი მასწავლებელიც კი მშრალ ხიდზე იდგა და თავისი ნაკეთობების გაყიდვით ირჩენდა თავს. ამიტომ ჩემი პროფესია არაპერსპექტიულად მომეჩვენა. არასდროს მიმუშავია ამ მიმართულებით, თუმცა სახლში, რაღაცებს მაინც ვაკეთებდი. ისე მოხდა, რომ საბოლოოდ მჭედელი გავხდი. დანებს, ნაჯახებს ვჭედავ და მხატვრულად ვამუშავებ. გარდა ამისა, უცხოელებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ვაცნობ. გუშინ გუდაურიდან ჩამოვედი, ხვალ თუშეთში მივდივარ, ოღონდ ამჯერად მეგობრებთან ერთად.
- რაკი საკმაო გამოცდილება გაქვთ, გკითხავთ: თუშეთის გზა ყველაზე რთულად მიიჩნევა, ხომ?
- თითქმის მთელი საქართველო რამდენჯერმე მაქვს მოვლილი და თუშეთის გზა ნამდვილად ყველაზე რთულია. ტრაგიკული შემთხვევები ძირითადად 2 მიზეზით ხდება - ერთია, მოულოდნელად მანქანის მწყობრიდან გამოსვლა, მეორე - სიმთვრალე. არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა მართო მანქანა, მით უმეტეს, ასეთ რთულ ადგილებში. ოფროუდერებს "გონკაობა" ასეთ ექსტრემალურ ადგილებში გვიყვარს, მთავარია, კარგად იცოდე გზა, თითოეული მოსახვევი.
- თქვენს პროფესიაზე - მჭედლობაზე მითხარით. ძველსა და თანამედროვე ტექნიკას შორის დიდია განსხვავება?
- გრდემლი, ბუხარი, საბერველი, ჩაქუჩი და ნახშირი ადრეც საჭირო იყო და ახლაც არაფერი შეცვლილა. ჩაქუჩით ხდებოდა გაცხელებული რკინისთვის ფორმის მიცემა, ქვაზე კი პირს იღებდნენ ხოლმე. დღეს ზოგი ელექტროჩაქუჩს იყენებს, ესაა და ეს. ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობ, ჩემი გვერდი მაქვს "ფეისბუკზეც". როდესაც კლიენტი მოდის, ჯერ იმას ვარკვევ, როგორი დანა უნდა და რისთვის, მასალას კი მერე ამის მიხედვით ვარჩევ. ნახშირბადოვანი მასალით თუ გააკეთე, მალე დაჟანგდება, ფხვნილოვანი ფოლადის დანები კი ბევრად პრაქტიკულია. დანებიდან მერე ნაჯახებზე გადავერთე. ნაჯახს თვითონ არ ვჭედავ, ძველ პირებს ვიყენებ, მაგრამ დამღას არ ვაცლი. ძველებური პირები გამოჭედილებია, ახლანდელები - ჩამოსხმულები და არ ვარგა. ჩემთვის სასურველ ფორმას ვაძლევ, ახალ ტარს ვუკეთებ და ორივეს - ტარსაც და პირსაც ვხატავ. ტარისთვის მასალად ძვირფას მერქანს ვიყენებ.
- თქვენი ნამუშევრები რომ ვნახე, მართლაც ულამაზესებია. თუ არის პრაქტიკული და ყოველდღიურობაში თუ გამოიყენება?
- სხვათა შორის, ბევრს უკითხავს, ასეთი ლამაზი ნაჯახით შეშა როგორ დავაპოო? საერთოდ, ბუტაფორიის კეთება არ მიყვარს. როგორც ამბობენ, თვალი ჭამს და თვალი სვამს, მაგრამ სილამაზესთან ერთად მინდა, რომ იოლად მოსახმარებელი იყოს. ამას წინათ დაშბაშის კანიონზე ვიყავით მეგობრები. შეშის გასაპობად მანქანიდან ჩემი გაკეთებული ნაჯახი რომ ამოვიღე და შეშის ჭრა დავიწყე, გაგიჟდნენ - როგორ აფუჭებო. არ გაფუჭდება-მეთქი, ვამშვიდებდი. მინდა, სერიულად გამოვუშვა დანები, მაგრამ მასალის პრობლემაა - საქართველოში მხოლოდ ნახშირბადოვანი მასალა შემოდის. ალუმინისგანაც შემიძლია ლამაზი დანა გავაკეთო, ბასრიც იქნება, მაგრამ ერთხელ მოხმარების შემდეგ აღარ ივარგებს. რასაც გავაკეთებ, მინდა განსხვავებული და ხარისხიანი იყოს.
- მე ოფროუდერთან სასაუბროდ მოვდიოდი, თქვენ კი ხელოვანიც ყოფილხართ. ოფროუდით როდიდან და რატომ დაინტერესდით?
- (იცინის) ჩემს უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ბევრი მონადირე ცხოვრობდა. ელემენტარულ რაღაცებს ბავშვებსაც გვაკეთებინებდნენ. თავიდან ჰილზებს ვაპრიალებდით, მერე უფრო გაგვირთულეს დავალება, ბოლოს დატენაც მოგვანდეს. მოკლედ, მათგან ვისწავლე ბუნებისა და ნადირობის სიყვარული. სანადიროდ ძირითადად ნივით დავდიოდით. ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია და ტალახიან გუბეში ჩავვარდნილვართ. წარმოიდგინეთ, იმის იქით 30 კილომეტრი კიდევ გაქვს სასიარულო. იქ ვინ დაგეხმარება, ვინ არის შენი ამომყვანი? უკან დაბრუნებული ფიქრობ, რა გააკეთო და ხვდები, რომ ჯალამბარი - ელექტრომოწყობილობა გჭირდება, რომლის საშუალებითაც გიადვილდება მანქანის ტალახიდან ამოთრევა. მერე ხვდები, რომ ქალაქში რა საბურავებითაც მოძრაობ, ტყეში არ გადგება და სპეციალური მტ-ს ტიპის ტალახის საბურავები უნდა დააყენო. მეტყევეების მანქანების ნასიარულები თავის კვალს - ლიანდს ტოვებს, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. მანქანა ამ შემაღლებულ ადგილებს რომ არ მოედოს, უნდა აამაღლო. ამას "დალიფტვას" ვეძახით. ნათება რომ არ გყოფნის, დიდ ფარებს ამაგრებ, მერე - საბარგულს ტვირთისთვის, ტოტამრიდებს უკეთებ მას, ფანჯარა რომ არ გაგიტეხოს, რკინის ბამპერს აყენებ და მერე თამამად დადიხარ. ასე ხდება მონადირე ოფროუდერი. ოფროუდერების უმეტესობა ყოფილი მონადირეა.
GzaPress
- ესე იგი, მონადირული თავგადასავლებიც გექნებათ მოსაყოლი?
- ამბობენ, მონადირეებს ბაქიბუქი უყვართო, მაგრამ ტრაბახი შეიძლება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ახასიათებდეს. მაგალითისთვის ერთ ამბავს მოგიყვებით: ტყის ქათამზე ვიყავით სანადიროდ. ძაღლმა ნაბული გააკეთა და ქათამი ააფრინა. თოფი მოვმართე, უნდა ვესროლო და ზუსტად ამ დროს ტყის ქათამს მიმინო დაეტაკა. კარგა ხანს ვუყურებდი მათ ბრძოლას. ვიღაცა იტყვის, მოიგონაო, მაგრამ 6-7 წლის წინ ნამდვილად მოხდა ეს ამბავი, დღემდე თვალწინ მიდგას. ზოგი მონადირე, უბრალოდ, ზედმეტად ემოციურად აღწერს მომხდარს, ეს არის და ეს. სულ სხვაა ცხოველზე ნადირობა. ჯიხვსა და არჩვზე სანადიროდ არ წავალ, ჯერ ერთი, რომ სახიფათოა კლდეების გამო და მეორეც, ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე - მთაში სიარული დიდ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს, მე კი მუხლი მაქვს დაზიანებული. ჩემთვის ბუნებაში გასვლა დიდი სიამოვნებაა. უთენია გადიხარ, ჩაისუნთქავ სუფთა ჰაერს, რომელიც ვერც ხვდები, რითია გაჯერებული, მიწაზე ხალიჩასავით არის გაფენილი წითელ-ყვითელი ფოთლები, ძაღლი საკბილოს ეძებს და შენ ეს ყველაფერი გაბედნიერებს. ლაღი ხდები ბუნებაში, თავისუფალი და ყველაფერი გავიწყდება. ზოგი მონადირეებს მკვლელებს ეძახის... ასე არ არის, ყველაზე მეტად სწორედ მონადირეებს უყვართ ბუნება და ზრუნავენ მასზე. არ შეიძლება, მონადირე გერქვას და ბუნება არ გიყვარდეს.
- კარგი, ისევ ოფროუდს დავუბრუნდეთ.
- მანქანას დაახლოებით 11 წლიდან ვმართავ, 2003 წლიდან კი ოფროუდერობით აქტიურად დავინტერესდი. ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია და აღმოვაჩინე, რომ ძველ ოფროუდერებს ჰქონდათ გაკეთებული ფორუმი, სადაც უამრავ ინფორმაციას ნახავდი. სულ რაღაც 10-11 კაცი იყო დარეგისტრირებული მაშინ. დარეგისტრირება მეც მოვინდომე, მაგრამ ერთ-ერთ გრაფაში უნდა ჩამეწერა, რა მანქანა მყავდა. "ჟიგული" მყავდა და ვიფიქრე, ეს როგორ დავწერო-მეთქი? მოკლედ, თავი დავანებე და როცა დავრეგისტრირდი, უკვე 101-ე ვიყავი. თურმე იმ ველის შევსება აუცილებელი არც ყოფილა (იცინის). თავიდან შესაფერისი მანქანა არ მყავდა და როდესაც გასვლა დაიგეგმებოდა, სხვისი შტურმანი ვიყავი და ან ბალასტი. შტურმანი პილოტს გზაზე შექმნილი დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება, ბალასტი კი უკან ზის და არაფერი არ მოეთხოვება, გამყოლია მოკლედ. ამან ერთგვარი გამოცდილება მომცა. მერე რამდენიმე მანქანა შევიცვალე და საბოლოოდ "მიცუბიში პაჯერო" ვიყიდე.
- წარმატებას მალევე მიაღწიეთ?
- 20-25 მანქანაში პირველ ცდაზე მეოთხე ადგილს რომ აიღებ, უკვე კარგია. შარშან საქართველოს ჩემპიონი გავხდი, მანამდეც არაერთხელ გამიმარჯვია სხვადასხვა შეჯიბრებაში და საპრიზო ადგილიც ბევრჯერ ამიღია.
- თქვენს სიცოცხლეს ოდესმე საფრთხე თუ შეჰქმნია?
- ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ადრენალინი ჩემთვის მხოლოდ სიამოვნებაა. შეიძლება შუაღამისას, სადღაც უღრან ტყეში, ყელამდე ტალახში ჩაფლული მანქანას აკეთებდე და მაინც ბედნიერი იყო. ერთხელ მეგობრის დასახმარებლად რამდენიმე მანქანით წავედით. ჭილის ტბაზე იყვნენ ჩარჩენილები. ზამთარი იყო, მგონი ბედობა დღე. ბევრი ნამქერი იყო, მხოლოდ გრეიდერი თუ გაწმენდდა გზას. ასეთ დროს ძალიან წვალობ - მსუბუქი ჯიპით, გაქანებითა და შეხეთქებით ცდილობ, რომ გზა გაიკვალო და ნამქერი გაიტანო. ამასობაში საბურავები თოვლში ეფლობა და იჭედება. წინ თოვლის კედელი იმართება, როგორმე ჯალამბარი უნდა იპოვო, ტროსი გაჭიმო, ხეზე ჩააბა და მანქანა ასე ამოიყვანო. ერთი-ორჯერ მანქანით გადავყირავდი კიდეც. ერთხელ კი ოფროუდერთან, მიშა სვანთან ერთად ხევში გადავიჩეხე. ქუთაისში, შეჯიბრების დროს მანქანა ხეობაში ჩაგვიცურდა და რამდენიმე წრე გააკეთა. საბედნიეროდ, გადავრჩით. მანქანიდან რომ გადმოვედით, გიჟებივით ვიცინოდით, ეტყობა შოკისგან. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. კუს ტბაზე, სვანურ კოშკთან ახლოს, გზა წყლისგან ჩამორეცხილი იყო და ასვლის დროს გადმოვყირავდი. გვერდით მეგობარი გოგო მეჯდა. მე ქვევით მოვხვდი და რომ ავიხედე, თეო ჩამოკონწიალებული დამყურებდა ზემოდან. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო. მეგობართან დავრეკე, ჯალამბარი თუ გაქვს, ჩემი მანქანა რომ ამოვატრიალოთ-მეთქი და ნახევარ საათში რამდენიმე მანქანით მოვიდნენ, თუმცა მანამდე მეც გამოვძვერი გარეთ და თეოც გამოვიყვანე.
GzaPress
- როგორც გაიხსენე, ხშირად გიწევთ სხვების დახმარებაც.
- ოფროუდერები არავის ვტოვებთ გასაჭირში! ღამის 4-5 საათზეც ავმდგარვართ ქარიშხალში, წვიმაში, თოვლში და სრულიად უცნობი ადამიანების საშველად წავსულვართ. ერთ ამბავს გავიხსენებ: სიონის ტბაზე სათევზაოდ წასულ მეგობრებს შემოაღამდათ თურმე, ქარიშხალსა და წვიმაში ვეღარ აგნებდნენ მთავარ გზას. ეს ინფორმაცია გავიგეთ თუ არა, მე და ჩემი მეგობარი საშველად წავედით. მიუხედავად რთულად მისასვლელი გზისა, იქამდე კი მივედით, მაგრამ ტალახიანი გუბიდან მათი მანქანის ამოსაყვანად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. ბოლოს და ბოლოს, ტრასამდე ამოვიყვანეთ, მადლობა გადაგვიხადეს და ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, გვარ-სახელებიც კი არ გვიკითხავს. ზოგს ჰგონია, რომ დახმარების სანაცვლოდ აუცილებლად საფასური უნდა გადაგვიხადოს. ვიღაცას გაჭირვებაში ხელს რომ მოუმართავ, ფული როგორ უნდა გამოართვა? ეს ოფროუდერებს არ გვახასიათებს. ამ შემთხვევიდან 2 კვირაში უცხო ნომრიდან დამირეკეს, უნდა შევხვდეთო. აღმოჩნდა, რომ გაურკვევიათ ჩვენი ვინაობა და 2 ბოთლი ძვირად ღირებული ვისკი გვაჩუქეს მადლობის ნიშნად.
- ოჯახის წევრები ალბათ ძალიან ნერვიულობენ თქვენი გატაცების გამო?
- კი, დედა ძალიან ნერვიულობს და ამიტომ ჩემს არც ერთ შეჯიბრებას არ დასწრებია. 36 წლის ვარ და დღეში ორჯერ მაინც მირეკავს ხოლმე ამბის გასაგებად. როცა ოფროუდგასვლაზე ხარ, ტალახში ამოგანგლული, ჯალამბარის ტროსს ჭიმავ და ემოციებისა და სიბრაზისგან ყვირი, ამ დროს კი დედა გირეკავს და მშვიდად კითხულობს უკვე მერამდენედ, როგორ ხარო, რა გინდა რომ უპასუხო (იცინის)? კიდევ კარგი, მენდობა და იცის, რომ სისულელეს არ გავაკეთებ. საკმაოდ წინდახედული ადამიანი ვარ და რისკებს ზედმიწევნით კარგად ვაფასებ.
- ბოლოს, სპორტინგზეც გვითხარით ორიოდე სიტყვით - რა სახეობაა და რა წარმატებები გაქვთ...
- შარშან მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ოჩოპინტრეს" (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ) შიდა საკლუბო შეჯიბრებაზე სპორტინგში პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ეს არის მოძრავ სამიზნეზე სროლის ძალიან საინტერესო სახეობა და ყველაზე მეტად მიახლოებული ნადირობასთან. ეს სახეობა დიდ ბრიტანეთში, მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და გათვლილი იყო, როგორც ნადირობისთვის მოსამზადებელი სავარჯიშო საშუალება. დროთა განმავლობაში იმდენად დაიხვეწა, რომ დღეს უკვე სპორტის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობად ითვლება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.