ბერლინური გამოფენა და ყაზბეგში მოხატული კედლები
font-large font-small
ბერლინური გამოფენა და ყაზბეგში მოხატული კედლები
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"

ბაჩო გეგუჩაძეს ხატვის გარდა, ფოტოხელოვნება და ხეზე მუშაობა იზიდავს, ინტერიერის დიზაინსაც აკეთებს და საინტერესო ის არის, რომ ყველა სფეროში თვითნასწავლია. დაახლოებით 10 წლის წინ დაუწყია აქტიურად ხატვა. სათქმელს ფერებით გადმოსცემს, გამორჩეულად იასამნისფერი უყვარს. მხატვარი კი, რომელთანაც ახლოს თვლის თავს, ავთო ვარაზია. ბოლო ერთი წელია, ყაზბეგში ერთ-ერთი რესტორნის კედლებს ხატავს და თურმე იქაურები სახელის ნაცვლად, მხატვაროო, ასე მიმართავენ. როცა ასე მომმართავენ, მაშინვე მხატვრის ტყავში ვჯდებიო, მითხრა.


- ოჯახის ახლობლები და მეგობრები მეუბნებიან, რომ ბავშვობაში სულ ფანქრები და ფლომასტერები მეჭირა ხელში. თურმე მეზობლების, ნაცნობების კარიკატურებს ვხატავდი და ვჩუქნიდი მათ. დღემდე შენახული აქვთ. ჩემს მშობლებს ხელოვნებასთან, პროფესიული თვალსაზრისით, არაფერი აკავშირებდათ. ერთი ეგ არის, რომ მამა ხელოვნების მოყვარული იყო და ამ სიყვარულს მეც მინერგავდა. მახსოვს, პატარაობისას სხვა ბიჭებს სათამაშო მანქანები რომ მოსწონდათ, მე სახატავი რვეული და ფანქრები მერჩივნა. ფლომასტერების ყიდვა გვიან მოვინდომე, მამას არ დაეზარა და უნივერმაღში წამიყვანა. მაკრატლით სულ რაღაც ფიგურებს ვჭრიდი და ვაწყობდი. ახლაც ასეთი ვარ. ამას წინათ, თაბაშირის პატარა ნაჭერი იდო სადარბაზოს კართან, სავარაუდოდ, პატრონს გადაგდება უნდოდა. წამოვიღე, ერთი მხარე მოვხატე, მეორეზე კი შუშა მივაწებე და გადასაგდებად გამზადებული ნაჭრისგან ლამაზი სარკე გამოვიდა. ერთი პერიოდი აღარ ვხატავდი, სკოლის დამთავრების შემდეგ სტომატოლოგიურზე ჩავაბარე, "ტექნიკი" ვარ. მალევე დავიწყე მუშაობაც, ოღონდ სხვა პროფესიით, აეროპორტში. სადაც კი თაბახის ფურცელს ვნახავდი, სულ რაღაცას ვხატავდი. დამლაგებელს ეს ჩემი ნახატები შეუნახავს და ბოლოს მაჩვენა. მამამ, რაკი დაინტერესება შემატყო, პასტელები მომიტანა, ამით ხატეო. თავიდან ვმალავდი ჩემს ნახატებს, მერიდებოდა. მამა კი კედელზე კიდებდა ხოლმე. ვფიქრობდი, ჩვენთან ვინც მოდის და ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონს, ჩემიანია და, აბა, ხომ არ დაიწუნებს-მეთქი?
GzaPress
- მნახველი ზუსტად აღიქვამს ხოლმე იმას, რისი გადმოცემაც გსურს?
- შეიძლება, უცებ ვერ დაინახო, რისი თქმაც მინდა, მაგრამ განსჯისა და ფიქრის შედეგად მიხვდები. არ მინდა, ჩემი ნახატები მარტო ჩემთვის იყოს გასაგები, მინდა, სხვებსაც მოეწონოს და მათაც წაიკითხონ.
- თვითნასწავლი რომ ხარ, ამან გარკვეული კვალი დააჩნია შენს ნამუშევრებს?
- პასტელებით რომ დავიწყე ხატვა, მივხვდი, რომლით რა ფერს ვიღებდი. მერე თითებით მუშაობა მომეწონა და უკვე ფერიდან ფერში გადავიყვანე, ერთი სიტყვით, ფერებით დავიწყე თამაში. პასტელის ფერები რომ მომბეზრდა, ზეთის საღებავები ვიყიდე და საკმაოდ გვიან გავიგე, რომ თურმე თავისი გამხსნელიც უნდოდა (იცინის). მოკლედ, ჩემებურად ვისწავლე ხატვა და ჩემი სტილი ვიპოვე. ისეთ ფაქტურას ვიღებ, ვერც გაიგებ, რითია შესრულებული. ზეთი ყველაზე კომფორტული აღმოჩნდა სახატავად. ხატვის განწყობაზე კი ყოველთვის ვარ. საღამოობით უფრო მიყვარს ხატვა, ბევრჯერ მეგობრებთან ერთადაც დამიხატავს.
- თემატურობას რა განაპირობებს?
- აი, ახლა ხომ ვსაუბრობთ, ერთი პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია. ამ წითელთმიან გოგონას ხომ უყურებ? ქუჩაში, თვალში მომხვდა მისი გარეგნობა და დავხატე. ასე ხშირად ხდება ხოლმე, ინსპირაცია მუსიკაც გამხდარა. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მაინც ვხატავ, ძალიან მაწყნარებს. რაც შეეხება ხატვის სტილს, ზოგი მეუბნება, კუბიზმიაო, ზოგი - აბსტრაქციააო, ზოგიც სიურრეალიზმის ნიშნებს ხედავს. მოკლედ, ბევრი მიმართულება მაქვს ერთმანეთში არეული.
GzaPress
- გამოფენა თუ გქონია?
- შერეული გამოფენა მქონდა თბილისში. 2 წლის წინ ბერლინში მქონდა გამოფენა. გალერეის მეპატრონეს ნახატები რომ ვაჩვენე, მაშინვე ჩაინიშნა გამოფენა, მაგრამ ისე უცნაურად დაათვალიერა ნამუშევრები, გაკვირვებული დავრჩი. ძირს, იატაკზე დამაწყობინა და ზევიდან დაჰყურებდა. ჩემთან ერთად 2 ქართველი მხატვარიც მონაწილეობდა ამ გამოფენაში - დავით პოპიაშვილი და გია რევაზიშვილი. ოქტომბრის შუა რიცხვებში ლონდონში მაქვს დაგეგმილი კიდევ ერთი გამოფენა. ინგლისელი დიჯეი იყო აქ ჩამოსული, "ფეისბუკზე" უნახავს ჩემი ნახატები, დამიკავშირდა და მითხრა, რომ იმ გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორიცაა, სურს, ჩემი ნახატებიც იყოს წარმოდგენილი. იმედი მაქვს, თვითონაც ჩავალ.
- ჩემი ჰობი საქმედ იქცაო, რომ მითხარი, რას გულისხმობდი?
- კედლებზე მოხატვა ყოველთვის მომწონდა, ჩემს ეზოში ყველა კედელი მოხატულია. მოხატული კედლის ფოტოებს სოცქსელშიც ვდებდი. ისე მოხდა, რომ ვიღაცას მოეწონა და პატარა სასტუმრო მომახატვინა. ერთი წელია, ყაზბეგში ქართული ორნამენტებით ვხატავ ერთი დიდი რესტორნის კედლებს. ძალიან ლამაზი გამოვიდა. პასუხისმგებლობა უფრო მეტი მქონდა, რაკი ძველ ქართულ ორნამენტებთან მქონდა შეხება. თავიდან დავიძაბე, მაგრამ გარემო ისეთია, რომ გამშვიდებს, გაწყნარებს. ჯერ ერთი კედელი მოვხატე. ისე მოეწონათ, მერე ყველაფერი მომახატვინეს, ჭერიც კი. მიხარია, რომ სტუმრები - ქართველებიცა და უცხოელებიც დიდი ინტერესით ათვალიერებენ ხოლმე იქაურობას და მოსწონთ... დავრწმუნდი, რომ თუ ბევრს შრომობ და ხვალინდელი დღის გჯერა, აუცილებლად რაღაც გამოგივა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.