მაროკოს მეფის ახლო მეგობარი და არშემდგარი სიძე
font-large font-small
მაროკოს მეფის ახლო მეგობარი და არშემდგარი სიძე
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"

კომპოზიტორი ბორის შხიანი გარდა მუსიკალური ნიჭისა, კარგი კულინარიული შესაძლებლობებითაც გამოირჩევა და კიდევ უფრო საინტერესო ჰობი აქვს - მცენარეების სასარგებლო თვისებების შესწავლა და საკვებ რაციონში მათი სწორად გამოყენება. ანსამბლ "ივერიასთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, ზოგ ქვეყანაში ცხოვრობდა კიდეც, ლექტორადაც იყო მიწვეული, თუმცა, მალევე მაინც სამშობლოს უბრუნდებოდა.


"ამ სპექტაკლით მინდა, კვალი დავტოვო ქუთაისში"
- ახალი პროექტის გაკეთება დავიწყეთ მე და ცხონებულმა ნუკრი რუხაძემ, მისსავე სტუდიაში. მუსიკალური კომედია დავწერეთ მე და აკა მორჩილაძემ, მაგრამ დადგმა ჯერჯერობით შეფერხებულია ხან არჩევნების, ხან სხვა მიზეზთა გამო. არ მესმის, ხელოვანები რატომ უნდა ვიყოთ ამაზე დამოკიდებულები? სიუჟეტი ასეთია: ქუთაისელ ბიჭს ებრაელი, ისრაელიდან ჩამოსული გოგონა პირველსავე ნახვაზე შეუყვარდა, ორ მაისობას. ამ სპექტაკლით მინდა ქუთაისში კვალი დავტოვო. აკა მორჩილაძემ ბრწყინვალედ გაართვა თავი, ისეთი კარგი ტექსტი დაწერა. დავიწყეთ ჩაწერა. ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თემურ წიკლაური, ზურა დოიჯაშვილი მოვიწვიეთ. საჩვენებელი მასალა გვაქვს და ყველას მოეწონა, მაგრამ რაღაც მაინც გვიშლის ხელს, რომ დადგმა დაიწყოს. მე თვითონ დავდგამდი, თანხა რომ მქონდეს...

"რაია, გიორგევიჩ, ბალეტზე დაიწყე სიარული?"
- ჩემს გვარსა და ჯილაგს რომ გადახედოთ, 120-130 კილოგრამზე ნაკლები არავინაა და როცა დამინახავენ, მეხუმრებიან, - რაია, გიორგევიჩ, ბალეტზე ხომ არ დაიწყე სიმონ სიარულიო (იცინის)?.. განტვირთვა, პაუზის აღება ვიცი ხოლმე და სწორი კვება, მარხვა. ქუთაისში ეს არ გამოდის. სმასაც ვიტან, ჭამასაც, მაგრამ როცა სუქდები, ვეღარ დადიხარ. სანადიროდ რომ მიდიხარ და 5-10 კილომეტრს ვერ გაივლი, რაღა კაცი ხარ? ნადირობა მიყვარს. მართალია, ცხოველებს არ ვკლავ, მაგრამ ეს პროცესი მომწონს.
მოგზაური კაცი ვარ, არაერთ ქვეყანაში ნამყოფი და კულინარიული კუთხითაც ბევრი რამ მინახავს. ამ დარგში ერთ გენიოსს, რაჭველ კაცს - გრიშა გაგნიძეს ვიცნობ, უდიდესი კულინარია და უგემრიელეს კერძებს ამზადებს. დედამიწის ზურგზე ნებისმიერ რესტორანში რომ იმუშაოს, ყველგან წარმატებული იქნება. მომსწრე ვარ, როგორ უკრავდნენ მას ტაშს მეფეები, მონარქები, პრინცები.
GzaPress
ციმბირული სამზარეულო და მოლდოვური ღომი
- გურმანი ვარ. სიმართლე გითხრათ, უბრალო რუსული სამზარეულო მომწონს, ოღონდ ეს შეიძლება მოსკოვშიც საძებარი იყოს, მხოლოდ ციმბირშია. იქ ხალხიც შესანიშნავია - ეს მოსკოვის ან პეტერბურგის რუსები არ გეგონოთ, სრულიად განსხვავებული ხალხია, ზუსტად ისეთი "ჯიგარი", როგორიც ქართველია. ციმბირში ბურღულეულს უგემრიელესად აკეთებენ. ზომაზე მეტს რომ დალევ, ცოლი რას გიმზადებს? წიწიბურას. ციმბირში კი ამას ისე ამზადებენ, სამკურნალო კი არა, უგემრიელესი და საუკეთესო საჭმელია ნაბახუსევზე. საკმაზი უხდება, განსაკუთრებით - ინდური, ასევე, ცოცხალი კენკრა, ბოსტნეული. ზამთარშიც კი ტყეში მიდიან და თოვლის ქვეშ ეძებენ ბოსტნეულს, ოღონდ სტუმარს ასიამოვნონ.
მოლდოვური ღომიც მიყვარს, წითელი სიმინდისგან კეთდება, ომეგა სამით მდიდარია და თეთრ სიმინდზე ბევრად ძვირფასი პროდუქტია. ჩვენთან კი პირუტყვს აჭმევენ. თბილისში ვერც იშოვით, აბაშაში, ხონში უფროა. გლეხი კაცი რას ნიშნავს, ამას მოლდოვაში იგრძნობთ. უბრალო და გულჩვილი ხალხია, ასეთ პროდუქტს ჭამენ სულ და ჯანმრთელებიც არიან. ღვინოც მშვენიერი აქვთ.

ტიბეტის ექსპედიცია
- ნაღდი ბურღულეული ინდოეთში შემიყვარდა, ისე კარგად ამზადებენ. მდიდარი ინდოელი არ მინახავს, ასეთები იქ ყველასგან განცალკევებით ცხოვრობენ, უბრალო ხალხი კი ღარიბია. საკვებიც უბრალო აქვთ, მაგრამ უგემრიელესი. როცა მოშივდებათ, ქუჩაშივე შეუძლიათ საჭმელი მოიმზადონ კოლექტიურად. ოსპი, ჩია, ლობიო, ბარდა და ბევრი სანელებელი - ესაა მათი საკვები. ოცნებად მქონდა ტიბეტში მოხვედრა, მაგრამ ტურიზმის იქით ვერ წავედი, რადგან იმდენი საიდუმლოებაა და ამ ყველაფერს ისე უფრთხილდებიან, არავის აკარებენ. ტიბეტში თოფი არ მინახავს, საოცარი ხალხია - მორწმუნე, კეთილი. ხორცს რელიგიური შეხედულებების გამო არ მიირთმევენ და პატივი უნდა სცე ამას. ერნესტ მულდაშევი ატარებდა ტიბეტში ექსპედიციებს, ნიკალაი რერიხის შემდეგ, ის ერთადერთი კაცია, ვინც ტიბეტში დაშვებულია და ბევრი რამ იცის, თუმცა, არ ახმაურებს, რადგან ინფორმაციები ტაბუდადებულია.

"100 წლის ინდოელ მამაკაცებს გამრავლების უნარი აქვთ"
- ლაოსში, ბირმაშიც ვარ ნამყოფი, თუმცა, ისინი დიდი კულინარები არ არიან. აქამდე სწორ კვებაზე ვისაუბრე და როგორ შეკმაზავ ინდური სანელებლებით, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. თუ სწორად, ზომიერი დოზებით გამოიყენებ, არც გასტრიტი დაგემართება და არც სხვა რამ. ჩვენ რომ წითელი წიწაკით ვტრაბახობთ, აბა, ინდური გასინჯეთ, როგორი ცხარე და არომატულია. კურკუმა ძალიან კარგი სანელებელია, ასევე, კუმინი, რომელსაც ჩვენთან კვლიავი დაარქვეს, ზოგი ძირას ეძახდა. ზოგი სანელებელი მძიმე სენსაც კი არჩენს. იცით, რამდენ ინდოელს ვიცნობ, ას წელს მიტანებულები არიან და ისეთი ჯანმრთელები, რომ გამრავლების უნარი აქვთ მამაკაცებს? ჯანსაღად იკვებებიან, დაუზარებლები არიან და იმიტომაცაა, ასე რომ მრავლდებიან... სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ ინდური სანელებლების უდიდესი ბაზარი ქუთაისში იყო, გასული საუკუნის დასაწყისში. თურმე, იყო ეს სიბრძნე აქ და ეს ცოდნა რევოლუციის შემდეგ გაქრა.

ჯანჯაფილი და კურკუმა
- ენციკლოპედისტი ვარ, წიგნი მიყვარს და ყველაფერს ვკითხულობ სასარგებლო მცენარეებზე. ადრე წიგნიც გამოვეცი, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი. პატარა ტირაჟით გამოვიდა. ქალებს ხშირად ვურჩევ და ვუხსნი, რომელი რისთვისაა კარგი. მაგალითად, ძველად ძალიან პოპულარული იყო ჯანჯაფილი და ახლა ისევ შემოდის, ცოცხალი ფესვიც კარგია და დაფქვილიც, რომელიც ყავასა და ჩაიშიც შეგიძლიათ ჩაიყაროთ. ბევრი სიკეთე აქვს, ოღონდ მაღალწნევიანებისთვის არ არის სასურველი. ენერგეტიკია, დაბალწნევიანებისთვის კი მისწრებაა. კურკუმა ცხიმებს შლის და წნევაზე ნეგატიურად არ მოქმედებს.
ერთხანს, ზეთების მიღებით ვიყავი გატაცებული. საქართველოში პირველად მე გავაკეთე ჟასმინისა და იასამნის ზეთი. ვარდის ზეთის უდიდესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი ბულგარეთი იყო და აზრი არ ჰქონდა. ვინც ამ ხელობას მიჰყვა, ახლა მილიონერები არიან. ჟასმინის ზეთზე დიდი მოთხოვნაა.
სიცხეში კარგია ნელთბილი მწვანე ჩაის სმა. ლაოსში გვასწავლეს, იქ კი ძალიან ცხელა. ყავა ძალიან სასარგებლოა, ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო მიყვარს. იტალიურზე გემრიელი ყავა არსად დამილევია.

"ლამაზად გატყუებენ და შენც სიამოვნებით "ბრიყვდები"
- ევროპაში დიდხანს ვცხოვრობდი. იტალიელებს სანელებლებში მტკიცე მესამე ადგილი უკავიათ, მეორე - ჩვენ. იტალიელებს როზმარინი აქვთ, თუმცა, მე არ მომწონს. ფრანგული სამზარეულო რითაა ცნობილი? მაგალითად, ხორცს, რომელიც მაქსიმუმ 5 ევრო ღირს, შეფუთავენ სოუსებით და კერძს 50 ევროს შეაფასებენ. ეს სოუსები კი არანორმალურად კარგია და ამაშია მთელი ფრანგული სამზარეულოს საიდუმლო. ლამაზად გატყუებენ და შენც სიამოვნებით "ბრიყვდები" (იცინის).

ნოსტალგია
- გერმანიაშიც მიმუშავია, რუსეთშიც, აფრიკაშიც, ლექციებს ვკითხულობდი, მაგრამ დიდხანს ვერსად ვჩერდებოდი. იქ რაღაცას რომ ვაკეთებდი, ჩემთვის დაკარგული დრო იყო, ყველაფერს მნიშვნელობა მხოლოდ საქართველოში ჰქონდა. ზოგს თუ კარგი სამსახური აქვს, ადვილად შეუძლია ნოსტალგიის ატანა, მე - არა. ერთი სული მქონდა, ჩემი წინაპრების საფლავებზე როდის ჩავიდოდი ქუთაისში. ჩემი ქალაქის, ქვეყნის გარეშე არ შემიძლია. რიჰარდ შტრაუსი ამბობდა, - ადამიანისთვის, მით უმეტეს, შემოქმედებითი ადამიანისთვის გადამწყვეტია, თუ სად დაიბადაო. "ივერია" გასტროლებზე სად აღარ ვიყავით. ერთხელ, რუსეთში გენერლებთან ერთად ვქეიფობდით კონცერტის შემდეგ და უცებ, ერთს ტირილი აუვარდა. თემურ წიკლაური მიუჯდა, რა მოგივიდაო და ეს კაცი სიმწრისგან უფრო გაცხარდა, - თქვენ რა გენაღვლებათ, ქართველებმა იცით სად არის თქვენი წინაპარი, ბებია-ბაბუა, მე კი არაფერი ვიცი, უბედური ვარო... ბედნიერებაა, ჩვენი ისტორია რომ ვიცით. ისე, ნამდვილი რუსი სხვაგან არის, მოსკოვში არ ცხოვრობს. შოვინისტი არ ვარ, ყველანაირი მეგობარი მყავს, მაგრამ ეგენი შექმნილები არიან, უჯიშოები, მათთვის ფული და კარიერაა მთავარი.
GzaPress
ხონი თუ სამტრედია?
- კორეასა და ვიეტნამშიც ნამყოფი ვარ. ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, კომუნისტურ ნაწილში აბსოლუტურად სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, სამხრეთში კი - უფრო თავისუფალი. კონცერტის შემდეგ, ბანკეტი რომ გვქონდა, თავი სამტრედიაში, ხონში ან საქართველოს რომელიმე ქალაქში გეგონებოდა, ისე გაგვიმასპინძლდნენ. მენტალიტეტი ბევრს ნიშნავს.
პერუსა და ვენესუელაშიც ვიყავით "ივერია". პერუ მაღალმთიანი ქვეყანაა, მანდაც გვქონდა კონცერტები და თბილად გაგვიმასპინძლდნენ ადგილობრივები. სხვათა შორის, კონცერტამდე, იქაური მთავარი პროკურორი და მოსამართლე გავიცანით, თავიანთთვის ისხდნენ, ცოტას სვამდნენ და რაღაც საკითხზე მსჯელობდნენ. ჩვენ ამ სიტუაციას შემთხვევით შევესწარით და მიგვიპატიჟეს. მათ სადღეგრძელოები არ იცოდნენ და ჯემალ ღაღანიძემ რომ შესვა ერთი, მეორე, მესამე, ძალიან მოეწონათ. თანაც, ჯემალმა ესპანური ენა კარგად იცის და ამ ხალხს გული აუჩუყა თავისი სადღეგრძელოებით. აღფრთოვანებულები იყვნენ, ეს რა კარგი რამ გვასწავლაო.
კუბაშიც გავლით მოვხვდით და შთაბეჭდილება, რაც იქიდან გამომყვა იყო ის, რომ არანორმალურად ლამაზი ქალები დადიან, ეშხიანები, დახვეწილები, საოცრად იქცევიან, თავს შეგაყვარებენ. გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი (იცინის). მაშინ მანანა თოდაძე იყო ჩემი მეუღლე.

თუ გვერდით ქალი მოგყვება...
- აფრიკელებს, არაბებს ცეკვა უყვართ. ქალმა აქტიურად უნდა იცეკვოს, რაც უფრო მეტად ამუშავებს მუცელს, მით უფრო კარგად ცეკვავს, კაცები კი ღირსეულად უყურებენ და არ უნდა შეიმჩნიონ, უხამსი რეაქციები არ უნდა ჰქონდეთ, ემოციებს არ გამოხატავენ. თვითონ მხოლოდ თითებს ათამაშებენ ცეკვისას. თუ გვერდით ქალი მოგყვება, ვინ მოგაყენებს შეურაცხყოფას თვალის გამოყოლებით? მას კაცი ახლავს, კაცი კი ღმერთია იქ. არაბები ძალიან მიყვარს. ლექციებს ვკითხულობდი მაროკოში, კასაბლანკაში. ბევრი იდეა იქიდან მომყვება, ისეთი მუზები მომდიოდა. მაგალითად, "აფრები" იქიდან ჩამოვიტანე. თავისებური მუსიკა და რითმები მესმოდა იქაური რესტორნებიდან და გამომყვა.
ახლო ურთიერთობა მქონდა მეფე მაჰმუდ მეექვსესთან მაროკოში, მამამისსაც ვიცნობდი, ჰუსეინ მეორეს, ის სხვა ტიპის კაცი იყო. "დიდი თეატრის" "გედების ტბაზე" ნახევრად შიშველი გოგონები რომ დაინახა, ადგა და დარბაზი დატოვა, ხალხმაც მას მიბაძა. შვილი კი განსხვავებული, თავისუფალი აზროვნებისაა, საფრანგეთში სორბონას უნივერსიტეტი დაამთავრა. მხოლოდ ერთი ცოლი მოიყვანა და დღემდე ის ჰყავს. სხვათა შორის, და ჰყავდა და სასიძოდ მოვწონდი (იცინის). ის რომ მომეყვანა, მათი რელიგიის შესაბამისად უნდა მოვქცეულიყავი და ვუთხარი, - ნუ იტანჯებით, ცოლი მყავს-მეთქი (იცინის).

რეცეპტები...
- გნებავთ, გასწავლოთ უბრალო სოუსები? ბლენდერში შეგვიძლია გავაკეთოთ. ავიღოთ მარილი, კვერცხი და ზეითუნის ზეთი, ესაა მთავარი და დანარჩენი, რაც გაქვთ მაცივარში, დაუმატეთ. ნიორი გაქვთ? ეს უკვე მეორე სოუსია. ქინძს დაუმატებთ? მესამეა. შავი ღვინო, მდოგვი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ფერებსაც აძლევს.
შემიძლია, ისეთი ნამცხვრის მომზადება გასწავლოთ, რომელიც არ ასუქებს. ამისათვის დაგჭირდებათ 1 კვერცხი, სქლად დაცეხვილი, დატეხილი ხორბალი, დაუმატეთ რამდენიმე კოვზი შვრია, ამისგან კეთდება ფაფა, პლუს ლიმონის ესენცია, დააბლენდერეთ, დაამიქსერეთ, შედეთ ცხელ ღუმელში და ზუსტად ათ წუთში მზადაა. რას შეჭამ უკეთესს? შაქარი არ უნდა. კალორია ძალიან დაბალია.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.