ბათუმის უმთავრესი პორტი მსოფლიოდან უამრავ ცნობილ ადამიანს იზიდავდა
font-large font-small
ბათუმის უმთავრესი პორტი მსოფლიოდან უამრავ ცნობილ ადამიანს იზიდავდა
მუზეუმი, რომელიც მრავალ უნიკალურ მასალას ინახავს

"პორტმა ბათუმს, როგორც ქალაქს, მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ყველაზე დიდი ინდუსტრიული ცენტრი საქართველოში და რიგით მესამე უმთავრესი პორტი მთელ რუსეთის იმპერიაში, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უდიდესი წარმატება იყო..." - აჭარის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინათინ ფუტკარაძე უმნიშვნელოვანეს და საზოგადოებისთვის უცნობ ინფორმაციებს გვაწვდის, რომელიც ბათუმის უმდიდრეს წარსულზე მეტყველებს...


- ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წლის 17 მაისს გაიხსნა. იგი სწორედ იმ შენობაში განთავსდა, სადაც XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაახლოებით 1917 წლამდე მდებარეობდა "ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის" სამუშაო ოფისი, იგივე "ბათუმის კანტორა".
ნობელები ბათუმში 1979 წლიდან გამოჩნდნენ. იმ დროისთვის ბაქოს ნავთობმრეწველებისთვის ევროპასთან დასაკავშირებელი ყველაზე მოსახერხებელი გზა ბათუმზე გადიოდა. ნავთობის ტრანზიტისთვის ბათუმის ნავსადგურის კეთილმოწყობის მიზნით, ლუდვიგ ნობელი რამდენჯერმე ჩამოვიდა ბათუმში. მან დაათვალიერა ნავსადგური და როგორც ტექნიკისა და მანქანათმშენებლობის მცოდნე, უშუალოდ იყო ჩართული ნავსადგურის დაპროექტებაში. მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ინერგებოდა ბათუმში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში. ესაა პერიოდი, როცა ბათუმი თანმიმდევრულად ჩამოყალიბდა საერთაშორისო დონის სავაჭრო, საპორტო ქალაქად, გაიზარდა დემოგრაფიულად, შეიცვალა მისი კულტურული ცხოვრება და არქიტექტურული იერი. ბათუმით დაინტერესდნენ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები; გაჩნდა სხვადასხვა სახელმწიფოთა საელჩოები.
მუზეუმი წარმოგიდგენთ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ბათუმში, ძმები ნობელების, ბარონი ალფონს როტშილდის, მანთაშევის, შელენგოვსკის, კომპანია "ტრუდის" და სხვათა მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალებს. ესაა მანუფაქტურული და საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობის ინტენსიური განვითარების პერიოდი ბათუმში.
ეკონომიკურ ისტორიებთან ერთად, მუზეუმის თემატიკა ითვალისწინებს ქართულ-შვედური ურთიერთობების არაერთ საინტერესო დეტალს.
ბათუმის მრავალმხრივი განვითარება აისახა სუბტროპიკული კულტურების, კერძოდ - ჩაისა და თამბაქოს განვითარებაში. მუზეუმში გაეცნობით ბათუმის ოლქში საუფლისწულო მამულების განვითარების არაერთ საინტერესო ისტორიას, მათ შორის ჩინელი ლაო ჯინ ჯაოს ღვაწლს ბათუმის შემოგარენში; ჩაის პლანტაციებისა და მისი დამუშავების ტექნოლოგიებს XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე; გაეცნობით თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებულ ისტორიას, აგრეთვე მასალებს ფოტოგრაფიის პირველი დიდოსტატის, პროკუდინ გორსკის შესახებ.
GzaPress
მუზეუმი ინფორმაციული თვალსაზრისით მრავალფეროვანი და საინტერესოა სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული პირებისთვის. იგი ძმები ნობელების სახელს ატარებს, შესაბამისად, სათანადო ყურადღება ეთმობა კონკრეტულად მათი და ნობელის პრემიის ლაურეატთა საქმიანობის პოპულარიზაციას რეგიონში.
- რა განაპირობებდა ამხელა ინტერესს ბათუმის მიმართ?
- ბათუმის პორტი 1878 წელს გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ, რაც ნიშნავს თავისუფალ სავაჭრო ზონას და თავის მხრივ აღნიშნავს, რომ ამ ნავსადგურში შესაძლებელი იყო კონტროლის გარეშე შემოსულიყო და გასულიყო ნებისმიერი ტვირთი. ამ ფაქტმა ბათუმს, როგორც ქალაქს, მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ყველაზე დიდი ინდუსტრიული ცენტრი საქართველოში და რიგით მესამე უმთავრესი პორტი რუსეთის იმპერიაში, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უდიდესი წარმატება იყო. განვითარების ამომავალ წერტილს წარმოადგენდა ნავთობი. ამას საფუძველი ჩაუყარა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ. 1883 წელს განხორციელებული ნავთობპროდუქტის პირველი ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 3 მილიონი ფუთი. ნავთობის ტრანზიტით დაკავებული 18 ბიზნესსაზოგადოებისგან გამოირჩეოდნენ როტშილდები, მანთაშევი და ნობელები.

ტერმინალის ისტორია
- 1883 წელს დასრულდა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც 6 წელი მიმდინარეობდა. მთავარი არქიტექტორი იყო შუხოვი. იმის გამო, რომ საქართველო მთიანი და ქვიანი ტერიტორიაა, საჭირო გახდა ძლიერი ტექნიკური ძალის გამოყენება. ამიტომ შუხოვმა დახმარებისათვის მიმართა ნობელებს და მათ გადასცეს ალფრედის გამოგზავნილი 450 კილოგრამი დინამიტი, რომლის დახმარებითაც მოახერხეს სურამში გვირაბების გაყვანა. რკინიგზის დასრულებამ გამოიწვია ნავთობპროდუქტის ტვირთბრუნვის ზრდა. საჭირო გახდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტის შენახვა, რამაც დღის წესრიგში დააყენა ნავთობტერმინალის მშენებლობა. დღესაც არის ძმები ნობელების ტერმინალი. დღეისათვის ტერმინალი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, ჩასხმა-ჩამოსხმითი ესტაკადებით. ხდება სხვადასხვა ნავთობპროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაში პირველი ადგილი ეკავა "კასპია-შავი ზღვის ნავთობის სამრეწველო და ნავთობის საზოგადოებას", რომელიც როტშილდებმა 1884 წელს დააარსეს. შემდეგ მოდიოდა ძმები ნობელების ამხანაგობა, ამათ შემდგომ - შიბაევისა და მანთაშევის საზოგადოებები, დანარჩენები უფრო პრიმიტიულები იყვნენ.
ქალაქ ბათუმში 1888 წელს მოქმედებდა 16 ნავთობჩამოსასხმელი ქარხანა, მაგრამ ყველა დანარჩენისაგან გამოირჩეოდა როტშილდის ქარხანა როგორც სიდიდით, ისე მოწყობილობებით. მარტო მის ქარხანაში იყო დასაქმებული 3000 ადგილობრივი. სხვა ქარხნები შედარებით პატარა იყო, ყოველი მათგანი ნავთობს აგზავნიდა საზღვარგარეთ, ადგილობრივ ბაზარს კი არ ამარაგებდნენ. ქარხნების უმეტესობა ნავთს თუნუქის ბიდონებში ასხამდა, შემდეგ ხის ყუთებში აწყობდა და ასე აგზავნიდა ევროპასა და ამერიკაში. გამონაკლისი იყო ნობელის ქარხანა, რომელიც ნავთს პირდაპირ გემებში ჩასხმულს აგზავნიდა, რაც გაცილებით იაფი ჯდებოდა. ადრე როტშილდების ქარხნის პატრონები ყოფილან ბუნგე და პალაშკოვსკი, ხოლო იმის შემდეგ, რაც ეს ქარხანა მიიღეს როტშილდებმა, ის საგრძნობლად გაიზარდა, დღე-ღამეში ამზადებდა 30-40 ათასამდე თუნუქის ბიდონს. ქარხანაში იყო 22 თუნუქის ბიდონის დასამზადებელი დაზგა, ხოლო 61 - ხის. როტშილდების ოჯახი ქალაქ ბათუმში ცხოვრობდა ახლანდელ სამშობიარო სახლში. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ როტშილდების მუშებსა და ადმინისტრაციას საუკეთესო პირობები ჰქონდათ მუშაობისათვის. როტშილდების ქარხანაში დამზადებული თუნუქის ბიდონი მსგავსია შელის ბიდონისა, ის არის 16 ლიტრი ტევადობის. ექსპორტისას ორი ასეთი თუნუქის ბიდონი იდგმებოდა ხის ყუთში და იგზავნებოდა ქალაქ ბათუმის პორტის გავლით...

GzaPressვაგონცისტერნები და მილსადენი
- 1878 წელს ძმებმა ნობელებმა გაიყვანეს პირველი ნავთობსადენი, რომელიც აღჭურვილი იყო ორთქლის ტუმბოებით. მისი სიგრძე გახლდათ ცხრა კილომეტრი და ის ბალაქანას საბადოს ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან აკავშირებდა. პირველი მილები დამზადებული იყო კერამიკისაგან. პირველი ასი ვაგონცისტერნა შეიქმნა ლუდვიგ ნობელის ნახაზების მიხედვით. ძმები ნობელების მიერ დანერგილმა ტექნოლოგიებმა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის გაიაფება გამოიწვია.
- ბათუმით მხოლოდ ბიზნესმენები არ იყვნენ დაინტერესებული...
- ქალაქ ბათუმის ისტორია და იმჟამინდელი ყოფა ფოტოობიექტივზე ასახა ფოტოგრაფმა სერგეი პროკოდინგორსკიმ. იგი დაიბადა რუსეთში. 1902 წელს პირველად გამოაცხადა ფერადი ფოტოს შექმნის შესახებ, რომელზეც მხოლოდ სამი ფერი იყო. 1909 წელს ფოტოგრაფი ნიკოლოზ მეორეს შეხვდა და მისგან საგანგებო ნებართვა მიიღო, ემოგზაურა რუსეთის იმპერიაში და ფირზე აღებეჭდა იგი. სწორედ ამ პერიოდში ეწვია საქართველოსაც და თითქმის ყველა რეგიონი მოიარა. ფერადი ფოტოგრაფიის პროკოდინგორსკისეული მეთოდი ბოლომდე არაა ამოხსნილი, თუმცა ცნობილია, რომ ავტორი ჩვეულებრივ შავ-თეთრ ფირებსა და საკუთარი კონსტრუქციის ფოტოაპარატს იყენებდა.
მისმა ფირმა აღბეჭდა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც დაარსდა 1910 წელს, კრასნოვისა და გორდეზიანის მიერ და სიდიდით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. პროკოდინგორსკის ფოტოები შემონახულია რუსეთში და ასევე, საქართველოში, დადიანების სასახლეში.
აჭარაში, კერძოდ ჩაქვში ფუნქციონირებდა ბამბუკის ქარხანა, სადაც ბამბუკი მუშავდებოდა მაღალი წნევის ორთქლის დანადგარებით და გადამუშავებული ბამბუკით ხდებოდა საყოფაცხოვრებო ნივთების: საფერფლეების, სკამების, მაგიდებისა და ა.შ. დამზადება.
1878 წელს აჭარა დაუბრუნდა საქართველოს და დანარჩენ ქვეყანასთან ერთად შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. აჭარაში რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ტერიტორიიდან დაიძრნენ გამდიდრების მანიით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც მუჰაჯირებისაგან დაცარიელებულ მიწებს ჩალის ფასად ყიდულობდნენ. რუსეთის იმპერიაში მცხოვრებმა, ჩაით მოვაჭრე კონსტანტინ პოპოვმა 1892 წელს ძალიან იაფად შეიძინა სამი მიწის ნაკვეთი - ჩაქვში, სალიბაურში, კაპრეშუმში და ხელში აიღო მონოპოლია ჩაით ვაჭრობის საქმეში. მან შეისწავლა აჭარის ზღვისპირეთი. ადგილობრივი კლიმატური პირობები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ადგილებში შეიძლებოდა ჩაის კულტურის მაღალ დონეზე განვითარება. პოპოვმა ჩაის კულტურის შესწავლის მიზნით, ჩინეთსა და ცეილონში გაგზავნა სპეციალური ექსპედიცია პროფესორ ტიხომიროვის ხელმძღვანელობით. 1893 წელს პოპოვი ჩაის მზა პროდუქციის, ჩაის ბუჩქების, ნერგებისა და თესლის ჩამოსატანად გაემგზავრა ჩინეთის ქალაქ ნინ-ჯოუში, სადაც ფუნქციონირებდა ჩაის ფაბრიკა. იქ პოპოვმა გაიცნო დირექტორის თანაშემწე, ლაო ჯინ ჯაო და სამი წლით ჩაქვის მამულში მუშაობა შესთავაზა. ლაო დათანხმდა და თოთხმეტი ჩინელი სპეციალისტის თანხლებით, პოპოვთან ერთად, საქართველოში გამოემგზავრა.
1900 წელს კონსტანტინ პოპოვის ჩაქვის ჩაის ფაბრიკაში დამზადებულმა პროდუქციამ პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედალი დაიმსახურა - ეს იყო ქართული ჩაის დიდი გამარჯვება და აღიარება. ლაომ შეიყვარა აჭარა და მისი მცხოვრებლები, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ბრწყინვალედ შეისწავლა რუსული ენა და ადათები, რომლის გამოც ლაოს ივან ივანეს ძეს ეძახდნენ. ის ძირითადად ჩინური ეროვნული ტანსაცმლით დადიოდა. ლაო ჯინ ჯაოს ძალისხმევით შესრულდა შემდეგი სამუშაოები: მოეწყო დიდი მოცულობის სათბური, ჩაის ნერგების გამოსაყვანად, ვრცელ მიწის ნაკვეთზე გაშენდა ჩაის პლანტაციები და აშენდა მცირე მოცულობის ფაბრიკა, სადაც მესამე წელიწადს დამზადდა ჩაის პირველი პროდუქცია. ლაომ პოპოვთან 7 წელი იმუშავა. იგი ხელმძღვანელობდა პოპოვის ყველა მამულსა და ჩაის ფაბრიკას. მუზეუმში წარმოდგენილია ლაოს პირადი ნივთები: ჩაის ფერის გამოსაყვანი, ქუდი, ფეხსაცმელები და ჩინური ფაიფურის ჭურჭელი.
მოკლედ, მერწმუნეთ, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი მრავალ უნიკალურ მასალას ინახავს...
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"
"მიმაჩნია, რომ როცა საქართველო გიყვარს და ქალი ხარ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ქართველთან ერთად ოჯახის შექმნაა..."
"საქმე ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, მთავარია, რისი უნარი გაქვს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.