ნიკოლოზ იოსებიძე - მცენარეების გულთამხილავი და ვაკის ტერიტორიის პირველმოსახლე
font-large font-small
ნიკოლოზ იოსებიძე - მცენარეების გულთამხილავი და ვაკის ტერიტორიის პირველმოსახლე
"საქმე ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, მთავარია, რისი უნარი გაქვს"

სწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკოლოზ იოსებიძე უნიკალური სამკურნალწამლო მცენარეების შესწავლის მიზნით კავკასიის ტერიტორიას 20 წლის მანძილზე იკვლევდა. ბატონი ნიკოლოზი პირველია, ვისი ავტორობითაც საქართველოში მეურნის ენციკლოპედია და მეურნის კალენდარი გამოიცა. 14 წიგნის ავტორი ახალ ნაშრომზე - "საქართველოს სამკურნალწამლო მცენარეები ბუნებასა და კულტურაში" მუშაობს. გამოცემულ წიგნებს მისივე ხელით დახატული მცენარეებით გაფორმებული ილუსტრაციები ამშვენებს.


მცენარეებთან ათეული წლების მანძილზე მუშაობის გამოცდილებამ ბუნების მესაიდუმლეს საშუალება მისცა, ძალები ფიტოთერაპიაშიც მოესინჯა. მადლიერი პაციენტებისა და განკურნების დაუჯერებელი მაგალითების რიცხვი მალე გაიზარდა.
ლირიკული, საბავშვო და სატირული ლექსების ავტორის სამუშაო კაბინეტს არაერთი ხის, ქვისა თუ სხვადასხვა მცენარით შექმნილი ექსკლუზიური ნივთი ამშვენებს. ზოგი ხელნაკეთია, ხელითაა დამუშავებული, ზოგიერთი კი - "ხელთუქმნელი". ისინი ბატონმა ნიკოლოზმა მცენარეების შესწავლა-შერჩევისას აღმოაჩინა. ამბობს, რომ ასეთი ნივთების "დაბადებისას" მისი დამსახურება მხოლოდ მხატვრული აღქმის უნარია, დანარჩენზე კი თავად ბუნებამ იზრუნა. ბუნების წიაღში ფორმამიცემულ ამ უნიკალურ ნივთებს ბატონმა ნიკოლოზმა სული შთაბერა და ერთი შეხედვით უბრალო ხმელი ტოტები, ფესვები, ცხოველებისა და ფრინველების ძვლები თუ მცენარეების ნაყოფი ტყის მასივში ჩაკარგვის ნაცვლად სხვადასხვა ცხოველად, ზღაპრის გმირად, მოქნილ კინტოდ, გრაციოზულ ბალერინად, ტიპურ მონადირედ, კოლორიტულ მეეზოვედ თუ მუსიკის ჰანგებს აყოლილ მევიოლინედ აქცია...
GzaPress
- სასოფლო ინსტიტუტის ფრიადებზე დასრულების შემდეგ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერი მუშაკი ვიყავი, შვიდი წელი დისერტაციაზე ვიმუშავე. ინსტიტუტს 20 წელი ვემსახურე. კავკასიის ტერიტორიაზე რაც კი რამ კუთხე-კუნჭული არსებობს, ჩავდიოდი და ყველგან მცენარეებს ვაგროვებდი. ინსტიტუტის ტერიტორიაზე მოვაწყვე ბაღი, გავაშენე მცენარეები. 100 მცენარე გავახარე. მალე იმ ადგილას შენობის აგება გადაწყდა და ბაღი გაანადგურეს. ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტშიც ვმუშაობდი. ასევე, სოფლის მეურნეობის საგნებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მანქანა-იარაღებს, მემცენარეობას, მევენახეობას, მებოსტნეობასა და მეხილეობას ვასწავლიდი სკოლაშიც, რომელიც ახალ სამგორში მდებარეობდა. როცა სკოლა ბიოლოგიის მასწავლებელმა დატოვა, არჩევანი არ დამიტოვეს და მთხოვეს ბიოლოგიის საგნებიც მე შემეთავსებინა. გავაპროტესტე, რვა საგანს როგორ ვასწავლი-მეთქი?! მაგრამ არაფერი გამოვიდა და ღამეებს ვათენებდი, რომ ბიოლოგიის გაკვეთილების ჩასატარებლად სრულყოფილად მოვმზადებულიყავი. დილით 6 საათზე ამდგარი შვიდზე მატარებელს მივყვებოდი. სხვა ტრანსპორტი არ დადიოდა. მატარებლიდან ავტობუსში უნდა გადავმჯდარიყავი. თუ მოხდებოდა და ავტობუსი გამასწრებდა, 4 კმ სირბილით უნდა გამევლო, გაკვეთილზე რომ არ დამგვიანებოდა. სკოლაში მუშაობის დასრულების შემდეგ დიდხანს ვცდილობდი დავსაქმებულიყავი როგორც აგრონომი, რაიონებიც მოვიარე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ასე რომ, მთელი ჩემი დრო მეცნიერებას დავუთმე და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული.
- გარდა იმისა, რომ მეცნიერი, პოეტი, მწერალი და ფიტოთერაპევტი ბრძანდებით, შექმნილი გაქვთ უნიკალური, ხისა და ქვისგან დამზადებული ექსკლუზიური ნამუშევრებიც...
- ჩემთვის ფანქრის მოსმაც კი არავის უსწავლებია. ბავშვობაში ცარცისგან ადამიანის, ჯიხვის, ვერძის თავებს გამოვსახავდი ხოლმე. სხვადასხვა ნამუშევართან ერთად "ნიანგთან" 20-წლიანი თანამშრომლობისას რედაქციაში ნახატებიც მიმქონდა. რაც შეეხება ხის ნაკეთობებს, საკუთარი ხელით გამოთლილი და თავად ბუნების ნაქანდაკარი ნამუშევრები მაქვს. მათ უმეტესობას ტყეში გადავაწყდი, მხატვრის თვალით იოლად ვარჩევდი ხის რომელი ნაჭერი რას ჰგავდა, როგორ შეიძლებოდა მისთვის რომელიმე ცხოველის ან ადამიანის საბოლოო სახე მიმეცა. შემდეგ სახლში ზოგჯერ საათობითაც კი ვამუშავებდი, ვფხეკდი, ვთლიდი და საბოლოოდ ხელში ხან ბალერინა შემრჩა, ხან კინტო და ხანაც მეეზოვე...
GzaPress
- თქვენი ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაკის ტერიტორიაზე დასახლდა...
- დიდი ოჯახი გვქონდა. 5 დედმამიშვილი ვიყავით, ორი და და ორი ძმა მყავდა. დედა, რუსუდანი წყნეთში იყო დაბადებული და მღვდელმა ლუსიკა დაარქვა. მაშინ, რატომღაც, ასე ხდებოდა. შაყულაშვილი იყო და შაჰკულოვად იყო ჩაწერილი. ამის ინიციატორები სომხები იყვნენ. ჩვენი სახლი ერთ-ერთი პირველი იყო იმ რამდენიმე სახლიდან, რომელიც ვაკის ტერიტორიაზე 1927 წელს გაჩნდა. ჩვენი სახლის გვერდით აქა-იქ იდგა თითო-ოროლა ქოხი. ნელ-ნელა ირგვლივ რუსები, თათრები, სომხები დასახლდნენ. ცხვარი მთაში რომ მიჰყავდათ, მოედანზე აჩერებდნენ ხოლმე. ჩვენ ცხვარიც გვყავდა, ღორიც, ვირიც, ძროხაც. ცხვრის რძე კაპიკები ღირდა და დედა ცხვრის რძისაგან დამზადებულ რძის ნაწარმს არ გვაკლებდა. ნაჭრისგან გაკეთებული ბურთით ვთამაშობდით, ნამდვილ ბურთზე მხოლოდ ვოცნებობდით. მეზობლები ნათესავებს გვერჩივნა, ერთმანეთს მუდამ გვერდით ვედექით. მამა ამ ხეობის თავზე, ვაკის პარკის მოპირდაპირედ საგანგებოდ დასახლდა, ხეობაში ბაღი რომ გაეშენებინა. მთელმა ჩემმა ბავშვობამ ვერეს ხეობაში ბაღის მოვლასა და მოსავლის მოწევაში გაიარა. მშობლების გვერდით ვმუშაობდით მე და ჩემი ოთხი და-ძმა. ორი ტონა პომიდორი, ნიორი, ხახვი, თითქმის ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავდა. გვქონდა უამრავი კენკროვანი და ხილი. ტომრებით ვინახავდით მოწეულ კაკალს. ვერის პირზე ბაღი გვქონდა. მოგვიანებით, ტერასებზე საკუთარი ხელით გავაშენე ვენახი. მახსოვს, ერთხელ, მამამ ხიზილალა უზარმაზარი თასით მოიტანა. ბავშვებმა თეფშებზე დიდ ულუფებად გავინაწილეთ. დედამ დაშლა დააპირა, მაგრამ მამამ შეაჩერა, თავი დაანებე, ასე დაამახსოვრდებათო. აი, დამამახსოვრდა და ვიხსენებ კიდეც... მაგრამ როცა მოგვიანებით, დუხჭირ წლებში გასაყიდი აღარაფერი გვქონდა, სახლის ნახევარი დავთმეთ. 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ მთხოვა, დანით ჭარხლის ფოთლები მოჭერი, კონებად შეკარი და მცხეთის ქუჩაზე ჩამოატარე, იქ ბევრი იმერელი ცხოვრობს და იყიდიანო. ვუთხარი, ხმამაღლა დაძახება მერიდება-მეთქი. სასირცხვილო რა არის, მოპარული ხომ არ უნდა გაყიდოო?! - მიპასუხა. მახსოვს, ამ სცენის შემყურე დედა ტიროდა. მაგრამ რას იზამდა?! 5 შვილი ჰყავდა სარჩენი. უარის თქმა ვეღარ გავბედე და დავალების შესასრულებლად გავეშურე. სხვათა შორის, ისე დაიხოცნენ, არაფერზე არ მითქვამს მათთვის უარი. მცხეთის ქუჩაზე ყველას ჰყავდა ძროხა. ერთმა ქალმა დამიძახა, მაჩვენე, რა გაქვს გასაყიდიო. ჭარხლის ფოთლები, რომელსაც კონას 10 კაპიკად ვყიდდი, უკვე დამჭკნარიყო. ქალმა ერთი მანეთი მომცა და მითხრა, მიდი და ჭარხლის ფოთლები ძროხებს დაუყარეო. გახარებული გამოვიქეცი, პური ვიყიდე და სახლში დიდი სიხარულით მივიტანე. მანეთად სამი პური ვიყიდე და ათი კაპიკი ხურდაც დამრჩა.
უკვე დაწყებული მაქვს და მინდა წიგნად გამოვცე ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით - "ჩემი ცხოვრების შუქჩრდილები".
GzaPress
- თქვენი ერთ-ერთი საქმიანობა ფიტოთერაპიაა...
- დიახ, როგორც მოგახსენეთ, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ფარმაკობოტანიკოსად ანუ სამკურნალო მცენარეების სპეციალისტად ვიმუშავე. თავდაპირველად, წამლებს ახლობლებისთვის ვამზადებდი. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მადლიერმა პაციენტმა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და მას შემდეგ პაციენტების რაოდენობამაც იმატა. დედამიწაზე არსებული 500 000 სახეობის მცენარიდან 12 000-ზე მეტს სამკურნალწამლო თვისებები გააჩნია. სამკურნალწამლო მცენარეთა შემგროვებელი აუცილებლად ამ საქმეში დახელოვნებული პრაქტიკოსი უნდა იყოს, რომელსაც მისთვის საინტერესო სახეობის შესახებ ყველაფერი ეცოდინება. უნდა იცოდეს, როდის რომელი ნაწილი და როგორ შეკრიბოს, რა ძირითადი წესები დაიცვას მცენარეებთან ურთიერთობისას. იცით, რომ მცენარე ერთსა და იმავე ადგილზე სამჯერ რომ მოჭრა, მეოთხედ იქ აღარ ამოვა? არათუ მოთხარო, არამედ - მოჭრა. უფრო მეტიც -Y ყოველწლიურად ერთსა და იმავე ადგილას მცენარის შეგროვებაც დაუშვებელია. ხელმეორედ იმავე მიდამოში მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება მცენარეებით სარგებლობა, რათა ამ დროის მანძილზე მოღონიერდეს, თესლი დაყაროს და ადამიანის მიერ მიყენებული ზარალი აღიდგინოს. ძალიან სამწუხარია, რომ ჩვენი ქვეყნიდან მასობრივად გააქვთ სამკურნალწამლო საშუალებები, ამ მცენარეებს ფესვებიანად თხრიან და შესაბამისად, მისი გამრავლების შანსს სპობენ. დაუშვებელია სამანქანო გზის პირებში ნებისმიერი სახის მცენარის შეგროვება. ასეთი მცენარეები დაფარულია მტვრით, გაჟღენთილია გამონაბოლქვი აირებით და მათი გამოყენება, სარგებლობის ნაცვლად შეიძლება გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. მკაცრად იკრძალება თვითნებურად მოგროვებული მცენარეების გამოყენება ფიტოთერაპევტის კონსულტაციის გარეშე. მაგალითად, თითქმის ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კრაზანას ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღება სისხლძარღვებს ავიწროებს და წნევას მაღლა სწევს. შხამიანი ჩიტისთვალა იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას, თავბრუსხვევას. შხამიანია ქრისტესისხლაც, განსაკუთრებით კი - ფესვები. დოზის გადაჭარბება ან ხანგრძლივად მისი მიღება, პირღებინებას, გულისრევას და ფაღარათს იწვევს. პიტნა, კულტურულიც და ველურიც, უარყოფითად მოქმედებს შვილოსნობაზე, თავშავა სახიფათოა ფეხმძიმე ქალებისთვის, იწვევს ნაყოფის მოშორებას. ჭინჭრის მიღება დაუშვებელია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, იწვევს სისხლის სწრაფ შედედებას. ასეთივე ეფექტი აქვს სიმინდის ულვაშს. თუ ახალგამოწურული წითელი ჭარხლის წვენს ორი საათის შემდეგ არ დავლევთ, სისხლძარღვების სპაზმს გამოიწვევს.A ასე რომ, სამკურნალწამლო მცენარეები არც ისე უსაფრთხოა, მათ არასწორ გამოყენებას, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.