ცისი დაუშვილი - "ყვავილების დედოფალა"
font-large font-small
ცისი დაუშვილი - "ყვავილების დედოფალა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"


ნატურალური ტყავისგან დახვეწილი დიზაინით შექმნილი იები, ზამბახები, გვირილები, კესანები, ვარდები და მზესუმზირები აქსესუარებისა და ფეხსაცმლის დიზაინერის, ცისი დაუშვილის შემოქმედების მთავარი ხაზია. ამბობს, რომ მისი მომხმარებლები, ძირითადად, ხელოვანი, კარგი განწყობისა და აურის მქონე ადამიანები არიან, რომლებსაც ცისის ცხოვრებაში უნებურად განსაკუთრებული ფერები შეაქვთ. მოგვიანებით კი, "ვალს" ცისი ჩანთების, თმის აქსესუარების, ბროშების, ფეხსაცმელების, ქურთუკებისა თუ ლაბადების სახით უკან ათასფერად უბრუნებს... ცისი ბედნიერია, რომ გაუმართლა და მისი ჰობი და შემოსავლის მთავარი წყარო ერთმანეთს დაემთხვა. ცოდნა, გემოვნება, ფერების აღქმისა და შეხამების გასაოცარი უნარი, საქმისადმი ერთგულება, კეთილსინდისიერი მიდგომა და ენერგიის ბოლომდე დახარჯვა გახდა, ალბათ, მიზეზი, რომ მცირე დროის მანძილზე ცისის ტყავის ნაწარმს საქართველოს გარდა უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ...


- პატარ-პატარა ყვავილები, სხვადასხვა დეტალი ხელით ისე უნდა გამოჭრა და შემდეგ დაამაგრო, რომ იოტისოდენა ხარვეზიც არ ჰქონდეს. ამისთვის დიდი სიფრთხილე, დაკვირვება და ნებისყოფაა საჭირო. ჩემს ფეხსაცმელზე არც ერთი ყვავილი შემთხვევით არ არის დამაგრებული. მე ვგრძნობ ფერებს, ხშირად ვეფერები კიდეც ჩემს ყვავილებს. თითოეული ფეხსაცმლის მოდელი ჩემი შექმნილია და ანალოგი არ გააჩნია. მუშაობის პროცესი თერაპიაა, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ნივთს დასრულებულს. ამ მიზეზით ბევრი ღამე გამითენებია. ყველა დეტალს ხელით ვამუშავებ. ყვავილების დაჭრა ყველაზე რთულია. თითები სულ დაჩხვლეტილი მაქვს. ჩემი ფეხსაცმელები თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია. მაქვს შეგრძნება, რომ ნივთებს კი არ ვკერავ, ვძერწავ. თავად ვკერავ, ვამაგრებ ძირს, ყვავილებს ვჭრი და ვაფორმებ. ვერ ვიტყვი, რომ განვლილი გზა იოლი იყო. რთულია როცა დიზაინერი, მკერავი, ფოტოგრაფი და ხშირად მანეკენიც თავად ხარ.
GzaPress
- ნატურალურ ტყავზე მუშაობთ. სამუშაო მასალად ტყავის გამოყენება მეტად გაძლევთ "ლავირების" საშუალებას?
- ტყავი ფანტაზიის განვითარების საშუალებას მაძლევს. უამრავი იდეა მაქვს, უბრალოდ, დრო არ მრჩება ყველა მათგანის განსახორციელებლად. ტყავზე მუშაობა გაცილებით მეტ შრომასა და დროს მოითხოვს, მაგრამ დერმატინს ვერ მისცემ სასურველ ფორმებს, დაიწვება და დადნება. რამდენჯერმე ცხოველთა დამცველებმა მომწერეს და დერმატინზე გადასვლა მირჩიეს. განსაკუთრებულად მიყვარს ცხოველები, მაგრამ არანაკლებ მიყვარს ჩემი საქმეც და მისი დათმობა მიჭირს. სხვათა შორის, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში ტყავი სამჯერ იაფი ღირს.
- ასეთი დახვეწილი ჩანთების კერვას, ბუნებრივია, "ერთ მშვენიერ დღეს" ვერ დაიწყებდით... ხელოვნებასთან, ალბათ, მანამდეც გქონდათ შეხება...
- ხელოვნება ბავშვობიდანაა ჩემი ნაწილი. პატარაობიდან ვხატავ, ვქსოვ, ვქარგავ. ვქსოვდი ჩანთებს, ხალიჩებს. ხურჯინიც მომიქსოვია. დედაც ხელოვანია. ბავშვობაში მე და ჩემს დას მისი შეკერილი სამოსი გვეცვა. დედას ტანსაცმელს ხშირად ჩემთვის ვიკეთებდი. ჩემი სპეციალობა ინტერიერის დიზაინია. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ერთი შეხედვით, ჩემს შემოქმედებასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს და ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია, თუმცა, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკმაოდ დამეხმარა.
- ფერთა შეხამების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევით... თუ შინაგანი შეგრძნება ბუნებრივად არ გაქვს, მისი შესწავლა შესაძლებელია?
- შინაგანად უნდა გრძნობდე. ეს ერთგვარი ხელწერა გახლავთ. მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები. ჩემს ნამუშევრებში სწორედ ასეთი ფერები ჭარბობს. პალიტრას კარგად ვგრძნობ. ვიცი, ბალანსი როგორ დავიცვა. მომწონს ცივი და თბილი ფერების კონტრასტი. ესკიზებს არ ვქმნი, მაგრამ ნამუშევრებში არც ერთი ფერი არ არის შემთხვევით გამოყენებული. ვხატავდი, თუმცა, ახლა ამისთვის დრო არ მრჩება. ვფიქრობ, რასაც ამჟამად ვაკეთებ, ესაა ჩემთვის ხატვა. ნივთის დიზაინი გონებაში მაქვს და პირდაპირ ტყავზე გადამაქვს.
- რატომ ყვავილები?
- ყვავილები ძალიან მიყვარს. ბუნებამ იმოქმედა ჩემს შემოქმედებაზე - მიყვარს სითბო, მზე. ალბათ, ამიტომაა ჩემი საყვარელი ყვავილი მზესუმზირა. გარდა ამისა, ყვავილი ერთ-ერთი ისეთი რამაა, ქალს რომ არასოდეს მოჰბეზრდება, მოდიდან არ გადავა. მგონია, ვისაც ყვავილები უყვარს, პოზიტიური ადამიანია. ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება მაქვს, ყვავილები ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის. ყვავილს ახალი ყვავილი ან ფოთოლი რომ გამოაქვს, ვამბობ, ორსულად არის-მეთქი და ვეფერები, ვკოცნი. მინდა რამდენიმე დეტალი ავიღო და შევქმნა ისეთი ყვავილი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ის ჩემი ბრენდის ლოგო იყოს. ბედნიერებაა, როცა საყვარელ საქმეს ემსახურები და ის შენი შემოსავლის წყაროცაა. ძირითადად, იმას ვაკეთებ, რაც მომწონს. სულ არ ვფიქრობ იმაზე, გაიყიდება თუ არა. როცა ისეთი რამის შეკერვას მთხოვენ, რაც არ მომწონს, შეკვეთაზე უარს ვამბობ.
GzaPress
- ამ "საერთაშორისო მასშტაბის" ხელოვნებას საფუძველი თურქეთში ჩაეყარა...
- დიახ, 2011 წელს სტამბოლში დროებით წავედი და ექვსი წელი იქ ისე გავატარე, საქართველოს მიწაზე ფეხიც არ დამიდგამს. ჩემთვის ეს ყველაზე რთული, თუმცა ნაყოფიერი პერიოდი გახლდათ. ერთ პატარა ქარხანაში, სადაც სულ ექვსი ადამიანი ვფუსფუსებდით, ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს ვკერავდი. დირექტორი უფლებას მაძლევდა ჩემი იდეები განმეხორციელებინა. მინდოდა, სამსახურებრივთან ერთად ისიც გამეკეთებინა, რაც სიამოვნებას მომგვრიდა. იქ არავის ვიცნობდი და სამსახურის შემდეგ საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მრჩებოდა. ნატურალური ტყავით სხვადასხვაგვარი სამაჯური გავაკეთე. მეგობრებს ინტერნეტით ვაჩვენე. მოეწონათ. შემდეგ ფაბრიკაში ფეხსაცმლის კერვას ვუყურე და გადავწყვიტე, თავადაც მეცადა. ბოლომდე დახვეწილი არ გამომივიდა. ვიფიქრე, ფეხსაცმლის ნაკლი რაიმე დეტალებით დამეფარა. ერთი კვირა ხელით ვჭრიდი სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტყავის ყვავილებს და ფეხსაცმელზე ვამაგრებდი. ახლაც მახსოვს ჩემი თანამშრომლების გაოცებული სახეები, მეკითხებოდნენ, მართლა გჯერა, რომ ამ ფეხსაცმელს ვინმე ჩაიცვამსო. პირველად მე მოვირგე ფეხზე ჩემ მიერ შექმნილ ყვავილებიან ჩანთასთან ერთად და თავდაჯერებულმა ვისეირნე სტამბოლის პრესტიჟულ ქუჩებში. გამვლელები ფოტოებსაც მიღებდნენ. იქ ცხოვრება მიჭირდა. იშვიათად, რაიმე გასწავლონ, გზის გაკვალვაში დაგეხმარონ. მე გამიმართლა, ფაბრიკის უფროსის ნებართვით იქაურობა სახელოსნოსავით მქონდა. ყველაფერს მათ დანადგარებზე ვკერავდი. უფროსმა აბსოლუტურად ყველაფერი მასწავლა. 15 საათი ვმუშაობდი, შემდეგ სახლში მივდიოდი და ვამზადებდი შეკვეთებს. პარალელურად გამოფენისთვის ვემზადებოდი. ჩემი ნამუშევრების რეალიზაცია თურქეთში არც კი მიცდია. სხვა სამყაროა, ვერ გამიგებენ. თუმცა, ამ პერიოდმა ბევრად უფრო დამოუკიდებელი და მებრძოლი გამხადა. ვფიქრობ, ჩემი ფეხსაცმელები განსაკუთრებული, თავისუფალი, ხელოვანი ხალხისთვისაა. თითქმის არ მახსოვს დამკვეთი, რომელსაც კონკრეტულად თავისი გემოვნებით შექმნილი აქსესუარი უნდოდა. მაქსიმალურ თავისუფლებას მაძლევენ. ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობის გრძნობას მგვრის და ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო, უფრო მეტად ვასიამოვნო. მომხმარებლების უმრავლესობა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, ასევე, უცხოელი გლამურული ქალბატონები არიან. ისინი მეტად აფასებენ ხელით ნამუშევარ ნივთებს. გარდა ამისა, სამშობლო ენატრებათ და ამ ნივთებით, ერთგვარად, თითქოს, დანაკლისს ივსებენ. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ.
GzaPress
- გამოფენა-გაყიდვა საფრანგეთში მოაწყვეთ...
- საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ყვავილები, ჩემი ნამუშევრები ინტერნეტში ნახა. დამიკავშირდა და ფეხსაცმლის შეკერვა მთხოვა. მოგვიანებით, შემომთავაზა, მასთან გამოფენის მოსაწყობად ჩავსულიყავი. ეს ჩემთვის უზარმაზარი მოტივაცია გახლდათ. სამსახურის შემდეგ ღამის 3-4 საათამდე ვმუშაობდი. 30-მდე წყვილი ფეხსაცმელი შევკერე. ასევე ჩანთები, სამაჯურები, გულსაბნევები და თმის სამაგრები დავამზადე. გამოფენა-გაყიდვაზე თითქმის ყველაფერი გაიყიდა. ამ შემოსავლით სტამბოლში დაზგა, ტყავები და სხვა საჭირო ხელსაწყოები შევიძინე და ბინაში პატარა სახელოსნო მოვაწყვე. მალე კი ოცნება ავისრულე და ამ ხელსაწყოებთან ერთად საქართველოში დავბრუნდი.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- მინდა მონაწილეობა მივიღო საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. მანამდე, ვფიქრობ, გაზაფხულზე გამოფენას თბილისში მოვაწყობ. ეს იქნება ყვავილების დღესასწაული, გრანდიოზული გამოფენა ყვავილების წვიმით. ამის შემდეგ ჩვენებას ნიუ-იორკსა და საფრანგეთში გავმართავ.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.