არაპუნქტუალური ქართველი რეკორდსმენი
font-large font-small
არაპუნქტუალური ქართველი რეკორდსმენი
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ

ანა ლომინაძემ 5 წლის წინ, 19 წლის ასაკში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა 25-მეტრიანი დისტანცია 21.76 წამში დაფარა. მაშინ ანას ამ წარმატებამ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღება მიიქცია - მასზე წერდნენ ბრიტანული, გერმანული, რუსული, ბერძნული, ესპანური, ბრაზილიური, ჩინური, პოლონური და ლიტვური საინფორმაციო სააგენტოები, თუმცა ეს წარმატება მისთვის პირველი არ ყოფილა. 17 წლის იყო, ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5.5-კილომეტრიანი მონაკვეთი შეუსვენებლივ 47 წუთში რომ გადაცურა, პირველი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და ამ შედეგით არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ასევე, გახდა პირველი ქართველი რეკორდსმენი, რომელიც პოპულარული ამერიკული გამოცემის - "რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების" 2014 წლის წიგნში მოხვდა. ანასთან წარმატებებისა და ოჯახის შესახებ ვისაუბრეთ.


- ნანი ჭუმბაძე, შემდგომში ჩემი მწვრთნელი, დედას უახლოესი მეგობარი იყო და აუზზე ხშირად დავყავდი. ერთხელ, გაკვეთილს რომ ატარებდა, თამაშის დროს აუზში ჩავვარდი. უცებ ჩამოხტა და ამომიყვანა. როგორ ხარო? - მკითხა. იცი, ნანი, წყალში ბუშტებს ვუშვებდი-მეთქი, ისე მშვიდად ვუპასუხე, არც კი შემშინებია. იმდენჯერ მქონდა მოსმენილი, რასაც მოსწავლეებს უხსნიდა, მივხვდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. 6 წლისამ აზერბაიჯანში პირველად მივიღე მონაწილეობა შეჯიბრებაში და გავიმარჯვე. კარგად მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი. 8 წლის საქართველოს ჩემპიონი გავხდი და უკვე საქართველოს ნაკრებში ვიყავი. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, ასევე, აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი, თბილისის მრავალგზის პრიზიორი და თბილისის თასის მფლობელი. მთელი ის წლები აქტიურად ვვარჯიშობდი. ამ ეტაპზე კი, გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ. წყალი ჩემთვის ბედნიერებასა და სიყვარულს ნიშნავს. მიკვირს, როცა ამბობენ, ცურვა არ ვიციო. ვერც კი წარმოუდგენიათ, რამხელა სიამოვნებას იკლებენ. ბავშვობაში ერთი თვით მივდიოდი ზღვაზე და მაინც არ მწყინდებოდა.
GzaPress- ალბათ, ბევრჯერ აღმოჩენილხარ სახიფათო სიტუაციაშიც...
- ერთხელ, შტორმი იყო და ყველა მეუბნებოდა, არ ჩახვიდე, აკრძალულიაო, მაგრამ არავის დავუჯერე და მაინც შევედი ზღვაში. ვეღარ გამოვდიოდი. რაც უნდა კარგი მოცურავე იყო, ყველაფერს ვერ გათვლი. აუზის წყალი სხვაა, ზღვის - სხვა. განა ვიხრჩობოდი, მაგრამ ტალღებს ვერ ვუმკლავდებოდი, მთელი საათი ვწვალობდი. 8 წლის ბავშვი გადავარჩინე, კიდევ ერთი ქალი და მაშინ ვთქვი, არ არსებობს, ბავშვის გარდა სხვის დახმარებას აღარ ვეცდები-მეთქი, რადგან მისი გადარჩენა გამიჭირდა. როდესაც ადამიანი იხრჩობა, ის ვერ აკონტროლებს, რას აკეთებს და გძირავს, გითრევს. ასეთ დროს უნდა იცოდე, სწორად როგორ მოიქცე. შეიძლება კარგად ცურავდე, მაგრამ მას ვერ მოერიო. ბოლოს, ვეღარაფერი რომ ვერ გავაწყვე, ჩავარტყი, რა მექნა?
- ანი, შენი რეკორდების შესახებ მითხარი.
- ჰენრი კუპრაშვილმა მომაწოდა იდეა, რომ დარდანელის სრუტე გადაგვეცურა და მომზადება დავიწყეთ. 2012 წლის 30 აგვისტოს, 17 წლის ასაკში, დარდანელის სრუტე ხელფეხშეკრულმა გადავცურე, ხუთკილომეტრ-ნახევარი 47 წუთში დავფარე და მსოფლიო რეკორდი დავამყარე. ისეთი გახარებული ვიყავი, სიტყვებით ახლაც ვერ გადმოვცემ. მახსოვს, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტავ, ოდესმე ასეთი ბედნიერი კიდევ თუ ვიქნები-მეთქი? მაშინ შვილები არ მყავდა და არ ვიცოდი, რომ სხვა რამ კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას მაგრძნობინებდა. იმ წამებში რა ემოციაც მქონდა, არასდროს მქონია. პატარა ვიყავი და რისკებს ბოლომდე ვერ ვაფასებდი. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი და არც ისე რთული გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის. ჯერ ერთი, კარგად ვიყავი მომზადებული და მეორეც, ძალიან მიზანდასახული და მებრძოლი ვარ. მოვკვდები და მაინც გავაკეთებ იმას, რაც მინდა.
- მშობლებმა რა გითხრეს, ისინი ხომ სათანადოდ აფასებდნენ რისკებს?
- ახლა მიკვირს, მაშინ როგორ დამთანხმდნენ. უკვე მშობელი ვარ და ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს ვერ გავუშვებ. დედა თან არ წავიყვანე, რატომღაც ჩემს მშობლებსა და მეგობრებს ვუკრძალავდი ხოლმე ჩემპიონატზე მოსვლას. ზოგისთვის ეს სტიმულია, მე კი უფრო მეტად ვნერვიულობდი. ჩემი გულშემატკივრები იყვნენ ჩემი ტრენერები - ნანი ჭუმბაძე, მარინა ზამბახიძე და ჩემი გუნდის წევრები.
- მომზადების პერიოდი ალბათ რთული და დამღლელი იყო, ხომ?
- მომზადების ეტაპი უფრო რთული იყო, ვიდრე დარდანელის გადაცურვა. როდესაც გადავცურე, გაკვირვებულმა ვიკითხე, უკვე დავასრულე-მეთქი? ყოველდღიურად ხელფეხშეკრული ვვარჯიშობდი, ფეხებზე მობმული სიმძიმეებით. 2014 წელს კი ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა 25 მეტრი მინიმალურ დროში, 21.76 წამში დავფარე. ეს სარეკორდო გაცურვა 3 აპრილს, თბილისში, დიღმის საცურაო აუზზე შესრულდა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს რეკორდების ფედერაცია იყო. ჩემი სურვილით სპეციალურად გავირთულე მდგომარეობა და ხელები ბორკილებით ზურგს უკან შევიკარი, უარი ვთქვი წესებით გათვალისწინებულ პრივილეგიაზეც, რომელიც წვივებს შორის ჯაჭვით, 50-სანტიმეტრიან დაშორებას ითვალისწინებდა.
- მერე გარკვეული პერიოდით ტაიმ-აუტი გქონდა, რატომ?
- მეორე რეკორდის შემდეგ შემოთავაზება მივიღე ერთი სერიოზული კომპანიისგან და რაკი აქ არანაირი პერსპექტივა არ იყო, ჩინეთში წასვლა გადავწყვიტე. დელფინარიუმში შოუ მიმყავდა, ქალთევზა ვიყავი. რამდენიმე თვით მივდიოდი ხოლმე. მიყვარს ჩინური სამზარეულო. იქაურობა ძალიან ლამაზია, ყველა უფრთხილდება გარემოს და, რაც მთავარია, ყველა ერთმანეთის თანასწორია. ჩვენ, ზოგადად, ხომ ზედმეტად ამპარტავნები ვართ - მნიშვნელობა არა აქვს, ვის რა აქვს, მაინც ყველას ცხვირი აქვს აწეული, იქაურები კი უშუალოები არიან და ერთმანეთს აფასებენ.
- ახლა ოჯახის შესახებაც მითხარი, დაოჯახებულხარ.
- კონტრაქტით წასვლას კიდევ ვგეგმავდი, მაგრამ დავოჯახდი - აეროპორტიდანვე წამიყვანა ისე, რომ სახლში მისვლაც არ დამაცადა (იცინის). შეყვარებულები ვიყავით. მეუღლე გიორგი კაკაჩია, პროფესიით იურისტია. 2 შვილი გვყავს - ნიკუშა და დაჩი, უფროსი 3 წლისაა, უმცროსი - ერთის. შესაბამისად, სპორტს, კარგა ხანია, ჩამოვშორდი. სხვათა შორის, წელს ვგეგმავდი რეკორდის დამყარებას ახალ კატეგორიაში, მაგრამ სპონსორთან ურთიერთობა ვერ დალაგდა. ახლა სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობ. დრო ძალიან ცოტა მაქვს და შვილებს ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევ, როგორსაც მე მაქცევდა დედა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი დედა არ ვარ... ყველაზე დიდი ინვესტიცია შვილებში უნდა ჩადო და, პირველ რიგში, უდიდესი სითბო უნდა მისცე მათ, კარგ ადამიანებად რომ ჩამოყალიბდნენ. დღეს ყველას ჩვენი საქმე გვაქვს და შვილებისთვის ვერ ვიცლით. ახალგაზრდა ვარ და მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, თუმცა ბევრ რამეს ვთმობ... 20 წლისები ვიყავით, რომ დავოჯახდით. ეს ნაადრევ ქორწინებად ითვლება, თუმცა, როცა ამას გეუბნებიან, სწორად არ გიხსნიან, რატომ არის ცუდი ნაადრევი ქორწინება. 20 წლისას სხვა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გეკისრება, რის მნიშვნელობასაც ამ ასაკში ვერ აცნობიერებ. გარდა ამისა, წლების შემდეგ სულ სხვა ადამიანებად ვყალიბდებით, გვეცვლება გემოვნება, ინტერესები. მიხარია, რომ ჩემსა და გიორგის შემთხვევაში მსგავსმა პრობლემებმა არ იჩინა თავი და კარგი ოჯახი გვაქვს.
GzaPress- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ლამის მანქანა დავარტყი. კარგს რომ არაფერს ვუპირებდი, ფაქტია. ჩემს მეგობარს ელაპარაკებოდა და ისე სწრაფად შევედი ეზოში, კინაღამ გავიტანე. თურმე გაიფიქრა, ეს ვინ არის, ერთი გამაწიწკნინაო (იცინის).
- ეჭვიანი ხარ?
- ეგოისტი და მესაკუთრე ვარ, რასაც დედისერთობას ვაბრალებ. შეიძლება მეგობარზე ვიეჭვიანო, ყურადღება რომ არ მომაქციოს ან ჩემს შვილზე, რომ მითხრას, ბებია უფრო მიყვარსო. დედაჩემს ხშირად ვეკითხები ხოლმე, მე უფრო გიყვარვარ თუ ნიკა და დაჩი-მეთქი? მოკლედ, ძალიან მესაკუთრე ვარ.
- შენი აზრით, ჰარმონიული ოჯახი როგორია?
- იმისთვის, რომ ოჯახში ჰარმონია იყოს, აუცილებელია სიყვარული.
- რისი კომპლექსი გაქვს?
- ვფიქრობ, ვფიქრობ და ამდენ ხანს რაკი არაფერი მახსენდება, ესე იგი, კომპლექსები არ მაწუხებს.
- როგორი მზარეული ხარ?
- ოჯახის წევრებს ჩემი მომზადებული საჭმელი უყვართ, მაგრამ ეს 2-3 თვეში ერთხელ ხდება. უფრო დედა ამზადებს. გემრიელი გამომდის, მაგრამ დრო მართლა არ მაქვს.
- გარშემო მყოფები რას გსაყვედურობენ ხოლმე?
- ვიტყუები, ოღონდ, იცი, რას? 15 წუთში მოვალ, ვეუბნები ვიღაცას და მივდივარ ნახევარ საათში ან საერთოდ ვერ მივდივარ. მეგობრებს რომ ვპირდები, იმ კვირაში აუცილებლად გნახავთ-მეთქი, იცინიან, კარგი რა, ანუკი, ხომ იცი, ვერ მოახერხებო. მსაყვედურობენ, რომ უყურადღებო ვარ და ჩემი 2 წუთი არის 2 საათი, ყველგან ვიგვიანებ. ერთი სიტყვით, არაპუნქტუალური ვარ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.