სცენიდან ომში, ომიდან კი სამაშველო სამსახურში
font-large font-small
სცენიდან ომში, ომიდან კი სამაშველო სამსახურში
ბევრი უბედურება გვინახავს ავტოსაგზაო შემთხვევისას

მუდმივად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. თუმცა, ადამიანების დახმარებით მიღებული დადებითი ემოცია იმდენად დიდია, რომ ცვლიდან ცვლამდე გამოძახებების დროს მიღებულ სტრესს აბალანსებს...
კითხვაზე - უნანია თუ არა, ამ პროფესიის არჩევა, დავით დავითიძე მპასუხობს, რომ უამრავი შემთხვევის გახსენება შეუძლია, როდესაც თავის გუნდთან ერთად ადგილზე ოპერატიულად მისულს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ამიტომ სინანულის უფლება მორალურად არა აქვს... მეხანძრე-მაშველობამდე იყო თეატრის სცენა და როლები, რომლებთან გამოთხოვებაც ძალიან გაუჭირდა...


დავით დავითიძე, მეხანძრე-მაშველი:
- 2000-იანი წლების დასაწყისში, მე და ჩემს მეგობარს გზაში ფლაერი გვაჩუქეს, სადაც ეწერა, ფილმში გადასაღებად ახალი სახეები გვჭირდებაო. მეგობარმა მითხრა, - შენი თემაა, სცადეო... წავედით თეატრალურ აკადემიაში, ნაცნობი გოგონა და ვიღაც ბიჭი დამხვდნენ. ბიჭი ცოტა აგრესიულად მესაუბრებოდა. გოგონამ მანიშნა, - რეჟისორია, აჰყევიო... არ მომეშვა, - ლექსი წამიკითხეო. გავჯიუტდი, მაგრამ მაინც მათქმევინა... ეს ჩემი პირველი შეხება იყო თეატრთან, მაგრამ ძალიან მალე ისე დავინტერესდი, საკუთარ თავზე თავდაუზოგავად ვმუშაობდი... ასე აღმოვჩნდი სპექტაკლში - "სიყვარული ნარკოტიკის გარეშე", სადაც მთავარი როლი მომცეს. წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. სხვა როლებიც მქონდა. ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ თეატრალურ სამყაროში საკმაოდ ღრმად შევტოპე და როგორც იტყვიან, სცენის მტვრითაც მოვიწამლე...
- რატომ ვერ გაჰყევით თეატრს?
- იმ დროს საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას, "თეატრალურის" დიპლომს ითხოვდნენ და ამან შემაფერხა...
GzaPress
- 2008 წლის ომიც გამოიარეთ, ხომ?
- როდესაც კომისარიატიდან დარეკეს, სახლში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, ჩემი ძმა სხვაგან იყო, მამა კი უცხოეთში ცხოვრობდა... უცებ დედამ ტირილი დაიწყო, - ომი დაიწყო, კომისარიატში გიბარებენო... მანამდე რეზერვი ორჯერ მქონდა გავლილი. მოკლედ, დედამ მიმიყვანა კომისარიატში, სადაც ავტომატები დაგვირიგეს და ავტობუსით ახალგორისკენ გავემართეთ. სოფელ აბრევში ქართველი სამხედროები დაგვხვდნენ. არ მახსოვს, რომელი სამხედრო ნაწილი იყო. ბიჭები ძალიან მოტივირებული იყვნენ, - ნუ გეშინიათ, სიტუაციას ვაკონტროლებთო, გვითხრეს. მე სოფელ ავნევში, მამაპაპისეული სახლი მქონდა, იქაურობა ჩემთვის მშობლიური იყო და ორმაგი შემართებით ვიყავი...
- რა იყო თქვენი ფუნქცია, რა დავალება მოგცეს?
- იმ სოფლების მიდამოებში, სადაც დაბანაკებული ვიყავით, ვითარება უნდა გაგვეკონტროლებინა. ჩვენ გარშემო, მთებზე ქართველ სამხედროებს სტრატეგიული სიმაღლეები ჰქონდათ აღებული... მეორე დღეს, გამთენიისას, განგაში ატყდა, - მოეწყვეთ, გავდივართო. სამხედროების ნაწილი დარჩა, ნაწილი წამოვიდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარეთ, შემდეგ ავტობუსებამდე მივედით და გორში ჩავედით... ეს იყო 9 აგვისტო და გორი უკვე დაბომბილი დაგვხვდა. მოედანზე გავჩერდით. მეთაურობა ერთმანეთში რაღაცას თათბირობდა, თავადაც დაბნეულები ჩანდნენ. საღამომდე იქ დაგვტოვეს, ღამით კი მეჯვრისხევში წაგვიყვანეს. თავიდან მთელი საავიაციო უნივერსიტეტის ბიჭები ერთად ვიყავით რეზერვში, შემდეგ რატომღაც მარტო მომიწია ყოფნამ, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის, რომელიც ომში მიჰყავთ, ძალიან დამთრგუნველია, რადგან ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით... მოკლედ, ისევ გასცეს ბრძანება, - რეზერვი მოეწყოსო... როგორც გაირკვა, რუსებს ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენი იქ ყოფნის შესახებ და მეთაურობას შეეშინდა, სოფელი არ დაებომბათ... ცხინვალის გადასახვევთან გავჩერდით, სადაც გვითხრეს, - დაისვენეთ, ქალაქში შესასვლელად ვემზადებითო.
- რა ხდებოდა იქ?
- ჩვენ ცოტა მოფარებულში ვიყავით გაჩერებული, მაგრამ მაინც დავინახე, როგორ გამოჰყავდათ ცხინვალიდან სისხლიანი დაჭრილები... ისინი გვაფრთხილებდნენ და გვეხვეწებოდნენ, - არ მიქაროთ, არ წახვიდეთო... მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა... ავტობუსში ასვლა გვიბრძანეს და ნელ-ნელა დავიძარით.
- ავტობუსით შეჰყავდით ცხინვალში?
- დიახ, ასე იყო გეგმაში... იმ დროს, ავტობუსში რომ ავდიოდი, საიდანღაც ჩემი ჯგუფელი გამოვარდა და მეცა, - სად მიდიხარო... ლამის კარიდან ჩამომხსნა. - რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდიო და იარაღი და ფორმაც ჩამაბარებინა... ერთი სიტყვით, ამ ბიჭმა, ალექსამ, ისევ საავიაციოს ბიჭებთან წამიყვანა. ერთი სიტყვით, დაახლოებით 500 ადამიანი ფეხით წამოვედით უკან. აღარც მახსოვს, რამდენ საათს მოვდიოდით. როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე... გარკვეული დროის განმავლობაში, მოულოდნელ ხმაურზე მწვავე რეაქციები მქონდა. შემდეგ თანდათან გადამიარა...
- შემდეგ გადაწყვიტეთ, საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაგეწყოთ მუშაობა?
- დიახ, ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეხანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ ეს იყო რისკიანი, ფათერაკიანი, მაგრამ ამასთან - კაცური და კეთილშობილური საქმე. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მე და ჩემს მეგობრებს, ადამიანის სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიხსნია. მაშინ ამაზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი მათი დახმარებაა და რისკის ფასად გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე დაღლაზე, რისკზე, ნერვიულობაზე, ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
ერთხელ უკონტაქტო გამოძახება შემოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი, ვის გამოც გვიძახებენ, არ არის კონტაქტური. დედა სახლს ალაგებდა, 4 წლის ბავშვი კი, ოთახში ჩაიკეტა... შეშინებულმა ქალმა მეზობელს სთხოვა თურმე დახმარება, იქ ერთის ნაცვლად რამდენიმე მეზობელი ჩაერთო, კედელზე უბრახუნებდნენ, მაგრამ ბავშვს ვერაფერი გააგებინეს... ადგილზე მისულებს სრული პანიკა დაგვხვდა. დედა ძალიან ცუდად იყო. ზედა სართულიდან დავეშვი. ვიდრე ფანჯარაში შევიხედებოდი, ღმერთს ვეხვეწებოდი, რამე ცუდი არ დამხვედროდა... ეს არის წუთები, როდესაც ყველაფერზე ფიქრობ და იმედს ეპოტინები... ერთი სიტყვით, დავინახე, პატარას წიგნთან ერთად ჩასძინებოდა და გარეთ მყოფებს გავძახე, - მშვიდობაა-მეთქი. ბავშვი არც კი გამიღვიძებია, რომ არ შეშინებოდა. კარი შიგნიდან გავაღე, დედა რომ შემოსულიყო... ქალი კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა... მადლიერებისგან ფეხებზე შემომეხვია... ვერ აღვწერ იმ განცდას, ყველა ნერვი ერთად ამიტოკდა.
GzaPress
- თუმცა, ალბათ გაქვთ ცუდად დასრულებული შემთხვევებიც.
- დიახ, სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ფაქტი ხდება. ბევრი უბედურება გვინახავს ავტოსაგზაო შემთხვევისას. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: შეტყობინება შემოვიდა, ორთაჭალის ხიდზე კარგა ხანია, ბიჭი დგას და პირჯვარს იწერს. სავარაუდოდ, რაღაცა ცუდს აპირებსო... სუიციდის მცდელობა იყო. ბიჭი არაადაკვატური იყო, ჩანთა და რაღაც ზეწარი ხელში ეჭირა, რამდენიმე დღეა, ქუჩაში მძინავსო... შევეცადეთ, საუბარში აგვყოლოდა. წამოსცდა, - დედა მყავს ცუდად და მისთვის საყიდელი წამლის ფულიც არ მაქვსო... რაღაცას უნდა მოვჭიდებოდით, რომ შეგვეყოვნებინა და შევუტიეთ, ავადმყოფ დედას რას უპირებო... ჩვენთან საუბარში ცოტათი გაერთო. ამ დროს ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ხელი სტაცა და გადმოიყვანა. მერე გვითხრა, რეგიონიდან ვარ, ყველა მპირდება, მაგრამ სამსახური ვერ ვიშოვეო... ჩვენთან ერთად პატრულის თანამშრომლებიც იყვნენ და ერთმა უთხრა, - სადაც ფორმები იკერება, იქ მიგიყვან და რეკომენდაციას გაგიწევო... მერე რა მოხდა, არ ვიცი, რადგან გაგრძელებას თვალს ვეღარ ვადევნებთ.
თუმცა, ამის კვალდაკვალ სახალისო გამოძახებებიც გვაქვს, მაგალითად, ამას წინათ აღშფოთებული ქალბატონი დაგვხვდა, თუთიყუში გამიფრინდა და მიშველეთო...
- უშველეთ?
- ვერა, რასაკვირველია, გაფრენილ თუთიყუშს სად ვუპოვიდით... ერთხელ გამოგვიძახეს, კარს ვერ ვაღებთო, ღამის 2 საათი იყო. სახლის პატრონი ნასვამი იყო და კარს გასაღებს ვერ არგებდა. ამ დროს მეზობელი გამოვიდა, - აქ რა გინდა, შენი სახლი ერთი სართულით ქვემოთ არისო...
- სახალისო გამოძახებებიც ხშირია?
- საკმაოდ. ერთხელ გამთენიისას გამოგვიძახეს, ზამთარი იყო და ძალიან ციოდა. შარდენის ქუჩაზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი გვჭირდებაო. ადგილზე მისულებმა დავინახეთ, კატა ხეზე იყო ასული და ვერ ჩამოდიოდა... ცოტათი ნერვები მომეშალა, რანაირი კატაა, ხიდან ვერ ჩამოდის-მეთქი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? მივადგი კიბე. ამ დროს შევამჩნიე, გარშემო მყოფები ტელეფონებით გვიღებდნენ და განწყობა მაშინვე შემეცვალა, - რაც შეიძლება ფაქიზად მოვკიდე ხელი კატას და ისე წამოვიყვანე. ისიც არ გამძალიანებია. როგორც კი კატის გადარჩენის ოპერაცია დავასრულე, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ მქუხარე ტაშით დამაჯილდოვა.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.