რა უნდა გავითვალისწინოთ ოთახის მცენარეების შეძენისას?
font-large font-small
რა უნდა გავითვალისწინოთ ოთახის მცენარეების შეძენისას?
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"

დიზაინერ-ფლორისტმა, ირმა ირემაძემ მცენარეებთან მუშაობა 25 წლის წინ დაიწყო. ამჟამად საკუთარი კომპანია აქვს, სადაც მცენარეების შეძენის გარდა, ადამიანებს მცენარეების მოვლის სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ. ქალბატონი ირმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის ზამთრის ბაღსაც უვლის...


ირმა ირემაძეს ოთახის მცენარეების მოვლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ვკითხეთ...

- დღესდღეობით, ოთახის მცენარეებს შორის ყველაზე მოდურად რომელი მიიჩნევა? ყველაზე ხშირად რომელ მცენარეს ითხოვენ?
- საერთოდ, "სტრელიცია ნიკოლიზე" მთელ ევროპაში დიდი მოთხოვნაა. მას ჩვენი დიზაინერებიც ითხოვენ, მოსახლეობა კი "დიფსისს" (პალმის ერთ-ერთი სახეობა) უფრო ხშირად ყიდულობს. დიდი მოთხოვნაა ციტრუსებზე, ფიკუსებზე, კაქტუსებზე... ერთი პერიოდი, ორქიდეების ბუმი იყო. თავდაპირველად, ორქიდეები უფუჭდებოდათ, მაგალითად - ფალენოფსისები, რომლებიც სანახაობრივადაც ულამაზესია და დიდხანსაც ყვავილობს. ადამიანები მცენარეების სწორად მოვლას უკვე მიეჩვივნენ. არც ჩვენ ვიზარებთ და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ თითოეულს, სწორად მოვლა რომ ისწავლონ. ორქიდეების არა მარტო მოვლა და ხელახლა "გაყვავილება" შეგიძლიათ, არამედ - სახლში მათი მარტივად გამრავლებაც. მცენარეს ყურადღება სჭირდება. ის ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს.
- ოთახის მცენარის მოვლისას, პირველ რიგში, ადამიანმა რა უნდა გაითვალისწინოს?
- მცენარისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილისა და ქოთნის სწორად შერჩევა და სწორი რწყვა.
- თითოეული საკითხი განვიხილოთ: ოთახის მცენარისთვის ადგილი როგორ შევარჩიოთ?
- სინათლე ყველა მცენარეს უყვარს - სინათლის გარეშე, მცენარის არსებობა შეუძლებელია. ზოგისთვის მზე აუცილებელია, ზოგი შედარებით ნაკლებად უძლებს განათებულ ადგილს (თუმცა არ უყვარს). პირდაპირი მზის სხივები ზოგიერთს ფოთლებზე ლაქებს უჩენს (მაგალითად - ორქიდეებს, ბარაქის ხეს). სამაგიეროდ, დღის შუქი, კარგად განათებული ადგილი აუცილებლად ესაჭიროება. სტრელიციას, კაქტუსებს მზე უნდათ. მზის გარეშე ვერ იყვავილებენ. ე.წ. ქაღალდის ყვავილები ულამაზესად ყვავილობს, მაგრამ კარგ, მზიან ადგილას თუ არ მოათავსებ, ვერ იყვავილებს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, რადგან თუ მცენარეს ადგილს სწორად არ შეურჩევ, აუცილებლად მოიწყენს და გაფუჭებას დაიწყებს.
GzaPress- მცენარისთვის ქოთნის შერჩევისას რა უნდა გავითვალისწინოთ?
- მცენარის შეძენისას ქოთნის ზომა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ზოგჯერ პირდაპირ დიდ ქოთანს ყიდულობენ, რაც ძალიან ცუდია: დიდ ქოთანში რწყვას ვერ გააკონტროლებ, ანუ მცენარეს წყალს რომ დაუსხამ, დიდხანს აღარ გაშრება. ცოტას დაასხამ და - ვერ მიხვდები, ეყო თუ არა. გარდა ამისა, დიდ ქოთანში მცენარე ფესვთა სისტემას ივითარებს, ზემოთ კი კარგად ვერ ვითარდება. პატარა ქოთანში კარგადაც იზრდება და სწორადაც რწყავ. თუკი ოდნავ დიდ ქოთანს იყიდი, ვიდრე ის კონტეინერია, რაშიც მცენარე ყიდვისას არის ჩარგული, კარგია, რადგან პირველი, რაც მცენარეს აფუჭებს, არასწორი რწყვაა. საერთოდ, წყლის დაგვიანებაზე მეტად, მცენარეს ზედმეტი წყალი აფუჭებს. დიდ ქოთანში თუ ბევრ წყალს დაასხამ, ის მცენარე აუცილებლად დაგილპება, ოდნავ დიდ ქოთანში კი მორწყვა ზედმეტი ვერ მოგივა. არსებობს მცენარეები, რომლებსაც წყალი უყვართ და ხშირად უნდა მორწყა, ზოგ მცენარეს კი წყალი იშვიათად უნდა დაუსხა... აუცილებელია დრენაჟი: კენჭები ან დატეხილი ქოთანი მცენარეს ქოთნის ქვეშ დავუფინოთ. ქოთნის ძირი გახვრეტილი უნდა იყოს, ზედმეტი წყალი გარეთ რომ გამოვიდეს. ქოთანში 3 წილი კარგი მიწა უნდა ჩავყაროთ, 1 წილი - ბიოჰომუსი, 1 წილი - ტორფი, 1 წილი - ლამი.
- ასეთი ნიადაგი ყველა მცენარისთვის მისაღებია?
- ძირითადად, ყველა მცენარისთვის შეიძლება. უბრალოდ, იმ მცენარეებს, რომლებსაც მჟავე ნიადაგი უყვარს, ტორფი უფრო მეტი უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, კაქტუსებს სხვაგვარად მომზადებული ნიადაგი სჭირდებათ - მეტიწილი ქვა-ღორღი უნდა იყოს, ოღონდ - წვრილი, რადგან კაქტუსების მიწას წყალი უფრო სწრაფად უნდა გასდიოდეს, ვიდრე დანარჩენი მცენარეებისას, რადგან როგორც ვიცით, კაქტუსებს ბევრი წყალი არ უყვართ, ზამთარში მორწყვა საერთოდ არ სჭირდებათ. თუ ეს არ ვიცით, შეიძლება, დაგვილპეს. ჩვენში ძალიან გავრცელებული ბარაქის ხეები ზამთარში 3 კვირაში ერთხელ უნდა ირწყვებოდეს. ფიკუსის ერთ-ერთ სახეობას - ლონგუსებს მორწყვა 10 დღეში ერთხელ უნდათ. ბევრი წყალი აფუჭებს. ფიკუსის სხვა სახეობას - ბენჯამინებს პირიქით - წყალი 5 დღეში ერთხელ სჭირდებათ. საერთოდ, მცენარეს ყოველდღე მორწყვა არ სჭირდება - უნდა მოვრწყათ ნიადაგის გაშრობიდან გაშრობამდე (საშუალოდ, 5-6 დღეში ერთხელ). წყლის დოზაც ინდივიდუალურია - ამას ქოთნის ზომა გვკარნახობს. მცენარის მოვლა პირველ თვეს ჭირს, როცა მასთან შეგუების, გაცნობის პერიოდია. შემდეგ თვითონ მცენარე გვკარნახობს, რა სჭირდება: თუ წყალი არ ეყო, აუცილებლად ფოთლებს ჩამოუშვებს. როგორც კი კარგად მორწყავ, ფოთლებს ისევ ასწევს. როცა ფოთლების წვერები შავდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ მორწყვა დააკლდა, წყლის სწორი დოზა არ მივეცით... მოკლედ, ბევრი ნიუანსი არსებობს. მცენარეს ადამიანის ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდება.
- ქოთნის ბანანს როგორ მოვუაროთ?
- კარგი განათებაა მისთვის აუცილებელი, მაგრამ პირდაპირი მზის შუქი - არა. წყალი უყვარს, მაგრამ ბევრი - არა, რადგან შეიძლება, დაგილპეთ. საერთოდ, უმჯობესია, რომ დიდფოთლიან მცენარეებს, 10 დღეში ერთხელ, სველი, გაწურული ტილოთი ფოთლები გავუწმინდოთ. ასე მექანიკურად მწერებსაც ვაცლით. მწერს ვერ მოსპობ: ოთახის განიავებას შეიძლება, მწერი შემოჰყვეს. სითბოში აქტიურად მრავლდებიან. უმჯობესია, რომ პროფილაქტიკისთვის, მცენარეები თვეში ერთხელ შეიწამლოს. ასე დაზღვეული ვიქნებით, რომ მწერებმა არ დაგვიზიანოს. მწერებზე მეტი ზიანი მცენარისთვის არასწორად შერჩეულ ადგილს და არასწორ რწყვას მოაქვს.
- როგორც ვიცი, საძინებელ ოთახში მცენარეებს რეკომენდაციას არ უწევენ. საფრთხე რამდენად რეალურია?
- ვიცით, რომ ღამით მცენარეები ნახშირორჟანგს გამოყოფენ. არსებობს მცენარეები, რომლებიც მცირე ზომის არიან, მაგრამ დღისით დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფენ. შეგვიძლია, ეს მცენარეები საძინებელში "ვიყოლიოთ". ღამით ნახშირორჟანგს კი გამოყოფენ, მაგრამ იმ დოზით - არა, ჩვენს ჯანმრთელობას რომ რაიმე საფრთხე შეუქმნან. თან, ძილის წინ და დილით საძინებელ ოთახს ყველა ანიავებს.
- არსებობს მოსაზრება, თითქოს ზოგ მცენარეს ცუდი აურა აქვს და მათ სახლში გაჩერებას ერიდებიან...
- მცენარისთვის ადამიანი უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანისთვის მცენარე. მაგალითად, კვიპაროსებზე ასეთი ცრურწმენა არსებობს - ეზოში დარგვა არ შეიძლებაო. ჰგონიათ, რომ ეს მცენარე მათ რამეს უშავებს. გეტყვით, ეს ცრურწმენა საიდან მოდის: კვიპაროსებს სასაფლაოებზე რგავენ, რადგან მათ მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა აქვთ - ნიადაგში სწორად ჩაიზრდებიან და საფლავებს არ ანგრევენ. რადგან სასაფლაოებზე არიან დარგულები, ადამიანებისთვის ცუდის მომტანად ასოცირდება. რეალურად, ასე არ არის. კვიპაროსები ეკლესიის ეზოებშიც გვხვდება - ულამაზესია! არც ერთ მცენარეს უარყოფითი აურა არა აქვს, პირიქით - მცენარეები კურნავენ ბევრ ნევროზიანს, გულით ავადმყოფს, სიმსივნიანს... ეს ჭეშმარიტებაა.
- როგორ კურნავენ - უბრალოდ, თავიანთი არსებობით?
- მოვლით. მცენარის მოვლას დიდი ენერგეტიკა აქვს. ჩემთვის შაბათ-კვირა არ არსებობს - მუდმივად ვშრომობ, 1 საათით არ ვჩერდები. დილის 8 საათიდან მუშაობას ვიწყებ და შინ საღამოს 10-12 საათზე ვბრუნდები, როცა აქტიური სეზონია, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია, პირიქით - ბევრი რამ მომიგვარდა, "დამილაგდა"... მცენარეების უზარმაზარი ენერგეტიკა, მათი სიყვარული ძალას მაძლევს, რომ ამ შრომას გავუძლო. მცენარე ადამიანს გრძნობს. მახსოვს, უწმინდესმა მითხრა, - ირინე, იცი, რომ მცენარეები ცოცხლები არიან და შენს მზრუნველობას გრძნობენო? მჯერა, რომ ეს მცენარეები მლოცავენ და იმ ენერგიას მაძლევენ, რაც მადლობა ღმერთს, გამაჩნია.
- ვისაც შინ ფრინველი ან ცხოველი ჰყავთ, ოთახის რომელ მცენარეს უნდა მოარიდონ ფრთოსანი და ოთხფეხა მეგობრები?
- ამბობენ, მონსტერა მომწამლავიაო, მაგრამ მახსოვს, ერთხელ უწმინდესმა გვთხოვა, - ჩიტები გალიიდან გამოუშვითო (ბაღში თუთიყუშები, იადონები ჰყავს). უცებ დავინახე, რომ უზარმაზარი მონსტერა, რომელიც ჭერს სწვდებოდა, თუთიყუშებს შეუჭამიათ, მაგრამ ჩიტებს არაფერი დამართნიათ.
- ის თუთიყუშები ახლაც ცოცხლები არიან?
- კი, კი. ცოტა ხნით გარეთ ინავარდეს, ბედნიერად იყვნენ, მაგრამ იქაურობა გადაჭამეს.
- უწმინდესს განსაკუთრებულად რომელი მცენარეები უყვარს?
- საერთოდ, ყვავილები უყვარს. ბაღში რომელიმე მცენარე რომ გადააადგილო, მაშინვე შენიშნავს. მახსოვს, როცა ტირიფები მივუტანე, თავმდაბალ ადამიანს შეადარა, რადგან თავი დაბლა აქვთ დახრილი. არადა, ზოგს ცრურწმენის სჯერა - ტირიფი "მტირალა" მცენარეა და ეზოში არ უნდა ჩარგოო. მოყვავილე მცენარეები უყვარს: ორქიდეები, იები... მოსწონს თეთრი ფერი. მახსოვს ფერად-ფერადი, ჰოლანდიური იები მივუტანე და მითხრა, - როგორი იის სურნელი მოიტანეო... ამ ადამიანს მცენარეების და საერთოდ, სამყაროს საოცარი შეგრძნება აქვს. მისი სახით, ძლიერი წინამძღვარი გვყავს. კარგი იქნება, თუ პირველ რიგში, მისგან სიყვარულს ვისწავლით...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.