როგორი გოგონები მოსწონს ევროპის ჩემპიონს კაიაკით გაცურვაში
font-large font-small
როგორი გოგონები მოსწონს ევროპის ჩემპიონს კაიაკით გაცურვაში
"წაგებაც კი შენსავე სასიკეთოდ უნდა გამოიყენო"


ბადრი ყაველაშვილმა წელს, ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატზე სერბ მეტოქეს კაიაკით გაცურვაში 0.09 წამით აჯობა და ოქროს მედალსაც დაეუფლა. 23 წლის ნიჩბოსანი თბილისელია, წარმოშობით იმერელი, ჭიათურის რაიონიდან გახლავთ. მასთან სპორტულ მიღწევებსა და პირად თემებზე ვისაუბრეთ.


- ავჭალაში, სადაც ვცხოვრობ, ნიჩბოსნობის ბაზა კომუნისტების დროიდან იყო. მამაჩემიც ნიჩბოსანია, ამიტომაც 12 წლიდან დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით. მანამდე კარატესა და ჭიდაობაზე დავდიოდი. კარატეზე ხელი მოვიტეხე და დედამ, გინდა თუ არა, თავი დაანებეო. უფრო ზუსტად, შეეშინდა - მებრძოლი სული მაქვს და ვამბობდი, ვარჯიშს რომ გავაგრძელებ, მეტოქეს ხელი უნდა მოვტეხო-მეთქი (იცინის). მერე ჭიდაობაზე მივედი, თუმცა ისეთი შემართება არ მქონდა. იქაც ხელი მოვიტეხე და წამოვედი. ენერგიული ბავშვი ვიყავი და სადმე ხომ უნდა დამეხარჯა ეს ენერგია. საბოლოოდ ნიჩბოსნობამ გამიტაცა. წყალთან პირველივე შეხებისას მივხვდი, რომ ჩემი იყო და სხვა არაფერი მინდოდა. როდესაც ვარჯიში დავიწყე, მაშინ ისეთი პერსპექტიული არ იყო ეს სპორტი, როგორც, ვთქვათ, ჭიდაობა. ალღო იოლად ავუღე, სულ რაღაც 3 თვეში შეჯიბრებაზე გავედი და საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. ძლიერიც ვიყავი და ეტყობა, მამაჩემის მხრიდან ცოტა ნიჭიც მომყვებოდა. ამ პირველი გამარჯვების შემდეგ მიზნად დავისახე, ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი.
GzaPress- ნიჩბოსნობა უფრო უსაფრთხო სპორტია, ხომ?
- შედარებით უსაფრთხოა, ტრავმები იშვიათია, გადატვირთული ვარჯიშის გამო შეიძლება რაღაც პატარა ტრავმა მიიღო. არის რაღაც, რასაც ვერ გათვლი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნავი გაუმართავი აღმოჩნდა, საჭეს თურმე პატარა დეფექტი ჰქონია. ისე არ მოხდა, როგორც ვფიქრობდი, ნავი გამექცა და მეექვსე ადგილით დავკმაყოფილდი.
- სკოლაში კარგად სწავლობდი?
- ნორმალურად ვსწავლობდი, ბოლო კლასებში უფრო მოვუკელი სიბეჯითეს, თუმცა საატესტატო გამოცდების ჩაბარება არ გამჭირვებია. მერე სპორტულ კოლეჯში გავაგრძელე სწავლა. ძალიან მინდოდა, უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე ჩაბარება, მაგრამ გამოცდების პერიოდში ან ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ან - მსოფლიოს. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს და იმედი მაქვს, რომ ამ სურვილს მალე ავისრულებ.
- რა არის საჭირო, სპორტის ამ სახეობაში წარმატებას რომ მიაღწიო?
- ძალა, გამძლეობა და სისწრაფე, რა თქმა უნდა, ტექნიკაც აუცილებელია. მთავარი მაინც გამძლეობაა, ყველანაირი გაჭირვების, სირთულის გადალახვა. ეს ჩვეულებრივ მომენტად უნდა იქცეს, წაგებაც კი შენსავე სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. როდესაც მთელი წელი ვარჯიშობ, მერე შეჯიბრებაზე გადიხარ და აგებ, ამის "გადახარშვა" იოლი არ არის. ზოგჯერ მეოთხე-მეხუთე ადგილს სჯერდები, ეს შეიძლება ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ არც გამარჯვებაა. წაგება რთული გადასალახავია და სპორტსმენმა ეს უნდა შეძლოს, უფრო მეტი შედეგი რომ დადოს. ყოველ შემთხვევაში, მე როცა ვაგებ, ვცდილობ, უფრო მეტი ვივარჯიშო. წელს ევროპის თამაშების მერე პატარა ნიუანსის გამო ფინალში ვერ მოვხვდი, უფრო მეტი ვივარჯიშე, 2 კვირაში 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გავედი და პირველი ადგილიც ავიღე. მარცხმა უფრო მეტი მოტივაცია მომცა.
- ალბათ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს?
- ორშაბათის გარდა ყოველდღე ვვარჯიშობ. როცა შეკრებაზე ვართ, დღეში ორჯერაც. ყველა კუნთი უნდა განავითარო, შედეგი რომ დადო.
- ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობას ხელშეწყობა თუ აქვს?
- ახლა უფრო მეტად გვეხმარება სამინისტროც, ფედერაციაც, მაგრამ პრობლემები მაინც არის, რის გამოც ცოტა ვინმე თუ ინტერესდება ნიჩბოსნობით. სხვა ქვეყნებს მსოფლიო ჩემპიონატზე 50 და 100 კაცი რომ ჩამოჰყავს, ჩვენ ვართ ხუთნი, ამიტომ გუნდურად ბრძოლას ვერ ვახერხებთ. თბილისში ნორმალური ბაზაც კი არ გვაქვს. ფაქტობრივად, გარეთ ვიცვლით, ნავებიც გარეთ გვილაგია. ბაზა მაინც რომ გვქონდეს, ბევრად მეტი დაინტერესდებოდა. გარდა ამისა, ინვენტარიც არ გვაქვს, წელს ნავი კი მიყიდა თბილისის მერიამ, ადრე სამინისტრომაც მიყიდა და ახლა 2 ნავი მყავს. ამჟამად მხოლოდ ეს 2 ნავია საქართველოში მაღალი ხარისხის.
- იმედი მაქვს, სიტუაცია გამოსწორდება. რამდენად აზარტული სპორტია?
- ვისთვის როგორ, ჩემთვის არის აზარტული. 200-მეტრიანი დისტანცია უფრო ექსტრემალურია, რადგან მოკლეა, 1000-მეტრიან დისტანციაზე კი დაბალი სიჩქარით მიდიხარ. უფრო ექსტრემალური სპორტია სლალომი, მაგრამ ჩვენთან არ არის განვითარებული და არც სპორტსმენი არ გვყავს. ეს არის შეჯიბრება თხილამურებით მთიდან სწრაფ დაშვებაში მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით, რომელიც საკონტროლო ალმებით არის აღნიშნული. მამა იყო ერთადერთი მწვრთნელი და ამჯერად არ სცალია, რაფტინგის ფირმა აქვს და დრო ნაკლებად რჩება. სლალომი სამოყვარულო დონეზე ვიცი.
GzaPress
- როგორი ემოცია გქონდა, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდი?
- უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა და მეტი გულშემატკივარი შევიძინე, უფრო მიზანმიმართული გავხდი - წინ ხომ 2020 წელია.
- მეტი გულშემატკივარი შევიძინეო რომ აღნიშნე, ეჭვი მაქვს, მათ შორის ბევრიც გოგონა იქნება.
- შეყვარებული არ მყავს. პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ არის რაღაც კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, ჭკვიანი უნდა იყოს. ლამაზი ქალი ბევრია, მაგრამ ჭკვიანი - ცოტა. საღად უნდა აზროვნებდეს. აუცილებლად ქერა და ცისფერთვალება უნდა იყოს-მეთქი, ასე არასდროს მიფიქრია... ისე, მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართაც ბევრი მაქვს.
- უფრო მეტი რამ გვითხარი შენზე, როგორი ხარ?
- რეალურ ცხოვრებაშიც მებრძოლი ვარ, ვისახავ მიზნებს და ბოლომდე ვიბრძვი, დასახული მიზნის შესასრულებლად. როდესაც დრო მაქვს, მეგობრებთან ერთად ვერთობი. ვერ ვიტყვი, კლუბებსა და ბარებში დავდივარ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ხშირად გავდივართ ქალაქგარეთ, მთებში, ბუნებაში. დალევით იშვიათად ვსვამ და თანაც, ზომიერად.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.