ასხის ქვაბული კინოექსპედიცია - ექსტრემალური ტურიზმისთვის
font-large font-small
ასხის ქვაბული კინოექსპედიცია - ექსტრემალური ტურიზმისთვის
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"

ქვაბული, რომელზეც დღეს გიამბობთ, ადამიანის ხელით არის შექმნილი და ლეჩხუმში, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 800 მეტრზე მდებარეობს. იგი ასხის მთის ერთ-ერთ მიუვალ ქვაბულად მიიჩნევა.


ჩემმა მეგობარმა - ტელერეჟისორმა, კინოდოკუმენტალისტმა და მოგზაურმა რეზო შალიბაშვილმა მითხრა, რომ მასზე ინფორმაციას ვერც ისტორიულ წყაროებში მიაკვლია და ვერც - თანამედროვეში. 1986 წელს სწორედ რეზოს თაოსნობით შევიდნენ მისივე დაარსებული კინომოგზაურ-მკვლევართა ჯგუფ "ხომლის" წევრები ხვამლის მთის განძსაცავში, სადაც 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოწყობილი ცნობილი არქეოლოგიური ექსპედიცია იმყოფებოდა. იქ ხომლელებმა მათ დატოვებულ წერილებს მიაკვლიეს, თბილისში ჩამოიტანეს და ხელნაწერთა ავტორების ოჯახის წევრებს გადასცეს. 1996 წელს რეზო ასხის ზეგანზე, საერთაშორისო სპელეოლოგიურ ექსპედიციაშიც მონაწილეობდა, მაშინ კარსტულ უფსკრულებსა და ჭებს იკვლევდნენ. იმხანად სათავგადასავლო-შემეცნებითი გადაცემა "ირაოს" რეჟისორმა, 1990-იან წლებში განიზრახა, გამოეკვლია ასხის მთის ერთ-ერთი მიუვალი ქვაბული და მასზე ფილმიც გადაეღო. ამ მიზნით 2019 წელს ასხის კვლევითი ექსპედიციაც მოაწყო.

რეზო შალიბაშვილი, ასხის ექსპედიციის მოთავე და ხელმძღვანელი:
- 2019 წლის ასხის კინოექსპედიციას წინ უსწრებდა 2018 წლის დაზვერვითი ექსპედიცია - ურთულესი სვლა განვახორციელეთ მდინარეზე, ჩანჩქერებსა და უფსკრულებზე. თბილისში რომ დავბრუნდი, ქვაბულის გამოკვლევა გადავწყვიტე და საექსპედიციოდაც მოვემზადე. დახმარებისთვის ვის აღარ მივმართე და მხოლოდ ერთი მაღაზია გამომეხმაურა - სპელეოაღჭურვილობის ნაწილი მაჩუქა, რაღაცები მეც მქონდა, ნაწილი მეგობრებმა მათხოვეს, მათ შორის - სხვადასხვა ხელსაწყო-აპარატურა და ვიდეოგადამღები.
- ექსპედიციაში ალბათ კვლავ მეგობრები წახვედით. რამდენი იყავით?
- ვერც ძველმა გვარდიამ შეძლო წამოსვლა და ვერც დაზვერვითი ექსპედიციის წევრებმა. ექსპედიციაში შემომიერთდნენ: ჩემი ვაჟი - ირაკლი, რომელიც ასხის გარდა, ხვამლის მიუვალი განძსაცავის დაზვერვით ექსპედიციაშიც მონაწილეობდა; ხვამლის ექსპედიციის მონაწილე, ჩემი ძმისშვილი - რეზიკო და ჩემი ნათლული - მამნე კორშია, რომელთან ერთადაც პირველად წავედი ექსპედიციაში. ასე, ერთმანეთის თანადგომითა და უფლის იმედით გავემგზავრეთ. ძალიან მეამაყებოდა, რომ სამივე ახალგაზრდა ხომლელების შვილები იყვნენ.
- მაინც რატომ მოინდომე ქვაბულის კვლევა, რით დაგაინტერესა?
- თავისთავად საინტერესო იყო ადამიანის მიერ ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი. ასხის ექსპედიციის მიზანი იყო მისი აღწერა, ნაშენის მიღმა არსებული კარსტული გვირაბის აგეგმარება, მის სიღრმეში შეძლებისდაგვარად დიდი მანძილის გავლა და, რასაკვირველია, ფილმისთვის ვიდეომასალის გადაღება.
- რთული გზა გაიარეთ გვირაბამდე?
- საკმაოდ. სოფელ ზუბში ძველმა ნაცნობმა, გოგიტა არჯევანიძემ ცხენი გვათხოვა და მოკლე გზით გასასვლელად თავისი ვაჟი, რომეო გამოგვაყოლა. ცხენით ბარგის გარკვეულ მანძილზე წაღებამ ძალები დაგვიზოგა, მერე ცხენი ვეღარ ივლიდა და ტვირთი ჩვენ მოვიკიდეთ. გზა გაუვალი იყო, უბილიკო, ეკალბარდებით, დაღმა - ციცაბო ფერდობით, ჩანჩქერებით, აუარებელი ბუზით და... ერთ ჩანჩქერზე გადასვლისას მამნეც მოსწყდა კლდიდან... მადლობა ღმერთს, მას არაფერი დაუშავდა, მაგრამ მთავარი ფოტოაპარატის ობიექტივი კი ექსპედიციას "გამოეთიშა". ასე ჩავაღწიეთ მდინარე კვერეშულამდე. იქვე დავბანაკდით. საკარვე ადგილი არსად იყო, ამიტომ ღამე გავათიეთ გახსნილი ვიწრო ხეობის თავზე, ვარსკვლავებს შორის, სადაც, გეგონებოდა, თანამგზავრები ცარიელი ტაქსებივით დაბორიალებენო.
GzaPress
- თრილერის სიუჟეტი მგონია... საბოლოოდ, იპოვეთ ბილიკი?
- დილიდან ავიბარგეთ და მთის ცივი და ჩქარი მდინარის მეორე ნაპირზე გადავაღწიეთ, სამ საათს ვეძებდით ბილიკს და მაინც ვიპოვეთ. ავუყევით დამღლელ აღმართს, გავაღწიეთ მხრებამდე ბალახიან, ეკალ-ჭინჭრიან მდელოზე, კაფვა-კაფვით გავიარეთ და დასუსხულები, დაკაწრულები და დიყისგან შხამდაყრილები ლოდების მონაკვეთზე გადავედით. შემდეგ კლდის ფერდობის ძირთან და სულისმოსათქმელ წყარომდეც მივაღწიეთ. 220 მეტრში მოჩანდა ქვაბული, წინ ციცაბო ნაშალი და ციცაბო ფერდობი, შვეულკლდოვანი. მოსაღამოებულზე მიზნამდეც მივედით. საერთოდ, მთავარია, პირველი კაცი სინათლეში შევიდეს ქვაბულში და დანარჩენს ღამეშიც მოაგვარებ... ასე, მთვარისა და ფარნების შუქზე გადავაბიჯეთ ნაშენი ქვაბულის ზღურბლს.
ქვაბული ციცაბოზე გაწელილი ვიწრო ბაქნიდან ათი მეტრის სიმაღლეზეა, მას თავის დროზე აივანიც ჰქონდა და ახლაც უზარმაზარი თვალსაწიერი აქვს, კედლის სისქე მეტრამდეა, აგებულია მშრალი წყობით, ზედა ნაწილი მორღვეული აქვს, შერჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ხის ნაწილები. მისი აგების თარიღი უცნობია - როგორც აღვნიშნე, ისტორიულ წყაროებში ვერაფერს მივაკვლიე, მაგრამ აქ ყოფნამ მის პირვანდელ სახესთან მიახლოებული სურათი შეგვიქმნა, რაც ფილმში გამოჩნდება.
როგორც ჩანს, ნაშენი საგულდაგულოდ იცავდა გვირაბს. ჩემი ვარაუდით, გვირაბი ადრეულ საუკუნეებში სტრატეგიულ დანიშნულებას ასრულებდა და უკავშირდებოდა სხვა მხარეს ან მხარეებს. გვირაბი გზას ამოკლებდა და სწორედ მისი საშუალებით გადასცემდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეს.
- მწირი აღჭურვილობით კვლევა შეძელით?
- ნაწილობრივ. ასხის მთა კირქვული მასივია. კირქვაზე წყლის ზემოქმედებით წარმოიქმნება მღვიმური სივრცეები და სხვადასხვაგვარი ქმნილებები. ექსპედიციის მთავარი კვლევის საგანი სწორედ ეს კარსტული გვირაბი იყო. ჩვენ აღვწერეთ, შევადგინეთ ნახაზი, გავაკეთეთ ჩანახატები. გვირაბის სიღრმეში 81 მეტრზე შევედით, გზად ოდესღაც ჩამოცვენილმა ლოდებმა შეგვაფერხა. ვცადეთ გვერდის ავლა და ნაშალში გაძრომა, მაგრამ - უშედეგოდ.
ქვაბულში ბანაკად ყოფნა გაგვიჭირდა. დაზვერვით ექსპედიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იქ ყოფნისას ეს არ გვიგრძნია, რადგან კართან ტემპერატურა პლუს 10 გრადუსს ზემოთ არ ადიოდა, არადა, თურმე შიგნით 5 გრადუსი იყო. უკვე მესამე დღეს სიცივე შემაწუხებელი გახდა. კარს მზე ადგა, მაგრამ შიგნით ძალიან ციოდა, ჩვენ კი შესაბამისი სამოსი არ გვქონდა. გარდა ამისა, წყალი არ იყო, მარაგი გველეოდა და წვეთებს "დავსდევდით". მერე გაავდრდა კიდეც და აპარატურის დამუხტვაც გაგვიჭირდა - მზეც აღარ იყო, მზის ელემენტით რომ დაგვემუხტა. მიუხედავად ამისა და არსებული საშუალებებისა, მაინც კარგი ვიდეომასალა მოვაგროვე.
საერთოდ, ექსპედიციის დასრულების შემდეგ ყოველთვის არის უკმარისობის გრძნობა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ - აღვადგინეთ ისტორიული და აქამდე შეუსწავლელი ნაშენის არქიტექტურული სახე, სურათი, ავგეგმეთ მისი კარსტული გვირაბი და შემდგომი სპელეოლოგიური კვლევისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ, გამოვცადეთ საკუთარი შესაძლებლობები. ვიტყოდი, რომ ამ ბიჭებთან ერთად ნებისმიერ ექსპედიციაში წავალ, მგონი, მეც ჯერ კიდევ შემიძლია.
ფილმის რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე გაგზავნას ვგეგმავ - მოითხოვეს და ელიან. ამ ფილმის დასრულებაში თანადგომა ათამდე კომპანიას ვთხოვე, გასაცნობად ფილმის მასალიდან ნაწყვეტები დავურთე, თუმცა - ამაოდ.
2020 წელს ერთი-ორი ექსპედიციის მოწყობას და, ასევე - კვლევისა და ფილმის გაგრძელებას ვაპირებ და კარგი იქნება, ამას უკეთესი აპარატურით, აღჭურვილობითა და დაფინანსებით თუ განვახორციელებ.
თუ აღმოვაჩენთ ამ მღვიმის გამჭოლ ხასიათს, მაშინ ექსტრემალური ტურიზმისათვის შესანიშნავი ადგილი იქნება როგორც მისი ტყიანი საფრის გავლა, ასევე - ხეობების, მდინარეების, ჩანჩქერების დაძლევა, კლდეზე ცოცვა, შემდეგ სპელეოვარიანტით გზის გაგრძელება და სხვა მხარეს გასვლა. მაგრამ ყველაფერი დაკავშირებულია კვლევებთან, კვლევები კი - დაფინანსებასთან...
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.