კასკადიორის ექსტრიმით სავსე ცხოვრება, ადრენალინი, სიგიჟე და საშიში ტრიუკები
font-large font-small
კასკადიორის ექსტრიმით სავსე ცხოვრება, ადრენალინი, სიგიჟე და საშიში ტრიუკები
გადაღებების დაწყებამდე აქტიურად ვავარჯიშებდით

ეს პროფესია ცეცხლთან თამაშია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვეულებრიობად ქცეული მძაფრი ემოციები. ფრენა პარაპლანით, თოკზე სიარული, საჰაერო ტრიუკები, კასკადიორის ცხოვრების ყოველდღიურობაა, რომელიც ვერ იტანს დილეტანტიზმს და წამის სიზუსტეს საჭიროებს. ამ პროფესიის ხიბლსა და სირთულეს, უფრო კარგად, კასკადიორი კაკი ღუღუნიშვილი გაგვაცნობს.



- კინოსატელევიზიო სტუდიის Aცტიონ Pროდუცტიონ Gეორგია ხელმძღვანელსა და ცნობილ კასკადიორს, დავით ხუბუას, პირველად 2007 წელს შევხვდი, მაშინ სადიპლომო ფილმს "ქაღალდის თვითმფრინავს" იღებდა. ჩვენი თანამშრომლობა ამ პერიოდიდან დაიწყო, მაგრამ ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით წავედით. მე სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვიმსახურე. 2015 წელს ერთმანეთს ისევ შევხვდით და მას შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ, ვვითარდებით, ვიხვეწებით, პროფესიულად ვიზრდებით. პროფესიით თეატრმცოდნე ვარ.
- ფაქტია, ექსტრიმის მოყვარული ხარ, პირველი ნაბიჯები ამ ხიფათიან პროფესიაში, როგორი იყო?
- ძალიან საინტერესო იყო. ექსტრიმის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ისეთ რამეებს ვაკეთებდი, რაც სახიფათო იყო. ზოგჯერ ასეთ საქმეებს თავად ვიგონებდი. ბავშვობა ჭიათურაში მაქვს გატარებული, ხშირად კლდეებზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე დავძვრებოდი, ვრისკავდი, ბევრ სირთულესაც ვაწყდებოდი, მაგრამ ეს სირთულეებიც მომწონდა. მდინარე ჯრუჭულას ხეობაში ხშირად ვიყავი, მისი ნაპირები სულ კლდოვანი რელიეფია, ძალიან ბევრი გამოქვაბულით, ყველა შემოვლილი მაქვს. ერთ ადგილზე, მაღალ კლდეზე ავდიოდი და წყალში ვხტებოდი. შემდეგ სიმაღლის გაზრდა გადავწყვიტე. უფრო მაღალ კლდეზე ავედი და იქიდან გადმოხტომა მოვინდომე, სხვა გზა არც მქონდა, უკან ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. დაბლა ორი უზარმაზარი ლოდი იყო, მათ შორის უნდა ჩავმხტარიყავი, თავად წყალში კლდეს "ფეხი" ჰქონდა გადგმული და "ნომერს" ესეც მირთულებდა. ლოდებსა და კლდის "ფეხზე" არ უნდა დავცემულიყავი. პირველად რომ გადმოვიხედე, შემეშინდა, მაგრამ გადმოვხტი და როგორც კი ჰაერში ავიწიე, მეორედ გადმოხტომის სურვილი გამიჩნდა. მეორედ რომ ავედი, უკვე სალტოს გაკეთებაც მოვინდომე, ეს სურვილიც ავისრულე.
GzaPress
- ეს სიგიჟეა, არა?
- გეთანხმები, სიგიჟეა, მერე მივხვდი, რომ ძალიან გავრისკე, ამ ნახტომს ახლაც დიდ რისკად ვთვლი, 90% მაინც იყო იმის ალბათობა, რომ სერიოზული ტრავმა მიმეღო, მით უმეტეს - სალტოს დროს. მე ხომ პროფესიონალი აკრობატი არა ვარ.
- ამ ყველაფერზე შენი ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- ზოგადად წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული ბიჭის იმიჯი მქონდა, მაგრამ როცა საქმე ექსტრიმს ეხებოდა, ვგიჟდებოდი. მათ ამდენი არ იცოდნენ. მახსოვს, გადმოხტომისას სალტო რომ გავაკეთე, ჩემი მეგობრები მომცვივდნენ, - როგორ ხარო? მე კი ძალიან მშვიდი ვიყავი, - ხალხო, რა გჭირთ, რა მოხდა-მეთქი?
- წაიმარიაჟე?
- რომ გამომივიდა, გამიხარდა. ერთი სირთულის დაძლევა მეორე სირთულის დაძლევის სურვილს აჩენს, ესაა ექსტრიმი, სხვა მუღამი აქვს. როცა თბილისში ჩამოვედი და დათო გავიცანი, ჩემთვის კასკადიორის საქმე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
- როცა ეს საქმე პროფესიად აქციე, პირველი სირთულე რა იყო?
- ზოგადად, სირთულე ნებისმიერ ტრიუკს ახლავს, მთავარია, ეს სირთულე სწორად შეაფასო და იმოქმედო. ყველა რისკი უნდა გაიაზრო, ბრმად არ წახვიდე. ჩვენ ბევრი სირთულე წარმატებით გადაგვილახავს.
- კონკრეტულად რა გახსენდება?
- ინდურ პროექტზე მუშაობას გავიხსენებ. 3 კასკადიორი ენგურჰესზე პარაპლანით უნდა დავშვებულიყავით, როგორც დესანტები. ასეთი კადრი სჭირდებოდათ. ამინდი ხელს არ გვიწყობდა. არადა, ამ კადრის გადაღება, შემდეგი კადრების გადაღებისთვის იყო აუცილებელი. დროშიც შეზღუდულები ვიყავით, საჩქარო იყო. გადაღების დღეს, ძლიერი ქარი ამოვარდა. ამან საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. ბევრი სიზუსტეა საჭირო, უზარმაზარი დამბის ცენტრში სწორად უნდა შევსულიყავით, კამერასთან სწორად უნდა გვემუშავა. ქარი კი ისე ქროდა, ვერ გათვლიდი, რომელი მიმართულებით წაგიღებდა. გვირჩიეს, არ გაგვერისკა, მაგრამ გავრისკეთ. დათო ჩვენთან არ იყო და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. ნოემბრის ბოლო იყო, მეორე დღეს მოთოვა, წყალი ძალიან ცივი იყო. ჩვენ კატერზე ვიყავით დაბმულები. ბიჭებმა, რომლებიც კატერებს მართავდნენ, გვითხრეს, ქარი თუ წაგიღებთ და უკონტროლოები გახდებით, თოკებს გადაგიჭრითო. ასე რომ არ გაეკეთებინათ, პარაპლანი კატერს ააყირავებდა, აიტაცებდა. ერთი მომენტი მახსოვს, ქარმა გამიტაცა, თოკი 50 მეტრზე იყო გაჭიმული, გადავხედე, კატერს უკანა მხარე ააწევინა, მძღოლი დაიძრა, რომ თოკი გადაეჭრა, მაგრამ პარაპლანის შუა თოკი, რომელიც მუხრუჭის ფუნქციას ასრულებს, მოვჭიმე. ამ დროს, პარაპლანში ქარის ნაკადი აღარ შედის, იფუშება, დაბლა იწევს და მეც წყლისკენ სწრაფი ვარდნა დავიწყე.
GzaPress
- ის ორი კასკადიორი ამ დროს სად იყო?
- ერთი აფრენიდან ქარმა მალევე ჩამოაგდო, 15 მეტრიდან წყალში ჩავარდა. მეორემ ცოტა უფრო დიდხანს იფრინა, ყველაზე გვიან მე ჩამოვვარდი, მაგრამ როგორც კი წყალში ჩავვარდი, ქარმა დაუბერა, პარაპლანში ქარის ნაკადი შევიდა და წყლიდან უეცრად ამიტაცა. მახსოვს, ვინც ამ პროექტს ხელმძღვანელობდა, თქვა, მსგავსი სცენა მესამედ მაქვს ნანახიო.
- ეს კადრები ფილმში შევიდა?
- თრილერში სწორედ ეს კადრებია გამოყენებული, ფილმი ჯერ არ მინახავს.
- სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩავარდნილხარ?
- ჩემს პროფესიაში ეგ საფრთხე სულ არის. შესაძლოა, ვარჯიშის დროს, იატაკზე ფეხი აგიცურდეს და ისე დავარდე, ვეღარც კი წამოდგე.
- თუმცა ეს საფრთხე რთული ტრიუკების შესრულებისას მეტია.
- რა თქმა უნდა. საფრთხე სულ ერთი წამია. ამ საქმის მიმართ დილეტანტური მიდგომა არ შეიძლება. სულ ერთი წამია საჭირო, რომ შეცდომა დაუშვა, თან - გამოუსწორებელი შეცდომა. ჩვენ სულ ვმუშაობთ, ვმუშაობთ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან საშიში ტრიუკები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გავაკეთოთ. კასკადიორობა არის ექსტრიმი, სპორტი, მსახიობობა, ხელოვნება... მსახიობის როლის მორგება და დუბლში თამაში ხშირად გვიწევს. კამერასთან მუშაობა უმნიშვნელოვანესია. კასკადიორი კამერას თუ ვერ გრძნობ, ვერაფერს გააკეთებ. ხელჩართულ ბრძოლაში, შეიძლება ოპერატორიც დააზიანო და კამერაც. შენი მოქმედება, დარტყმა, შესვლა, ქორეოგრაფია არ უნდა იკარგებოდეს, შენი ილეთი კარგად უნდა წარმოაჩინო.
- კაკი, გიორგი უსტარაშვილთან ერთად ფილმზე "შინდისი" იმუშავე. როგორც ვიცი, თქვენ აფეთქების სცენაში მსახიობები ჩაანაცვლეთ. ეს კადრი როგორ გადაიღეთ?
- ეს ის სცენაა, ტანკი ჭურვს რომ ისვრის და ორ ჯარისკაცს აფეთქებს. ჯარისკაცები კედელს ეფარებიან, ჭურვი იმ კედელს ეცემა, ფეთქდება, კედელი ინგრევა და ბიჭები უკან ცვივდებიან. მე და გიორგი უსტარაშვილმა მსახიობები ჩავანაცვლეთ. სახიფათო სცენა იყო, რეალური აფეთქება ახლოს ხდებოდა, თუმცა გადაღებაზე პროფესიონალები მუშაობდნენ და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული იყო. შთამბეჭდავი კადრი გამოვიდა, მე და გიორგი კვამლში ვიმალებით. მახსოვს, როცა აფეთქება მოხდა, ნერვიული შეძახილები გაისმა: ვაიმე!!! კასკადიორები როგორ არიანო? არაფერი მოგვსვლია, ამ სიტუაციიდან კარგად გამოვძვერით.
- "ფორსაჟის" გადაღებაშიც მონაწილეობდი, ხომ?
- უცხოელებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როცა ჰოლივუდია ჩამოსული. კასკადიორები, ოპერატორები, რეჟისორი ძალიან დალაგებულად, დროში სწორად გაწერილი რეჟიმით მუშაობდნენ.
მანქანების შეჯახებები ძალიან ეფექტურად დადგეს. ამ საქმეში ძირითადად ჩვენი ავტომრბოლელები იყვნენ ჩართულები. ჩვენ კი ღია კაფეში ვისხედით, სადაც მაგიდებსა და ხალხს შორის ვინ დიზელის მანქანა შემოვარდა. იყო სროლა, აფეთქებები, პანიკა... ვცდილობ, ყოველი ასეთი შესაძლებლობა პროფესიული ზრდისთვის გამოვიყენო, ჩემთვის საჭირო ინფორმაცია ღრუბელივით შევისრუტო. სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი შემსრულებლების სტილს გავეცნო და საკუთარ თავზე მოვირგო.
- რა ხდება მაშინ, როცა პარტნიორები არა - კასკადიორები, არამედ მსახიობები არიან. "იბერიელი ამორძალები" ამის მაგალითია.
- ეს ფილმი ჩვენი სტუდიის პროექტია. ქეთი სვანიძე და ანა საბო როგორი მსახიობები არიან, ყველამ ვიცით. მათ ის უნარებიც აღმოაჩნდათ, რაც კასკადიორისთვის არის საჭირო. გადაღებების დაწყებამდე აქტიურად ვავარჯიშებდით, როცა რაღაც გამოსდიოდათ, ძალიან უხაროდათ და ჩვენც გვიხაროდა.
- ვიცი, რომ გრიმსაც აკეთებ, თან - ძალიან შთამბეჭდავად. გრიმიორობა ცალკე პროფესიაა, ეს როგორ ისწავლე?
- პირველად "პარადოქსზე" მუშაობისას ვნახე, როგორ კეთდებოდა გრიმი და სურვილი გამიჩნდა, თავადაც გამეკეთებინა. ბავშვობიდან ვხატავ, ხისა და თაბაშირისგან სკულპტურებს ვაკეთებ. სასცენო გრიმის გასაკეთებლად, პროფესიონალური სილიკონი და "სისხლი" არ მქონდა. ამიტომ სამშენებლო სილიკონი და საღებავის წითელი პიგმენტი გამოვიყენე. ვცადე და გამომივიდა. გავაკეთე ჭრილობა, ღია ჭრილობიდან სისხლის ამოსხმის ეფექტი მივეცი, ტყვიის მოხვედრისა და სისხლის წამოსვლის ეფექტი...
- სისხლის ამოსხმის ეფექტი როგორ კეთდება?
- სილიკონით კეთდება, მასში სპეციალური მილები თავსდება, იხატება, რომლიდანაც შემდეგ წითელი სითხე იღვრება.
- ტრიუკის შესრულებისას ჭრილობა მიგიღია?
- არა.
GzaPress
- პროფესიის მიღმა ცხოვრებაზეც გკითხავ. დაოჯახებული ხარ?
- არა. 34 წლის ვარ.
- შეყვარებული ხარ?
- არა, მაგრამ ყველა ადამიანი მიყვარს (იცინის).
- როგორი გოგონები გიზიდავს, გაინტერესებს?
- საქმე რომელსაც მე ვაკეთებ, მისთვის მისაღები და საინტერესო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა არ გამოვა. ის ჩემი გულშემატკივარი უნდა იყოს, თანადგომას უნდა ვგრძნობდე. ვიზუალიც მნიშვნელოვანია, ესთეტიკური მხარე პირველ ეფექტს ახდენს. მთავარია, ინტელექტი ჰქონდეს. ჭკვიანი გოგონები მომწონს. მასთან ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი უნდა შემეძლოს.
- კასკადიორი გოგონები გყავთ?
- იყვნენ, მსურველებიც არიან, მაგრამ სტაბილურად ვერ რჩებიან.
- უცხოელების მხრიდან გოგო კასკადიორებზე მოთხოვნა არის?
- რა თქმა უნდა, არის. ჩვენ გვყავდა კასკადიორი გოგო, რომელსაც ბიჭებზე მეტი მუშაობა უწევდა და ძალიან აქტიურად იყო დაკავებული. ახლა კი გოგოს ფორმის ჩაცმა პარიკის გაკეთება და როლის მორგება, ზოგჯერ ბიჭებს უწევთ.
- კასკადიორობის გარდა, სხვა საქმითაც ხარ დაკავებული?
- ერთი ფილმის სცენარი მაქვს დაწერილი, იმედია, ოდესმე გადაღებას შევძლებ, მეორე სცენარზეც დავიწყე მუშაობა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მშენებლობაზეც ვმუშაობ.
- შრომის ასეთი სიყვარული დასაფასებელია. წარმატებას გისურვებ!
- გმადლობ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.