"მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია"
font-large font-small
"მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია"
ჩემპიონის მიერ გავლილი რთული გზა


28 წლის ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. 2013-დან 2018 წლამდე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული 11 ტურნირიდან 9 შემთხვევაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, რათა ქართული სპორტის ისტორიაში თავისი სახელი დატოვოს. როგორც ამბობს, ბევრი იწვალა, იშრომა, სისხლი და ოფლი დაღვარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ ამ ტიტულის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა აქვს გასავლელი.



ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბედნიერია, რომ მეორე ნახევარს მისი საქმე მოსწონს და გულშემატკივრობს. უხარია, რომ ნათესავები და მეგობრები მის ოჯახს სამაგალითოდ მიიჩნევენ. ოცნებობს შვილების ღირსეულ და ასევე, სამაგალითო მომავალზე. ჩვენი ყურადღების არეალში სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მას შემდეგ მოექცა, რაც მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე, დაძაბულ ბრძოლაში რუსი საიან ხერტეკი დაამარცხა და კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

- არ მიკვირს, რომ ჩემით თქვენც მას შემდეგ დაინტერესდით, რაც რუსი სპორტსმენი დავამარცხე. ყველა ამაზე აკეთებს აქცენტს. ზოგჯერ მგონია, რომ ხალხს ჩემი ოქროს მედალი კი არა, რუსი სპორტსმენის დამარცხება უფრო უხარია. ამ დროს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ტატამზე რუსი მეყოლება მეტოქედ, აზერბაიჯანელი თუ ამერიკელი. ტატამზე მდგომი მეტოქე მტერი ვერ იქნება, თუნდაც რუსი იყოს. მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, შეიარაღებულია და ჩემს მიწას იტაცებს, ჩემს ხალხს კლავს. რუს სპორტსმენთან რა მაქვს გასაყოფი? ჩვენ ერთი საქმე, ერთი მიზანი და ცხოვრების ერთნაირი წესი გვაქვს. მე მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია. ორთაბრძოლას დავასრულებთ და ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, სულ ეს არის.
- ყველაზე ძლიერ მეტოქედ რომელი ქვეყნის წარმომადგენელს მიიჩნევთ?
- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისევ ქართველს.
- ჭიდაობა თქვენი ერთადერთი საქმიანობაა?
- რა თქმა უნდა. ეს საქმე იმდენ ფიზიკურ, სულიერ და მატერიალურ ძალისხმევას მოითხოვს, შეუძლებელია, ამის პარალელურად სხვა რამეც აკეთო.
- როგორც მითხარი, ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ბევრი წინააღმდეგობა და დაბრკოლება შეგხვდა. ვარჯიშის სირთულეს გულისხმობდი თუ სხვა ტიპის პრობლემებს?
- იმასაც ძალიან ბევრი ძალისხმევა უნდა, რომ ფორმაში ჩადგე, მაგრამ ამაზე რთული ფინანსურად ძლიერი, "პატრონიანი" მეტოქეების დამარცხებაა. ყოფილა შემთხვევა, როცა მავანს ჩემი მოგება არ ნდომებია და თანაბარ ბრძოლაში დამარცხებულად მივუჩნევივარ. პატარა შეცდომის გამოც არაერთხელ დავჩაგრულვარ. მერე მივხვდი, რომ აღიარების მოსაპოვებლად სხვებზე ერთი თავით კი არა, ათი თავით მაღლა უნდა ვყოფილიყავი. იმდენი ვივარჯიშე, ისე მოვინდომე, მივაღწიე კიდეც მიზანს. ოჯახი მაგრად ამომიდგა მხარში. ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი წარმატებისთვის, მეც მეტი სტიმული მეძლეოდა. არ მინდოდა, მათი მონდომება, მხარში დგომა, მათ მიერ დახარჯული თითოეული ლარი უქმად დაკარგულიყო, არც მწვრთნელის იმედგაცრუება მსურდა. სულ პატარა ვიყავი, მამამ კარატეზე რომ მიმიყვანა. ცელქი ბავშვი ვიყავი და მშობლებმა იფიქრეს, რომ სპორტზე სიარულით ენერგიას დავხარჯავდი. იქ დამხვდა გივი ფოთოლაშვილი, რომელმაც მამაჩემს უთხრა, - ჭიდაობაზე მოიყვანე, მეტი პერსპექტივა ექნებაო. მეც, ბავშვური ჭკუით, მომეწონა ტატამზე კოტრიალი... მერე და მერე უფრო სერიოზულად მივუდექი ამ სპორტს და შედეგიც სახეზეა. მხოლოდ ფიზიკური მომზადებაც არ არის საკმარისი, სულიერი სიძლიერეც გჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიო. ჯერ სიზარმაცე უნდა დაამარცხო, მერე იმედგაცრუება, შიში. შეიძლება ისეთი ტრავმა მიიღო ან ისეთი ძლიერი მეტოქე გყავდეს დასამარცხებელი, რომ საკუთარ თავს უთხრა, - აღარ მინდა, ამას ვერ შევძლებო. მე მქონდა ამის მაგალითი. იმისათვის, რომ ჩემპიონის ტიტული მიმეღო, ხუთგზის ჩემპიონი, უშანგი კუზანაშვილი უნდა დამემარცხებინა. ათასგვარი ფიქრი მქონდა: "მე ამას როგორ მოვუგებ"; "ეს როდის წავა სპორტიდან"; "ეს რომ წავა, მეც ასაკში შევალ, მერე სხვა სპორტსმენი გაიზრდება"... საბოლოოდ, ის ფიქრები თავიდან მოვიშორე, საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნე და შედეგსაც მივაღწიე. ისიც გააზრებული მაქვს, რომ წაუქცეველი არავინ არის. ადრე თუ გვიან, მეც დამამარცხებენ. უბრალოდ მინდა, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ის გავაკეთო და მერე მე თავად წავალ, ჩემი ნებით.
GzaPress
- რა გაქვს ჩაფიქრებული?
- საქართველოს სახელის გატანა კიდევ უფრო შორს მინდა. დღემდე, ჩემს წონაში იმდენი ტიტული, რამდენიც მე მაქვს, არავის აუღია. მინდა, რეკორდი გავაუმჯობესო, რამდენიმე ჩემპიონატი კიდევ მოვიგო და მერე "ბურთი და მოედანი" მომავალ თაობას დავუთმო. ჩემპიონის ტიტულით მსურს სპორტის დატოვება. არ მინდა, ტატამზე დავბერდე და ტიტულოვანი სპორტსმენი ბავშვებმა "მაგორაონ".
- უკვე 28 წლის ხართ, კიდევ რამდენი ხანი დაგრჩათ აქტიური სპორტისთვის?
- 35 წლამდე შეიძლება, მერე აღარ ღირს.
- მერე რას გააკეთებთ?
- ჩემპიონებს გავზრდი - ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა. მწვრთნელობა რთული საქმეა. შეიძლება მაგარი მოჭიდავე იყო, ჩემპიონის ტიტულიც არაერთხელ მოიპოვო, მაგრამ ვერ გაზარდო ჩემპიონები. სამაგიეროდ, შეიძლება თავად ვერ ჭიდაობდე და სხვები გაზარდო. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მე შევეცდები, დანარჩენი ღმერთის ნებაა.
- თქვენს წარმოდგენაში ნამდვილი ქართველი როგორია?
- ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი, ჯანსაღი, ჭირთამთმენი, გამძლე, შრომისმოყვარე, კეთილგონიერი. ადამიანმა ისე უნდა შეძლო ცხოვრების აწყობა და დალაგება, რომ სხვა არ დააზიანო.
- თქვენი მეუღლე აკმაყოფილებს "ნამდვილი ქართველის" კრიტერიუმებს?
- რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში, ჩემი მეუღლე არც იქნებოდა. კარგი დედა, კარგი მეუღლე და კარგი ადამიანია. ჩემი წარმატება დიდწილად მისი დამსახურებაც არის, ყოველთვის ჩემი გულშემატკივარია. იას თანადგომა სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო.
- წარმატებებსა და გამრავლებას გისურვებთ!
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.