ქართველი ქალი, რომელმაც სირიაში ომის დაწყებამდე, მარტომ იმოგზაურა
font-large font-small
ქართველი ქალი, რომელმაც სირიაში ომის დაწყებამდე, მარტომ იმოგზაურა
"ახლა ტაოს ტოპონიმიკაზე ვმუშაობ"

ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში "მოიწამლა წანწალით". საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობასა და კულტურულ ძეგლებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ადგილზე სწავლობდა. ქართულ და უცხოურ წყაროებს ერთმანეთს ადარებდა, რომ შეცდომები გამოერიცხა... ჯერ ღირსშესანიშნავ ადგილებში მარტო დადიოდა, შემდეგ უკვე მოსწავლეები და სტუდენტებიც აიყოლია...


პროფესიით ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა სირიაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მარტომ იმოგზაურა. იქ თითქმის ერთი თვე დარჩა და მთელი ქვეყანა შემოიარა... მომდევნო ჯერზე ტურისტების წაყვანას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო...
თუმცა, თავად ისეთი დეტალები აღმოაჩინა, რომელიც ბევრისთვის, მათ შორის - ისტორიკოსებისთვის უცნობი იყო.
რამდენიმე ენაზე (მათ შორის - "მკვდარ" ენებზეც) საუბრობს. ინგლისურის, გერმანულის, რუსულის, სომხურის, აზერბაიჯანულისა და თურქულის გარდა, არაბული, შუმერული, აქადური, ხეთური, ურარტული ენები იმიტომ ისწავლა, რომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწარმოებები დედანში წაეკითხა. ახლა აფხაზურის სწავლით არის გატაცებული, რათა თურქეთში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირებთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს.

- 250-ზე მეტჯერ ვიყავი ტაოში. გიდობა ჩემი მთავარი პროფესიაა. შემდეგ, მისი საშუალებით, რამდენიმე დამატებითი პროფესიაც ავითვისე. ახლა ტაოს ტოპონიმიკაზე ვმუშაობ და დისერტაციას ვწერ თემაზე, რამდენად შეიცვალა ტოპონიმიკა ვილაიეთის გურჯისტანიდან დღემდე... ძალიან საინტერესოა ქართულ, თურქულ, სომხურ და რუსულ წყაროებს შორის შედარებების გაკეთება. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ძველი ტოპონიმი ქართულია, შემდეგ, თარგმანებში ბევრი რამ დაამახინჯეს, ხან შეგნებულად, ხანაც შემთხვევით - ისე დაწერეს, როგორც ესმოდათ. მაგალითად, ტაოში ქაჯის ციხე არავინ იცის, მაგრამ შაითან-ქალე იციან; არტანუჯის ნაცვლად არდანუჯი წერია. ამ მხრივ, რუსებმაც კარგად "იმუშავეს".
- ვიცი, რომ ტაოში ბევრჯერ ხართ ნამყოფი. რა ემოცია გქონდათ, როდესაც პირველად ჩახვედით?
- ეს იყო 2007 წელი. ადგილობრივებს ეგონათ, ოქროს ვეძებდით და თვალს არ გვაცილებდნენ. პოლიციაც კი გამოიძახეს. როდესაც ისინი მოვიდნენ, გავეხუმრეთ, - ეს ჩვენი პაპაი ოქროა, რომლის წაღება არ შეგვიძლია-მეთქი. პირველად ხახულში გახსნილ მეჩეთში ფეხზე გახდამ რომ მომიწია, ცრემლები ვერ შევიკავე, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, იქ მეჩეთი რომ არ ყოფილიყო, დაანგრევდნენ... გუმბათის ყელზე დიდი ჯვარი იყო გამოსახული... შარშან, ნოემბრის ბოლოს, სეზონის დამთავრებისას დავტოვე ტაო-კლარჯეთი და დეკემბერში მეუფე თეოდორემ დამირეკა, - ხანძთაში რომ იყავი, გუმბათის ყელი იყოო? - კი, იყო-მეთქი. პასუხად ამოიგმინა, - ჩამონგრეულა უკვეო... თურმე დიდთოვლობას შეეწირა. ისე განვიცადე, როგორც მშობლების გარდაცვალება. ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ვერ ვუპატრონეთ.
GzaPress
- რესტავრაცია შეუძლებელი იყო?
- წლებია, მაგაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ შეძლეს... იშხანს ჩაუტარდა რესტავრაცია, დეტალებს არ მინდა ჩავეძიო, მხოლოდ იმას ვიტყვი, კარგი იქნებოდა, ქართველი სპეციალისტებიც ყოფილიყვნენ ჩართული. შედარებით კარგი ვითარებაა პარხალში, რომლის აღდგენაშიც ქართველი მონაწილეობდა. როგორც ვიცი, ოშკის რესტავრაციაშიც ქართველი ხუროთმძოღვრები ჩაერთვნენ... წლების განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა, დათბნენ და კეთილად გვიღებენ - ხახულში რომ მივდივართ, მოლა გასაღებს გვაძლევს და შევდივართ...
- იქაურ ქართველებთანაც გექნებათ ურთიერთობა.
- დიახ და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ იქაურებისგან ქართველობას ვსწავლობ. ერთ ბიჭს ვიცნობ პარხლის ხეობიდან, ონური ჰქვია, სტამბოლში სწავლობს და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს მღერის. საქართველოშიც ხშირად ჩამოდის და ისე უყვარს თავისი სამშობლო, კარგი იქნებოდა, აქაურებსაც მასავით გვიყვარდეს. წლების წინ, როდესაც იქაურობა ჩემთვის ახალი იყო, ტურისტები წავიყვანე. ერთ-ერთი ცუდად გახდა. იუსუფელში ვიყავით და იქაურ ქართველებს ვკითხე, - საავადმყოფო სად არის-მეთქი? მანქანით ვიყავით. საქართველოს სახელმწიფოს სანომრე ნიშნები რომ დაინახეს, - ჩვენებურები ყოფილხართო. ერთ-ერთი მათგანი თავად წამოგვყვა საავადმყოფოში. მაშინ სამოგზაურო დაზღვევები არ იყო და იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, მეყოფოდა თუ არა თანხა ხარჯის დასაფარავად. ეს კაცი მოულოდნელად დაგვემშვიდობა. გამიკვირდა... აღმოჩნდა, რომ სამკურნალო პროცედურების ხარჯი გადაუხდია და უხერხულობა რომ არ გვეგრძნო, წავიდა... შემდეგ გავარკვიეთ, რომ სატყეო ქარხანაში მუშაობდა. იქიდან კიდევ ერთ ქართველს ვიცნობდი. მოკლედ, როგორღაც ვიპოვე - ჩვენებურები ხართ და აბა, რას ვიზამდიო?
- აფხაზ მუჰაჯირებს თუ შეხვედრიხართ?
- კი. არის სოფლები, სადაც ქართველები და აფხაზები კომპაქტურად ცხოვრობენ და კარგი ურთიერთობა აქვთ... ვიცი, რომ ბოლო წლებში აფხაზ მუჰაჯირებს აფხაზეთის მოსახლეობასთან აქტიური კავშირები აქვთ. ახლა აფხაზურს ვსწავლობ, რათა მათთან ურთიერთობა შევძლო. დედით ქართველ აფხაზს ვესაუბრე, - ქართველთან გასაყოფი რა უნდა მქონდესო?.. ერთნაირი ტრადიციები აქვთ, სამზარეულოც... ერთხელ მჭადსა და მწვანე ლობიოზე დამპატიჟეს. ერთხელ ქალაქ ინეგოლში სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად წავედით, სადაც ჩხუბი მოხდა. ინეგოლის მერი, დაცვა, პოლიციის უფროსი და კიდევ სხვები ქართველები იყვნენ. ჩხუბის დროს საქმეში გასარკვევად სტადიონზე შევიდნენ. ამ დროს მოვისმინე თურქების ლაპარაკი, - არ შეგვჭამეს ამ ქართველებმაო?
- ვიცი, რომ სირიაშიც ხართ ნამყოფი.
- მთელი აზია შემოვლილი მაქვს. პროფესიით ძველი აღმოსავლეთმცოდნეც ვარ. მინდოდა, შუმერების ნაწარმოები, მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლი "გილგამეში" დედანში წამეკითხა... ერაყშიც წავედი, რათა შუმერების სამფლობელო მენახა, მაგრამ ყველაფერი დანგრეული დამხვდა...
მოვიარე თურქეთი, ეგვიპტე, ერაყი, ირანი, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სირიამ მოახდინა. იქ 2011 წლის მარტში ვიყავი და 3 კვირა დავრჩი. როგორც ქალს, აზიის ყველა ქვეყანაში რაღაცის გათვალისწინება მიწევდა, - ქცევის, ჩაცმის ან სულაც, ქუჩაში გასვლისას, რაც არ ეხებოდა სირიას. ძალიან თავისუფლად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მულტიკულტურული ქვეყანა იყო და სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანები ცხოვრობდნენ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. არადა, იქიდან რომ წამოვედი, ორ დღეში ომი დაიწყო და როდესაც იმ საშინელ კადრებს ვუყურებდი, გაოგნებული ვიყავი, - საიდან ჰქონდათ ამდენი აგრესია. მათ შორის თითქმის ერთი თვე ვიცხოვრე და კეთილგანწყობილი იყვნენ...
სხვათა შორის, VII საუკუნეში, სირიის მმართველი ომანოიდების დინასტიის მიერ აშენებული მეჩეთის მონახულებაც შევძელი, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იყო შეტანილი. ქრისტიანები ხომ ვამბობთ, - თუ იერუსალიმში არ ხარ ნამყოფი, კონსტანტინოპოლი მაინც უნდა მოილოცოო, მათ კი აქვთ ასეთი გამოთქმა, - თუ მექაში არ ხარ ნამყოფი, ომანოიდების მეჩეთი მაინც უნდა მოინახულოო. ლეგენდის თანახმად, ამ მეჩეთში არის დაბრძანებული იაონე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი. მუსლიმანები ყოველდღე ცვლიდნენ ხალიჩებს, ანუ დიდი პატივით უვლიდნენ... როდესაც ვიკითხე, - ომანოიდების მეჩეთთან როგორ მივიდე-მეთქი, სირიელმა გოგონამ მითხრა, - ეკლესიას ხომ ეძებ და სიტყვა ხომ არ შეგეშალაო?
GzaPress
- მიხვდა, რომ ტურისტი იყავით?
- დიახ, ჩემი ჩაცმულობით მიხვდა, რომ მუსლიმანი არ ვიყავი. მერე მეჩეთამდე გამომყვა და ყველაფერი ამიხსნა...
დამასკოდან 53 კილომეტრში ვიპოვე მალულას მთიანი დასახლება, რომლის მოსახლეობაც არამეულად ანუ ქრისტეს ენაზე საუბრობდა. იქვე იყო ქრისტიანული ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერიც. მის ახლოს არის წმინდა მოწამე თეკლას საფლავიც. გადმოცემის თანახმად, კონიის მმართველის შვილმა, თეკლამ გადაწყვიტა, ქრისტიანობა მიეღო, მამას კი შვილის გათხოვება სურდა. თეკლა გაიპარა, მამამ კი მდევარი დაადევნა. იმ ადგილას, სადაც თეკლა სალოცავად გაჩერდა, მასა და მდევარს შორის კლდე ჩამოიშალა და ამ ნაშალში გოგონა ცოცხლად ჩაიმარხა... იმ ადგილას გადმოდის წყარო, რომელსაც ადგილობრივები თვალების სამკურნალოდ იყენებენ...
მონასტერს სასტუმროც ჰქონდა და ეს მიწიერი სამოთხე ისე მომეწონა, ერთი კვირა დავრჩი. ყველა საეკლესიო რიტუალს ვესწრებოდი. არამეული არ მესმოდა, მაგრამ კანონიკას მივყვებოდი. იქაურმა იღუმენიამ ეს შენიშნა და გამომელაპარაკა, - სადაური ხართო? ვუთხარი, საქართველოდან-მეთქი... თბილად გაიღიმა, - შევხვედრივარ თქვენს პატრიარქს, დამასკოს პატრიარქთან ერთად ვიყავიო. ისიც იცოდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა... არაბულად ვსაუბრობდით. იმდენად კარგად გავუგეთ ერთმანეთს, მთხოვა, ჩვენთან დარჩიო... აღდგომის მარხვა იყო და იღუმენია ძალიან ზრუნავდა ჩემზე. ვფიქრობდი, კიდევ ჩავალ, თან არამეულს ვისწავლი და თან, იქ ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ მერე ომი დაიწყო.
- რა იცით მათზე, გადაურჩნენ ომის საშინელებას?
- კი, ძალიან ბევრი ვიწვალე მათი ამბები რომ გამეგო, - მალულას მონასტრის მონაზვნები ორი კვირა ტყვედ ჰყავდათ, მაგრამ ზედმეტი არაფერი უკადრებიათ, მერე გაათავისუფლეს. მონასტერიც გადარჩა, თუმცა, ალბათ მეჩეთად გადააკეთებდნენ...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.