ვისი ნაქარგი ბაიარაღია სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში
font-large font-small
ვისი ნაქარგი ბაიარაღია სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა

ჯეინ გომურაშვილის მოქსოვილ სათამაშოებს თუ დაათვალიერებთ, შეუძლებელია, ბავშვობაში დაბრუნება არ ინატროთ. 2 შვილის დედას ხელიდან რა აღარ გამოსდის - ქსოვს, კერავს, ქარგავს. ჯეინის მოქარგული წმინდა გიორგის ბაირაღი პატრიარქის ბრძანებით თურმე, სამების ტაძრის საკურთხეველშია და მხოლოდ დღესასწაულებზე გამოაბრძანებენ. არადა, პროფესიით მათემატიკოსია და ამჟამად ბანკში, გაყიდვების მთავარ მენეჯერად მუშაობს.


- 17 წლისამ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით, რომ პირველივე კურსიდან ბავშვებს ვამზადებდი. სათამაშოები, როგორც ყველა პატარას, მეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ გაჭირვების წლებში განებივრებული არ გახლდით. ამიტომაც, მე და ჩემი და თვითონვე ვამზადებდით თოჯინებს. ჩემი და დახატავდა, მერე გამოვჭრიდით, ვუკერავდით ტანსაცმელს ან ვუქსოვდით. დედა კარგად ქსოვდა, ბებია კერავდა და 5-6 წლიდან მეც გამიჩნდა ინტერესი, ხელსაქმე მესწავლა. ქსოვა ვიცოდი, მაგრამ საწყისი თვლების გამოღება მიჭირდა და ხან ვის ვთხოვდი დახმარებას, ხან - ვის. მერე სახლში ვნახე წიგნი, მგონი "მარჯვე ხელები" ერქვა - ყველაფერი დაწვრილებით იყო ახსნილი, დახატულიც კი გახლდათ, როგორ უნდა დაგეჭირა თითები, ძაფი როგორ დაგეხვია და ა.შ. ერთი და იმავე ტანსაცმლით სიარული რომ მბეზრდებოდა, ვშლიდი და ახალს ვიქსოვდი. ძალიან მამშვიდებს ქსოვის პროცესი. ქარგვა მოგვიანებით, 10 წლისამ ვისწავლე. მაშინ მასალები ძნელად იშოვებოდა, ავდექი, ქსოვილზე მდელო დავხატე და ჩვეულებრივი ნემსითა და ძაფით ამოვქარგე. ისე კარგად გამომივიდა, რომ მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა. ერთხელ დედას შესთავაზეს, ყაისნაღით გადასაფარებლები მოექსოვა და ჩაებარებინა. მეც შევძლებ-მეთქი. ჯერ საცდელად მომაქსოვინეს, მოეწონათ. დედას ბევრი საქმე ჰქონდა, მე სწავლის მეტი არაფერი მევალებოდა და ისე მოხდა, რომ მასზე მეტს ვაკეთებდი. ამიტომაც, იყო დრო, როცა ოჯახში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მე, მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი (იცინის).
GzaPress
- როგორც ვიცი, ხატებსაც ქარგავ.
- სტუდენტობისას თან ვმუშაობდი და ნაკლები დრო მრჩებოდა ქსოვისთვის, ქარგვისთვის. არადა, მინდოდა, ქარგვა კარგად მესწავლა. მამაოს შვილთან ერთად უნდა მევლო კურსებზე, მაგრამ ისე მოხდა, ჯგუფში ვერ ჩამსვეს, რაზედაც ძალიან დამწყდა გული. მამაოს მეუღლემ რომ შემატყო, როგორ დავღონდი, მითხრა, მასალები ხომ გაქვს, მოდი, ყველა საქმეს გადავდებ და გასწავლიო. საოცარი ქალია ნინო დეიდა. 12 შვილი ჰყავს, სად ჰქონდა ჩემი დრო, მაგრამ არ დაიზარა, მაჩვენა, რა, როგორ უნდა გამეკეთებინა და დავალებებიც მომცა. რამდენიმე გაკვეთილში ანაბანა ვისწავლე. იმდენად კარგად გამოგდის ეს საქმე, მოდი, რამე სერიოზული მოქარგე, ყვავილებსა და პეპლებზე დრო არ დახარჯოო, - მირჩია. თამარ მეფის ჯვარი ეკიდა გულზე, მრევლის მოქარგული. მოვინდომე, მოდი, მეც გავაკეთებ-მეთქი და მამაოს პატარა შვილს ტელეფონით ვაკარნახებინე ფერები. საერთოდ, ქართულ ნაქარგობაში მყვირალა ფერები იშვიათადაა, ჩემი მოქარგული კი სწორედ ასეთ ფერებში გამოვიდა, თუმცა ლამაზი იყო. თავიდან პატარ-პატარა ხატებს ვქარგავდი და მიხაროდა, რომ მოსწონდათ. მახსოვს, ერთ ბერს აჩუქეს კიდეც ჩემი ნახელავი.
GzaPress
- წმინდა გიორგის ბაირაღის მოქარგვა საკმაოდ შრომატევადი იქნებოდა. რატომ გაგიჩნდა ამის სურვილი?
- დედას ბიძაშვილმა მითხრა ერთხელ, არ გინდა, წმინდა გიორგის ბაირაღის ნაქარგობა გააკეთო, ოღონდ დიდი მოცულობისო? ამაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვბედავდი - მასალებიც ძვირი იყო და ვიცოდი, ძალიან შრომატევადიც იქნებოდა. ამის მიუხედავად, მაშინვე დავთანხმდი. არავის სჯეროდა, რომ შევძლებდი. წელიწადი და 3 თვე მოვანდომე. ნამუშევარი ნახა ეთერ უროტაძემ, საპატრიარქოს სკოლაში. ჩანთიდან რომ ამოვიღე და გავშალე, გაგიჟდა, ისე მოეწონა. მითხრა, - შენნაირ ხალხს სანთლით ვეძებ და სექტემბრიდან თუ ივლი, პროფესიონალურ დონეზე უფასოდ შეგასწავლი ქარგვასო. სამწუხაროდ, ვერ შევძელი მისვლა. მანვე მირჩია, ბაიარაღის უკანა ფონის ფერის შესარჩევად სამებაში მიდი და აზრი ჰკითხე მამაოებსო. მართლაც მივედი, მამა ილიამ მითხრა, - პატრიარქი აქ არის და გადაწყვეტილება ბარემ მან მიიღოსო. ის ნახევარი საათი, ვიდრე მის გამოსვლას ველოდებოდი, საუკუნედ იქცა. პასუხმა კი გამახარა: პატრიარქს ძალიან მოეწონა. ბრძანა, იმდენად გემოვნებითაა გაკეთებული, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე გააკეთოს, ოღონდ შემსრულებლის სახელი და გვარი დააწერეთ ბაირაღზე, ასეთია მისი კურთხევაო. ეს დიდი ნდობა იყო ჩემთვის. სიხარულისგან კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი. მინდოდა, გიორგობის დღესასწაულისთვის დამემთავრებინა. მე და ჩემმა ბიძაშვილმა, ნოდა გოლეთიანმა 3 ღამე გავათენეთ, რომ მოგვესწრო და დაგვესრულებინა. ამჟამად ეს ხატი სამებაშია, საკურთხეველში. ტელევიზიით ვნახე, აღდგომას, ასევე შობას გამოაბრძანეს სხვა ხატებთან ერთად. ეს ჩემთვის დიდი სიხარულია. მაშინ 18 წლისა ვიყავი, 2003 წელი იყო. ამის შემდეგ კარგა ხანს პაუზა მქონდა. 3 წლის წინ კი, ინგლისში ყოფნისას, ჯეინ ოსტინის მუზეუმი დავათვალიერე და იქვე შევიძინე საქარგავი კომპლექტი, სქემა. ნაქარგზე გამოსახულია ჯეინი, ხოლო ესკიზი მისი დის, კასანდრას ნახატის მიხედვით არის შექმნილი. ინგლისშივე დავიწყე ქარგვა და მივხვდი, რაც მაკლდა იმ წლების მანძილზე. ქარგვა, ქსოვა - ეს ჩემთვის შინაგან კომფორტს ნიშნავს, სიამოვნებას მანიჭებს. კახური ხასიათის გამო, ჩემთვის არ არსებობს "არ გამომდის", არასდროს ვნებდები. ეს არც ისე რთული სქემა იყო, ამიტომაც მერე სხვა, უფრო რთულებიც გამოვიწერე და აი, რასაც ჩემი სახლის კედლებზე ხედავთ, ყველა ჩემი დაქარგულია. თითოეულს 6 თვეს და ზოგჯერ მეტხანსაც მოვუნდი, რადგან საკმაოდ რთულია.
- რაც შეეხება სათამაშოებს?
- დაოჯახების შემდეგ გამიჩნდა სათამაშოების კეთების იდეა. ფეხმძიმობის პერიოდში ჩემი ბიძაშვილის მოქსოვილი საბავშვო გადასაფარებელი ვნახე, მომეწონა და რამდენიმე მეც მოვქსოვე. მერე მომინდა, რამე სხვაც გამეკეთებინა პატარებისთვის. ასე დავიწყე დათუნიების, ყურცქვიტების, სპილოების, ცხენების, მაიმუნების ქსოვა... უფრო პოპულარულია დათუნიები და კურდღლები. დიდებიც კი ჩუქნიან ერთმანეთს - შეყვარებულები, მეუღლეები. ხშირად მწერენ, გაგეცინებათ და ჩემთვის მინდაო. არ მიკვირს, რბილი სათამაშოები მეც მიყვარს და საზღვარგარეთ სუვენირების ნაცვლად, სათამაშოებს ვყიდულობ ხოლმე.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.