"მეძვირეც ვარ და ამაყიც"
font-large font-small
"მეძვირეც ვარ და ამაყიც"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის

3 წელია, რაც 31 წლის რუსუდან წულაია დასუფთავების სფეროში მუშაობს. ძირითადად, ნარემონტალ ბინებს ასუფთავებს. მისი სამუშაო არეალი დედაქალაქია, თუმცა თავად რუსთავთან ახლოს, სოფელ ახალ სამგორში ცხოვრობს და სამუშაო ობიექტამდე მისასვლელად 3 ტრანსპორტის გამოცვლა უწევს. საქმის კეთებას მატერიალური სიდუხჭირე არ აიძულებს: - უსაქმურად ვერ ვისვენებო, - გვითხრა რუსუდანმა...


- თავდაპირველად, 6 თვე დასუფთავების კომპანიაში ვმუშაობდი. იქ უკეთ ვისწავლე, კონკრეტულად რა როგორ სუფთავდებოდა. შემდეგ, რადგან კომპანიაში ცოტას მიხდიდნენ, თავად კი მიმაჩნდა, რომ მეტი შემეძლო, წამოვედი და დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა: ჩემი საქმიანობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტებს ვაქვეყნებდი. ნელ-ნელა სახელი გავითქვი. ახლა უკვე საკმაოდ ბევრი კლიენტი მყავს.
- ნარემონტალი ბინების დალაგება უფრო შემოსავლიანი საქმეა, ვიდრე უბრალოდ, დასალაგებელი ბინის მოწესრიგება?
- დიახ. ძნელი საქმეა, მაგრამ თუ ჩვეულებრივი, დასალაგებელი ბინის მოწესრიგება 1,40 ლარი ღირს (1კვმ), ნარემონტალის ფასი - 2,40-ია (შეიძლება მეტიც - დაბინძურების დონეს გააჩნია).
- ერთი ბინის დასუფთავებას დაახლოებით რამდენი დრო სჭირდება?
- ფართობს და ისევ დაბინძურების დონეს გააჩნია. შეიძლება, 50 კვმ-ის დასუფთავებას 1 დღე მოვუნდე, შეიძლება - სამიც (თუკი ბინას ნარემონტალი ფანჯრები აქვს, რომელიც ადრინდელი ჩასმულია, ლენტები არ მოაშორეს და მზისგან მიიწვა ან საღებავის ნარჩენები აქვს)... დალაგების ხანგრძლივობას ბევრი რამ განაპირობებს.
- ყოფილა შემთხვევა, რომ დღეში რამდენიმე ნარემონტალი ბინა დაგილაგებიათ?
- ამას ფიზიკურად ვერ შევძლებ, რადგან ძირითადად, თბილისში ვმუშაობ, მე კი რუსთავთან ახლოს ვცხოვრობ. ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა ნარემონტალი ბინის დასუფთავებას ვამთავრებდი - მთელი დღის სამუშაო არ მქონდა. საქმეს რომ მოვრჩი, შემდეგ სხვაგან არანარემონტალი ბინის აბაზანის დასალაგებლად წავედი.
- თქვენთვის საინტერესოა, რასაც აკეთებთ თუ უბრალოდ, შემოსავლის გამო მუშაობთ?
- კოლეჯში სწავლა გარემოს დაცვის მიმართულებით დავამთავრე. სისუფთავის გამო, ჩემი სამუშაო სფერო მიყვარს. ქუჩაში ნაგავი არასოდეს დამიგდია. ჩემი შვილებიც ასე იქცევიან - ქუჩაში ქაღალდის ნაგლეჯსაც კი არ დააგდებენ, რადგან ისწავლეს, რომ ასეა საჭირო... გარკვეული მიზეზების გამო, უნივერსიტეტში სწავლა ვერ გავაგრძელე. მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ შემოსავლის წყარო მქონოდა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებ.
- ალბათ, ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელი შრომას გირთულებთ...
- დიახ. თუნდაც გუშინდელ საქმეს დაგისახელებთ: როცა ხელოსანმა წესით, კედელი უნდა შეათეთროს, შეაბათქაშოს, ამ დროს ხელოსანი კედლის გარდა, სითხეს აქეთ-იქით, ყველგან ასხამს - შუშაზე, ფანჯარაზე... არადა, შეუძლია, რომ ძალიან მარტივად, შუშას ცელოფანი ააკრას. ასეთ შემთხვევაში, სითხის წვეთები ცელოფანს შეესხმება. როცა საქმეს დაასრულებს, ცელოფანს შუშიდან ააცლის, გადააგდებს და მორჩა - მინაზე ზედმეტი რაღაცები არ იქნება. ამ ყველაფერს ხელოსნები ყურდღებას არ აქცევენ. საერთოდ, ყველა პრობლემა ხელოსნებიდან მოდის: მაგალითად, ჯერ მეტლახს აგებენ, შემდეგ კი ჭერს ათეთრებენ. ჭერის გათეთრებისას შხეფები მეტლახს დასვრის. ხომ შეიძლება, ჯერ ჭერი შეათეთრონ ან მეტლახზე მუყაო თუ ცელოფანი დააფინონ? დაბინძურებულ ცელოფანს სამუშაოს დასრულების შემდეგ აიღებენ და გადააგდებენ. მეც და დამკვეთიც ამდენს აღარ ვიწვალებთ. ამას წინათ, ვიღაცამ იხუმრა: - თუ ხელოსნებმა იქაურობა არ გატუტყნეს, შენ რას გააკეთებო? დასალაგებელი მაინც იქნება, მაგრამ ისეთი რთული არა, როგორიც ახლა გვაქვს.
GzaPress- იატაკის დაბინძურებულ ფილებს, ფანჯრებს როგორ ასუფთავებთ?
- საერთოდ, მძიმე ხსნარებს არ ვიყენებ - ჩვეულებრივ სარეცხ საშუალებას წყალში ვხსნი. ნებისმიერი ცემენტი, გაჯი, "შპაკლი" წყალში იხსნება. თუ წყალში გახსნილი სარეცხი საშუალებით დავასველებთ, ცოტა ხანს დავაცდით და დავალბობთ, შემდეგ ღრუბლის უხეშ მხარეს ან რბილ, უჟანგავ "სეტკას" გავუსვამთ, მოსცილდება. თუ იატაკია დაბინძურებული, მაშინ ცოტა მჟავის მიშველებაც შეიძლება, რომ ცოტათი დარბილდეს და საკანცელარიო დანით, შედარებით მარტივად ავაცალო. ფანჯრების შემთხვევაში, ძირითადად, პრობლემა მიმწვარი ლენტებია ხოლმე. კაფელის ფილაზე თუ 1-2 წვეთია დასხმული, ცხადია, ბევრად მალე მოაშორებ, ვიდრე ძალიან დაბინძურებულს. მქონია შემთხვევა, როცა ერთ აივანზე 9-10 ფილა იყო დაგებული, მაგრამ ბევრი საღებავი გახლდათ დაღვრილი. შესაბამისად, დასუფთავებას უფრო დიდხანს მოვუნდი.
- ფანჯრებზე არსებული წებოვანი ლენტები ახსენეთ. გვითხარით, როდის, როგორ უნდა მოვაშოროთ, რომ შრომა არ გაგვირთულდეს?
- მეტალოპლასტმასის ფანჯრებს წებოვანი ლენტები აქვს, რომელთა აძრობის ვადა 10-14 დღეა. თუკი ვადას არ გადავაცილებთ, პრობლემა არ შეგვექმნება - საკანცელარიო დანით, ლენტებს გვერდებზე მარტივად ჩავაჭრით, ხელს მოვკიდებთ და 2 წამში ასძვრება, მაგრამ თუკი ვადას გადავაცილებთ, 6 თვის ან 1 წლის მერე მოვინდომებთ აძრობას, ამ დროს ლენტი უკვე მიმწვარი იქნება და აფხეკის გარდა, ვერანაირად ვერ მოვაშორებთ. ასეთი ლენტების ასაძრობად კომპანიები სპეციალურ ფენებსა და უთოებს იყენებენ, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს. მე არც კომპანია მაქვს და არც ამ ხელსაწყოების შესაძენი თანხა, ამიტომ ვწვალობ.
- საკანცელარიო დანით აფხეკა ნაკაწრებს არ ტოვებს?
- საერთოდ, დამლაგებელმა საკანცელარიო დანის სწორად გამოყენება უნდა იცოდეს. თუკი ერთხელ მაინც დანას არასწორად გაუსვამ, შეიძლება, რამე გაჭრა ან გაკაწრო. პირადად მე, ერთხელაც არ გამიჭრია ან გამიკაწრავს რამე. ყავისფერი ფანჯრების დასასუფთავებლად არ დავდივარ, მხოლოდ თეთრზე ვმუშაობ. ყავისფერი უფრო რთულად გასასუფთავებელია, სხვაგვარი სტრუქტურა აქვს, დანის ნაკაწრიც ეტყობა. ამიტომ ამ საქმეს თავს ვარიდებ და კლიენტს კომპანიას ვურჩევ ხოლმე. თეთრ ფანჯარაზე არასდროს არაფერი დამიკაწრავს. კომპანიაში სამუშაოდ ჯგუფი (8-10 კაცი) დავდიოდით. ფანჯრებს ბიჭები ასუფთავებდნენ - ქალებს არ უშვებდნენ, რადგან რთული საქმეა. კომპანიაში ერთი ზუგდიდელი ბიჭი (წარმოშობით მეც ზუგდიდელი ვარ) გავიცანი, ახლობელი აღმოჩნდა და მას ვთხოვე - აქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ და იქნებ, ფანჯრების დასუფთავება მასწავლო-მეთქი. ფაქტობრივად, მისგან ვისწავლე. ახლა იმიტომ მაქვს მეტი შემოსავალი, რომ ძირითადად, ფანჯრებს ვასუფთავებ. ეს უფრო რთული და ძვირი საქმეა.
- ფანჯრების დასუფთავებისთვის ცალკე საფასურია დამკვეთისთვის?
- თუ დამკვეთს მთელი ნარემონტალი ბინის დასუფთავება სურს, ამ შემთხვევაში საფასურს ფანჯრების ჩათვლით, ბინის ფართობის მიხედვით ვსაზღვრავთ, მაგრამ თუ მხოლოდ 1 ან 2 ფანჯრის დასუფთავება სურს, მომსახურების ღირებულებას ფანჯრების რაოდენობის მიხედვით ვითვლით. სტანდარტული, ნარემონტალი ფანჯრის დასუფთავება 30 ლარი ჯდება, აივანზე გასასვლელი კარის - 40-55 ლარი (კარს გააჩნია, ზოგი 3-ფრთიანია).
- ყოველთვიურად, საშუალოდ, რა შემოსავალი გაქვთ?
- მაგალითად, წინა კვირაში 1 დღეც არ მიმუშავია, ახლა კი ორშაბათიდან შაბათამდე ყველა დღე დაკავებული მაქვს. შეიძლება, თვეში 10 დღე ვიმუშაო, შეიძლება - მეტი ან ნაკლები... ალბათ, თვეში შემოსავალი 500 ლარი გამომდის. ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან მალე ვხარჯავ (იცინის).
- ყველაზე უცნაური სიტუაცია, რაც ობიექტზე მისულს დაგხვედრიათ...
- ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა: ობიექტზე (ნაძალადევში) მივედი. დამკვეთი ექიმი გოგო გახლდათ, რომლისთვისაც ნათქვამი მქონდა, - კიბე დამჭირდება-მეთქი, მაგრამ არ დამახვედრა. სამაგიეროდ, პლასტმასის "ტაბურეტკა" შემომთავაზა, თან - საკმაოდ დაბალი. ვუთხარი, - ფანჯრებს ვერ მივწვდები, ვერ დავალაგებ-მეთქი. თავად შედგა "ტაბურეტკაზე", ხელი ასწია და ფანჯარას მისწვდა. მე ვერ მივწვდი, მისი სიმაღლის არ ვიყავი. მერე ვამბობდი, - ამის შემდეგ, განცხადებაში ჩემს სიმაღლესაც მივუთითებ-მეთქი (იცინის)... მოკლედ, იმ დღეს ვერ ვიმუშავე. თან, მითხრა, - კიბე თავად უნდა მოგეტანაო. არადა, ახსნილი მქონდა, რომ რუსთავიდან უნდა მივსულიყავი. წარმოიდგინეთ, რუსთავიდან ნაძალადევში დაკეცილი კიბე უნდა მიმეტანა (იცინის)...
- ობიექტზე სამუშაოდ თან რა მიგაქვთ?
- არაფერი, გამოსაცვლელი ტანსაცმლის გარდა. კლიენტები ყველაფერს თავად მახვედრებენ. ვინც მთხოვს, რომ საჭირო ნივთები თავად მივიტანო, მათთან არ მივდივარ. სანამ ობიექტამდე მივალ, შეიძლება 3-4 სხვადასხვა ტრანსპორტის გამოცვლა მომიხდეს: ჯერ სოფლიდან რუსთავში უნდა მივიდე, რუსთავიდან - თბილისში, მერე გააჩნია, ობიექტი რომელ უბანშია...
- თქვენს სფეროში როგორი კონკურენციაა?
- ძალიან დიდი. სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფს, რომელშიც გაწევრებული ვარ, 12 ათასამდე წევრი ჰყავს. ალბათ, მათგან 11 ათასი მაინც დამლაგებელია. ბევრ პოსტს აქვეყნებენ, მაგრამ მე მეძვირეც ვარ და ამაყიც - ასე მახასიათებენ. მხოლოდ კონკრეტულ 10 გოგოს მივიჩნევ ჩემს კონკურენტად, დანარჩენს - არა. იმ გოგოებმა საკუთარი საქმე კარგად იციან და კარგი რეკომენდაციებიც აქვთ. მათ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ინტერნეტით ვურთიერთობთ და ერთმანეთს ვეხმარებით. ვერც ვიტყვი, რომ კონკურენტები არიან - ძალიან დავმეგობრდით.
- შეგიძლიათ, პირველი სამუშაო დღე გაიხსენოთ?
- პირველი დასალაგებელი ობიექტი ნარემონატალი არ ყოფილა - ჩვეულებრივი, გენერალური დასუფთავება იყო (წერეთელზე, პანთეონთან). ზუსტად ვიცი, ახლა იგივე ბინა რომ დავალაგო, დამკვეთს 150 ლარს გამოვართმევ, მაგრამ მაშინ იმ ქალმა 30 ლარი გადამიხადა. თან, მთელი დღე მეწუწუნებოდა, რომ ბევრს მიხდიდა. პირველად ვმუშაობდი და ვფიქრობდი, - მთავარია, ვისწავლო-მეთქი... ნარემონტალის დალაგებას რაც შეეხება, პირველად მე და ერთი გოგო 300 არაგველის მეტროს გვერდით მდებარე ობიექტზე ვიყავით. დავწმინდეთ: კიბეები, კარებები, საპირფარეშო... მახსოვს, საპირფარეშოს დასალაგებლად რაღაც ხსნარი გამოვიყენე და ძლივს ამოვისუნთქე. დამკვეთი მიხვდა, რომ ლამის დავიხრჩვე და გარეთ გამომიშვა, რომ ჰაერი ჩამესუნთქა.
- იქაც დაგჩაგრეს, თუ გაწეული შრომის შესაბამისი გასამრჯელო მოგცეს?
- არა, იმდენი არ მოუციათ, რამდენიც მეკუთვნოდა. ახლა უკვე ვიცი, ამ საქმეს რამდენი შრომა სჭირდება. მაგალითად, გუშინ იმდენი ვიმუშავე, რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ. შეიძლება, ვიღაცას ჩემი მომსახურება ეძვირება, მაგრამ რაც არ მიღირს, იმ საქმის გასაკეთებლად ვერ წავალ. თან, თვალთან დაკავშირებული პრობლემებიც მაქვს - ჩემთვის ხსნარები და ერთ ადგილას ჩაკირკიტება არ შეიძლება, მაგრამ ვერ ვისვენებ (იღიმის)...
- პრეტენზიული კლიენტები გყავთ?
- რამდენიც გნებავთ. ზოგს ჰგონია, რომ ჩართული რობოტი ვარ და არ შეიძლება, დალაგებისას რაღაც წერტილი გამომრჩეს. საერთოდ, შენიშვნას ვიღებ, თუ კორექტულად მომცემენ - აუცილებლად მივბრუნდები და შეცდომას გამოვასწორებ. ზოდიაქოთი ვერძი ვარ და სხვა შემთხვევაში, თავს ვერ დავხრი. ვალაგებ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ ვარ და ჩემზე მეტი არავინ არის, რომ ზემოდან მიყუროს. სადაც თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, იქ ვერ გავჩერდები, 50-100 ლარი კი არა, თუნდაც ათასი გადამიხადონ... რამდენიმე გამორჩეული დამკვეთიც მყავს, რომლებთანაც უკვე მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ერთ-ერთი მათგანი - თამარი ნუცუბიძეზე ცხოვრობს. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.
GzaPress
- ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით...
- ზუგდიდელი ვარ. დედასთან ერთად, თბილისში 8 წელი ვიცხოვრე - სტუდენტობის პერიოდი დედაქალაქში გავატარე. პოლიტექნიკურ კოლეჯში გარემოს დაცვის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ, ერთ-ერთ პიკნიკზე მომავალი მეუღლე გავიცანი. მთიული კაცია. 2 შვილი გვყავს: 6 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭი... მეუღლე ზოგჯერ მეუბნება, - იღლები, თავი დაანებეო, მაგრამ ვერ ვჩერდები, ვერ ვისვენებ. თან, შემოსავალი ზედმეტიც არ არის.
- თავად მეუღლე რას საქმიანობს?
- ამჟამად ემიგრანტია. საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა. პოლონეთში ახალი გამგზავრებულია.
- ახალ სამგორში როგორ ცხოვრობთ?
- ძალიან წყნარ გარემოში ვცხოვრობ. მაქვს 2-სართულიანი კერძო სახლი, დიდი აივნით, ეზოთი. გვაქვს ვენახი, ბოსტანი, გვყავს საქონელი... ჩვეულებრივი სოფელია. რუსთავიდან 20 წუთის სავალ გზაზეა.
- მუშაობას რომელ საათზე იწყებთ და ასრულებთ?
- დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე ვმუშაობ, მაგრამ ახლა ყველა კლიენტს ვთხოვე, რომ ნახევარი საათით უნდა დავაგვიანო, რადგან ბავშვები სკოლაში მიმყავს და სამსახურში მერე მივდივარ. ამ ნახევარ საათზე პრობლემა არავის აქვს.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.