"ოცნება" ნებისმიერ ლიდერს შეიყვანს კაბინეტში და "ნაშასავით დაკერავს"
font-large font-small
"ოცნება" ნებისმიერ ლიდერს შეიყვანს კაბინეტში და "ნაშასავით დაკერავს"
დიდი პოლიტიკური კლოუნადა

დავით გოგიშვილი პროფესიით ისტორიკოსია, ფართო საზოგადოებამ კი ის იუმორისტული შოუებიდან გაიცნო. ახლა ემიგრანტია. 3 წელია, საქართველოში აღარ ცხოვრობს, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ყოველთვის აქტიურად ადევნებს. სამშობლოში რამდენიმე დღით ახლახან დაბრუნდა და ვთხოვეთ, მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი თვალსაზრისი გაეზიარებინა.


- 2012 წელს, როცა ქართველმა ხალხმა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან გაუშვა, მხოლოდ პერსონალიებზე კი არ იყო ლაპარაკი, ქართველი ხალხი ღირებულების ცვლილებებს ელოდებოდა. აგრესიულ, კომკავშირული სულისკვეთების პათოსს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა, ხალხმა ზურგი შეაქცია და უარი უთხრა. ბიძინა ივანიშვილი თავისი ბექგრაუნდით ქველმოქმედებასთან, სიკეთესთან ასოცირდება, ის იყო ბევრი ეკლესიის აღმშენებელი, საპატრიარქოსთან ერთ-ერთი დაახლოებული პირი... რაც გააკეთა, იმას ვერ დავუკარგავ. მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა სათავეში თავისი პოლიტიკური ძალა მოიყვანა, გაჩნდა მოლოდინიც, რომ ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, რაზეც ეს ქვეყანა დგას, დაცული იქნებოდა.
- და რა მოხდა?
- მმართველი პოლიტიკური ძალა ბევრად უფრო ლიბერალური ფასეულობების მატარებელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედნი იყვნენ, მაგრამ ქართულ ჩოხაში "შეფუთული". "ნაციონალები" თავიანთ მიმართულებას არ მალავდნენ, გვეუბნებოდნენ, ჩვენ ასეთები ვართო. ესენი კი "კარგ ტიპებს" თამაშობენ და ამ თვალსაზრისით, გაცილებით საშიშნი არიან.
ის, რაც დღეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხდება, არც ჯალალ-ედ დინს, არც თემურ ლენგს, არც შაჰ-აბასს გაუბედავს. ლაფში ამოსვარეს ორიათასწლოვანი ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის მქონე ეკლესია. ამაზე სრული პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
- რატომ?
- ე.წ. ლიბერალურ ფრთას, რომლის "ინკუბატორი" თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან მიბმული ენჯეო სექტორი იყო, იმის მაგივრად, რომ პასუხი მოეთხოვათ, რასაც მათ ქართველი ხალხი სამართლებრივად ედავებოდა, ხელისუფლებამ მათთან კოაბიტაციის პოლიტიკა შემოგვთავაზა. წლების განმავლობაში, "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები" პოლიტიკამ (ჯგუფში გვყავდეს ლიბერალებიც, კონსერვატორებიც, ეს გარკვეულ ელექტორატზე მუშაობს), საბოლოოდ ამოხეთქა.
ქართველებს ბევრი მართლმადიდებელი ერი შემოგვნატრის, რადგან ეკლესია ერთადერთი ინსტიტუტია ქვეყანაში, დიდი ნდობით რომ სარგებლობს. პოლიტიკოსებმა, მთავრობებმა ხალხს იმედი ბევრჯერ გაგვიცრუეს. ვერავინ იფიქრებდა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეს თუ მოხდებოდა, შოკის მომგვრელი იყო.
- არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნაზე რა აზრის ხართ?
- ეს არის შირმა. მაჟორიტარული სისტემა საბჭოთა პერიოდიდან ინერციით გამოყოლილი სიმბიოზია. მაჟორიტარობა (რომლის სახეა ჰალსტუხის ნასკვზე დადებული ღაბაბი, ნახევარი რაიონი გაყიდული რომ აქვს, პარლამენტში ნაყიდი მანდატით რომ ზის და თავის ბიზნესს ლობირებს) წარსულს უნდა ჩავაბაროთ, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეა. ნახეთ, დღეს ერთმანეთის გვერდით როგორი ხალხი დგას. ეგენი ერთად ვერ "მოძოვენ", ეს დროებითი მოვლენაა, ისინი ივანიშვილმა შეადუღაბა. ყველაზე დიდი საფრთხე რაში მდგომარეობს, იცით? "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა არ აწყობს.
- არ აწყობს? ამბობენ, რომ ამისთვის იბრძვიან.
- დღეს "ნაციონალური მოძრაობისთვის", სასტარტო მდგომარეობით, 2003 წელი არ არის. მათ აღარ აქვთ ძველებური საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსური რესურსები. აღარ ჰყავთ ივანიშვილი, რომელიც "ვარდების რევოლუციას" დაუფინანსებს და ხელისუფლებაში მოიყვანს. დღეს ქვეყანა გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე 2003 წელს იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელში მართვის სადავეები რომ აიღოს, იმ ელექტორატსაც კი იმედებს გაუცრუებს, რომელიც მათ რეფორმების გამტარებელ, მყარი ვერტიკალის მქონე ხელისუფლებად აღიქვამდნენ, ყველაფერი ერთ თვეში დაემხობათ თავზე, ქვეყანას ვერ მართავენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პრაგმატულად მოაზროვნეები არიან. მათ იციან, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული ათასნაირი კომფორტი წარსულს ჩაჰბარდება. დღეს ოპოზიციაში არიან და ნულოვანი პაუხისმგებლობა აქვთ.
- "ათასნაირ კომფორტში" რას გულისხმობთ?
- წარმოიდგინეთ, "ქართული ოცნება" მათ როგორ კომფორტს სთავაზობს. "ოცნებამ" გაწირა თავისი მხარდამჭერები, რომლებიც არ შეუშინდნენ მერაბიშვილს, ახალაიებს... იმ ერთგული ელექტორატის 90% გაწირა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს გვერდში დაუდგა. მათი კვოტა ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში და ეშელონებში ფანატიკოსმა "ნაცებმა" შეავსეს. პრაქტიკულად აღმასრულებელ სტრუქტურებში, ადგილობრივი თვითმმართველობებში კვოტები 60/40-ზე აქვთ გაყოფილი. "ნაციონალებისთვის" ჩადენილ დანაშაულებზე სამართლებრივი რეაგირება და ძველი ცოდვების მოკითხვა არ მომხდარა. წარმოგიდგენიათ, "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენ კომფორტს სთავაზობს. ხელისუფლების სათავეში მოსვლისას, "ნაციონალები" ამ ყველაფერს დაკარგავენ და ეს რა თქმა უნდა, არ აწყობთ. ახლა ქართული პოლიტიკა ერთი დიდი კლოუნადაა.
ჩემი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგება, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის არჩაშლის სანაცვლოდაც მოხდა. "ნაციონალების" ლიდერების 80%-ს ჯიბეში "ქართუ ბანკის" ბარათები აქვთ. ქართულ პოლიტიკაში, ამ ბანკიდან თანხის ჩარიცხვის მაუწყებელი მესიჯის სინდრომია.
- როგორ ფიქრობთ, დღეს სადავეების ხელში აღების ძალა ვის შესწევს?
- ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის ძალა შესწევს, არის ნინო ბურჯანაძე. შეიძლება გარკვეული შეკითხვები მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებითაც დაისვას, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე სხვა არავინ ჩანს. ბურჯანაძეს შეუძლია პოლიტიკური ცხოვრება დააბალანსოს. მას მიესვლება საერთაშორისო სტრუქტურებშიც და რუსეთის ხელმძღვანელობასთანაც, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ სახელმწიფოსთან 780 კილომეტრი საერთო საზღვრის არსებობა მოსჯილი გვაქვს.
- მიმდინარე აქციების ფონზე, მოვლენების შესაძლო განვითარების თქვენეული პროგნოზი როგორია?
- ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ზეწოლაზე. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, გიგი უგულავასთან როგორ უნდა იურთიერთოს, როგორ უნდა "დაკეროს". კანფეტივით ჯიბეში ჰყავს ჩასმული. მგონია, რომ საერთაშორისო ზეწოლა "ქართულ ოცნებას" აზრს შეაცვლევინებს, თორემ ამ აქციებს არანაირი ძალა არა აქვს.
- ეს ხელისუფლებისთვის დისკომფორტი არ არის?
- არანაირი. "ოცნება" ნებისმიერ ლიდერს შეიყვანს კაბინეტში და "ნაშასავით დაკერავს".
- შემდეგი არჩევნების თქვენეული პროგნოზი როგორია?
- სამწუხაროდ, შემდეგ არჩევნებსაც მშვენივრად მოიგებს "ქართული ოცნება", ამას "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს. ეგენი ერთმანეთს აცოცხლებენ. ივანიშვილი ყველაზე მეტად საფრთხეს ვისგანაც გრძნობს, მას არჩევნები ორჯერ გაუყალბა და პარლამენტში არ შეუშვა, - ეს არის ნინო ბურჯანაძე. ისე არ გამიგოთ, რომ ამ ადამიანზე მზე და მთვარე ამომდის. გინდა თუ არა, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე სხვა მოთამაშე არ არსებობს. ქართული პოლიტიკური ბაზარი ჩვეულებრივი "სექენდ ჰენდია" მეორადი პოლიტიკოსებით, ახლა სწორ ხაზში რომ ჩაწყობილან.
- ამ "მეორად პოლიტიკოსებს" საზოგადოება ხომ უკვე კარგად იცნობს, მათ ვინმე ენდობა?
- მათ საზოგადოება არ გაჰყვება. ქართველი ხალხის ნიჰილისტური და ინდიფერენტული დამოკიდებულება "კოსმოსშია წასული". რუსთაველზე აქციებით ყოფნით არაფერი შეიცვლება. ქართველ ხალხს განაჩენი აქვს გამოტანილი. 40 წელი უდაბნოში უნდა ვიაროთ, ისე როგორც მოსემ ატარა ებრაელები. აქედან 30 წელი უკვე გავიდა.
ივანიშვილმა ადამიანების გაიდეალება იცის. ვინმე თუ გააიდეალა, მან რომ უთხრას, მტკვარი ნილოსიაო, საკითხს არ გადახედავს. ამ ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო 20 ივნისის ამბების აცილებაც. რეალურად, გავრილოვის ამბავი შეიძლებოდა ძალიან მარტივად მოგვარებულიყო. პრევენციის მილიონი საშუალება ჰქონდათ, მაგრამ "ქართული ოცნების" სადავეები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და პოლიტიკის ფორმირება ხდება, "ნაციონალურად" მოაზროვნე ხალხს უკავია. "ოცნებაში" ბევრი ლატენტური "ნაციონალია". პოლიტიკაში "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი სავიზიტო ბარათი რა იყო? პროვოკატორობა. სააკაშვილი ყოველთვის ცეცხლზე ნავთს ასხამდა. ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძეს ეს ამბავი თამარ ჩუგოშვილმა გაუჩალიჩა, მას კობახიძის "გაფუჭება" უნდოდა.
- გავრილოვის ცნობილი ამბის შემდეგ, რუსეთში მცხოვრებ ქართველებში როგორი განწყობა იყო?
- ძალიან შეწუხდნენ, აქედან ხომ არ გაგვყრიანო? მათ ვეუბნებოდი, ამის პირველი შედეგი ის იქნება, რომ 1 დოლარი 3 ლარზე ავა, რუსები ისეთი სულელები არ არიან, ისევ საბარგო თვითმფრინავში შეგვყარონ და გაგვიშვან-მეთქი. დღეს ხელისუფლება რუს ხალხს საკუთარ აზრს ვერ ახვევს თავზე, ეს კი ინტერნეტის და ტურიზმის დამსახურებაა. მოსკოვში ჭორები ვრცელდებოდა, ქართველები რუსებს თავებს აჭრიანო. შემდეგ ტურისტების მიერ პეტიციები შედგა, ქართველებს ვუყვარვართ, სულში გვიძვრენენო. იდებოდა ვიდეოები, ქართველი გლეხები რუს ტურისტებს სოფლებში როგორ უმასპინძლდებოდნენ, ჭაჭას ჩუქნიდნენ, ეს მათთვის უცხო რამ არის.
მოგეხსენებათ, ადრე რუს მოქალაქეს შეეძლო საქართველოში 3 თვე გაეტარებინა, შემდეგ საზღვარი აუცილებლად უნდა გადაეკვეთა. ხელისუფლებამ ეს სამთვიანი ვადა 1 წლამდე გაზარდა, გონივრული ნაბიჯი გადადგა.
GzaPress
- გიორგი გახარიაზე რა აზრის ხართ?
- გიორგი გახარია უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ჩემზე ერთი წლით წინ სწავლობდა. ეს ის პერიოდი იყო, უნივერსიტეტი ბაკალავრიატის 5-წლიანი სწავლებიდან 4-იანზე რომ გადავიდა. გიორგის კურსი 5-წლიანის ბოლო გამოშვება იყო, ჩემი - 4-წლიანის პირველი გამოშვება და ამის გამო, მე და გიორგი სამხედრო კათედრაზე ერთად დავდიოდით. ჩვენი ჯგუფის უფროსი მაიორი ნოდარ ვაწაძე იყო.
- იმ პერიოდიდან გახარიამ თავი რით დაგამახსოვრათ?
- ძალიან კარგი ადამიანია, მოწესრიგებული, დახვეწილი, სულ ასეთად მახსოვს. კარგი სტუდენტი იყო, ნიჭიერი.
- "რუსთავი 2"-ში მომხდარ ცვლილებებზეც გკითხავთ, წლების განმავლობაში, თქვენ ამ არხის თანამშრომელი იყავით.
- სანამ ტელევიზიის მფლობელის საკითხი გადაწყდებოდა, მქონდა პოზიცია, რომ იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა არხზე დარჩებოდა და ივანიშვილთან ხალვაშის უმტკივნეულოდ შემოშვების სანაცვლოდ მოლაპარაკებები დაიწყებოდა. იქ, მაღალ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს კარგი ხელფასები ჰქონდათ. ვერ დავიჯერებ, რომ 15.000 ლარის შემდეგ, ვინმე 1.000-ლარიან ხელფასზე დათანხმდებოდა; ვერც იმას დავიჯერებ, რომ ერთ მშვენიერ დილას კეზერაშვილს გაეღვიძა და თქვა: ვაიმე, სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და მე უნდა ვუშველოო. "მთავარ არხს" ჰყავს ძლიერი დამფინანსებელი, ვიღაცებს შორის დიდი გარიგებაა. ეს ჩემი ვარაუდია, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ვინც არხზე დარჩა, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
- არხზე არაერთი ძველი სახე დაბრუნდა. თავად სურვილი არ გაქვთ?
- იქ რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომლებთანაც ადრე კონფლიქტი მქონდა. თან 2 ლარად მუშაობაც აღარ მინდა, ეს აღარ გამოვა.
- ემიგრაციაში თავს როგორ გრძნობთ?
- უზომოდ მენატრება საქართველო. 3 წელია, რაც წასული ვარ. ქართულ რესტორანში მიმტანად ვმუშაობ. ემიგრაციაში უფრო დიდი ქართველი ვარ, ვიდრე - ჩემს ქვეყანაში. ვცდილობ, ყოველი რუსის გულში ქართველი ხალხისა და საქართველოს სიყვარულის თითო ნერგი დავრგო და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვახერხებ კიდეც. არაერთი ტურისტი გამომიშვია საქართველოში, მერე ინტერნეტით მეკონტაქტებოდნენ და ვუხსნიდი, სად უნდა წასულიყვნენ, რა უნდა ენახათ. შემდეგ ემოციებს მიზიარებდნენ, უზომოდ მოხიბლულები ბრუნდებოდნენ. რესტორანში, სადაც ვმუშაობ, აკადემიური საზოგადოება დადის. მოსკოვში ქართველების მიმართ ისეთი დამოკიდებულება და პოზიტივია, კომუნისტების დროს რომ არ ყოფილა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს, პუტინის დედის გინება რომ წყვეტდეს, მერწმუნეთ, გაბუნია ვერ მომასწრებდა.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.