ქართული პროდუქციით "მოწამლული" დები
font-large font-small
ქართული პროდუქციით "მოწამლული" დები
ბევრი მასალა გავაფუჭე, ვიდრე კარგად ვისწავლიდი

ნატურალური ტყავი, გასანთლული ძაფი, წებო, ჩაქუჩი და ე. წ. ჩანგალი დების, მარიამ და ქეთევან გიორგაძეების ძირითადი სამუშაო ხელსაწყოებია. ორივე მაქსიმალისტია - ცდილობენ, გულიანად აკეთონ საქმე და მიიჩნევენ, რომ წარმატება თუ გინდა, პრეტენზიაც უნდა გქონდეს ხარისხზე. გამოფენებზე, ტელევიზიებში, პრესაში ნაკლებად ჩანან, ზედმეტი ხმაური არ უყვართ, ბედნიერები არიან, როდესაც სხვას ახარებენ და სჯერათ, რომ მათი შექმნილი ნივთები სხვებს აუცილებლად მოუტანს სიკეთეს.


მარიამი:
- პროფესიით მეც და ქეთევანიც იურისტები ვართ. მანამდე ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ გვქონია, ჩვენი სპეციალობით ვმუშაობდით ბათუმში. მე საჯარო სამსახურში ვიყავი დასაქმებული და მერე, პოლიტიკური ნიშნით რომ დაიწყო ხალხის გადარჩევა, გამათავისუფლეს. ამის გამო ზოგჯერ გულიც მწყდება, რადგან ვხედავ, ქვეყანას კეთილსინდისიერი იურისტები როგორ სჭირდება. დღემდე მიყვარს ეს პროფესია. ქეთევანი ამჟამადაც იურისტად მუშაობს და თან აქტიურად არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში.
- მანამდე ხელსაქმე თუ გიყვარდათ?
- ქეთევანს უფრო გამოსდიოდა ხელიდან რაღაცები, ვიდრე მე. კერვა საერთოდ არ მეხერხებოდა, ერთი ეგ იყო, რომ ხატვა მიყვარდა, უფრო სწორად, ხაზვა. ბავშვობაში ექიმობა მინდოდა და ამასთან ერთად რატომღაც ვოცნებობდი, მქონოდა საკუთარი ბიზნესი - ფეხსაცმელები და ჩანთები მეწარმოებინა. ჩემი წარმოსახვით ესკიზებსაც ვქმნიდი ხოლმე. მერე ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება მიმავიწყდა და გამახსენდა მაშინ, პირველი ჩანთა რომ შევკერე. ვხუმრობდი კიდეც, სხვა კარგი ოცნებებიც მქონდა და რაღა მაინცდამაინც ეს ამისრულდა-მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ ქალისთვის უმძიმესი საქმეა, მომწონს და მიყვარს, რასაც ვაკეთებ. თუ ხელით მუშაობ და თუ გულით აკეთებ, ნამდვილად რთული საქმეა. ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე, აი, ეს ჩანთა ბოლოა და მეტს აღარ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ დასრულებისთანავე ვფიქრობ ახალი მოდელის შექმნაზე. ისეთი ადრენალინი აქვს მომხმარებელთან შეხვედრას და ნივთის გადაცემას, ფოსტით გამომიგზავნეო, რომ მეუბნებიან, უარზე ვარ. პირადად რომ ვხვდები და მათ რეაქციებს რომ ვუყურებ, ეს მაბედნიერებს, უმრავლესობასთან ვმეგობრობ კიდეც. მოკლედ, უკვე წლებია, მოწამლული ვარ ქართული პროდუქციით (იცინის).
ქეთევანი:
- 2009 წლიდან დავიწყეთ ტყავზე მუშაობა. პირველად სამაჯურები გავაკეთეთ. ბათუმში ხელნაკეთი ნივთების პატარა სალონი გვქონდა. ტურისტები სასაჩუქრედ რამე განსხვავებულს ეძებდნენ. გვინდოდა, საუკეთესო ნივთები გვქონოდა, მაგრამ მაშინ თითო-ოროლა ვინმე თუ მუშაობდა ტყავზე. ჭირდა მასალის შოვნაც. სამაჯურების მერე მეგობარს ქამარი დავუმზადეთ, მერე ბარათის ჩასადებები და ბოლოს უკვე ჩანთები.
მარიამი:
- იმ ადამიანების ძიებაში, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ქმნიდა, ლამის მთელი თბილისი მოვიარე. საერთოდ, ერთ ადგილას უსაქმურად დიდხანს ვერ ვჩერდები, ამიტომ გამიჩნდა ტყავზე მუშაობის იდეაც. მანამდე ვისწავლე მინანქარი, შუშაზე გრავირება და სანთლების დამზადება. ამჟამად ერთოთახიანი ბინის სამზარეულოში ვმუშაობთ, სახელოსნოს ქონა დიდი ფუფუნებაა. მინდა, ოდესმე მაინც გვქონდეს ერთი პატარა სახელოსნო, რომელიც შესაბამისად იქნება აღჭურვილი. საკერავი მანქანაც არ გვაქვს, ყველაფერს ხელით ვაკეთებთ - ქეთევანი ჭრის, მე ვკერავ.
ქეთევანი:
- თბილისში ჩვენი კარის მეზობელი კონსტრუქტორი აღმოჩნდა, ფეხსაცმლის ნახაზებს აკეთებდა. შემთხვევითი არაფერია, ალბათ ღმერთმა შეგვახვედრა ეს ადამიანი. მან გვასწავლა ბევრი რამ, ჩანთების ნახაზებს დღესაც თვითონ გვიკეთებს.
მარიამი:
- მახსოვს, ერთხელ ქეთევანმა საიდანღაც ტყავის მოზრდილი ნაჭერი მოიტანა და ისე გამიხარდა, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. პირველი ჩანთა სწორედ მაშინ შევკერეთ და ჩვენს მეგობარს ვაჩუქეთ. მოდელი მომწონდა, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, როგორ უხარისხოდ გვქონდა შეკერილი, მეცინება. საერთოდ, რთულია ტყავზე მუშაობა. ბევრი მასალა გავაფუჭე, ვიდრე კარგად ვისწავლიდი. ეს არის მასალა, რომელიც ყოველ ჯერზე გასწავლის რაღაც ახალს, იდეებსაც გაწვდის თავისი ფორმის, ფერისა თუ დაბოლოების მიხედვით. ვთქვათ, დავჭერი ტყავი ჩანთის შესაკერად და დავიწყე აკინძვა. ამ დროს ჩნდება იდეები - აი, ამ მხარეს ასე უფრო სჯობდა, ასეც კარგი იქნებოდა და ა. შ.. ფაქტობრივად, უკვე ახალი ჩანთის მოდელი იქმნება.
GzaPress
- სახელს თუ არქმევთ ხოლმე თქვენს ნამუშევრებს?
- აბა, რა, ყველას აქვს სახელი. ვისთვისაც პირველად იკერება ესა თუ ის მოდელი, სწორედ მისი სახელითა და გვარით შედის ჩვენს კოლექციაში.
- მარიამ, ბევრგან მინახავს კედლის საათები ქართული ცეკვის ელემენტებით და ძალიან მომწონდა. თურმე იდეა თქვენ გეკუთვნით.
- ასეა, იდეა ნამდვილად ჩვენია. ისრების ნაცვლად მოცეკვავეები არიან გამოსახულები. მახსოვს, პირველად ასეთი საათი რომ გავაკეთე და ელემენტი ჩავდე, რა გახარებული ვყვიროდი სახლში, ამუშავდა, ამუშავდა-მეთქი.
- სხვებისგან განსხვავებით, ერიდებით ტელევიზიაში, პრესაში გამოჩენას, არც გამოფენებზე აქტიურობთ. ამბობთ, რომ საუკეთესო რეკლამა თქვენივე ნაწარმია. როგორ ახდენთ რეალიზაციას?
მარიამი:
- ერთხელ ჩემმა მეგობარმა აიჩემა, მაგარი ბალთა მაქვს და რამე ორიგინალური ქამარი მინდაო. ბევრი ვიშრომე, რომ ზუსტად ისეთი გამეკეთებინა, როგორიც უნდოდა და ქამრის ფოტო სოციალურ ქსელში ავტვირთე. ვერ დავივიწყებ, ამას ისეთი კარგი ამბავი მოჰყვა. დამიკავშირდა საოცრად კარგი ადამიანი და საინტერესო ხელოვანი, მხატვარი ნატალია კლდიაშვილი. შემომთავაზა, დამემზადებინა ქამარი პორტუპეი. თუ მომეწონა, აი, ნახე, როგორი წარმატებული იქნებიო, მითხრა. ბუნებრივია, გამიხარდა მისი ეს შემოთავაზება. გამოცდილება არ მქონდა, არც ახლობელი მყავდა ვინმე, ვისაც აზრს ვკითხავდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატალია აღფრთოვანდა ჩემი ნაკეთობით. სად აბარებ ნივთებსო, მკითხა. არსად-მეთქი. მხატვართა კავშირის წევრი უნდა ყოფილიყავი მაშინ, იმ გალერეაში ნივთი რომ დაგედო გასაყიდად. გადაწყვიტეს, ამ გოგოს დავეხმაროთო და დადეს ჩემი რამდენიმე ნამუშევარი. მერე და მერე უკვე ბევრი შეკვეთა მქონდა. ჩვენი ნაკეთობების ფოტოებს ჩვენს გვერდზე ვტვირთავდით. მერე გოგა ჩანადირმაც ატვირთა თავის გვერდზე: ქართულია და კარგიაო. სტუმრად ვიყავი და მახსოვს, იმდენი ვინმე მირეკავდა, გავგიჟდი, რა ხდება-მეთქი? თურმე გოგას "ბრალი" ყოფილა. ტარიელ ზივზივაძე, ქართული პროდუქციის დიდი ქომაგი, ყოველ წელს გამოსცემს კატალოგს. მისი დამსახურებით იქ ჩვენი, გიორგაძეების ნაკეთობებიც მოხვდა. ქეთევან ლაზარაშვილმა კი მაჩუქა კატალოგი, რომელშიც ჩემი ნამუშევრები შევიდა. იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქართულ ნაწარმს ასეთ მხარდაჭერას უცხადებენ, დიდი მადლობა მათ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.