ეკა ფერაძე - ხუთი შვილის დედა და წარმატებული მხატვარი
font-large font-small
ეკა ფერაძე - ხუთი შვილის დედა და წარმატებული მხატვარი
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"

წარმატებული ქართველი მხატვარი, ეკა ფერაძე მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად, წლებია, ბერლინში ცხოვრობს. როგორც აღმოჩნდა, ნიჭიერი ხელოვანი კარგი კულინარიც არის და ოჯახისთვის კერძების მომზადება მისთვის მოვალეობა და რუტინა კი არა, სასიამოვნო პროცესია. საკუთარ და ექვსი წევრის განსხვავებულ გემოვნებას ყოველდღიურად რამდენიმე კერძის მომზადებით აკმაყოფილებს და ცდილობს, ისინი მაქსიმალურად ჯანსაღად გამოკვებოს. ეკა კულინარიასა და ოჯახზე გვესაუბრება:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელოვნებით ძალზე დატვირთული ვარ, დილით მიყვარს ოჯახისთვის საუზმის მომზადება და ვცდილობ, სწორი კვების წესები დავიცვა. ვინაიდან ბევრნი ვართ - მეუღლე, ოთხი ვაჟი და პატარა ქალიშვილი მყავს, ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ - ომლეტს, ხილის სალათს იოგურტით ან იოგურტს თაფლითა და ნიგვზით, ანაყრებს და ძალიან მიყვარს. გაყინულ და დაკონსერვებულ პროდუქტს მაქსიმალურად ვერიდები. მთელი წლის განმავლობაში იყიდება აქ ნებისმიერი ხილი, ციტრუსი და ბოსტნეული. საქართველოშიც ხომ დაიწყეს უკვე სათბურებში მოყვანა და თითქმის ყველაფერია.

ერთობლივი კულინარიული ფუსფუსი
- დიეტური და ძალიან გემრიელი კერძია, მაგალითად, დაფნის ფოთოლში მოხარშული ორაგული, ზემოდან ნახევარ ლიმონს დავაწურავ, ქინძსა და კამას დავაჭრი, ცოტა სვანურ მარილსაც ვაყრი, რომელიც სხვათა შორის, ქათამსაც უხდება, შეწვის დროს.
მე და ჩემი მეუღლე სახლში ხშირად ვაკეთებთ ხინკალს, ხაჭაპურს, თუმცა, აჭარული დიდად არ გამომდის. ნამცხვარსაც ვაცხობ ყოველ ორ დღეში ერთხელ, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ და მირჩევნია, მე გამოვუცხო, ვიდრე კონსერვანტებით სავსე ტკბილეული ვუყიდო. ადრე შოკოლადსაც ვაკეთებდი სახლში, მაგრამ ახლა შევეშვი, ამდენი დრო აღარ მაქვს...
ჩვენი ყოველდღიური მენიუ შეძლებისდაგვარად იმის მიხედვით დგება, ვის რა მოესურვება და უყვარს. ვცდილობ, გაცხელებული ცხიმი ყველამ ნაკლებად მივიღოთ, ამიტომ, ღუმელში ვწვავ ხოლმე თევზს, ხორცს, კარტოფილს იშვიათად, რადგან მის მავნებლობაზე ბევრი მაქვს წაკითხული. ვხარშავ ხოლმე და სუნელს ვაყრი, უფრო გემრიელია. ჩემს მეუღლეს ქართული სამზარეულო ძალიან უყვარს, ასევე, მეც და სიმართლე გითხრათ, საქართველოში ხორცს სულ სხვა გემო აქვს. განა აქ ცუდია, მაგრამ ჩვენი ბალახით გამოკვებილი სულ სხვაა. გერმანია, მოგეხსენებათ, ცნობილია სოსისით. ბევრი სახეობის ქათმის ფილე იყიდება, შეფუთული და ვცდილობ, კანის გარეშე მოვამზადო ხოლმე. შიგადაშიგ, სუშისაც ვამზადებთ მე და ჩემი ვაჟი - გიორგი.

- ძირითადად, საღამოს ვხატავ, თუმცა, ყოველთვის აღვნიშნავ - ჩემი მეუღლე რომ არ მეხმარებოდეს, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. ის ჩემი მენეჯერიცაა. ბავშვების აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მას, ასეირნებს, აჭმევს. საღამოს შემიძლია, წყნარად დავჯდე ჩემს სახელოსნოში, მუსიკა ჩავრთო და მერე მუზა თავისით მოდის. თუმცა, დღის განმავლობაში, როცა იდეა მომივა, გონებაში ვალაგებ ხოლმე, ვხედავ, როგორი უნდა გამოვიდეს, როგორ დავხატავ და მერე ტილოზე გადამაქვს.
სუფრისა და კერძების გაფორმება ძალიან მიყვარს. ამადეუსი, ჩემი მეოთხე ვაჟი, ცუდი მჭამელია, ამიტომ, ვცდილობ, ისეთნაირად მივაწოდო, რომ დაგემოვნება მოუნდეს და მაგალითად, ტოსტის პურს ზედ მდნარ ყველს ვუსვამ, სამკუთხედებად ვჭრი და იხვის პირი არის-მეთქი, ვატყუებ ხოლმე, კიტრისგან თვალებს ვუკეთებ, ბულგარული წიწაკისგან - წარბებს, ხან ფისოს ვუხატავ. ძალიან მიყვარს ტორტების გაფორმებაც. ამადეუსი ოთხი წლის როცა გახდა, მიკი მაუსის 3D ტორტი გავუკეთე.

"გერმანელებს ნიგვზიანი კერძები არ მოსწონთ, მძიმეა"
- ხშირად ვაკეთებ ქათმის ფილეს სოუსითა და სოკოს სოუსით, მაკარონთან ერთად. მაგალითად, ნიგვზიან მხალს გუნდებად მოვამრგვალებ და ზღარბის ფორმას ვაძლევ. გერმანელებს ასეთ სტილს ვერ შესთავაზებ, შეიძლება, სალათები მოვრთო გვირილების ფორმით. ჩვენი კერძები ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, ხინკალი და ხაჭაპური, ნიგვზიანები ნაკლებად, მძიმეა მათთვის, თუმცა, ჩემს ერთ მეზობელ გოგონას ძალიან მოეწონა. როცა ჩვენთან უცხოელი სტუმრები მოდიან, ვცდილობ ვაჩვენო ქართული სუფრის მრავალფეროვნება და ყველანაირ კერძს ვამზადებ, ოღონდ არა გადატვირთულს.
GzaPress
კულინარიული ფესტივალები და "ლიმონის ბალახი" კარგი განწყობისთვის
- 3-4 წლის წინ, დავესწარი ფესტივალს, რომელსაც "მწვანე კვირა" ჰქვია და სადაც ყველა ქვეყანას თავის კუთხეში გამოფენილი აქვს ნაციონალური კერძები, სასმელი. ყველაზე დიდი მხიარულება უკრაინის კუთხესთან არის, ცეკვებით, მუსიკით. შვეიცარია თავისი ყველით, საფრანგეთი - ღვინით და ა.შ. ძალზე საინტერესოა და ამ ფესტივალზე დასწრება ყოველთვის მსიამოვნებს.
ხუთი წლის წინ, ინსბრუკში ვიყავი ღვინის ფესტივალზე. როგორც მხატვარი, ისე მიმიწვიეს, ნამუშევრების გამოფენით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პატარ-პატარა სოფლებიდან უგემრიელესი ღვინოები იყო წარმოდგენილი. თვითონ ინსბრუკის თეთრი მშრალი ღვინო ძალიან მომეწონა. ასეთ ფესტივალებს ვესწრები ხოლმე, ლუდისას - ნაკლებად, არ ვარ მოყვარული. თუმცა, მიუნხენში ერთი ბარია, სადაც მართლა კარგი ლუდია, იქვე ამზადებენ, თავისივე კანჭის მენიუთი.
აზიურ ქვეყნებში ნამყოფი არ ვარ, თუმცა, საინტერესო კერძები გამისინჯავს. მაგალითად, წვნიანი ქოქოსის რძით, ბოსტნეულით, მცენარეებით, სოკოთი. ქათმის ფილე სწრაფად მზადდება იქვე და უგემრიელესია, თანაც ტონუსს გმატებთ, მასში ასეთი მცენარეა - ლიმონის ბალახს ეძახიან. ოღონდ ის არა მგონია იყოს, ჰოლანდიელები რასაც იყენებენ (იცინის). ჯანჯაფილზეც ვგიჟდები, როცა სუშისთან ერთადაა, მოტკბოცაა, კარგ ხასიათზე მაყენებს, დადებით იმპულსებს აღძრავს ჩემში.

მჭადისა და ჯონჯოლის მონატრება
- მე და ჩემი მეუღლე ვახერხებთ ხოლმე სადმე წასვლას, რაშიც უფროსი შვილები გვეხმარებიან. ხშირად დავდივართ მექსიკურ რესტორნებში, სტეიკის სახლებში, სუში ძალიან გვიყვარს და სხვადასხვა ქალაქში გამოფენებზე ჩავდივართ დასაგემოვნებლად.
საქართველოდან ყველაზე მეტად მენატრება მჭადი და ჯონჯოლი, რომელსაც აქაც მივაგენი, მაგრამ არ მომეწონა. მჭადის ფქვილი კი ჩემს ახლობლებს ჩამოაქვთ ხოლმე, ყველს თვითონ ვაკეთებ. ბავარიაში სახლი გვაქვს და სოფლის მეურნეობა იქ ისეა აწყობილი, რომ ყველას შეუძლია, მივიდეს და იმდენი რძე შეიძინოს, რამდენიც უნდა. სპეციალური რძის აპარატებია, ჭურჭელში ჩამოასხამ და წამოიღებ. 10-15 ლიტრი მომაქვს ხოლმე, ქართული პეპსინიც მაქვს აქაურ აფთიაქში შეძენილი.
როცა თბილისში ვართ, მცხეთაში მივდივართ, ამოჩემებულ ადგილას, რომ ლობიო, მჭადი, ყველი, ჯონჯოლი მივირთვათ. ხინკალს მხოლოდ სახლში გაკეთებულს მივირთმევთ, რადგან შევამჩნიე, რომ რესტორნებში ბევრ ქონს ურევენ...

"ახალი წლისთვის ყველა ტრადიციულ კერძს ვაკეთებ"
- საშობაოდ, ჩვენთან დიდი მზადებაა ხოლმე, ევროპელები ზოგი ბატს აკეთებს, ზოგი იხვს, ზოგიც ინდაურს. ერთხელ მოვამზადე ბატი ევროპული რეცეპტით, მაგრამ არ მოგვეწონა, ძალიან ცხიმიანია და იხვით ჩავანაცვლეთ, გარნირით ძალიან გემრიელია. მიმაჩნია, რომ ბავშვები არც გერმანულ ტრადიციებს უნდა ჩამორჩნენ და არც ქართული დაივიწყონ. არ მინდოდა, აქ განსხვავებულები ყოფილიყვნენ, ამიტომ, ქართულ და ევროპულ ტრადიციებს ერთნაირად ვაჩვევდი. შობას ყოველთვის ორჯერ ვზეიმობთ. გოზინაყსაც ვაკეთებ.
ახალი წლისთვის ყველა ტრადიციულ კერძს ვამზადებ, გარდა საცივისა, რადგან ბაჟე უფრო უყვართ. ქართული კულინარიის წიგნი მქონდა, ბადრიჯნის "ბორანო" გავაკეთე და ბავშვებს ბადრიჯანი შევაძულე (იცინის), საშინლად არ მოეწონათ ქათამთან ერთად. თუმცა, ხშირად ვაკეთებ ნიგვზიან ბადრიჯანს ბროწეულით და ეს მოსწონთ.

"ჯობია, ჩემი გამზადებული და გაყინული იყოს, ვიდრე სხვაგან ნაყიდი"
- ახალგაზრდა დიასახლისები, ვისაც კარიერა, სამსახური აქვს და ამ ორის ერთმანეთთან შეთავსებას ვერ ახერხებენ, ეცადონ, მაგალითად, საღამოს მოამზადონ მეორე დღის სადილი. ზოგჯერ, როცა გამოფენები ერთმანეთს მიეწყობა, მეც ასე ვიქცევი, ბევრს ვამზადებ და მაცივარში ვყინავ ხოლმე. მირჩევნია, ჩემი გამზადებული და გაყინული იყოს, ვიდრე სხვაგან ნაყიდი. მერე უფროსი ვაჟები ამზადებენ. ასე მომზადებული სკოლაშიც შეუძლიათ წაიღონ. ევროპაში ისეა, რომ ყველას შეუძლია, თავისი კონტეინერი ამოიღოს და შესვენებისას მიირთვას.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.