ითხვისის ნაქალაქარში ისტორიის ჯერ კიდევ დაუწერელი ფურცლები იკითხება
font-large font-small
ითხვისის ნაქალაქარში ისტორიის ჯერ კიდევ დაუწერელი ფურცლები იკითხება
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის. ის ისტორიულ წყაროებში XV საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება. ხალხში დღემდე შემორჩენილი თქმულების მიხედვით, სოფლის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებულ ტბებში უამრავი იხვი ბინადრობდა და სოფლის სახელწოდებაც სწორედ იხვებს უკავშირდება. სოფელს იხვეთი, უფრო კი ალბათ იხვისი ერქვა, რადგან ითხვისი ცნობილია, როგორც ნაქალაქარი, ნაქალაქარი კი, ძირითადად, "ისი" სუფიქსით ბოლოვდება.


სოფელში აუცილებლად თვალში მოგხვდებათ უძველესი ნაგებობების ნაშთები და საკმაოდ მოზრდილი გალავნის ფრაგმენტები. ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც საუკუნეების წინ ადგილობრივებმა ნაქალაქარი შეარქვეს და საუკუნეების მანძილზე ლეგენდის სახით აცოცხლებდნენ შორეულ წარსულში, ამ ტერიტორიაზე მძლავრი და ძლიერი ქალაქის არსებობას... ივლისში ჩატარებულმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კი, ლეგენდა რეალობად აქცია და დღეს ითხვისის ნაქალაქარიც საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა...

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი, მოგზაური:
- ითხვისი ჩემი მშობლიური სოფელია და კარგად მახსოვს, როგორ ცოცხლდებოდა ლეგენდა ნაქალაქარის შესახებ. 1962 წელს ამ სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმის საბადოს მოპოვების მიზნით, ახალი მაღაროს შექმნა დაიწყო (აქ გადაიღეს მხატვრული ფილმი "განგაში"). მუშაობის პროცესში, ყორღანის ფორმის შემაღლებულ ბორცვზე, ექსკავატორმა მდიდრულ სამარხს მიაკვლია. ყორღანის შესწავლის მიზნით კარიერზე მუშაობა შეწყდა. აღმოჩენის შეფასებაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ცნობილი არქეოლოგებიც კი ჩაერთვნენ. სამარხიდან საკმაოდ მდიდარი, გვიანი ბრინჯაოსა და ადრე ფეოდალური ხანის არქეოლოგიური მასალა ამოიღეს... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრინჯაოს ნივთების ჩამოსასხმელი ყალიბები; აღმოჩნდა ბერძნული კერამიკის ფრაგმენტებიც. ეს არქეოლოგიური მონაპოვარი წარმოდგენას ქმნიდა ითხვისზე, როგორც ნაქალაქარზე, რომელიც პირდაპირ ემთხვევა კოლხეთის სახელმწიფოს არსებობის პერიოდს ძვ.წ. აღ-ით VI-V საუკუნეებს.

იმ დროს სულ 12 სამარხი გაითხარა. ერთ-ერთ სარკოფაგში, რომელშიც განისვენებდა წარჩინებული ქალი მოახლესთან ერთად, უამრავი ნივთი აღმოჩნდა. მათ შორის, ძვ.წ. აღ-ით V საუკუნის II მეოთხედის ანტიკური შავი ფიგურებიანი კილიკი და შავლაქიანი ჯამი, ბერძნული წარწერით. წარწერა მოგვიანებით გაიშიფრა, როგორც "მეტოს", რაც უძველესი მაგალითია ბერძნული დამწერლობისა საქართველოში. აღნიშნული ფაქტი აშკარად მიანიშნებს ადრე ანტიკურ ხანაში საქართველოსა და საბერძნეთის ახლო ურთიერთობაზე, რაზეც ხშირად მიუთითებენ არქეოლოგებიც.
სამწუხაროდ, ექსპედიცია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან იმ დროისათვის მანგანუმის მოპოვება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რაიმე სახის არქეოლოგიური კვლევა. ითხვისის ტერიტორიაზე, როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა გზით, წლების მანძილზე გრძელდებოდა მანგანუმის მოპოვება და გატანა. ამ ხნის მანძილზე, არა მარტო ყორღანების ადგილი, არამედ უზარმაზარი ტერიტორია გადაითხარა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში კი მიტოვებული მაღაროს გვირაბები ჩამოიშალა...

ნაქალაქარის ახალი სიცოცხლე
მაღაროს ჩამოშლის შემდეგ, მიწის ზედაპირზე კედლების კვალი გამოჩნდა. ადგილობრივი მკვიდრი, პაატა გვარუციძე სისტემატურად აკვირდებოდა ტერიტორიას და ხშირად პოულობდა კერამიკის ფრაგმენტებს. აშკარა იყო, რომ ჩამოშლილი ტერიტორიის დეფორმირებული ზედაპირი, ყოველი წვიმის შედეგად უფრო და უფრო იცვლიდა ფორმას და მიწის ზედაპირზე კედლების კვალიც მეტად შესამჩნევი ხდებოდა.
გადავწყვიტეთ, არქეოლოგებისთვის მიგვემართა. 2019 წლის ივლისში მართლაც ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ბრაგვაძე. არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ ამ ადგილზე, საუკუნეებს მიღმა, საკმაოდ მძლავრი ქალაქი არსებობდა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, სამი სხვადასხვა პერიოდის უტყუარი ფენა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ექსპედიციის შედეგად გამოვლინდა გვიანი ელინისტური ხანის ნაგებობა, განვითარებული შუა საუკუნეების მარანი და წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარი. გვიანი ელინისტური ხანის ნაგებობა ძვ.წ. აღ-ით პირველი საუკუნით თარიღდება და დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიაში ანალოგი არ მოეპოვება. ასევე დაფიქსირდა XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული მარანი, რომელიც თავის მხრივ უნიკალურია, რადგან ამ პერიოდის ასეთი ფართობის მარანი დღემდე გამოვლენილი არ იყო. წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარი ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებს მიეკუთვნება. უამრავ არტეფაქტსაც მიაკვლიეს.
ნაქალაქარის ნაშთებს, რამდენიმე ადგილას, დღემდე ეტყობა დანახშირებული ფრაგმენტების კვალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთ-ერთი დარბევის დროს ქალაქი გადაწვეს.
ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები დიდხანს არ გაგრძელებულა. მომდევნო წლის ზაფხულამდე სამუშაო პროცესი შეჩერებულია, თუმცა ამ მცირე მონაკვეთში აღმოჩენილი არტეფაქტების სიმრავლე იმედს იძლევა, რომ ითხვისის ნაქალაქარი უფრო მეტი საინტერესო სიახლით შეავსებს საქართველოს ისტორიის დაუწერელ ფურცლებს.
ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის გაცოცხლება, ადგილობრივი ხელოვანის, პაატა გვარუციძის დამსახურებაა. მან ამ დრომდე უამრავი არტეფაქტი ნახა და რამდენიმე წლის წინ ჭიათურის კერძო მუზეუმს გადასცა. ითხვისის ნაქალაქარი შეიძლება ახლო მომავალში ძალიან საინტერესო ობიექტი გახდეს.
GzaPress
გიორგი დვალაშვილთან ინტერვიუს შემდეგ, რამდენიმე დღეში ბატონმა გიორგიმ, ითხვისის ნაქალაქართან დაკავშირებით მოგვაწოდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

არქეოლოგიური გათხრები სოფელ ითხვისის ნაქალაქარზე
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2019 წლის ივლისში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ნაქალაქარზე. ექსპედიცია დაკომპლექტდა ა(ა)იპ "ხვამლის ამქარის" ბაზაზე, რომელშიც ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით არქეოლოგთა ჯგუფი: დავით სულხანიშვილის, ქეთევან დიღმელაშვილის, დავით დარეჯანაშვილის, ნანა კაპანაძისა და თინა მანიას შემადგენლობით მონაწილეობდა. სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებში აგრეთვე მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტები.

2019 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა ვარაუდი ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ. გამოვლენილია სამფენიანი ნამოსახლარი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიანი ელინისტური ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად:
კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსაზრება კოლხეთში წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარების ინტენსიურობის თაობაზე.

აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ინტენსიური დასახლება, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე.

ამ დასახლებას დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ანალოგი არ გააჩნია, რადგან ასეთი სიდიდის მარანი არსად გამოვლენილა.

გვიან ელინისტური ხანის ნაგებობა უნიკალური მოვლენაა დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიისთვის, რადგან იგი წარმოადგენს ამ ეპოქის ჯერჯერობით ერთადერთ ნაგებობას. ამ პერიოდის ნაგებობები არ გამოვლენილა არც ვანის და არც საირხის ნაქალაქარებში.

არქეოლოგიური კომპლექსის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, მას საერთო არ გააჩნია ითხვისში, გასული საუკუნის 60-იან წლებში გათხრილ არქეოლოგიურ ძეგლთან და იგი მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი დასახლებაა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.