"ჩემ გარშემო თითქმის ყველას ძალიან კარგი, განსაკუთრებული იუმორი აქვს"
font-large font-small
"ჩემ გარშემო თითქმის ყველას ძალიან კარგი, განსაკუთრებული იუმორი აქვს"
"დროშა ვერ დაკიდენ" ანუ როგორ ხუმრობენ ქუთაისში მას მთელ საქართველოში იცნობენ, ხოლო მისი "საფირმო" ფრაზა - "დროშა ვერ დაკიდენ" - კარგა ხანს იყო ხუმრობისა და განსჯის საგანი... მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ყოველთვის აქტიურობდა და დღესაც ძალზე აქტიურია, თავისი ენაკვიმატობით მაინც გახდა პოპულარული. ჩვენი სტუმარია ქუთაისის კოლორიტი და უბრალოდ, პოზიტიური ადამიანი - გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე სახალისო ისტორია გვიამბო.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ერთხელაც, "ზასტავაში" ვიყავი სტუმრად, დავლიე, ცოტა მეტი მომივიდა და სახლში ვეღარ წამოვედი - ჩემს მეგობართან დავრჩი. მე ავტოქარხნის დასახლებაში ვცხოვრობ - ეს "ზასტავასთან" იქვე, ახლომდებარე უბანია. მეორე დილას, სახლში მისულს გაკვირვებული მამაჩემი მეკითხება: სად იყავი წუხელო?
- ისეთი მთვრალი ვიყავი, სახლს ვერ მოვაგნებდი და ჩემს ჯგუფელთან დავრჩი-მეთქი, ვუპასუხე.
- ბიჭო, მერცხალს ერთი ციდა თავი აქვს, ინდოეთიდან აგნებს ქუთაისს, შენ ამხელა თავი გაბია და სახლს რავა ვერ მოაგნებდიო?.."

"ეს ქალაქი ყველასია, აქ ყველა კუთხის იუმორი და კოლორიტია შეზავებული და თავმოყრილი. სხვათა შორის, იყო პერიოდი, როცა ქუთაისის მერი ლეჩხუმელი იყო, საკრებულოს თავმჯდომარე - ლეჩხუმელი, მერის მოადგილე - ლეჩხუმელი, მოკლედ, მთელი მერია ლეჩხუმელებით იყო სავსე და ქუთაისელები ვხუმრობდით: მერიის შენობას უნდა ეწეროს "ცაგერის ფილიალი - ქუთაისის მერია"-თქო..."

"ჩემ გარშემო თითქმის ყველას ძალიან კარგი, განსაკუთრებული იუმორი აქვს. ერთი მეგობარი მყავს - ემზარ ენდელაძე, ძალიან გამხდარია, როგორც იტყვიან, ერთი გარეცხვაა დარჩენილი და უბანში "ჭლექას" ვეძახით. მეზობელი ეუბნება - თუ ძმა ხარ, ერთი ღერი სიგარეტი მომაწევინეო. იმანაც, ამოიღო სიგარეტის ყუთი და აჩვენებს:
- შეხედე ამ კოლოფს რა აწერია? - სიგარეტის მოწევა კლავს ადამიანს, თორემ ყიდვა კი არ კლავსო..."

ამ სახალისო ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 28 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ბეჭდვა