"მინდა, ადამიანები იყვნენ თავისუფლები"
font-large font-small
 "მინდა, ადამიანები იყვნენ თავისუფლები"
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"

თავდაპირველად აღმოსავლური ორთაბრძოლებით დაინტერესდა, კონკრეტულად შოტოკან კარატე-დოთი - დავით ჩხენკელი საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახლავთ კარატეში. ეცნობოდა აღმოსავლურ ფილოსოფიას, ტრადიციებს, მედიტაციებს. ასევე, მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ეზოთერიკა, კოსმოლოგია და სხვა მეცნიერული თუ არამეცნიერული მიმდინარეობები. დასაქმებული იყო გეოდეზიის, არქიტექტურული დიზაინისა და იურიდიული მომსახურების სფეროში. ამჟამად მწერლობითა და ფილოსოფიური კვლევებით არის გატაცებული.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"როდესაც კარატეზე მივედი, მაშინ დავინტერესდი აღმოსავლური ფილოსოფიითაც. გამიჩნდა კითხვები - რა არის აზრი, რატომ მოვედით, რა არსებობს ან რა არ არსებობს... ამ ყველაფერმა განვითარება პოვა ჩემში და როცა მივხდი, რომ აღმოსავლური ფილოსოფია ყველა კითხვაზე პასუხს არ მაძლევდა, დასავლეთ ფილოსოფიაც შევისწავლე. სოკრატემდელი ფილოსოფიიდან მოვედით პოსტმოდერნისტულ ეპოქაში და ერთ რამეს მივხვდი - არსებობს ფუნდამენტური კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება..."

"მინდა, ადამიანები იყვნენ თავისუფლები. ვიცით, რომ არსებობს გამოხატვის, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება. სხვათა შორის, ეს სამივე წინა კვირას, პარლამენტთან მიმდინარე პროცესების დროს შეზღუდული გვქონდა, პარალელი რომ გავავლოთ დღევანდელობასთან. თუმცა, თავისუფლებასაც აქვს ზღვარი, ჩემი თავისუფლებით სხვისი თავისუფლება არ უნდა შევზღუდო და კიდევ, თავისუფლება არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ან ცნობილი ადამიანების დასაცავი..."

"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი და პირადი გამოცდილებიდან ვიცი, ეს განაპირობებს ინიციატივის ინვოლუციას. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობის პირობებში იწვევს პასუხისმგებლობის გრძნობის პერმანენტულად შემცირებას. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება დამოუკიდებელი, მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი და ინიციატორული იმპულსებით განმსჭვალული, შედეგზე ორიენტირებული ახალი თაობა. საბედნიეროდ, ამას მალე მივხვდი, მაგრამ სხვისთვის როგორ მომეწოდებინა, თუ თავად ვერ შევძლებდი მასზე უარის თქმას?.."

"მოგვეცა შანსი, რომ ავტორიტეტულ პიროვნებებზე დამოკიდებული სახელმწიფო აღარ გვქონდეს. ამას მოიტანს პროპორციული წესით არჩეული პარლამენტი. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ამ კანონპროექტს თუ ჩააგდებდნენ და ამიტომაც გავედი ქუჩაში, ჩემი პროტესტის დასაფიქსირებლად და არა "ნაციონალური მოძრაობის" ან რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. მე ბუტა რობაქიძის ჯგუფელი ვარ, გვერდიგვერდ ვისხედით და ამით ბევრი რამ ნათქვამია. ბუტა თავისუფლებისმოყვარე ადამიანი იყო, უშიშარი, ძლიერი. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად იდგებოდა თავისუფლების მოედანზე. არავის არასდროს დაჩაგრავდა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 28 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვა