"უწყინარი", მაგრამ საშიში მიომა
font-large font-small
"უწყინარი", მაგრამ საშიში მიომა
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"

ადამიანის ორგანიზმი მრავალ ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს. ექიმები ხშირად ვერ ასახელებენ ამა თუ იმ დაავადების ზუსტ მიზეზებს, ამ დაავადებებს შორის ერთ-ერთი საშვილოსნოს მიომაა. ეს, ერთი შეხედვით უწყინარი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ქალის ჯანმრთელობას და მის რეპროდუქციულ სისტემას სერიოზულ საშიშროებას უქმნის. ამიტომ, მისი დროული მკურნალობა საჭირო და აუცილებელია. "თუ გაქვთ გახანგრძლივებული სისხლდენა, დისკომფორტი მუცლის არეში, გახშირებული შარდვა, თუ ვერ ორსულდებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს" - ამბობს მეან-გინეკოლოგი ნატო ჯანელიძე, რომელსაც ამ დაავადებასთან შეხება ხშირად უწევს.


- ქალბატონო ნატო, რა არის საშვილოსნოს მიომა და როგორ წარმოიქმნება ქალის ორგანიზმში?
- მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. ამ დაავადებას რამდენიმე სახელწოდება აქვს. ზოგჯერ მას ფიბრომად ან ლეიომიომადაც მოიხსენიებენ. როგორც იცით, საშვილოსნო თავადაც კუნთოვანი ორგანოა. სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით კუნთოვანი უჯრედები არასწორად იწყებენ გამრავლებას და ყალიბდება მიომური კვანძები, ან დიფუზური მიომატოზი, რომელიც მთელ საშვილოსნოს მოიცავს. ზუსტად ვერავინ იტყვის, როგორ წარმოიქმნება მიომა, მაგრამ ფაქტია, რომ საშვილოსნოზე რაღაც ფაქტორები ზემოქმედებენ და მისი კუნთოვანი უჯრედები არასწორად მრავლდებიან. ასე უჩნდება სრულიად ჯანსაღ, საღ-სალამათ ქალს მიომური კვანძები.
- რამდენად ხშირია მიომის შემთხვევა?
- ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ქალების 70-80%-ში გვხვდება. ის უმეტესად 40 წლის ზემოთ ვლინდება, ამიტომ, ამ ასაკიდან ქალბატონებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ჯანმრთელობას. მიომური კვანძი იშვიათად ვითარდება ეულად - წესისამებრ, რამდენიმე ერთად ჩნდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მიომა ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, იზრდება, ზომებში მატულობს და ქალი, რომელიც ექიმთან არ მიდის, თავის თავს ყურადღებას არ აქცევს, ამ დაავადებას ვერც კი გრძნობს.
- რა ზომამდე შეიძლება გაიზარდოს მიომა?
- მიომური კვანძები ზომითა და წონითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ცალკეული კვანძების წონამ შესაძლოა რამდენიმე კილოგრამსაც კი მიაღწიოს. მე ახლა მახსენდება ერთი შემთხვევა: დაახლოებით 6 თვის წინ, ჩვენს პაციენტს ძალიან დიდი ზომის მიომა ამოუღეს, რომელიც დაახლოებით 9 კილოგრამს იწონიდა.
GzaPress
- რატომ ვერ შეამჩნია ამ პაციენტმა, რომ ორგანიზმში ამხელა წარმონაქმნი ჰქონდა?
- მსუქანი ქალბატონი გახლდათ და იმას, რომ მუცელი ეზრდებოდა, ყურადღებას არ აქცევდა. მიომაც სრულიად შემთხვევით აღმოუჩინეს ექოსკოპიური გამოკვლევისას. უბრალოდ, კვანძი იმდენად დიდი იყო, რომ ჰისტერექტომია ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა გახდა საჭირო. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ყველაფერი კარგად დასრულდა და პაციენტი დღეს თავს კარგად გრძნობს.
- საინტერესოა, რა არის მიომის წარმოშობის მთავარი მიზეზი?
- ზუსტად ერთ მიზეზს ვერ ვასახელებ, მაგრამ რისკ-ფაქტორი ძალიან ბევრია: გენეტიკა, ჰორმონალური დისბალანსი, ესტროგენების მაღალი დონე, სიმსუქნე, არასწორი კვება - მოკლედ მიზეზი მრავალია, მათ შორის ერთ-ერთი არტერიული ჰიპერტენზიაა: აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომლებსაც არტერიული ჰიპერტენზიისადმი აქვთ მიდრეკილება, საშვილოსნოს ლეიომიომა უფრო მეტად ემუქრებათ.
- რა ჩივილები ახასიათებს მიომას?
- ზემოთ უკვე გითხარით, რომ საშვილოსნოს მიომა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რიგითი ექოსკოპიური გამოკვლევისას აღმოაჩენენ ხოლმე შემთხვევით. კვანძების მდებარეობის მიხედვით, ეს წარმონაქმნი სხვადასხვა ჩივილს იწვევს. მაგალითად, სუბმუკოზური ანუ ლორწოვანქვეშა კვანძები ხშირად გაძლიერებულ სისხლდენასა და გახანგრძლივებულ მენსტრუაციასთან ასოცირდება. ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია და სისხლის დიდი დანაკარგი, თავის მხრივ, ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და ანემიას იწვევს. პაციენტს ხშირად აწუხებს ტკივილი და დისკომფორტი მენჯის ღრუში და გახშირებული შარდვა, რადგან დიდი მიომური კვანძი შარდის ბუშტს აწვება, ზრდის მუცლის გარშემოწერილობას, უნაყოფობას და თვითნებურ აბორტებს იწვევს, რაც საშვილოსნოს გაძლიერებული კუმშვადობითაა გამოწვეული.
- ძირითადად, სად ყალიბდება მიომური კვანძები?
- მიომური კვანძები მდებარეობის მიხედვით 3 ჯგუფად იყოფა: სუბმუკოზური კვანძი, რომელიც იზრდება საშვილოსნოს ღრუსკენ, ლორწოვანი გარსის ქვეშ; ინტრამურული - ვითარდება საშვილოსნოს კედელში, კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში, ხოლო სუბსეროზული - საშვილოსნოს სეროზულ გარსში იზრდება და გარეგანი დათვალიერებისას კარგად ჩანს. შეიძლება, ცალკე გამოიყოს ცერვიკალური მიომა, რომლის კვანძებიც საშვილოსნოს ყელში მდებარეობს.
- რა შემთხვევაში ინარჩუნებენ ექიმები საშვილოსნოს?
- როდესაც ქალი შვილის გაჩენას აპირებს, ექიმები ყველანაირად ცდილობენ საშვილოსნო შეინარჩუნონ. თუ კვანძი დიდი ზომის არ არის და ქალს სისხლდენები არა აქვს, ოპერაციისგან თავს ვიკავებთ. რა ტიპის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს პაციენტს, ეს მთელ რიგ ფაქტორზეა დამოკიდებული: როდესაც მიომა დიდი ზომისაა, როცა გაძლიერებულ სისხლდენას და გახანგრძლივებულ მენსტრუაციას იწვევს, როცა მის გამო ქალი ტკივილს და დისკომფორტს განიცდის, ამ დროს ოპერაცია აუცილებელიც კია. ყველაზე საშიში სისხლმდენი მიომაა - როცა ის დიდი ზომისაა, შეიძლება მეზობელ ორგანოებს მიაწვეს და დააზიანოს, ან ნეკროზი გამოიწვიოს. ზოგჯერ მიომა ძალიან დიდი ზომისაა და საშვილოსნოც იმდენად არის დაზიანებული, რომ ვერ ვინარჩუნებთ, ან - ქალს შვილები უკვე ჰყავს და გაჩენას აღარ აპირებს, ასეთ დროს საშვილოსნოს ამოღება უპრობლემოდ შეიძლება, მაგრამ თუ ქალი მომავალში შვილის გაჩენას აპირებს, ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ საშვილოსნო არ ამოჰკვეთონ.
- იწვევს თუ არა მიომა უნაყოფობას?
- ქალის უნაყოფობის მიზეზად მიომასაც ასახელებენ. როდესაც ქალს სუბმუკოზური მიომური კვანძი აქვს, ეს უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება, რადგან საშვილოსნოს კედელზე ემბრიონის მიმაგრებას უშლის ხელს და თვითნებური აბორტის რისკსაც ზრდის. თუ პატარა კვანძი აქვს, შესაძლებელია ორსულობა ბოლომდე ისე მივიყვანოთ, რომ ხელი არ შეუშალოს. თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ქალი რეპროდუქციულ ასაკშია, ის შეიძლება ექვს თვეში დაფეხმძიმდეს. ოპერაცია 6 სანტიმეტრზე დიდი მიომის არსებობის დროს კეთდება, მაგრამ თუ მიომა ზომებში არ იზრდება, თუ პაციენტს ანემია, სისხლდენა და ტკივილი არა აქვს და შვილის გაჩენასაც არ გეგმავს, ექიმები ოპერაციისგან თავს იკავებენ. როდესაც კვანძი 3-4 სანტიმეტრისაა, ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და შეიძლება მკურნალობაც ეფექტიანი იყოს. მოკლედ, ჩივილების მიხედვით ვადგენთ, რა გზა ავირჩიოთ და როგორ ვუმკურნალოთ პაციენტს.
GzaPress
- შეიძლება თუ არა, რომ ოპერაცია ჩატარდეს და პაციენტს კვლავ მიომური კვანძები გაუჩნდეს?
- მიომექტომია - ასე უწოდებენ საშვილოსნოდან მიომური კვანძების ამოღებას - ეს ოპერაცია მაშინ კეთდება, როცა ქალი მომავალში დაფეხმძიმებას აპირებს. სამწუხაროდ, პაციენტების 25%-ს ოპერაციის შემდეგ ახალი კვანძები უჩნდება - დაახლოებით, 4-8 წლის შემდეგ. კარგი ის არის, რომ სიმპტომების გარეშე მიმდინარე, მცირე ზომის მიომა ქალის ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. მსუბუქი მიმდინარეობისას რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა და მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მიომური კვანძები ხშირად თავისთავად უკუვითარდება, რაც ჰორმონული ფონის ცვლილებითაა გამოწვეული.
- მიომური კვანძის გადაგვარების საშიშროება თუ არსებობს?
- არსებობს საშიშროება, რომ მიომური კვანძი გადაგვარდეს და სარკომად ჩამოყალიბდეს, თუმცა, ამ დაავადებას ძირითადად კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს.
- დაბოლოს, როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ამდენი ტკივილისა და უსიამოვნებისგან?
- ყველაზე იოლი და მარტივი გამოსავალი პროფილაქტიკური კვლევებია - სწორედ ამ გზით შეიძლება ამ და უფრო საშიში დაავადებების თავიდან აცილება. შეიძლება ქალს არაფერი აწუხებდეს, შეიძლება გათხოვილიც არ იყოს და სექსუალური პარტნიორიც არ ჰყავდეს, მაგრამ რეგულარული კონტროლი აუცილებელია. ქალმა თავი უნდა გაიკონტროლოს 6 თვეში ერთხელ თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც. მე ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები და მკითხველსაც გავუმეორებ: დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან და მრავალი საშიში დაავადებისგან დაგიცავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.