"ჩვენ ერთმანეთს საკუთარ სიცოცხლეს ვანდობთ"
font-large font-small
"ჩვენ ერთმანეთს საკუთარ სიცოცხლეს ვანდობთ"
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები


"ეს პროფესია სხვა თავგანწირვას, სხვა ენერგიას, სხვა თავდადებას და გამბედაობას მოითხოვს, დანარჩენი ყველაფერი დისციპლინის და ვარჯიშის შედეგად მიიღწევა. გამორჩეულად მნიშვნელოვანია გუნდურობა. როცა დიდი სიმაღლიდან ვხტები, გუნდის იმედი მაქვს, მჯერა, დაბლა ყველაფერი ისეა გაკეთებული, როგორც საჭიროა. აქ ჩვენ ერთმანეთს საკუთარ სიცოცხლეს ვანდობთ", - ამბობს კინოსატელევიზიო სტუდიის Action Production Georgia კასკადიორი გიორგი უსტარაშვილი. მონაწილეობა მას 25-მდე ფილმში აქვს მიღებული, მათგან უმრავლესობა უცხოური პროექტია.



- ბავშვობაში კუნგ ფუზე დავდოდი, რაც ძალიან მომწონდა. საბრძოლო ხელოვნებით, წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული. ადრეული ასაკიდანვე მიყვარდა მძაფრსიუჟეტიანი ფილმები. მოგეხსენებათ, ასეთი ფილმების გადაღებას ყოველთვის კასკადიორების დახმარებით ახერხებენ. სულ მაინტერესებდა, ქართველები მძაფრსიუჟეტიან ფილმებს რატომ ვერ იღებდნენ, მით უმეტეს, რომ ჩვენი წარსული, ბრძოლის და ომების ისტორიაა. ეს თემა ან რეჟისორებისთვის იყო უინტერესო ან არ გვყავდნენ ისეთი კასკადიორები, რომლებიც მსგავს პროექტებზე იმუშავებდნენ. დღეს კინოსატელევიზიო სტუდია Action Production Georgia ამსხვრევს სტერეოტიპს, თითქოს ქართველებს მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღება არ შეგვიძლია.
- თავად ამ სტუდიაში როგორ აღმოჩნდი?
- ჩემთვის პატარა კლიპის გადაღება მინდოდა და საძიებო ველში სიტყვა "კასკადიორი" რომ ჩავწერე, დავით ხუბუას მიერ შესრულებული ტრიუკები მიჩვენა. დავითის ნომერი მოვიძიე, დავურეკე, თუმცა იმ დროს ჩემთვის არ ეცალა, ფილმზე მუშაობდა. მითხრა, ვარჯიშს სექტემბრიდან ვიწყებთ და მოდიო. მეორედაც დავურეკე, მესამედაც... ძალიან შევაწუხე, მას დრო არ ჰქონდა, მე კი ძალიან მონდომებული ვიყავი. როგორც იქნა, დავიწყე ვარჯიში და დღეს სტუდიის Action Production Georgia წევრი ვარ. თავდაპირველად წლის განმავლობაში, ერთი გადაღებაც რომ ყოფილიყო, ესეც კი ძალიან მიხაროდა. მაშინ ფილმის გადაღებაც მარტივი საქმე მეგონა, მაგრამ მალე ამ სირთულეებსაც გავეცანი. "პრეზიდენტი" იყო პირველი ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, ეს აზერბაიჯანული პროექტი იყო, მიშა გომიაშვილი თამაშობდა, დუბლიორი არ ვყოფილვარ, ჩვეულებრივი როლი შევასრულე. შემდეგ სხვა ფილმებშიც გადამიღეს. წლების გასვლის შემდეგ, მეტად დავიხვეწეთ და დღეს შემოთავაზებებიც უფრო ხშირია. უმეტესწილად უცხოელებთან მუშაობა მიწევს.
GzaPress
- ექსტრიმის სიყვარული ბავშვობიდან გაქვს?
- დიახ, სულ თავგადასავლების ძიებაში ვიყავი, სალტოებს და რთულ ილეთებს ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ვაკეთებდი. ოჯახის წევრებს სულ ეშინოდათ და ნერვიულობდნენ.
- ხიფათიანი ხარ?
- ნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პროფესიას ხიფათი თან სდევს. მას შემდეგ, რაც დავითს დავუკავშირდი და ეს საქმე ჩემს პროფესიად ვაქციე, 7 წელი გავიდა. უკვე აღვნიშნე, რომ უმეტესწილად უცხოელებთან ვმუშაობ. მათგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ჩაკეტილ გარემოში, ამდენის სწავლას ვერ შევძლებდი და წინ ვერ წავიდოდი. ამ პროფესიაზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, სტუდიაში ბიჭები ყოველდღე ვვარჯიშობთ.
- ყველაზე რთულად შესასრულებელი დავალება რა გახსენდება?
- ფილმში "შინდისი" გადაღება იოლი არ იყო, იქ აფეთქება რეალურად ხდებოდა. მე და კაკი ღუღუნიშვილი ერთ-ერთ მძაფრ ეპიზოდში გადაგვიღეს, მსახიობები ჩავანაცვლეთ. იმ კადრში შენობა ფეთქდება, ჩვენ ვვარდებით და ნანგრევების მტვერსა და კვამლში ვეხვევით. გადაღებისას ხელი დავიწვი. ამ ფილმზე მუშაობას დამატებით სხვა განცდებიც ახლდა. იმდენად მტკივნეულ და მგრძნობიარე თემაზეა, სულ ვცდილობდი, არაფერი დამეკლო. ჩვენმა ბიჭებმა ისეთი გმირობა ჩაიდინეს, ჩემი დამწვარი ხელი იქ რა მოსატანი იყო. მაშინ ვფიქრობდი, მე ხელი როგორ მეწვის და ბიჭები აქ რა დღეში იქნებოდნენ-მეთქი. ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ფილმია "იბერიელი ამორძალები". ჩვენი სტუდიის გადაღებულია და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ერთ-ერთ მთავარ როლში ვარ. საბრძოლო სცენები თავად დავდგით, გადავიღეთ.
- უცხოელებთან მუშაობის სპეციფიკა როგორია? ამ მხრივ რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?
- კასკადიორის უსაფრთხოებას ყველაზე დიდ ყურადღებას ამერიკელები აქცევენ. მაგალითად, როდესაც საჭიროა დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა, იმ ადგილზე, სადაც კასკადიორი უნდა დავარდეს, ამერიკელები აუცილებლად მიწას თხრიან, შიგნით სქელ "გუბკას" ათავსებენ და ზემოდან მიწის ფენას აყრიან. ხშირად ვმუშაობ ინდოელებთან. ისინი თითქოს ზემოდან იყურებიან. ყველაფრის გაკეთებას შენგან ითხოვენ. ჩინელები უზომოდ მშრომელი და საოცარი ხალხია. ხელმძღვანელი ერთს რომ დაუძახებს და კონკრეტული რაღაც არის გასაკეთებელი, ყველა მისკენ გარბის. არაბებს კასკადიორები არ ჩამოჰყავთ, ჩვენს რესურსს იყენებენ.
ცოტა ხნის წინ, რაბათის ციხეზე მქონდა გადაღება. იქ ვარდნა ყოველგვარი მაღალი სტანდარტების დაცვის გარეშე გავაკეთე, კიბეზეც ასე დავგორდი. ეს სომხური პროექტი იყო. მსგავსი სცენა ამერიკელებს რომ გადაეღოთ, აუცილებლად რეზინის კიბეებს მოაწყობდნენ, მე კი მხოლოდ სამუხლეები მეკეთა.
GzaPress
- ასეთ მძაფრ სცენებში, ყველაზე რთული, ბევრი დუბლის გადაღება იქნება.
- რთულია, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს. მახსენდება ფილმი "მზის გოგონები", რომელიც კანის კინოფესტივალზე გავიდა. ერთ ეპიზოდში ორი "პიკაპი" ერთმანეთს მისდევს, წინა "პიკაპში" არიან გოგონები, რომლებიც ისვრიან, მე ტყვია მხვდება და გაქროლებული მანქანიდან ვვარდები. ეს მართლა სარისკო ვარდნა იყო, შეიძლებოდა დაბლა ქვა დამხვედროდა და წამის სიზუსტის დაცვაც გამჭირვებოდა.
ვთვლი, რომ კასკადიორობა ერთეულების პროფესიაა, ცოტათი დაუფასებელიც. შეიძლება ბევრ პროექტზე იყო ნამუშევარი და უახლოესი გარემოცვის გარდა, ეს არავინ იცოდეს.
- რეალურ ცხოვრებაში "კასკადიორობა" დაგჭირვებია?
- კი, ვიღაცას კორპუსში კარი ჩაკეტვია, ბინაში გადავმძრალვარ და გამიღია. ახლახან იყო, მე-5 სართულზე რომ ავძვერი.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- 30 წლის ვარ. დაოჯახებული არ ვარ, არც შეყვარებული მყავს.
- შენთვის საინტერესო გოგო როგორია?
- განათლებული, მასთან ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, მსჯელობა უნდა შემეძლოს. ჩემი საქმეებით იმდენად დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ მრჩება.
- ფიზიკური მონაცემების გარდა, კასკადიორი რით უნდა იყოს გამორჩეული?
- დისციპლინით და გამბედაობით. დანარჩენი ყველაფერი ვარჯიშის შედეგად მიიღწევა. გუნდურობა აქ მნიშვნელოვანია. სხვის მიერ კარგად შესრულებული ტრიუკიც ისევე მახარებს, როგორც საკუთარი წარმატება. აქ ჩვენ ერთმანეთს საკუთარ სიცოცხლეს ვანდობთ, ამიტომ ერთმანეთზე ძმებივით ვზრუნავთ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.