მეხანძრე-მაშველის ხიფათით სავსე ყოველდღიურობა და "გამოძახებაზე წასული" დათვის ამბავი
font-large font-small
მეხანძრე-მაშველის ხიფათით სავსე ყოველდღიურობა და "გამოძახებაზე წასული" დათვის ამბავი
უკიდურესად დამთრგუნველი ამბებიც მახსოვს და სახალისოც...

სწავლის დამთავრების შემდეგ, არჩევანი ცეცხლთან და სტიქიასთან ბრძოლაზე გააკეთა და მეხანძრე-მაშველის პროფესია აირჩია. 10 წელზე მეტია, ამ საქმეს ემსახურება და ამ დროის განმავლობაში, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, თუმცა, იყო ტრაგიკული შემთხვევებიც... ვაკე-საბურთალოს სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი ლეიტენანტი, ცვლის მეთაური ირაკლი დავითიძე იმ სირთულეებსა და რისკებზე გვიამბობს, რომელიც მეხანძრე-მაშველის პროფესიას ყოველდღიურად ახლავს თან.


- 2008 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. ერთ დღესაც, აგვისტოს მიწურულს, სტუმრები გვეწვივნენ და ჩემი ამბით დაინტერესდნენ, რას აპირებო... ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, სამსახურის დაწყების ვარიანტებს განვიხილავდი, რადგან არდადეგების დასრულების შემდეგ, უბანში დგომა არ მინდოდა. ერთ-ერთი მათგანი სამაშველო სამსახურში მუშაობდა და შემომთავაზა - თუ გინდა, რეკომენდაციას გაგიწევო... იმ დროს მამაჩემი ამერიკაში ცხოვრობდა და ქვეყნიდან წასვლის შანსიც მქონდა. არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ერთ რიგით ჯარისკაცად დარჩენა ვარჩიე და ერთი სიტყვით, დავთანხმდი. 40-დღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსი გავიარე. შემდეგ როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში ჩავაბარე გამოცდები, ნორმატივებიც, რომლებშიც გარკვეულ დისტანციაზე სირბილი და აზიდვები შედიოდა და სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დავინიშნეთ. იმ პერიოდში, ჯერ კიდევ საბჭოურიდან ევროპულ ტექნიკაზე გადავდიოდით. როდესაც ჩვენი თანამშრომლები, გამოცდილი მეხანძრე-მაშველები ამა თუ იმ გამოძახებიდან ბრუნდებოდნენ, ყურადღებით ვუსმენდით. მათ შორის ის ბიჭებიც იყვნენ, ვისაც 2008 წლის ომის დროს დაბომბილ გორში მოუწია მუშაობამ. იმ დღეებს ძალიან მძიმედ იხსენებდნენ.
- თქვენი პირველი გამოძახება თუ გახსოვთ?
- კი, ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში, კომპიუტერების ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ძალიან ოპერატიულად ჩავაქრეთ. თითქოს პრობლემის ასე მარტივად მოგვარება უნდა გამხარებოდა, მაგრამ მეტი მინდოდა, უფრო მძაფრი, ემოციური ამბავი.
GzaPress
- რაც მრავლად იყო, არა?
- დიახ, ათ წელზე მეტია, ამ სამსახურში ვარ და უკიდურესად დამთრგუნველი ამბებიც მახსოვს და სახალისოც... თანამშრომლები, ვისთანაც წლებია ვმუშაობ, უკვე ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ბევრი რამ გვაქვს ერთად ნანახ-გადატანილი და ხშირად უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, რაც მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდურად ვმუშაობთ, ყველა ჩვენგანს თავისი საქმე აქვს. ეს არის საქმე და პროფესია, რომელიც ხასიათში გადაგდის. უამრავი შემთხვევა ყოფილა, ჩემდა უნებურად მიმიღია მონაწილეობა რაღაც სამაშველო ოპერაციაში. რამდენიმე დღის წინ, ფშავში ხანძარი იყო. არ ვმუშაობდი იმ დღეს, ჩემი ცვლა უკვე დასრულებული მქონდა, როცა გვკითხეს, წასვლის სურვილი ვის გაქვთო? არაფერი მქონდა დაგეგმილი და ამაზე სასარგებლოს ვერაფერს გავაკეთებდი. ფშავის და ზოგადად, ტყის ხანძრები ქალაქისგან განსხვავებულია, როგორც მუშაობის პრინციპით, ასევე საფრთხით. ტყეში დამწვარი ხეების წაქცევის საფრთხე არსებობს, არ ვიცით, როდის და რა მიმართულებით წაიქცევა. არის ადგილები, სადაც ლამის ცამდე აწვდილი ციცაბო კლდეებია და იქ მუშაობა საკმაოდ სარისკოა, დიდი დაქანებაა და ყველა ნაბიჯი სახიფათოა. ასეთ ადგილებში ხანძარი ძირითადად დაუდევრობით ჩნდება, ზოგჯერ მონადირეები ტოვებენ ნაკვერჩხალს და ხანაც შეშის მოსაგროვებლად წასულები. ზოგჯერ ხანძარი ბუნებაში პიკნიკზე გასული ადამიანების "დამსახურებითაც" ჩნდება. მიუხედავად ასეთი მასშტაბური კამპანიისა, გავუფრთხილდეთ გარემოს, საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი... თუმცა, რამ გამოიწვია ხანძარი, ამას გამოძიება დაადგენს. რამდენიმე კერა იყო და ჩვენც გავიშალეთ. ასეთ დროს, ნახევრად დამწვარ ხეებსაც ვჭრით, რადგან ხვალ თუ ზეგ, მცირე ქარის დროსაც შეიძლება წაიქცეს და საფრთხის შემცველია.
- ინტერნეტში მუდმივად ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ამსახველი ვიდეოები, სადაც ნახევრად დამწვარი ცხოველები გამოღწევას ცდილობენ. გინახავთ თქვენი მუშაობის განმავლობაში მსგავსი რამ?
- ცხოველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და შემიძლია მათთვისაც ისევე გავწირო თავი, როგორც ადამიანის გადასარჩენად შემთხვევაში ვიზამდი... ძაღლი ჩემთვის ისეთივე მეგობარია, როგორიც ადამიანი. ახლახან ქართული ნაგაზი დავკარგე. რამდენიმე თვე სახლში ვზრდიდით, ჩვენთან ეძინა და იმდენად განვიცადეთ, ოჯახის წევრები ამ თემაზე საუბარს დღემდე თავს ვარიდებთ.
კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს, ზაფხულში, ტყის ხანძრისას, ზღარბი გამოვიყვანეთ, ეკლები შეტრუსული ჰქონდა და წყალი რომ დავასხით, გაქცევაზე არც უფიქრია, იდგა და გრილდებოდა... ხანძრისა და საერთოდ, სტიქიის დროს, ცხოველები განსაკუთრებით უმწეოები არიან.
- ვიცი, რომ მუშაობის პროცესში მთავარია თქვენი უსაფრთხოება, თუმცა, არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც რისკზე მიდიხართ.
- საერთოდ, ჩვენი პროფესიის სპეციფიკა ისეთია, რომ სრულიად დაცული არასდროს ვართ და ყველა ჩვენგანს გაცნობიერებული გვაქვს სად ვმუშაობთ. ჩვენს საქმეში მთავარია ოპერატიულობა და ყველაფრის სწორად დაგეგმვა. დაუფიქრებელ ნაბიჯებს არასდროს ვდგამთ, რადგან ამით მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, კოლეგაც შეიძლება დავაზარალოთ, თუმცა, არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც. მაგალითად, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ადამიანების გამოყვანის მერე, ხანძრის ჩასაქრობად უკან ვბრუნდებით და ამ დროს არ არის გამორიცხული, რომელიმე კედელი ჩამოინგრეს ან იატაკი ჩავარდეს... ასეთი შემთხვევები ყოფილა. 11 სექტემბრის ტერაქტს ამერიკაში 343 მეხანძრე-მაშველი შეეწირა... 13 ივნისის ღამეს, ჩვენც დაგვეღუპა მეხანძრე-მაშველი, ზურაბ მუზაშვილი, რომელიც ჩემს ცვლაში მუშაობდა, მეგობრები ვიყავით...
არაერთხელ მქონია სახიფათო გამოძახებები. ერთხელ ფისით გადახურული შენობის სახურავს ვაქრობდით. ძლიერი დაკვამლიანება იყო. ღია სივრცეში აირწინაღი არ გვიკეთია. ახლაც არ ვიცი, რა იწვოდა, მაგრამ იმდენად მძაფრი სუნი იდგა, გონებას ვკარგავდი. გადახტომაც კი დავაპირე, მაგრამ ქვემოთ ლითონის კონსტრუქციები ეწყო, ან გადავრჩებოდი, ან არა... ბედად, ქარმა დაუბერა და კვამლი გაფანტა, თორემ ვგრძნობდი, რამდენიმე წამიც და ალბათ, გავითიშებოდი...
GzaPress
- ძირითადად, რა არის ხანძრის გამომწვევი მიზეზები?
- დაუდევრობა, გაუმართავი ელექტროსადენები, დაგვიანებული რეაქცია. ცეცხლი კი ძალიან სწრაფად ვრცელდება. გააჩნია, რა იწვის... გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, ელექტროსადენებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ქაფს ვიყენებთ...
ქარში მუშაობა ძალზე რთულია, რადგან ამ დროს ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჩვენ ობიექტს "ალყას ვარტყამთ," რათა ცეცხლი მოვგუდოთ. ძალიან მძიმედ მახსენდება "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძარი. ზოგადად, ხანძრის ჩაქრობისას, წყლის ჭავლით აუცილებლად ვსველდებით, მაგრამ ის ერთ-ერთი მასშტაბური ხანძარი იყო, იმ პერიოდში ძალიან ციოდა. ხანძარი რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა და მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით... ყინავდა. გაშლილი სივრცე იყო და ისეთი ცივი ქარი ქროდა, გამთენიისას შევნიშნე, რომ ჩაფხუტზე ყინულის ლოლოები გვეკიდა... ხალხი ძალიან გვგულშემატკივრობდა, თუმცა, მაღაზიის რამდენიმე გაბრაზებული მეპატრონეც მახსოვს, გვეჩხუბებოდნენ, თქვენ გააჩინეთ ხანძარიო, არადა, მათ დასახმარებლად ჩავედით, დღე და ღამეს ვასწორებდით და ასეთი დამოკიდებულება, ცოტა არ იყოს, გულს გვტკენდა.
ერთხელ ასეთი შემთხვევაც მახსოვს, - მეორე სართული იწვოდა, ფანჯრიდან ცეცხლის ენები გამოდიოდა, მესამეზე კი ოჯახი ცხოვრობდა ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი, ბავშვები და ბებია... კაცი ეზოში გველოდებოდა, ისინი კი აივანზე იყვნენ გამოსული. მთელ სახლში დაკვამლიანება იყო... რომ მივედით, აივნის იატაკი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მართლა წამები წყვეტდა ყველაფერს, მაგრამ საბედნიეროდ, ძალიან ოპერატიულად ჩამოვიყვანეთ... ბავშვების შეშინებული თვალები არასდროს დამავიწყდება. ასეთი მომენტები შემდგომშიც ძალიან გვეხმარება...
არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მახსოვს, სიცოცხლე რომ ვერ გადავარჩინეთ. ქალაქში ე.წ. შავი წერტილები არსებობს, სადაც ტრაგედიები ხშირია... ეს ყველაფერი ემოციურად მძიმე გადასატანია, ამის გამო, უფროსობამ ფსიქოლოგიის კაბინეტი გაგვიხსნა.
- სახალისო ამბებიც გექნებათ.
- ძალიან ბევრი, ერთხელ, მონადირეებმა ჩვენს სამსახურს დათვის ბელი გადმოსცეს, პატარა იყო, რამდენიმე თვის. დედა დათვს რა მოუვიდა, არ ვიცი... ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში "ნუ გეშინია დედა" რომ არის, მერაბიას რომ ზრდიან სამხედროები, ისე გავზარდეთ ჩვენც ის ბელი. პატარა, შავი, მრგვალი ბურთივით იყო, მხიარული. ჯერ რძეს ვასმევდით, შემდეგ, რომ გაიზარდა, ხორცი და პური მიგვქონდა... დაახლოებით, სამი თვე გვყავდა. ძალიან შეგვიყვარდა, მაგრამ ქალაქის ცენტრში დათვი ხომ არ გვეყოლებოდა და რაჭის ტყეში გავუშვით. ზოოპარკის ადმინისტრაციას შევთავაზეთ, მაგრამ გვყავსო, შემოგვითვალეს.
რაღაც დროის შემდეგ, კიდევ ერთი ბელი მოგვიყვანეს და ისიც ასე გავზარდეთ, გამოცდილება უკვე გვქონდა... ზაფხულში ტყის ხანძრები ხშირია და ზოგჯერ ერთი გამოძახებიდან პირდაპირ მეორეზე მივდივართ. ეს მეორე ბელიც ისე გვყავდა მიჩვეული, ეზოს გარეთ არ გადიოდა, ბავშვივით ხეებზე დაძვრებოდა, გვეთამაშებოდა. ერთხელ, გამოძახებიდან დაბრუნებულებს მანქანის სათავსში, სადაც სამუშაო იარაღებს ვინახავდით, საჭირო ნივთები უნდა მოგვეწესრიგებინა. "მიშკაც" ჩვენ გარშემო ტრიალებდა. ეტყობა, დრო იხელთა და ერთ სათავსში შეძვრა. ამ დროს განგაში ჩაირთო და ოპერატიულად წავედით სხვა გამოძახებაზე, სადაც კორპუსის ეზოში ბალახი იწვოდა. მოსახლეობა გარეთ იყო და საკუთარი ძალებით ებრძოდა ხანძარს. როგორც კი მანქანის სათავსი გავხსენით, ძალიან სასაცილოდ ბელი გადმოგორდა... არასოდეს დამავიწყდება კორპუსის მოსახლეობის რეაქცია - რამდენიმეწუთიანი პაუზა ჰქონდათ. თავიდან ჩვენც დავიბენით, თუმცა, შემდეგ ავუხსენით, ჩვენი დათვია, არ შეგეშინდეთო. კარგად იხალისეს. ხანძარი რომ ჩავაქრეთ, ისევ უკან შეგორდა და გამოგვყვა. ამის მერე ძალიან ბევრს ვხუმრობდით, - მეხანძრე დათვი გვყავსო. ძალიან ბასრი კბილები ჰქონდა და თამაშისას ხანდახან გამკრავდა ხოლმე, ყოველი შემთხვევისთვის ავიცერით და იმ ზაფხულს არც ალკოჰოლი დაგვილევია... შემდეგ შვებულებაში გავედი, რომ დავბრუნდი, უკვე აღარ დამხვდა, ტყეში გაუშვიათ.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.