ვინ არიან XXI საუკუნის მეჯღანუაშვილები და რა საფრთხეს შეიცავს მათი "მოღვაწეობა"?!
font-large font-small
ვინ არიან XXI საუკუნის მეჯღანუაშვილები და რა საფრთხეს შეიცავს მათი "მოღვაწეობა"?!
სწრაფი სესხები - მუდმივი საცდური საქართველოს მოსახლეობისთვის!

ბოლო წლებში საქართველოში არაერთი ადამიანი დარჩა ღია ცის ქვეშ იმის გამო, რომ კერძო მევახშის, ან ფინანსური ორგანიზაციის ვალი ვერ გაისტუმრა. ამ ბაზარზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ და დღესაც აქტიურობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სწრაფ სესხებს ძალიან მარტივად გასცემენ: თანხის გაცემა ონლაინრეჟიმში შეიძლება და ძალიან იოლია - დაინტერესებულ პირს შეუძლია მათ ვებგვერდს "ესტუმროს" და საჭირო თანხა ინტერნეტის მეშვეობით რამდენიმე წამში მიიღოს. მართალია, ბოლო ხანებში მსგავსი რეორგანიზაციების რიცხვი შემცირდა, მაგრამ ისინი მაინც მოქმედებენ და მოსახლეობას "სწრაფ" ფულს სთავაზობენ. "ამ ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ ხალხთან უკვე რამდენიმე წელია მაქვს შეხება და მათი პრობლემები ზედმიწევნით ვიცი" - აცხადებს ადვოკატი, ირაკლი უტიაშვილი.


"სწრაფი ფულის" სანაცვლოდ ადამიანები ხშირად კაბალურ პირობებზეც თანხმდებიან!

GzaPressირაკლი უტიაშვილი:
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების "მოღვაწეობამ" საქართველოში ათიათასობით ადამიანი დააზარალა. ეს ორგანიზაციები მოსახლეობას ე.წ. სწრაფ ფულს სთავაზობენ, რომლის გამოტანა ძალზე იოლია. როგორც წესი, ეს არის შედარებით მცირე თანხა, ოღონდ, ძალიან მაღალი პროცენტით. მსესხებელმა ფული 2-3 თვეში უკან უნდა დააბრუნოს. მე, როგორც ადვოკატს, პრაქტიკაში არაერთი ასეთი შემთხვევა მქონია. მაგალითად: ჩემმა კლიენტმა 300 ლარი ისესხა, სესხის გადახდა რამდენიმე თვით დაუგვიანდა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისგან 4 ათას ლარს მოითხოვდა ანუ ერთი სესხიდან 1000-1300%-იანი მოგების მიღება სურდა. ისეთი შემთხვევაც მქონდა, კლიენტს 500 ლარი რომ ჰქონდა გამოტანილი და სანაცვლოდ 2 ათას ლარს სთხოვდნენ. ჩემი ჩარევით გადასახდელი თანხა ორივეს შეუმცირეს. საერთოდ, ეს ორგანიზაციები თავიანთ მომხმარებლებს ძალიან მაღალ პროცენტს ახდევინებენ და დაგვიანების შემთხვევაში შეუსაბამოდ დიდ თანხას სთხოვენ. მაღალია სწრაფი სესხის საკომისიო გადასახადიც: ის შეიძლება გაცემული თანხის 10-15 პროცენტი იყო და ეს თანხა ორგანიზაციას რჩება. მაგალითად: შეიძლება ადამიანმა 500 ლარი ისესხოს და ხელზე 440-450 ლარი აიღოს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ უკან 500 ლარი უნდა დააბრუნოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხშირად არ ემორჩილებიან კანონით დადგენილ განაწესს და ცდილობენ, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. მით უმეტეს, თუ მსესხებელმა თანხის დაბრუნება დააგვიანა და პირობა დაარღვია - ამ შემთხვევაში მათ მიერ დაწესებული პირგასამტეხლო და ჯარიმა შეიძლება ათჯერ უფრო მეტი იყოს კანონით განსაზღვრულ ნორმაზე! ზოგიერთ ადამიანს ამ დროს სასოწარკვეთილება იპყრობს და ცდილობს, ერთი სესხი მეორით გადაფაროს - ერთი კლიენტი მყავდა, რომელსაც ათამდე საფინანსო ორგანიზაციის სესხი ჰქონდა: ჯერ ერთი ვალი აიღო, მერე - მეორე აიღო პირველის გასასტუმრებლად, მერე - მესამე და ასე - დაუსრულებლად... კიდევ კარგი, რომ ამ ორგანიზაციებს რამდენიმე თვის წინ რეგულაციები დაუწესეს, ერთხანს ისინი დაემორჩილნენ ამ წესებს, მაგრამ შემდგომში კვლავ განაგრძეს ჩვეული საქმიანობა. ისინი რეგულაციის პირობებს ხშირად არღვევენ და არ ასრულებენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ და კლიენტებისგან შეუსაბამოდ მაღალი თანხა ამოიღონ. ისინი ხშირად აშინებენ კლიენტებს და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ მათზე ანუ მოგების მისაღებად საკმაოდ ხისტ და მკაცრ მეთოდებს მიმართავენ.
რატომ მიმართავენ ამ ტიპის ორგანიზაციებს ჩვენი მოქალაქეები? - როდესაც ადამიანს ფული სჭირდება, მას შეუძლია დარეგისტრირდეს რომელიმე ვებგვერდზე და ეს თანხა უცბად მიიღოს. სწრაფი სესხებით ხშირად სარგებლობენ სტუდენტები, ისინი მშობლებს უმალავენ, რომ სესხი აიღეს, მერე ვეღარ იხდიან და ათასობით ლარის დავალიანება უგროვდებათ. მით უმეტეს, რომ ონლაინსესხებს თავდები და გარანტია არ სჭირდება. იგივე ხდება კერძო მევახშეებთანაც, მათგან ფულის შოვნა სწრაფი და იოლია. ამიტომ, ადამიანები ხშირად კაბალურ პირობებს თანხმდებიან - სესხის სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინასაც დებენ, რომ ფული რაც შეიძლება სწრაფად იშოვონ.

"ნუ ჩააგდებთ თქვენს ბედს და მომავალს თანამედროვე "მეჯღანუაშვილების" ხელში"

GzaPressსოსო არჩვაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
- საქართველოში ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში, მრავალი სახის საკრედიტო დაწესებულება არსებობს. ყველაზე მთავარი მათ შორის კომერციული ბანკებია, თუმცა ბლომად მოქმედებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები და ა.შ... ეს ორგანიზაციები ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებას ფინანსებზე მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებენ. რატომ მიმართავენ ადამიანები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს? - ყველაფერი მარტივია: მათთან სესხის ქონებით უზრუნველყოფა აუცილებელი არ არის, თანაც, ასეთი სესხი მოკლევადიან პერიოდზეა გათვლილი და ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც ფული სასწრაფოდ სჭირდება. ვინ მიმართავს ასეთ სესხებს? - ის, ვისაც იმ პერიოდში ძალიან უჭირს და შემოსავალი არა აქვს. როცა ადამიანს არა აქვს უძრავი ქონება, რომელსაც თავდებში ჩადებს, არა აქვს მუდმივი შემოსავალი, კომერციულ ბანკს ვერ მიმართავს. ამიტომ არჩევს ისეთი სესხი აიღოს, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდება - ეს ჩვენი დღევანდელობის დრამატული მხარეა. ე.წ. სწრაფი სესხები სწორედ გაჭირვებულ ხალხზეა გათვლილი და ფულის სესხებაც ყოველთვის არ არის დაუდევრობის, ან თავქარიანობის ბრალი. ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი ჰყავს ავად და სასწრაფოდ წამლის ფული სჭირდება, იძულებულია წამგებიან გარიგებაზე წავიდეს. თუმცა, არის ხალხი, ვინც ვალებს აზარტული თამაშის, ან გართობის გამო იღებს, მაგრამ მათი რიცხვი მაინც უმცირესი მგონია.
როცა ამ მტკივნეულ პრობლემაზე ვსაუბრობთ, მოულოდნელად იცით, ვინ გამახსენდა? - სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი, რომელმაც მევახშეობით დიდი ფული იშოვა. მეჯღანუაშვილი მწარედ დასცინოდა თავადაზნაურებს, რომლებმაც მთელი თავიანთი ქონება ვალების გასასტუმრებლად გაყიდეს. მისი მსგავსი მევახშეები ოდითგანვე არსებობდნენ და XXI საუკუნეშიც არსებობენ. ისინი ყოველთვის სხვის ხარჯზე მდიდრდებოდნენ, ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ბედი და მომავალი თანამედროვე მეჯღანუაშვილების ხელში არ ჩავაგდოთ. რასაკვირველია, სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს და ადამიანებს კაბალური ვალების აღება აღარ დასჭირდეთ.

"კიდევ კარგი, რომ ეს სფერო მეტ-ნაკლებად რეგულაციის ქვეშ მოექცა"

GzaPressპაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი:
- სამწუხაროდ, ბოლო წლებში მართლაც ბევრი ადამიანი გახდა უსამართლო, კაბალური გარიგების მსხვერპლი. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე საკმაოდ დაბალია. არანაკლებ სერიოზული მიზეზია ის, რომ ფულად კაპიტალზე წვდომა ჩვენთან გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე მოწინავე ქვეყნებში. მესამე მიზეზი კი, წლების განმავლობაში დაურეგულირებელი საფინანსო სექტორია. მართალია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამ სფეროში რეგულაციები დაწესდა, მაგრამ ეს უფრო შერბილებული რეგულაციებია, თუ ევროპულ ქვეყნებს შევადარებთ. რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ამ მცირე რეგულაციებსაც ვერ გაუძლო და დაიხურა. ისინი ძირითადად ონლაინსესხებს გასცემდნენ და 500-600%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთებით მუშაობდნენ. ასეთმა ორგანიზაციებმა მეტ-ნაკლებად სამართლიან თამაშის წესებს ფეხი ვეღარ აუწყვეს. ახალი რეგულაციების წყალობით საპროცენტო განაკვეთები 50 %-მდე ჩამოვიდა, მაგრამ ამ მოთხოვნას ბევრმა ორგანიზაციამ თავი ვერ გაართვა - ისინი ამ ბაზრიდან გავიდნენ. უნდა ითქვას, რომ ეროვნული ბანკის წყალობით, კერძო მევახშეებიც რეგულაციების ქვეშ აღმოჩნდნენ: ადამიანს, რომელსაც ფულის გასესხება სურს, ლიცენზია უნდა ჰქონდეს, ლიცენზიის აღება კი, ფასიანია. მოკლედ, ეს სფერო მეტ-ნაკლებად რეგულაციების ქვეშ მოექცა - ე.წ. მევახშეები კანონიერად უნდა დარეგისტრირდნენ და მათი საქმიანობა ოფიციალური უნდა იყოს.
ცნობისათვის: ამ დღეებში, ქართული მედიით გავრცელდა ეროვნული ბანკის ინფორმაცია, რომ ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზიციების რაოდენობა შემცირდა: კერძოდ, 2018 წლის ოქტომბერში, ბაზარზე 67 ასეთი ორგანიზაცია ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მათი რაოდენობა 50-მდე შემცირდა. შემცირებულია მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა და მიღებული საპროცენტო სარგებელი, ასევე - მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონებაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 1 208 მლრდ ლარის სესხი გასცეს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სესხების მოცულობა 1 097 მლრდ ლარამდე შემცირდა. სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების მიერ მიღებულმა პროცენტებმა და დივიდენდებმა 24 905 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 36 367 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება დასაკუთრებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, მიმდინარე წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 9 713 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 20 695 მლნ ლარის. როგორც ამბობენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობაზე უარყოფითი გავლენა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა იქონია, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.