ქართველი გოგონას ქართულ-ამერიკული ცხოვრება და წარმატებები
font-large font-small
ქართველი გოგონას ქართულ-ამერიკული ცხოვრება და წარმატებები
მისი ბავშვობა კარგად მახსოვს და არც ის მავიწყდება, მისი ცხოვრების შემყურეს, თვალწინ მუდამ იტალიელი რეჟისორის - ლუკინო ვისკონტის შესანიშნავი ძველი ფილმი, "ყველაზე ლამაზი" და მისი მთავარი გმირები - დედა (შემსრ. იტალიელი კინოვარსკვლავი ანა მანიანი) და პატარა გოგონა რომ მედგნენ. მეგონა, რომ ეს ულამაზესი პატარა გოგონა იმ ფილმის პერსონაჟი ბავშვივით დედას ბევრ წრეზე დაჰყავდა და ასაკისთვის შეუსაბამოდ, მეტისმეტად დატვირთული იყო. ეს ბავშვი ახლა 29 წლის ქალიშვილია - თამთა ცინცაძე, ნიჭიერი ადვოკატი და მუდამ დაუდგრომელი ადამიანი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, ამერიკაში, ტომას ჯეფერსონის სამართლის სკოლაში ამერიკული გრანტით მოეწყო და სწავლის გასაგრძელებლად კალიფორნიაში გაემგზავრა.


თამთა ცინცაძე:
- ძალიან პატარა ასაკიდან ვმღეროდი და ფესტივალებზეც გამოვდიოდი. შემდეგ, სკოლაში სწავლის დაწყების პარალელურად, სერიოზულ მუსიკალურ სამყაროში შევაბიჯე. 3 წლის ვყოფილვარ, როცა სათამაშო პიანინოს ნაცვლად ნამდვილი მოვითხოვე. ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, პიანისტი ვყოფილიყავი. ამის სურვილი მეც მქონდა, მეხუთე კლასამდე. მუსიკას ბოლომდე მივყევი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე. მეხუთე კლასიდან უცხო ენების შესწავლაც დავიწყე. ერთდროულად ვსწავლობდი რუსულს, ინგლისურსა და ფრანგულს და ჩემს ორ სკოლას კიდევ ორი - ბაირონის სახელობის სკოლა და ფრანგული კულტურის ცენტრი შეემატა. საკმაოდ დატვირთული ბავშვობა მქონდა. სამხატვრო აკადემიის საკვირაო სკოლაშიც ვახერხებდი სიარულს. როცა დრო მაქვს, ახლაც ვხატავ.
GzaPress
- და მაინც, მუსიკას არ გაჰყევი. რატომ?
- ჩემი პიანისტობა გამოირიცხა, რადგან უცხო ენებს იოლად და სწრაფად ვითვისებდი და მშობლებს ახალი იდეა დაებადათ - საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის განხრით მესწავლა. ჩემს ხასიათში ყველაზე მეტად სამართლიანობას გამოვარჩევდი, ამიტომ მტკიცე არჩევანი სწორედ სამართალზე შევაჩერე, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. თბილისის 50-ე საჯარო სკოლა წარჩინებით დავამთავრე და ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე, საჯარო სამართლის განხრით. ამავე უნივერსიტეტში გავაგრძელე სამაგისტრო პროგრამაც, თუმცა, უკვე სისხლის სამართლის მიმართულება ავირჩიე. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზეც 100%-იანი გრანტით ვსწავლობდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სისხლის სამართლის მიმართულება მაინტერესებდა, ამიტომ განხრის არჩევისას ბევრი არც მიფიქრია. საუკეთესო ლექტორები მყავდა და მათგან თეორიის გარდა, იურისტისთვის აუცილებელი ბევრი რამ ვისწავლე.
- როგორც მახსოვს, ამ პროზაული პროფესიის მიღმა ხელოვნებას მაინც არ ღალატობდი. ხომ არ ვცდები?
- ნამდვილად არ ცდები. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი და დატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის იყო რაღაც, რაც ჩემს ცხოვრებას ძალიან აკლდა. მართალია, გვიან, 23 წლისამ ვცადე ამ დანაკლისის შევსება, მაგრამ მაინც დავიწყე ცეკვა. მაშინ მაგისტრატურაში ვსწავლობდი, პარალელურად, სტაჟირებას ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროში გავდიოდი და თან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზეც ვმუშაობდი. ამის მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს მოვძებნე ერთ-ერთი საცეკვაო სტუდიის ნომერი და მოყვარულთა ჯგუფში ჩავეწერე. რომ მეგონა, ცეკვით ცოტას განვიტვირთები-მეთქი, 3 თვეში უკვე კონკურსებზე დავიწყე გამოსვლა და გართობა სერიოზულ სპორტულ ვარჯიშებში გადაიზარდა. მონაწილეობა კონკურსების ორგანიზებამ შეცვალა და ცოტა ხნით საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმშიც კი ამოვყავი თავი. მართალია, მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართალში მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი კარიერა ჯერ მხოლოდ კერძო სამართლით შემოიფარგლება. მოგეხსენებათ, პროფესიით მუშაობა დღეს საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. დიდხანს ვცდილობდი დასაქმებას და ეს ნამდვილად მძიმე პერიოდი იყო.
GzaPress
- ამიტომაც იფიქრე ამერიკაში გამგზავრება?
- სამწუხაროდ, პროფესიული განვითარების კუთხით ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება გვაქვს. აქ ხშირად განათლებასა და გამოცდილებაზე მეტად სხვა რაღაცები ფასობს. ბოლო პერიოდში საბოლოოდ დავრწმუნდი - წინსვლა მჭირდებოდა. იოლი არ არის, ადგე და სხვა კონტინენტზე გადაბარგდე, სრულიად უცხო ხალხში, მაგრამ სხვა რა გზაა, როცა საჭიროა, უნდა გარისკო.
ამჟამად კალიფორნიის შტატში, ტომას ჯეფერსონის სამართლის სკოლაში ვსწავლობ ამერიკული სამართლის საფუძვლებს. ესეც სამაგისტრო პროგრამაა და აქაც გრანტი მაქვს, თუმცა აქაური. ამის შემდეგ ვაპირებ, დოქტორის ხარისხიც დავიცვა. პარალელურად, მუშაობა დავიწყე წიგნის თარგმანზე, რომელიც ამერიკული სამართლის სისტემის ძირითად ასპექტებს ეხება. მარტში ესეების კონკურსშიც ვაპირებ მონაწილეობას. კონკურსი სისხლის სამართლის პროცესის თემაზეა და გამარჯვებული თემა კალიფორნიის იურისტთა ჟურნალში დაიბეჭდება. ამასთან, თბილისურ საქმეებსაც არ ვივიწყებ და დისტანციურად ისევ ჩართული ვარ იმ სამუშაოებში, რასაც წამოსვლამდე ვაკეთებდი. მოკლედ, დიდ ამბავში ვარ.
- ამერიკაში პირველად მოხვდი?
- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ აქამდე, ძირითადად, ევროპით შემოვიფარგლებოდი, ამერიკაში კი პირველად ვარ და აშკარაა, აქ სრულიად სხვა სამყაროა. რა თქმა უნდა, რაღაცები აქაც აწუხებთ ადამიანებს. მაგალითად, ჯანდაცვის სისტემა დიდად არც აქაურებს მოსწონთ, მით უმეტეს არ მოსწონთ - ჩამოსულებს. ექიმთან მისვლა დამჭირდა და ნამდვილად არ მეგონა, რომელიმე ქვეყნის სადაზღვევო თუ ჩვენსაზე მეტად გამაღიზიანებდა და დამაგლეჯდა ნერვებს. რატომ ვარ ამ ქვეყნით აღფრთოვანებული, იცით? კანონი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. ხალხმა იცის, რომ კანონი უზენაესია და უდიდეს პატივს სცემს. აქ ვერ იტყვი, სამსახური ვერ ვიშოვეო. ძალიან აფასებენ შრომასა და განათლებას. ყველაზე მეტად კი, იცით, რა მომეწონა? რა პრობლემაც უნდა გქონდეს, გარეთ გახვალ და წამში პოზიტივით ივსები. ყველა ერთად ქმნის დადებით დამოკიდებულებასა და აურას. როცა მეკითხებიან, საიდან ვარ და ვპასუხობ ჯორჯიას, თავიანთი შტატი ჰგონიათ და დიდ ემოციას არ გამოხატავენ, მაგრამ როგორც კი დავამატებ "ქვეყანას", მაშინვე დიდი აღტაცებით გამომკითხავენ ხოლმე ამბებს. ბევრი შემხვდა, ვინც საქართველოში ნამყოფია და მპირდებიან, აუცილებლად დავბრუნდებით, შეყვარებულები ვართ საქართველოზეო. მეც დიდი სიამაყით ვყვები, როგორი ძველი და მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე სამშობლო მაქვს.
GzaPress
- მანდ როგორ ერთობი?
- გართობის დრო ნამდვილად არ მრჩება, მაგრამ თავგადასავლებს მაინც ვახერხებ. ერთხელ ძალიან დაღლილი გამოვედი უნივერსიტეტიდან. მართალია, ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ გადავწყვიტე, ავტობუსს დავლოდებოდი, 215 ნომერი მჭირდებოდა. ტაბლოს ავხედე და 2 წუთში უნდა მოსულიყო. მოვიდა კიდეც, ავედი ავტობუსში, მძღოლი მომესალმა, ბედნიერი საღამო მისურვა, მოვკალათდი და ვიცი, რომ მაქსიმუმ 5 წუთში ჩემს გაჩერებაზე ვიქნები. ჩავრგე თავი ტელეფონში და ის-ისაა, გაჩერება უნდა მოვითხოვო, რომ გავიხედე და... სადღაც, ჩაბნელებულ ტრასაზე მივშხუილობთ. გაოცებულმა დავიწყე ფანჯრიდან ყურება, თან ვცდილობ, შიში და დაბნეულობა არ შევიმჩნიო. კიდევ კარგი, წინა დღეებში ადგილობრივი მობილურის ნომერი ავიღე და ინტერნეტი მქონდა. სასწრაფოდ ჩავრთე გუგლის რუკა და ვხედავ, რომ იმ ტრასაზე ვართ, რომელიც 10 წუთში მიუახლოვდება მექსიკის საზღვარს. დიდი მოწიწებით მივეჭერი მძღოლს და ვკითხე, 215 ნომერი რატომ მიდის სხვაგან-მეთქი? თურმე, ავტობუსის განათება ჩამქრალა და 215-ის ნაცვლად 225-ში ავსულვარ. ასე, უნებლიეთ, სახლის მაგივრად მექსიკის საზღვარზე ამოვყავი თავი. მთავარია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა, თუმცა უკან მიმავალ ავტობუსს სრულიად უკაცრიელ ადგილას საკმაოდ დიდხანს ველოდე.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.