რის ფასად შეიქმნა სიონის წყალსაცავი - რას იგონებს უხუცესი თვითმხილველი
font-large font-small
რის ფასად შეიქმნა სიონის წყალსაცავი - რას იგონებს უხუცესი თვითმხილველი
"საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გადათხარეს ბულდოზერებით რამდენიმე სოფელი"

თიანეთის რაიონის სოფელ ღულელების მცხოვრები გოგი ქისტაური და მისი მეუღლე მედეა ჯამაგიძე ადგილობრივ სკოლაში ხუთ ათეულ წელზე მეტია პედაგოგიურად საქმიანობენ... ბატონი გოგი, მასწავლებელი და ცნობილი აგრონომი, ახლახან იძულებული გახდა, სკოლა დაეტოვებინა, რადგან მეუღლის მოვლა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, მისგან სულ უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს.


გოგი ქისტაურს საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ შეიქმნა სიონის წყალსაცავი... არაერთი საინტერესო დეტალი იცის რაიონის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ. თვითმხილველისგან საინტერესო დეტალების მოსასმენად ბატონი გოგის ოჯახს ღულელებში ვესტუმრეთ...

- ბატონო გოგი, საინტერესო ამბები იცით სიონის წყალსაცავის შესახებ. გაგვიზიარეთ...
- საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გადათხარეს ბულდოზერებით რამდენიმე სოფელი. აქვე იყო სასაფლაოც. ხალხი გააფრთხილეს, მიცვალებულები გადაესვენებინათ და შემდეგ სასაფლაოც გახვეტეს... საკუთარი თვალით ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს... საოცარი კი ის გახლდათ, როცა მიწის ზედა ნაწილი გადათხარეს და ქვედა ფენას მიადგნენ, ქვედა ფენაში კიდევ ერთი სასაფლაო აღმოჩნდა... იქვე ნახეს აკლდამა, რომელშიც ორი ადამიანი იყო დაკრძალული. მახსოვს, ერთ-ერთს წინდები ეცვა. 1963 წელი იყო.
არქეოლოგებმა აღმოჩენილი ნივთები მცხეთის მუზეუმში გაგზავნეს. აღმოაჩინეს ორმო, სადაც ასამდე ადამიანის ძვლები იყო ერთად თავმოყრილი.
- რა იცით ტაძრის შესახებ, რომელიც წყალსაცავში მოექცა?
- ეს ტაძარი სოფელ საყარაულოს ტერიტორიაზე გახლდათ. როგორც ამბობენ, ის ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეულ ძეგლს უნდა წარმოადგენდეს. ამ ტაძრის იდენტური მაკეტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკლესიის რამდენიმე მცირე ნანგრევი.
რაც შეეხება ერწოს, მას თავდაპირველად ნატბევი ერქვა. ერთ-ერთი ვერსიით, ერწო ქისტური სახელია. ქვის ქვაბის ძირს ჰქვია "ერაწა". ეს ტერიტორია კი ქვაბის ძირივით ჩაზნექილია და ამიტომ დაურქმევიათ ეს სახელი. ღულელებში ხალხი XVIII საუკუნეში სოფელ ღულედან ჩამოსახლდა. ადრე ღულელებს ამტნისხევი ერქვა. ერთ-ერთი შემოსევისას ხალხს ბოლომდე უბრძოლია, მტერს შეჰკვდომიან და ამტანი ხალხის სახელი შერჩენიათ. ამიტომაც დაურქმევიათ "ამტნისხევი".
- ცნობილია, რომ ტოლაანთ სოფელში დროის გარკვეული მონაკვეთის მანძილზე სკოლაში ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა, რომლის დაც, გულქანი, სოფელ მაგრანეთში ყოფილა გათხოვილი...
- მე დავამთავრე სწორედ ის სკოლა, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. ტოლაანთ სოფელში ყოფილა ერთი უზარმაზარი ქვა, რომელსაც ვერავინ სძრავდა. ვაჟას აუღია და სადაც ნიშანი დაუსვიათ, იქამდე მიუტანია. ამბობენ, საოცარი ძალის პატრონი იყოო. ხშირად ეხმარებოდა გლეხებს, როცა სამართალს ვერ პოულობდნენ. სწორედ აქ გამართული ჩხუბის შემდეგ დაუწერია ლექსი არწივზე. ჩხუბის შემდეგ აქ დიდხანს აღარ დარჩენილა, მალევე დაუტოვებია აქაურობა.
- სოფელში ამბობენ, რომ თქვენს რაიონში მიწის ნებისმიერი მონაკვეთის ნიადაგი შესწავლილი გაქვთ და ზუსტად იცით, სად რომელი კულტურა უკეთ ხარობს. კონსულტაციების მისაღებად ახლაც გაკითხავენ ხოლმე?
- მალე 90 წლის გავხდები. მას შემდეგ, რაც მიწების პრივატიზაცია მოხდა, აღარავინ მაკითხავს. მიწის დამუშავება ისე გაძვირდა, ხალხი ამასაც ვეღარ ახერხებს. გარდა ამისა, რაიონი იცლება... როცა მე ვსწავლობდი, თიანეთის რაიონში მხოლოდ ორი სკოლა იყო და იქ მოსწავლეები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვადასხვა რაიონიდან დადიოდნენ. საშუალო სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად კალენინგრადში სამხედრო ჯავშანსატანკო სასწავლებელში წავედი, იქიდან კი ოფიცრის წოდებით დავბრუნდი. საშუალო სკოლაში მოსწავლეებს სამხედრო საქმეს ვასწავლიდი, შრომის პრაქტიკულ მეცადინეობებს ვატარებდი. მოგვიანებით მეურნეობით დავინტერესდი, მთავარი აგრონომი გავხდი. პარალელურად, სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ და მასწავლებლად ვმუშაობდი. მეცხოველეობის, მებაღეობის სხვადასხვა დარგის შესახებ მოსწავლეებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გადავცემდი. ერთხელ, ჰოლანდიელებმა ცხრა ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილის გამოსაცდელად 160 ჰექტარი გამოგვიყვეს. გარდა ამისა, ვცდიდით მზესუმზირას, ლობიოს, ხახვს.
- ომის წლები გემახსოვრებათ...
- 4 დედმამიშვილი ვიყავით. მე 10-ის, ჩემი უმცროსი ძმა კი ერთი წლის იყო, როცა მამა გარდაცვლილი მოასვენეს. მოგვიანებით, ჩემმა უმცროსმა ძმამ თავი სამშობლოს აფხაზეთის ომში შეწირა. მამას ბოლო თხოვნა დედასთან "შვილებს მიმიხედე" იყო. დედას გარდა არავინ გვყავდა, არც ნათესავი. ერთი ინდაურებს, მეორე ღორებს, მესამე ძროხებს დავყვებოდით. ირგვლივ საზარელი სიღარიბე იყო. მახსოვს, ხორბლის თავთავს ვკრეფდით, ვფვშვნიდით, ხელსაფქვავზე ვფქვავდით, ვხარშავდით და იმით ვიკვებებოდით. სახლში მიწის იატაკი გვქონდა. უმაღლესში რომ ვსწავლობდი, ლექტორები, სტუდენტები სულ მთხოვდნენ მათთვის მასპინძლობა გამეწია, მაგრამ ვერავის ვეპატიჟებოდი, მერიდებოდა მიწის იატაკი ენახათ... ომმა თითქმის უკაცოდ დატოვა ოჯახები... როგორც მოგახსენეთ, ეს ტერიტორია ჭაობით იყო დაფარული. ადამიანსაც უჭირდა არსებობა და პირუტყვსაც. 1941-43 წლებში რაიონის მცხოვრებლები არხებს თხრიდნენ. შიმშილობა იყო და მუშაობის სანაცვლოდ პური რიგდებოდა. მოგვიანებით ექსკავატორები შემოიყვანეს. ახლა მხოლოდ ადგილ-ადგილ თუ არის ჭაობი დარჩენილი.
- ასეთ პირობებში უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება როგორ მოახერხეთ? როგორც ჩანს, სწავლა გიყვარდათ...
- სკოლის პერიოდში ჩემი სახელი და გვარი საპატიო დაფაზე ეწერა ხოლმე. სანამ სწავლას დავიწყებდი, მახსოვს, მამამ სახლში სადღაც შემთხვევით ნაპოვნი წიგნი მოიტანა. გეოგრაფიის წიგნი იყო. ჯერ წერა-კითხვა არ ვიცოდი. წიგნი მუდამ ბალიშის ქვეშ მქონდა შენახული და ინათებდა თუ არა, ავიღებდი და ვფურცლავდი. პირველ კლასში წიგნი რომ მომცეს, ახლაც მახსოვს, როგორ იყო გაფორმებული.
- დღეს როგორ ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
- დიდი ხანი არაა, რაც სკოლიდანაც წამოვედი. მართალია, ჩემი თვიური ანაზღაურება მხოლოდ 70 ლარი იყო, მაგრამ ერთ ტომარა ფქვილს მაინც ვყიდულობდი. ორი ძროხა მყავდა, თავად ვწველიდი, მაგრამ რამდენიმე წელია მეუღლე პარკინსონის დაავადებით დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მასაც მე ვუვლი და პირუტყვის მოვლა ვეღარ შევძელი, გავყიდე. სახლის მეორე სართულზე აღარც ავდივართ, ერთ ოთახში ვართ შეხიზნული, ერთმანეთს ვეხუტებით, როგორმე რომ გავთბეთ და მკაცრ ზამთარს გავუძლოთ. იატაკი ჩანგრეულია, ზოგიერთ ადგილას ფეხის დადგმას ვერიდებით, მთლად რომ არ ჩაიშალოს. დროდადრო ჩემი მოსწავლეები მოდიან, სახლის საქმეებში მეხმარებიან და მათიც მერიდება, არ მინდა ამ პირობებში მხედავდნენ...
- რაიმე ტიპის სახელმწიფო დახმარებას არ იღებთ?
- არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. ახლა ყველაზე მეტად ეტლი გვჭირდება. მინდა მეუღლე სუფთა ჰაერზე გავიყვანო, მაგრამ ამ სურვილსაც ვერ ვუსრულებ, რადგან სკამზე მოთავსებისას ტკივილები აწუხებს...
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.