კალიგრაფიის ჯადოქარი
font-large font-small
კალიგრაფიის ჯადოქარი
მწერალსა და მხატვარს, გიორგი სისაურს კალიგრაფიის ჯადოქარსა და თანამედროვე ოპიზარს უწოდებენ. განსაკუთრებით ნუსხური დამწერლობა ხიბლავს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განხრით და მაგისტრატურაში სწავლობს კულტუროლოგიას. გარდა ამისა, 5 წიგნის ავტორია. მისი ხელნაწერი დაცულია ინგლისის დედოფლის სამეფო ბიბლიოთეკაში. "შანელისთვის" ღია ბარათებსა და მოსაწვევებს ქმნიდა. უყვარს კლასიკური მუსიკა, უკრავს ვიოლინოზე, ფლეიტაზე, ხალხურ საკრავებსა და ე.წ. ტუჩის გარმონზე, ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცია.


- მამაჩემი და ბიძაჩემი მხატვრები არიან. თექაზე შესრულებულ მათ ნამუშევრებში ბავშვობიდან ვამჩნევდი ასომთავრულ ასოებს. ნამუშევრებზე ინიციალებიც კი ასომთავრული იყო. გარდა ამისა, სოფელი მაქვს ხადას ხეობაში, სადაც ბევრი ძველი ციხე და სალოცავია. ვაკვირდებოდი ამოტვიფრულ წარწერებს, ნუსხურად შესრულებულს და ახალი სამყარო იბადებოდა ჩემში. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა თავისი ნაყოფი გამოიღო და იდეაც გაჩნდა - საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ კვლავ აღმედგინა წიგნების ხელით გადაწერის ტრადიცია. სამწუხაროდ, ეტრატის შექმნის ტექნოლოგია კი დავკარგეთ, ილუმინირების (ინიციალებისა და სხვა გრაფიკული სამკაულების გაფერადება-მოვარაყება ხელნაწერებსა და ძველებურ წიგნებში. - ავტ.), მოოქროვების ოსტატებიც აღარ გვყავს. ფაქტობრივად, თვითონ მომიხდა ამ ყველაფრის შესწავლა. საერთაშორისო დონეზე ჩემი პირველი წარმატება უკავშირდება გრაფიკულ ნამუშევრებს. ლუვრის ექსპერტები გაოცებულები იყვნენ იმ გრაფიკული კომპოზიციით, რომლებსაც 13-14 წლის ასაკში ვქმნიდი. 2 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევარი მაქვს შექმნილი.
GzaPress
- სკოლის ასაკშიც ასე ლამაზად წერდით?
- ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს მამაკაცური პროფესიაა, რადგან იშვიათად გვხვდება ქალი კალიგრაფი. საკმაოდ ცუდი კალიგრაფია მქონდა სკოლის პერიოდში. მახსოვს, პირველად რომ ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში, 10000 მონაწილეს შორის გავიმარჯვე და როდესაც სკოლაში გაიგეს ეს ამბავი, არ დაიჯერეს. ვერავინ არკვევდა ჩემს ნაწერს და დღესაც ასეა. 5 წლის წინ ჩატარდა ბოლო კონკურსი კალიგრაფიაში და "წლის კალიგრაფი" გავხდი.
- გიორგი, თუ არსებობს კალიგრაფიის სკოლა?
- დაინტერესება არის, მყავს მოწაფეები, რომელთაც ინდივიდუალურად ვასწავლი, მაგრამ კალიგრაფიის სკოლა არ არსებობს. რამდენიმე წლის განმავლობაში კალიგრაფიის კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ტარდებოდა. მართლაც ეროვნულ საქმეს აკეთებდნენ. მომავალი წლისთვის იგეგმება ამ პროექტის აღდგენა, რაც ძალიან კარგი იქნება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ კალიგრაფიის ხელოვნება და სუფთა წერა. კალიგრაფია ეს არ არის მხოლოდ ლამაზად წერა, ეს არის ხელოვნების დამოუკიდებელი დარგი, რომელიც ბევრი ასპექტისგან შედგება - დეკორაციის ხელოვნება, მინიატიურა, ილუმინირება - ბევრი რამ უნდა იცოდე, რომ შეკრა და შექმნა ხელნაწერი. ძველად ეტრატის ოსტატი სხვა იყო, მომჭედველი სხვა, მერე მოხატავდნენ, გადაწერდნენ, მოკლედ, ერთ წიგნზე მთელი ჯგუფი მუშაობდა. ახლა ყველაფრის კეთება თვითონ მიწევს, რაც არ არის იოლი და დიდ დროსაც მოითხოვს. თანაც, განსხვავებული ტექნოლოგიით ვმუშაობ - ხელნაწერებში ძვირფასი თვლების ჩასმა დავიწყე, ეს არის ინოვაცია. ასოთა მოხაზულობის დროს ფარგლის წვერით ფურცელი იხვრიტებოდა. ვიფიქრე, ძვირფასი თვლების ჩასმა იდეალურად დაფარავდა ნახვრეტს და გამომსახველობითიც იქნებოდა. ამიტომ ხელნაწერი საოცრად ციმციმებს და სულ სხვანაირად აღიქმება. როდესაც რთული ჩანაფიქრი მაქვს, შეიძლება ჯერ მონახაზი გავაკეთო, მერე კონტურები, მერე იმ ადგილებს აღვნიშნავ, რომლებიც მინდა მოოქრული იყოს, მერე ფერთა ჩასმა და ბოლოს უკვე თვლებს ვაწყობ.
GzaPress
- როდესაც თქვენ მიერ მოხატული ასოები ვნახე, გავიფიქრე, ალბათ როგორ უყვარს ქართული ანბანი, ასე რომ ეფერება-მეთქი.
- ანბანი ქართული კულტურის ყველაზე დიდი მონაპოვარია. როდესაც ქვეყნის გარეთ ვლაპარაკობთ ქართულ კულტურაზე, საუბარს ვიწყებთ ცეკვის, სიმღერის, სამზარეულოს შესახებ. ყველას ავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური დამწერლობა, რომ იუნესკომ "ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა" კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ძველად ხელნაწერი ტექსტები ჯერ იწერებოდა და მერე იხატებოდა, მე ჯერ მოხატულობას ვაკეთებ და მერე წარწერას. ერთი წამით ყურადღება თუ გაგეფანტა, მთელი შრომა წყალში გეყრება. რასაც აკეთებ, უნაკლო უნდა იყოს. დეტალებზე ორიენტირება, მუშაობა ძალიან მამშვიდებს. ხელნაწერის შექმნის დროს მთავარი დატვირთვა სიმბოლიკას აქვს. ვითვალისწინებ ბევრ რამეს, მაგალითად, ხაზებს, რომლებიც ერთმანეთს კვეთს, რა სემანტიკას ატარებს, დისკოებს, რას ნიშნავს წერტილები და ა.შ.
- სამუშაო გარემოს შესაქმნელად რა გჭირდებათ? და კიდევ, ალბათ უცნაური სამუშაო იარაღებია თქვენს სახელოსნოში, ხომ?
- მუსიკა - დაწყებული მოცარტიდან დამთავრებული მუსიკალური უახლესი ჟანრებით... ჩემს სამუშაო მაგიდაზე მართლაც ძალიან უცნაური იარაღებია, დაწყებული პატარა საიუველირო ჩაქუჩიდან დამთავრებული ფრინველების ფრთებით. ფრინველები საკუთარი ხელითაც კი მყავს გაპუტული (იცინის). ერთხელ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ექსკურსიაზე ვიყავით და ბატები დავინახე. ტექსტებს ბატის ფრთით ვწერ და ვერსად ვშოულობ. გავეკიდე და დავიჭირე. "პეროებიც" ძნელი საშოვნელია, მშრალ ხიდზე უკვე ყველა მცნობს.
- ამჟამად რაზე მუშაობთ, რა გეგმები გაქვთ?
- ახალი პროექტისთვის ვემზადები, 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით ბულგარეთში ჩატარდება პირველი პერსონალური გამოფენა, რომელსაც დაესწრებიან ბულგარეთის მეფე-დედოფალი და პატრიარქი, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. დიდი სურვილი მაქვს, ჩემს ქვეყანასა და ხალხს დარჩეს ჩემი გადაწერილი სახარება. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ნატვრას ავისრულებ.
GzaPress
- თქვენს წიგნებზეც მესაუბრეთ.
- ძველ ქართულ ენაზე თანამედროვე ჰიმნოგრაფიას ვქმნი, ვცდილობ, არა მარტო გამოსახულებით ავახმიანო ქართული დამწერლობა, არამედ თავისი ჟღერადობითაც. ჩემი პირველი წიგნი იყო "მათხოვრის დღიურები", რომელსაც კრიტიკოსებმა ფილოსოფიური ტრაქტატი უწოდეს. 2012 წლის ბოლოს ამას მოჰყვა "უსათაურო", რომელშიც ლექსები და პოემები შევიდა. შემდეგ იყო "კომედია", ძველი ქართულით დაწერილი თანამედროვე ჰიმნოგრაფიული პოემა, რომლის მთავარი ნიშა არქაულობაა, რაც ნუსხავს მკითხველს. როდესაც ჭაბუა ამირეჯიბმა წაიკითხა "კომედია" და "მათხოვრის დღიურები" ანუ პროზაც და პოეზიაც, დამიწერა, მომავალი ქართული მწერლობა მის ხელში გაივლისო. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. მერე იყო "ღვთაებრივი მისტერია" და ბოლოს, "მისტიკი", რომელიც ფანტასტიკის ჟანრის ფილოსოფიური ნაწარმოებია და სულ მალე გამოიცემა. რაც შეეხება პოეზიას, განსაკუთრებულად მიყვარს ლექსი, რომლის წაკითხვის შემდეგ პატრიარქმა მომიხმო და მითხრა, შენ ღვთის შვილი ხარ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლიაო. ეს ლექსია "ვინ ვარ?!" გთავაზობთ ნაწყვეტს:
"ვინ ხარ? ჩამესმის ხმა საუცხოო./ მითხარ, ვინა ხარ, ცის თუ მიწისა?/ ვარ მე რომელი ვიყავნ ყოველთა/ ცეცხლი, რომელში სული იწვისა./ ალად ილაგმა სიტყვა მოღვრილი/ და მოფანტული ღვთის სახებისა.../ და ბაგეთ ვშობე უცხოდ ნასეტყვი/ ხმა შესასმენი მოჩვენებისა./ ვინ ვარ? მითხარი ცეცხლო სულისა/ ან რა აზრი აქვს, ვინ ვარ ხმობილი?/ დედამიწიდან ვარ მოწყვეტილი/ თუ ფრთიანი ვარ ზეცით შობილი?/ ან რა აზრი აქვს,/ ვინ საიდან ვართ/ გამოსულნი ვართ ყველა ღმერთიდან./ სამოთხიდან ვარ გამოდევნილი/თუ ამოსული ჯოჯოხეთიდან"...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.