აბრეშუმით ქარგვის ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა ამერიკაში
font-large font-small
აბრეშუმით ქარგვის ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა ამერიკაში
მარიკა მამუჩიშვილი მესამე წელია, რაც ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და საქორწინო კაბების სალონში მუშაობს - კაბებს აფორმებს. მარიკა აბრეშუმით ქარგვის არტისტია. სულ ცოტა ხნის წინ ონლაინმაღაზიის საშუალებით შესთავაზა მსურველებს, შეიძინონ მისი ხელნაკეთი ნივთები - ჩანთები, სამკაულები, ნაძვის ხის სათამაშოები, ტანსაცმელიც კი. ეს საქმე მისთვის არტთერაპიაა, რომელმაც ცხოვრების რთული პერიოდი გადაატანინა.


- პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით - თავდაპირველად არაბულ ენას ვასწავლიდი, შემდეგ თავდაცვის სამინისტროში, ანალიტიკურ დეპარტამენტში განყოფილების უფროსი ვიყავი. 2017 წელს დავწერე განცხადება და სამსახურიდან წამოვედი. რეალიზებულიც ვიყავი, ნორმალური ხელფასიც მქონდა, მაგრამ ბოლო წლებში უპერსპექტივობის განცდა გამიჩნდა, რაც ძირითადი მიზეზი გახდა, ჩემი საზღვარგარეთ წამოსვლისა. მშობლები გარდაცვლილები მყავს, ამიტომ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ბევრი აღარ მიფიქრია, რა გამეკეთებინა და ამერიკაში, მეგობართან ჩამოვედი. ერთადერთი და მყავს და ისიც იმავე წელს გერმანიაში წავიდა. რა თქმა უნდა, რთულია უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყება. სხვა სოციუმია, სხვა გარემოა, სრულიად განსხვავებული რეჟიმი. აქ რომ ჩამოვედი, მაშინ მივხვდი, მუშაობა რა ყოფილა.
- თავიდან ალბათ უცხოობის განცდაც გქონდა, არა?
- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ, არა. მგონია, აქ დავიბადე და გავიზარდე. ნოსტალგია არ მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი, ჩემი სახლი, მეგობრები მენატრება... ყველაზე რთული საკუთარი ადგილის პოვნაა. მნიშვნელოვანია იცოდე, რისთვის მიდიხარ ემიგრაციაში - ფულის მოსაგროვებლად, ახალი პროფესიის დასაუფლებლად, თუ კიდევ უფრო განსავითარებლად.
GzaPress
- მარიკა, ხელსაქმე ბავშვობიდანვე გიტაცებდა და გეხერხებოდა?
- ბავშვობიდან ჩხირკედელა ვიყავი, განსაკუთრებით ელექტრობა გამომდიოდა კარგად - ყველაფერს ვშლიდი და ვაწყობდი (იცინის). მამას სულ პროტესტი ჰქონდა ამის გამო - შვილო, მეც დამიტოვე გასაკეთებლად რაღაც, ოჯახში კაცი ხომ მე ვარო? დედა ძალიან კარგად ქსოვდა და ქარგავდა. მეც ვქსოვდი, მაგრამ ქარგვა არასდროს მიცდია. მერე სტუდენტობის გამო შევწყვიტე ამ ყველაფრის კეთება, ერთი წელი საზღვარგარეთაც ვსწავლობდი, დამასკოს უნივერსიტეტში. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ვერ ვხატავდი. დედას გარდაცვალება მძიმედ გადავიტანე, მერე ინტერნეტში შემთხვევით ვნახე რომელიღაც ნამუშევრის ფოტო და დამაინტერესა. ჩემთვის უცნობი ტექნიკით იყო შესრულებული, 3D-ს ეფექტი ჰქონდა. დავიწყე ძიება, ვინ მუშაობდა საქართველოში მსგავსი ტექნიკით და ვერავინ აღმოვაჩინე, ჯგუფიც შევქმენი სახელწოდებით "ქარგვა და ხელსაქმე". დამაინტერესა მოცულობითმა ქარგვამ - ასე უწოდებენ ამ ტექნიკას, რომელიც უფრო მეტად უკრაინაშია განვითარებული. ჩავრთე ფანტაზიაც, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა კარგი ტექნიკა გქონდეს, თუ ფანტაზია არ წააშველე, ახალს და საინტერესოს ვერაფერს შექმნი. ფერების აღქმა, გრადაცია გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი არ ვარ, თურმე შემძლებია ფერთა შეხამება. მზა ლენტებს არ ვიყენებ, ყველაფერს თვითონ ვღებავ, რადგან მზა ფერი არ მაძლევს იმას, რაც მინდა. გამოფენებზე სულ მეკითხებიან, ეს ყვავილი დაჭკნება, გახმება, ჩამოვარდება და მერე სურათს რას უშვრებიო? ვეტყვი ხოლმე, აბა, მიდით და ხელით შეეხეთ-მეთქი. უკვირთ, როგორ, ეს ლენტაა, ეს ხელოვნურია?
- სამუშაო მასალად ძირითადად, რას იყენებ?
- რაც ქარგვა დავიწყე, სულ სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს. ვფიქრობ, რა გამომადგება სამუშაო მასალად - ხის ნაფოტი, კენჭი, რა აღარ... ძირითადად, აბრეშუმის ლენტს ვიყენებ, რადგან ის მაძლევს ბუნებრიობის შეგრძნებას. ატლასითაც მუშაობენ, მაგრამ ის უხეშია. თანაც, ასეთი სიპრიალე ბუნებრივ ყვავილს არ ახასიათებს და ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ზოგჯერ ზუსტად ვიცი, რა მინდა, ზოგჯერ თანდათან ჩნდება იდეები. მუშაობისას საერთოდ ვწყდები სამყაროს. ყოფილა შემთხვევა, ნამუშევარი ერთ დღეში დამიმთავრებია. ყველას უკვირს, რა ნებისყოფა გაქვსო, რადგან საკმაოდ შრომატევადია ეს საქმე: 8-9 საათი თავწახრილი ჯდომა და მუშაობა, საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ამავე დროს, სიამოვნებას განიჭებს.
- გამოფენა თუ გქონდა?
- როგორც გითხარით, ქარგვა გულის გადასაყოლებლად დავიწყე. არც მიფიქრია, ამ კუთხით განვითარებას თუ მოვინდომებდი და გამოფენა თუ მექნებოდა. საქართველოში იუსტიციის სამინისტროში, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზსა და ხელოვნების სასახლეში გამოვფინე ჩემი ნამუშევრები, მერე ნიუ-იორკში მქონდა 3 გამოფენა და ერთიც - ბერლინში. წარმატებისთვის იღბალიც საჭიროა, მაგრამ რაც ძალიან გინდა, თუ ძალისხმევას არ აკლებ, გამოგდის. ახლახან კომპანიაც დავაარსე, ვებგვერდიც მაქვს, სადაც დევს ნამუშევრების - ტანსაცმლის, ბიჟუტერიის, ჩანთების, ბროშების ფოტოები, სურათები და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლებათ მათი შეძენა. აქაურებისთვის ეს ყველაფერი უცხოა და უკვირთ. არ მახსოვს გამოფენა, რომ ჩემს ნამუშევრებთან არ გაჩერდნენ, იმდენად ცოცხალის ეფექტი აქვს. გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა ვიყო რეალიზებული და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს, შრომა არ მეზარება.
- საახალწლო თემატიკაზეც მუშაობ. ისეთი გამორჩეული და ლამაზი სათამაშოები გაგიკეთებიათ, ალბათ ძალიან გიყვარს ეს დღესასწაული.
- ჩემთვის ახალი წელი მართლაც გამორჩეული დღესასწაულია. ნიუ-იორკი კი მაგიური ქალაქია ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხარ და სულ სხვა განწყობა გეუფლება. ხშირად ვამბობ, ოდესმე დრო თუ მექნება, უამრავ სათამაშოს გავაკეთებ და ჩემს ნაძვის ხეს ჩემი სათამაშოებითვე მოვრთავ-მეთქი. არ ვიცი, როდის ავისრულებ ამ ნატვრას, რადგან თითო სათამაშოს დამზადებას 5-6 საათი მაინც სჭირდება. "ბარხატზე" ვქარგავ, მაქმანებით, ლენტებით, ბისერებით ვაფორმებ და ამიტომაც გამოდის უცხო. საახალწლო სათამაშოებმა ხომ სიხალისე უნდა მოჰგვაროს ყველას და დღესასწაული კიდევ უფრო გაგილამაზოთ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.