არატრადიციული და იაფი სუფრა
font-large font-small
არატრადიციული და იაფი სუფრა
"ხალხზე სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთობლივად უნდა იზრუნოს"

შობა-ახალი წლის დღეები ახლოვდება და ჩვენმა დიასახლისებმა უკვე დაიწყეს ფიქრი, რა შეიძინონ და რით შეამკონ საახალწლო სუფრა. მით უმეტეს, რომ ყველაფერი, რაც ტრადიციული, ქართული კერძების მოსამზადებლადაა საჭირო, ძალიან ძვირი ღირს. როგორც ხალხში ამბობენ, ბაზრობებსა და მაღაზიებში ყველაფერს "ცეცხლი უკიდია!"
როგორი განწყობით ხვდებიან შობა-ახალ წელს ცნობილი ადამიანები და რას ფიქრობენ გაძვირებულ ცხოვრებაზე? - ამის შესახებ თავად გვესაუბრებიან.


"ეტყობა, ვიღაცას სურს, რომ დღედაღამ თავის გატანაზე ვიფიქროთ"

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი:
- საშინელება ხდება: ვითომ ევროპაში შევდივართ, ვითომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა მშიერ-მწყურვალია. არც კი ვიცი, რა უნდა ვურჩიო და რა ვუთხრა ამ ხალხს. ეტყობა, ვიღაცას აინტერესებს, რომ ჩვენ დღედაღამ იმაზე ვიფიქროთ, თავი როგორ გავიტანოთ და ლუკმაპური სად ვიშოვოთ. ახალი წელი მოდის და მთელი საქართველო სოციალურად დაუცველია - ასე სურთ ევროპაში შევიდნენ? კიდევ კარგი, მე საკვების პრობლემა არა მაქვს, რადგან ჯანმრთელობის გამო დიეტურ და მცენარეულ პროდუქტზე ვარ გადასული, ჩემი ცოლიც კარგი დიასახლისია და შეუძლია თითქმის არაფრისგან უგემრიელესი კერძები მოამზადოს, მაგრამ ვისაც ელემენტარული საარსებო წყარო არა აქვს, იმან რა უნდა ქნას? ხალხი ქუჩაში სწორედ ასეთი საკითხების გამო უნდა გამოდიოდეს, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ქუჩები მათხოვრებითაა სავსე და ვითომც, აქ არაფერიო! ასეთ მწვავე პრობლემებს პოეზია ნამდვილად ვერ გადაწყვეტს. ამ ხალხზე სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთობლივად უნდა იზრუნოს. როგორი განწყობა უნდა მქონდეს, როცა მსურს, რომ ჩემი ქვეყანა ნორმალურ გზას დაადგეს და ამის ნიშან-წყალსაც ვერ ვხედავ?!

"არ არის აუცილებელი სუფრაზე გოჭის თავი იდოს - პირში ბოლოკითა და მწვანილით"
GzaPress
ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:
- გასაგებია, გვინდა, რომ საახალწლო სუფრა ჩვენს ოჯახში მდიდრული იყოს. მაგალითად, მე 24 დეკემბერს ვარ დაბადებული და ახალ წლამდე დაბადების დღის აღნიშვნაც მიწევს. რადგან ყველაფერი ძალიან ძვირია, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე სასარგებლო, გემრიელი და ლამაზი სუფრა მქონდეს: ძალიან მიყვარს ბროკოლის და გოგრის სუპი, რომელსაც თითქმის ყოველდღე მივირთმევ. ამ კერძებს სხვადასხვა ინგრედიენტით ვაფორმებ; ვამზადებ კერძებს, რომელიც ერთდროულად სასარგებლოცაა და გემრიელიც. ასე რომ, წელს ძალიან არატრადიციული, მაგრამ ლამაზი სუფრა მექნება როგორც დაბადების დღეზე, ასევე - ახალი წლის დღეებში. ჩემი აზრით, სულაც არ არის აუცილებელი სუფრაზე გოჭის თავი იდოს, პირში ბოლოკითა და მწვანილით... ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი საახალწლო სუფრა კრეატიული იყოს და ძალიან ძვირიც არ დამიჯდეს. თუნდაც გოზინაყი ავიღოთ: რატომ არ შეიძლება იგი მზესუმზირის ან გოგრის თესლისაგან მოვამზადოთ? ნიგვზის ჩანაცვლება მზესუმზირით ან გოგრის თესლით გონივრული გადაწყვეტილებაა. ეს პატარა ხრიკი მეც ბევრჯერ გამომიყენებია და არასოდეს მინანია. სხვათა შორის, ჩვენი სამოდელო სტუდიის ბავშვებსაც ვასწავლით, როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა ლამაზად მცირე ბიუჯეტით... რაც შეეხება ნაძვის ხეებსა და საახალწლო სათამაშოებს, ის საკუთარი ხელით დავამზადეთ და გადაწყვეტილი გვაქვს, მიუსაფარ ბავშვთა სახლს ვაჩუქოთ.
გემრიელი რეცეპტი ლიკა ყაზბეგისგან:
დავჭრით ბროკოლს და მის ფოთლებს ცოტაოდენ წყალთან ერთად დავაბლენდერებთ, შემდეგ გადმოვასხამთ ჭურჭელში და გავაზავებთ წითელი პილპილით. შეიძლება პილპილი დაფქული იმბირით ანუ ჯანჯაფილით ჩავანაცვლოთ. ასე მიიღება უგემრიელესი, დიეტური და ვიტამინებით სავსე ბროკოლის წვნიანი. შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ბროკოლი და გოგრა, რითაც ყვითელი და მწვანე ფერის ნაზავს მივიღებთ, რაც ძალზე ლამაზია. შეიძლება მიღებულ წვნიანში რამდენიმე მოხარშული კვერცხიც ჩავაწყოთ. გოგრის კრემ-სუპსაც ანალოგიურად ვამზადებ და მის ზედაპირს მწვანილის ფოთლებით ვაფორმებ. სწორედ ასეთი, სასარგებლო და ფერადი კერძებით შეგვიძლია გავაწყოთ სუფრა, რომლის ბიუჯეტი 50 ლარს არ აღემატება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.