"ამჟამად ღვთისმშობლის ცხოვრების სცენების დასურათებაზე ვმუშაობ"
font-large font-small
"ამჟამად ღვთისმშობლის ცხოვრების სცენების დასურათებაზე ვმუშაობ"
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს

თეა ნოზაძე ქართველი მხატვარია, რომელმაც გერმანიაში მიღწეულ წარმატებასა და თავის საინტერესო შემოქმედებით საქმიანობაზე გულახდილად გვესაუბრა...



- გვიამბეთ თქვენი შემოქმედების გერმანულ აღიარებაზე...
- გერმანიაში წარმატება საკმაოდ უჩვეულოდ მხვდა წილად: ამ ზაფხულს მასწავლებელთა სახლში ტრენინგი გაიმართა, სადაც ჩემი სამსახურის წყალობით მოვხვდი და სწორედ აქ გავიცანი ქალბატონი ნატალი აბესაძე, რომელიც ხელოვნების სფეროში საქართველოს წარმომადგენელი გახლავთ გერმანიაში. ჩემი ნამუშევრების გაცნობისას ქალბატონმა ნატალიმ მითხრა, უფალმა გამომიგზავნა შენი თავი და გერმანიაში შენს ნამუშევრებსაც გავგზავნი საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზეო... ეს კონკურსი ყოველთვის ქალაქ ერკნერში იმართება, რომელშიც ქართველები სისტემატურად მონაწილეობენ. გამოფენა სექტემბერ-ოქტომბერში მიმდინარეობდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ხელოვან ადამიანებს ნაკლებად ექცევა ყურადღება, მთლად ასეთი წარმატების იმედი არ მქონდა, თუმცა ცდა ბედის მონახევრეაო და მეც უფალს მივენდე... კონკურსს "ახალგაზრდობის ხელოვნების პრიზი" ერქვა და უმცროს და უფროს ასაკობრივ ჯგუფად იყოფოდა. მე პრიზი უფროს ასაკობრივ კატეგორიაში ავიღე. ჩემი სამი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი: "მებრძოლი ქალი", "ხელოვნება - სიზიფეს ლოდი" და "შექსპირის 66-ე სონეტის დასურათება"... გამარჯვების მოპოვება წარმოუდგენლად სისიხარულო იყო. გულის სიღრმეში მოლოდინი მქონდა...
GzaPress
- რა თემაზე იყო თქვენი ნამუშევრები?
- პირველი სურათია "მებრძოლი ქალი". მასში გადმოცემული მაქვს საკუთარი სულიერი მდგომარეობა, მიზნისკენ ძლიერი სწრაფვა და არსებულ რეალობასთან დაპირისპირება, რაც თავისთავად საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლასაც გულისხმობს! რადგან შენ თუ არ გაძლიერდი, ვერც სამყაროში არსებულ ქაოსს დაუპირისპირდები. ალბათ მხოლოდ ერთი ადამიანის სატკივარი არ დევს ამ ნამუშევარში და სხვაც იოლად ამოიცნობს საკუთარ თავს. არ ვიცი, რამდენად ზუსტად ვახერხებ, მაგრამ ვფიქრობ, ძლიერი შემოქმედება საყოველთაო იდეას ატარებს.
მეორე ნამუშევარში "ხელოვნება - სიზიფეს ლოდი" გადმოცემულია ხელოვანი ადამიანის მუდმივი სწრაფვა ზევითკენ; ციცაბო ფერდობი, რომელიც დაბრკოლებებით არის სავსე და ამ პირობებში შემოქმედს უწევს საკუთარი სამყაროს ხედვა იტვირთოს, რაც ერთდროულად ჯილდოცაა და სასჯელიც. საკმარისია ახალმა ხედვამ კულმინაციას მიაღწიოს, ანუ მხატვარმა ხორცი შეასხას იდეას, რომ ისევ ახალი ხედვის ტვირთვა უწევს, როგორც მითოლოგიურ პერსონაჟს დედამიწის ზიდვა.
მესამე ნამუშევარი შექსპირის 66-ე სონეტის დასურათებაა "ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება..." არასდროს ვასურათებ ლექსს ისე უბრალოდ, ყოველთვის საკუთარი სათქმელის გადმოსაცემად ვიყენებ, რადგან თუ თავად არ განვიცადე, ვერც სხვას განვაცდევინებ...
GzaPress
- როდის დაიწყეთ ხატვა?..
- ბავშვობა ძამას ხეობაში, ჩემთვის ულამაზეს ადგილას გავატარე. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა აგარის საჯარო სკოლაში გადავედი. ვფიქრობ, პირველი ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებები და სამყაროს ჭვრეტის დაუშრეტელი წყურვილი ძამას ხეობაში გატარებული წლებიდან იღებს სათავეს. სხვაგვარად გიყვარდება შენი სამშობლო და მხარე, როცა გარემო ასე შეუნიღბავად ავლენს საკუთარ თავში ღვთიური შემოქმედების სიდიადეს. ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც შემოქმედისა და პიროვნების ფორმირება, დანარჩენი კი უკვე გარეგნული მხარეა. თუმცა, სამხატვრო აკადემიაში არ მისწავლია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა დავამთავრე სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ასე რომ, შეიძლება თვითნასწავლი მეწოდოს... თუმცა, არავინ არის თვითნასწავლი და პიროვნებას საღვთო მადლი გასწავლის და გზრდის. მასწავლებელმა უბრალოდ ამ ნიჭის აღმოჩენას უნდა შეუწყოს ხელი.
ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში აქტიურად ვხატავდი და სასკოლო ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. მონაწილეობა მაქვს მიღებული 8 აგვისტოს ომის თემატიკისადმი მიძღვნილ გამოფენაშიც... რაც შეეხება სტუდენტობის პერიოდს, "ვეფხისტყაოსნისადმი" მიძღვნილ ჯგუფურ გამოფენაშიც ვმონაწილეობდი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. ასევე, პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენაში; ჩემი პერსონალური გამოფენა მწერალთა სახლში და თეატრალურ უნივერსიტეტში მოეწყო. წელს დავამთავრე სასწავლებელი და შემოდგომაზე კიდევ ორი პერსონალური გამოფენა მქონდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში "არჩევანი", საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში კი "განახლება". იანვარში ჩემი სასწავლებელის შუამდგომლობით, პერსონალური გამოფენა მოეწყობა ისტორიის მუზეუმში.
პერიოდულად ვმონაწილეობ სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებსა და პოეზიის საღამოებში... რაც შეეხება სასწავლებლებს, ჯერჯერობით ბაკალავრის ხარისხი მაქვს, თუმცა ვგეგმავ განათლების დონე ავიმაღლო ხელოვნების მიმართულებით.
GzaPress
- დიდი ხანია საქართველოში მხატვრისთვის არახელსაყრელი პირობებია. რამდენად რთულ პირობებში გიწევთ მოღვაწეობა?
- დღესდღეობით საქართველოში თითქმის ყველა სფეროს არასათანადო ყურადღება ექცევა, მათ შორის, მხატვრობა და ზოგადად ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაუფასებელი სფეროა. არადა, ხელოვნებაც მეცნიერებაა, ეს ხომ სულიერი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებაა, შემოქმედება კი კულტურის სფეროდან ტექნიკურ მიღწევებშიც გადაინაცვლებს, როგორც ამას რენესანსის მოღვაწე მხატვრების მაგალითიდან ვხედავთ;
მუშაობა საკმაოდ რთულ პირობებში მიწევს. იმისათვის, რომ მხატვრობისთვის საჭირო მასალა შევიძინო, სხვა სამსახურში მუშაობაც მიწევს, კერძოდ - სკოლაში... ეს კი საკმაოდ ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საქართველოში მხოლოდ მხატვრობით არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. დარჩე ცხოვრების ბოლომდე ხელოვნად, შეიძლება ითქვას, დიდი თავგანწირვაა და ეს რომ შეძლო, მოწოდებით უნდა იყო ხელოვანი...
GzaPress
- ცნობილი ადამიანები დაგიხატავთ... როგორია მათი შთაბეჭდილებები თქვენს ნამუშევრებზე?
- უმეტესად, იმ ადამიანების პორტრეტებს ვქმნი, ვინც ჩემთვის ფსიქოლოგიურად საინტერესო ტიპაჟს წარმოადგენს და ვისი ამოცნობის სურვილიც მაქვს ან ვის მიმართაც დიდ სითბოს ვგრძნობ...
დახატული მყავს მაკო ჩიქოვანი, ჩემთვის ძლიერი და საინტერესო პოეტი. ასევე, ძალიან საყვარელი მხატვარი და პოეტი თაფლო ზარიძე, ჩემი და-ძმების პორტრეტები, მათ შორის უმცროსი ძმა თორნიკე ლექსებს წერს და მის ლექსებსაც ვასურათებ...
ბოლო დროს შევქმენი უწმინდესის პორტრეტი და საიუბილეო გამოფენაზე ვაპირებ საჩუქრად გადავცე. იმედი მაქვს, ოდნავ მაინც გავახარებთ.
GzaPress
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- სამომავლოდ მინდა, კიდევ უფრო ინტენსიურად შევძლო საკუთარ თავზე მუშაობა. დროის დეფიციტის პრობლემა, რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელია, თუმცა ალბათ ასე უფრო მეტად ვგრძნობ ყოველი წუთის ფასს. განათლების ამაღლებაც აუცილებელია, რომ უფრო სრულყოფილად დავეუფლო როგორც საკუთარი თავის, ასევე შემოქმედებითი უნარების მართვას. ამჟამად ღვთისმშობლის ცხოვრების სცენების დასურათებაზე ვმუშაობ, რაც დიდად საპასუხისმგებლო და ამავე დროს სასიხარულო პროცესია! ეს მოითხოვს, რომ პიროვნების ხედვა საღვთო ხედვას არ დაუპირისპირდეს, ანუ სინერგიული კავშირი დამყარდეს. იმედია, ღვთის მადლი შემაძლებინებს მიზნის მიღწევას...
და კიდევ მინდა, რომ მომავალში, როცა ამის გარემო და პირობები მექნება, სამხატვრო წრე შევქმნა, რადგან იდეები კარგიც და ცუდიც, მარტივად ვრცელდება! მინდა, ქართველმა ერმა, მიუხედავად ხელოვნებისადმი უყურადღებობისა, არ დაკარგოს ენთუზიაზმი.
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
ფიროსმანის თბილისი და ივანე თოფჩიშვილის მოგონებები
ცხოველების ქომაგ ქალბატონს დახმარება სჭირდება
"ულამაზესი აქსესუარებით ბავშვებს წიგნებსა და კითხვას ვაყვარებ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.