"დედამ გვითხრა: ახალ წელს მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებიო..."
font-large font-small
"დედამ გვითხრა: ახალ წელს მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებიო..."
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში

ბავშვობაში ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ხვდებოდნენ. ფიქრობს, რომ სადმე სხვაგან შეხვედრის ალტერნატივა მაშინ არც არსებობდა. ოჯახში ახლაც ასეთი ტრადიცია აქვთ - 12 საათზე ყველანი აუცილებლად ერთად არიან. მერე მისი შვილიშვილის მეგობრები მოდიან სტუმრად ან ესენი, ახალგაზრდები მიდიან და უფროსი თაობა სახლში რჩება. რა ამბები ახსენდება მაკა მახარაძეს ახალ წელთან დაკავშირებით და რა იყო მისთვის ყველაზე მთავარი, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.



- ბავშვობაში თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრები არ მახსენდება... საჩუქრების ამბები მოგვიანებით, ჩემი შვილების პერიოდში დაიწყო და ახლაც გრძელდება. მე მახსოვს ახალი წლის სიხარული, ბედნიერება და მთავარი ინტერესი, რომელიც ნაძვის ხეს უკავშირდებოდა, ის იყო პრიორიტეტი. ერთი შემთხვევა მოხდა ჩემს ბავშვობაში, რაც ისე ჩამრჩა, როგორც დიდი დარტყმა (იცინის). მაღალჭერიან სახლში ვცხოვრობდით და ძალიან მაღალი, თითქმის ჭერს მიბჯენილი ბუნებრივი ნაძვის ხე გვქონდა (ხელოვნური ნაძვები არ არსებობდა). სახლში გვყავდა კატა და ჩიტები - გალიაში. არ ვიცი, უფროსებიდან რომელმა მოიფიქრა, რომ ჩიტები ნაძვის ხეზე ჩამოეკიდა... ალბათ, უფრო დედამ. ამ ამბავს შეეწირა ჩვენი ნაძვის ხე თავის სათამაშოებიანად. კატა შეახტა ნაძვის ხეს, რა თქმა უნდა, გადმოაყირავა და ყველა სათამაშო დაიმსხვრა, რადგან მინისა იყო. მარტო ბამბისგან გაკეთებული თოვლის ბაბუა გადარჩა.
GzaPress- ნაძვის ხის ზეიმებზე დადიოდით?
- კი, სადაც საჩუქარსაც გვაძლევდნენ: პატარა ყუთში ეწყო "პეჩენია", კანფეტი "დათუნია" და მანდარინი. მამიდას დავყავდი ასეთ ღონისძიებებზე და ასევე, თავის მეგობრებთან. მახსოვს, მისი ერთ-ერთი მეგობარი იყო ადა ჟორდანია. ახალ წელს მივდიოდით ისეთ ოჯახებში, სადაც ბავშვები განსაკუთრებულად ვერთობოდით. მაგალითად, მალიკო მრევლიშვილის ოჯახში, რომელსაც დედაჩემი თავის მეორე დედად თვლიდა. ქალბატონი მალიკო თეატრალურ ინსტიტუტში მეტყველების პედაგოგი გახლდათ. მისი ქალიშვილი, არაჩვეულებრივი სილამაზის ქალბატონი ნანა მურღულია, ნანას შვილი ირინა თევდორაძე და ირინას მეუღლე რეზო კლდიაშვილი დღემდე ვმეგობრობთ. დავდიოდით პიონერთა სასახლეში, სადაც ულამაზეს სარკეებიან დარბაზში იდგა დიდი ნაძვის ხე...
- ახალ წელს საზღვარგარეთ შეხვედრიხართ?
- ორჯერ ვიყავი ახალ წელს უცხოეთში, ეს იყო ამსტერდამი და იტალია. პირველად ამსტერდამში შევხვდი ახალ წელს უმცროს ქალიშვილ ანუკასთან ერთად. იქ თურმე ასეთი ტრადიცია არსებობს - ოჯახები ერთმანეთს საახალწლო ფეიერვერკების მოწყობაში ეჯიბრებიან. ეს ხდება პირველ იანვარს. მანამდე მთავარია 25 დეკემბერი, ოჯახური დღესასწაული, როცა სუფრაზე შინაური ღვეზელები უნდა იყოს აუცილებლად. შემდეგი დღეები, თითქოს ყველანი სახლებში არიან შეყუჟულები და 31 დეკემბრის ღამეს ეწყობა ფეიერვერკების ულამაზესი სანახაობა.
იტალიაში ახალ წელს მოვხვდი იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე სპექტაკლზე მუშაობდა, ანუკაც თან გვახლდა. ძალიან საინტერესო იყო იტალიაში ის დღეები. საოცრად გამიკვირდა, რომ პასქებს, ჩვენგან განსხვავებით, ისინი ახალ წელს აცხობდნენ. იტალიური პასქები, რაც გვაჩუქეს, თბილისში წამოვიღეთ და აღდგომამდე შევინახეთ. ისევ ახალივით იყო, ძალიან მოგვეწონა, გემრიელი ცუკატები ჰქონდა. ახლა, იმ ფირმის პასქები აქაც იყიდება. იტალიაში, რა თქმა უნდა, მესაზე წაგვიყვანეს, სადაც ბახს მოვუსმინეთ. ჩემთვის განსხვავებულ კონფესიაზე დასწრება ძალიან საინტერესო იყო.
- თქვენ თავად გიყვართ ნაძვის ხის მორთვა? სახლში ვინ აწყობს ნაძვის ხეს?
- ეს არის ნატოს პრეროგატივა, მის განკარგულებაშია ყველაფერი. ის ულამაზეს დეკორსაც აკეთებს. ამას ყველა აღნიშნავს ხოლმე. ჩვენი ნაძვის ხე ძალიან გვიყვარს. ისე გამოვიდა, რომ იგი დედაჩემის ნაჩუქარია. ერთხელ, ახალი წლის წინ დედამ ჰონორარი აიღო, თანხა მისცა ნატოს და უთხრა, - რაც გინდა, ის იყიდეო. და ნატომ იყიდა საკმაოდ დიდი და მაღალი ნაძვის ხე. დედამ კიდევ, ასეთი რამ თქვა: ახალ წელს მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებიო... ერთ-ერთ ახალ წელს სადღაც მომიწია წასვლამ და ნატოს ისე ეწყინა, მგონი დღემდე ვერ მპატიობს, - დადი (დედაჩემს ასე ეძახდნენ) ჩვენთანაა ამ დროს და შენ როგორ წახვედიო. ნატო ახალი წლის დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიდის სახლიდან.
- რა დროს ანდომებს ნატო ნაძვის ხის მორთვას?
- ნაძვის ხეს 31 დეკემბერს დგამს და შეიძლება, ახალი წლის მოსვლამდე 5 წუთით ადრე მორჩეს მორთვას ან ზუსტად 12-ზე. სხვათა შორის, დედასაც არ უყვარდა წინასწარ ნაძვის ხის დადგმა. მთელი დეკემბერი თუ ნაძვის ხეს უყურე, რა სიხარული იქნებაო, - ამბობდა ხოლმე და ნატოც ამ აზრისაა. თუმცა მერე, ჩვენი ნაძვის ხე შეიძლება მაისამდე აღარ ავიღოთ, რადგან იმდენად ლამაზია, გვენანება დასაშლელად.
GzaPress- ცნობილია, რომ ქალბატონი მედეა საოცარი კულინარი იყო, თქვენ ბევრი რამის მომზადება ისწავლეთ მისგან?
- გოზინაყი დედისგან ვისწავლე, მაგრამ საცივს დედასნაირად მაინც ვერასოდეს გავაკეთებდი, ამიტომ ამ საქმეზე ხელი ავიღე. მხოლოდ ერთხელ ვცადე და მოვამზადე საცივი. ახლა საერთოდ თავი დავანებე კულინარიას, ამდენს ვეღარ "ვქაჩავ". ყველაფერს ჩემი საყვარელი შორენა მიკეთებს. საახალწლოდ ყოველთვის მიჩნდება სურვილი, განსხვავებული რამე მოვამზადო და ინტერნეტიდან ვარჩევ რაიმე უცხო რეცეპტს. ასე ვაკეთებ რამდენიმე წელია. საახალწლო ტრადიციული კერძები, რა თქმა უნდა, გვაქვს, რომელიც მერე ყველას ჰბეზრდება.
- ბედობა დღეს როგორ აღნიშნავთ?
- უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად, ორ იანვარს სამეფო უბნის თეატრში ვიკრიბებით ყველანი და ბედობასთან ერთად, "სეკრეტ სანტას" აღვნიშნავთ. სამ იანვარს ჩემი სტუდია აწყობს "სეკრეტ სანტას" ზეიმს.
- მეგობრებთან და ნათესავებთან არ გეგმავთ ხოლმე მისვლას?
- როგორ არა, ახლა საახალწლოდ ჩემი ძმისშვილები და ძმისშვილიშვილები ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან და სულ წადი-წამოდი გვექნება ერთმანეთთან. ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიმდიდრე არის ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი სტუდია.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როცა კომპლიმენტი ოცნებების ახდენის ძალას გაძლევს
თაფლის სანთელი ბუნებრივი ანტისეპტიკია
"არ შეიძლება ერთ პატარა საქართველოში ხალხი კუთხეების მიხედვით დაყო..."
"თვითონ იაპონელებმაც არ იციან ყველა იეროგლიფის დაწერა. მე დაახლოებით 600 ვისწავლე"
მარი ბორძიკაშვილი 2018 წლის ზაფხულიდან სხვადასხვა აქსესუარს ქმნის.
ვინ გაგზავნა ქართველი მხატვრების პირველი ნაკადი საზღვარგარეთ სასწავლებლად
ბო­ლო დროს ტუ­რის­ტულ­მა ბიზ­ნეს­მა ცო­ტა გა­მო­ა­ცოცხ­ლა ეს სფე­რო
"ვაჟა-ფშაველას პირველი მეუღლე, კეკე სინამდვილეში, ნებალაძე იყო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.