დაუვიწყარი შეხვედრა საოცარი ღიმილის მქონე იური გაგარინთან
font-large font-small
დაუვიწყარი შეხვედრა საოცარი ღიმილის მქონე იური გაგარინთან
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები

ცნობილია, რომ იური გაგარინი - კოსმონავტი 1961 წლის 12 აპრილს მსოფლიოში პირველი გაფრინდა კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრ "ვოსტოკ 1"-ით და 1 საათსა და 48 წუთში დედამიწას ერთხელ შემოუარა. მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო, გაგარინი (ისევე, როგორც ყველა სხვა კოსმონავტი "ვოსხოდ-1" გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას.


ტრაგიკულად დაიღუპა საწვრთნელი ფრენის დროს (დაღუპვის შესახებ არსებობს სხვადასხვა დაუსაბუთებელი ვერსია).
1968 წელს ავიაციის საერთაშორისო ფედერაციამ (ფაი) დააწესა გაგარინის სახელობის ოქროს მედალი.

GzaPressცოტა ხნის წინ "პალიტრა L"-მა გამოუშვა წიგნი გაგარინზე, რომლის ავტორიც სვეტა კვარაცხელია გახლავთ. ამ წიგნს გამოეხმაურა ქალბატონი - მედეა მანჯგალაძე, რომელიც იური გაგარინს პირადად იცნობდა, მისი მეუღლე თავის დროზე ცნობილი მფრინავი იყო და ქალბატონ მედეას თავადაც ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გავლილი.

- ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს წიგნი, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, რომ ისევ ახსოვთ ეს გმირი კაცი. მადლობა "პალიტრა L"-ს და სვეტა კვარაცხელიას, ღმერთმა გაგახაროთ ისე, როგორც მე გამახარეთ ამ წიგნის გამოცემით.
ჩემი მეუღლე სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი კლასის მფრინავი იყო. კოსმონავტების მეორე შეკრება რომ დაიწყეს, რამდენიმე კაცთან ერთად ისიც გადაიყვანეს სარაკეტო საჰაერო ძალებში (სადაც ყველაფერი გასაიდუმლოებული გახლდათ). მაშინ ქალაქ ხაბაროვსკში ვიყავით - იქ საჰაერო ძალების პოლკი იყო, მერე გააკეთეს სარაკეტო ძალების პოლკიც, რომლის უფროსადაც ჩემი მეუღლე - ზერო მანჯგალაძე დანიშნეს. ამის წყალობით გაიცნო გაგარინი, დამეგობრდნენ კიდეც. ჩემს მეუღლეს ნამდვილად შეეძლო საიდუმლოების შენახვა, ვერაფერს ათქმევინებდი. ერთი მეგობარი გვყავდა, გარიკ ეროხოვი, ვლადივოსტოკიდან გადმოყოლილი თანამშრომელი, რომელიც წაიყვანეს ჩკალოვის აეროდრომზე, ძალიან მაგარი ბიჭი, ჩემი ძმადნაფიცი იყო. იმის მეოხებით ვიგებდი რაღაცებს, თანაც - ძალიან საიდუმლოდ. თორემ ჩემი ქმარი იმასაც მიმალავდა, საჰაერო ძალებში რომ იყო. ბლაგოვეშენსკში ერთხელ ისეთ ღრუბლებში მოხვდა, კინაღამ დაიღუპა. ესეც სხვისგან გავიგე - სოკოლოვი იყო ერთი გენერალ-ლეიტენანტი, რომელსაც ვუმკურნალე (მაშინ ჯერ კიდევ მედ-მუშაკი ვიყავი, თან იურიდიულზე ვსწავლობდი, მერე გავხდი პროკურორი) და მისგან შევიტყვე, რომ ზერომ გმირულად დააჯინა თვითმფრინავი, სწორედ ამის მერე გაითქვა სახელი.
- ანუ როგორც მედმუშაკს, ბევრი საიდუმლოს გაგება შეგეძლოთ?
- ასეა (იცინის). ჰოსპიტალში ვმუშაობდი, სადაც გენერლები, ოფიცრები, სამხედროები და მათი ცოლებიც კი მოდიოდნენ, რომელთა მკურნალობა არ მევალებოდა, მაგრამ დახმარებაზე უარს არავის ვეუბნებოდი და ამის გამო დიდად მაფასებდნენ... გაგარინი რომ კოსმოსში გაფრინდა, ესეც ვიცოდი და ისიც, თუ ვინ იყო ის 20 კოსმონავტი, რომლებიც მხარში ედგნენ. იმდენი კარგი რამ მესმოდა გაგარინზე, ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ჰოდა, ერთხელაც ქმარს ვუთხარი: ამდენს რომ დაფრინავ, ერთხელ მეც წამიყვანე, შენი თვითმფრინავით გავისეირნებ და თან სახელოვან ხალხსაც ვნახავ-მეთქი. გადაირია, ეგ რომ ვინმემ გაიგოს, ხომ გამაგდებენ სამსახურიდანო. უარი მითხრა. მერე ჩვენს კიდევ ერთ მეგობარს, გარიკ ეროხოვს დავუკავშირდი, რომელმაც დამარიგა: ჩუმად თვითმფრინავში შედი, როგორც მაშინ, როცა პარაშუტით გადმოხტომა გინდოდა... მე ჩკალოვის აეროპორტზე დაგხვდებით, მანქანას მოვიყვან თვითმფრინავის ბორბლებთან, ჩუმად ჩამოძვერი, ჩემთან წაგიყვან და მერე მოვიფიქროთ, რა და როგორ გავაკეთოთო.
- ანუ ადრეც მალულად გაჰყევით თვითმფრინავს, პარაშუტით რომ გადმომხტარიყავით?
- ბიჭებმა თვითმფრინავში კი შემაპარეს და ის-ის იყო, უნდა გადმოვმხტარიყავი, რომ ჩემმა ქმარმა მომკრა თვალი და გადაირია! იყვირა, ახლავე დასვით თვითმფრინავიო. შეეშინდა ყველას, კავკასიელი მოგვკლავსო და არ მომცეს გადმოხტომის უფლება. გაბრაზებულმა მივაგდე პარაშუტი და აუსრულებელ ოცნებად დამრჩა (იცინის).
- ამის შემდეგ გაბედეთ და თვითმფრინავში კიდევ ერთხელ აიპარეთ, ოღონდ იმ მიზნით, რომ გაგარინი გაგეცნოთ?
- კი, გავრისკე. ჩემმა ქმარმა ეს რომ გაიგო, მითხრა, იცოდე, სამსახურიდან თუ გამაგდებენ, მოგკლავო.
- როდის აღმოგაჩინათ თვითმფრინავში?
- როცა აფრინდა მერე. რაც მთავარია, ბიჭებმა არ გამამხილეს. საოცრად ხუმარა ბორტმექანიკოსი ჰყავდა, რომელმაც მითხრა, - ამოდი. რა უნდა მიქნას მიხაილოვიჩმა, ვიცი, არ გამაგდებსო და დამეხმარა ასვლაში... აეროდრომში ღამით ჩავფრინდით. დაგვხვდა ეროხოვი და მასთან წავედით სახლში. იქ მოიყვანეს გაგარინი. მე ვიცოდი, რომ მას ძალიან უყვარდა კავკასიური საჭმელი. ამიტომ თან მიმქონდა საქართველოდან გამოგზავნილი ხვანჭკარა და ნიგვზიანი ბადრიჯანი, რომელიც ბიდონში ლამაზად მქონდა ჩაწყობილი... მოკლედ, შევხვდი გაგარინს. როგორც თავის წიგნში ქალბატონი სვეტა წერს, იური გაცილებით უკეთესი იყო ცხოვრებაში, ვიდრე სურათებშია. ღია თმა, ცისფერი თვალები და სასწაული ღიმილი ჰქონდა. ასეთი ღიმილი სხვა დროს არ მინახავს. მარტო ორ ადამიანს უხდებოდა ღიმილი: ერთი იყო გავრილ გიორგივიჩ ხეჩინაშვილი ლენინგრადში, რომელსაც ქალების ღმერთს ეძახდნენ, რადგან გინეკოლოგი გახლდათ და მეორე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი ანზორ ბარაბაძე, მაგრამ იური გაგარინი სულ სხვანაირად იღიმოდა, თვალს ვერ მოსწყვეტდი. სხვათა შორის, ბარაბაძეს შევარქვი "ლუჩ სვეტა ვტიომნომ ცარსტვე" (იცინის), რადგან ის გამორჩეული იყო გენერალურ პროკურატურაში თავისი წესიერებით, პატიოსნებით; საოცრად კეთილი კაცი იყო. როცა ვუთხარი, თქვენისთანა ღიმილი, შეიძლება ცოტა უკეთესი, გაგარინს ჰქონდა და ხეჩინაშვილს ლენინგრადში-მეთქი, მოკვდა სიცილით. თანაც, ისეთი კაცი იყო, ვერავინ უბედავდა თამამად რაიმეს თქმას, მე კი გავბედე, არავისი მეშინოდა...
- გაგარინმა გარდა თავისი ღიმილისა, თქვენზე შთაბეჭდილება კიდევ რით მოახდინა?
- ერთი-ორი ჭიქა ღვინო რომ დალია, მერე თქვა, შენი მეუღლე ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. მე ის ავირჩიე და ჩავაწერინე მეორე მოწვევის კოსმონავტთა სიაშიო.
მართლაც, მას მერე ჩემი ქმარი სულ დაფრინავდა, ჩინეთშიც იყო (სადაც ჩუმად გამიყოლა), იაპონიაში, ჩრდილოეთში, მურმანსკში, პრიბალტიკაში და ა.შ. ზერო ყველაფერთან ერთად, კარგი ფეხბურთელი გახლდათ, საბჭოთა კავშირის "ცეესკაში" უნდოდათ მისი აყვანა, მაგრამ უარი თქვა, ფეხბურთი ჩემთვის ჰობია, მფრინავი ვარო.
ერთხელაც, როცა ფეხბურთს თამაშობდა, ერთ-ერთმა მოთამაშემ ფეხი მოარტყა ბარძაყში და ძვალი გაებზარა. ვერ დავიჟინებ, რომ ეს მოუწყვეს, მაგრამ საეჭვოდ დაემთხვა იმ პერიოდს, როცა კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა და ამ შემთხვევის გამო ის გუნდს გამოეთიშა. ამის გამო გულდაწყვეტილი იყო. მიუხედავად ტრავმისა, იმდენად ძლიერი მფრინავი იყო, რომ ბოლომდე ვერ გაიმეტეს და მეცნიერ-კოსმონავტთა შეფპილოტად წაიყვანეს, არ დააშორეს საყვარელ საქმეს და ხაბაროვსკიდან გადაგვიყვანეს ლენინგრადში. დაფრინავდა შავ ზღვაზე, ჩრდილოეთში. ერთხელ პრიბალტიკის ცაზე ფრენდნენ, ძალიან დაბლა, რაღაცას იკვლევდნენ. თურმე, მოულოდნელად გემი გამოჩნდა და როცა ეგონათ, განწირულები იყვნენ, ზერომ იყოჩაღა, უცებ ასწია თვითმფრინავი, როგორც ისარი და ეს სასწაულში ჩაუთვალეს. ხომალდზე მის გარდა, ყველა წაქცეულა და ამბობდნენ, ამ მფრინავმა გადაარჩინა გემიც და თვითმფრინავიცო, რის გამოც დააჯილდოეს კიდეც.
GzaPress
- ყველაზე მეტად რომელი ჯილდოთი ამაყობდა? როგორც ვხედავ, ბევრი ჯილდო აქვს.
- ბევრი ჯილდო ჰქონდა და ყოველ ჯერზე ფულად პრემიასაც აძლევდნენ, მაგრამ ის თითოეული წვრილმანითაც კი ხარობდა... ერთხელ ინდოეთში რომ ვიყავით, "ქალის თავი" მიართვეს. უთხრეს, მარტო ამას და ცოლს აკოცე, სხვას არავისო.
- თქვენ აძლევდით ამ "ქალის" კოცნის უფლებას?
- (იცინის) ამ "სტატუეტკას" ჩემი ქმარი კი არა, რომ დათვრებოდნენ კაცები, ყველა კოცნიდა... ლენინგრადში 10 წელი ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ... ზერო ძალიან დამწუხრებული იყო, როცა კარალიოვი გარდაიცვალა, კოსმონავტიკის მამა... გაგარინი რომ დაიღუპა (1968 წლის 27 მარტი), იმ დღეს დაბადების დღეს ჰქონდა ზეროს, უნდა გვეზეიმა, მაგრამ... იურის გარდაცვალება ნამდვილი ტრაგედია გახლდათ ჩვენი ოჯახისთვის და არა მარტო ჩვენთვის. ისიც საშინელებაა, რომ მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დღემდე არავინ იცის.
- რას ამბობდნენ, იური გაგარინზე წლების წინ?..
- ძალიან წესიერი, პატიოსანი, ერთგული, მხიარული ადამიანი გახლდათ. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, სიცილით გვკლავდი. ორი-სამი დღე ვიყავით ერთად და მახსოვს, ჩვენთან რომ მოსულიყო, ცოლს ეპარებოდა. როგორც ჩანს, მისი მეუღლე ძალიან ეჭვიანი გახლდათ; შეიძლება იმიტომაც, რომ ამის საფუძველი ჰქონდა, ქალები ბუზებივით ეხვეოდნენ იურის. თუმცა, მისი ცოლის ადგილას არ ვიეჭვიანებდი, რადგან ეს მისი ცხოვრება იყო დიდებული, სასწაული. იური ამბობდა: ვალიუშა ისეთი ეჭვიანია, ახლა მე რომ თქვენ შინ მიგიყვანოთ, შეიძლება გაგიჟდესო. ბევრს გვაცინებდა. თბილი ადამიანი იყო ყველასთან ურთიერთობაში და მეც დიდი ხნის ნაცნობივით, ნამდვილი ძმასავით შემხვდა.
ბევრჯერ გამიგია, რუსებს შეიძლება არ უხაროდათ მისი წარმატება და უღალატესო. არადა, მე ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ უყვარდათ რუსებს, პატივს სცემდნენ. ჩემი მეუღლე გაგარინის გარდაცვალების შემდეგ ამბობდა: ნეტავ იცოდე, როგორ ოცნებობდა და სულ იმაზე ფიქრობდა, როდის გაფრინდებოდა მარსზე, ვენერაზე, მთვარეზე... პლანეტების დაპყრობა ჰქონდა მიზნად. სულ იხვეწებოდა თურმე, მომეცით გაფრენის საშუალებაო. ჩემი ქმარიც სულ იმას ამბობდა: მფრინავმა თუ არ იფრინა, ალბათ მალევე მოკვდებაო.
როცა ზეროს სამეგობროდან ბევრი მფრინავი დაიღუპა, ვუთხარი (5 წელი კიდევ ჰქონდა იმისთვის, რომ ეფრინა): აღარ მინდა არც შენი გენერლობა, არც არაფერი, უნდა წავიდეთ სახლში-მეთქი. ძალიან შემეშინდა, რომ რაიმე დაემართებოდა. სულ ვლოცულობდი, ღმერთო, ოღონდ საქართველოში დაგვაბრუნე ჯანმრთელები-მეთქი (ტირის). ბოდიშს გიხდით ემოციისთვის, მაგრამ ჩემი შიში რეალური იყო... დამიჯერე და წამოვედით. თუმცა, გაუჭირდა აქ...
GzaPress- როგორც ვიცი, გაგარინის ხსოვნის პატივსაცემად შავები გეცვათ...
- იმ პერიოდში იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე ხაბაროვსკში და მაშინ დიახაც, რომ მგლოვიარე ვიყავი, შავები მეცვა არა მარტო გაგარინის, არამედ ტოლია კამპანიეცის გამოც... მერე დამესიზმრა ტოლია (გაგარინი არასდროს დამსიზმრებია), რომელმაც მითხრა, "სისტრიონკა", რა იყო ამდენი ტირილი, სულ წყალში ვცურავო. იმ დღის მერე შევწყვიტე გლოვა. დღემდე ვერ ვივიწყებ ჩემი ოჯახის მეგობრებს, ჩვენს ძალიან ახლობელ ადამიანებს, მაგრამ არ ვგლოვობ.
ერთ ამბავს გავიხსენებ: უფლის განგება იყო თუ სხვა რამ, არ ვიცი, მაგრამ "პალიხა" რომ გამოვიდა (ახალი ხერხი იყო სურათის გადაღების. პალეხა სოფელია ივანოვის ოლქში და იქაურები არიან ამისი ავტორები, მხატვრები), წავიღე გაგარინის, ტოლიას, დედაჩემის სურათები გასაკეთებლად. როცა დამზადებული შინ მომქონდა, ვჯდები ავტობუსში და ვხედავ, ვიღაც კაცი ამოდის, მარჯვენა ხელი გადახვეული აქვს და მარცხენით ეზიდება "საკვოიაჟს". მივეხმარე ატანაში. ჩემთან დაჯდა. უსაქმურად ჯდომას ვარჩიე, საყვარელი ადამიანების ახალდამზადებული ფოტოები კარგად შემემოწმებინა და ამოვიღე, ვათვალიერებ. გაგარინის ფოტო გვერდით მჯდომმა შენიშნა და მორიდებით მკითხა, - საიდანო? იცნობდითო? როცა დადებითი პასუხი მიიღო, ლამის გაგიჟდა. მოვუყევი მოკლედ, სად და როგორ გავიცანი. ცოტა ხანში ამ კაცმა მარცხენა ხელით გახსნა თავისი "საკვოიაჟი" და ამოიღო ჟურნალი (შიგნით უამრავი ასლი ეწყო), - ეს ჩემგან და ჩემი ავტორებისგან საჩუქრად და გაგარინის სახსოვრად გქონდეთო. თურმე ეს ადამიანი მხატვარი ოლეგ ანი გახლდათ. უცნაური გვარი ჰქონდა, შესაძლოა ფსევდონიმიც იყო, მაგრამ არ ჩავძიებივარ. მითხრა: წარწერა მინდა გაგიკეთოთ, მაგრამ მარცხენით ვერ ვწერ. თუ არ შეწუხდებით, მე გიკარნახებთ, თქვენ დაწერეთ და ბოლოს ხელს მოვაწერო. დამაწერინა დაახლოებით ასეთი ტექსტი: პატივისცემით იური გაგარინთან მეგობრობის გამო. ძვირფასო, გახსოვდეთ მისი განუმეორებელი ღიმილი, სუფთა გული და უსასრულო იუმორი. პატივისცემით, ოლეგ ან". მერე მითხრა, რომ გაგარინს თავადაც იცნობდა. ასე შემომრჩა ეს საოცარი წიგნი-ალბომი, რომელიც ძალიან მიყვარს.
P.S. ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის სიყვარულის ამბავზე, საინტერესო თავგადასავლებსა და იმ იმედგაცრუებაზე, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულებმა იწვნიეს, "გზის" მომდევნო ნომერში მოგითხრობთ.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.