"ამდენი ქანდაკების დატოვებას სჯობდა, ერთი ცოცხალი არსება შემემატებინა სამყაროსთვის..."
font-large font-small
"ამდენი ქანდაკების დატოვებას სჯობდა, ერთი ცოცხალი არსება შემემატებინა სამყაროსთვის..."
სანდრო ხუცურაული - 70 წლის შემოქმედებითი სტაჟის მქონე ხელოვანი

მხატვარი და მოქანდაკე - 91 წლის სანდრო ხუცურაული მიუნხენში ყველა დროის გამოჩენილ ხელოვანთა სიაში დაასახელეს. მისი ქანდაკებები მსოფლიოს რვა ქვეყანაში, ათი ძეგლი კი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა განთავსებული. ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებშიც. "უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის" ჯილდოს მფლობელი, პედაგოგიური ინსტიტუტისა და პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტის ყოფილი ლექტორი რვა ინსტრუმენტზე უკრავს (1965 წელს რიგაში გამართულ ფესტივალზე ტუბაზე დაუკრა და ჯაზის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიანიჭეს), წერს ლექსებს და კრიტიკას "ვეფხისტყაოსნისა" და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესახებ. 2015 წელს სანდრო ხუცურაულის შესახებ ფილმიც გადაიღეს. ფილმმა მსოფლიო კინოფესტივალზე "მინსკი 2016" I პრიზი დაიმსახურა. პირველი და ჯერჯერობით, ბოლო ფშაველი მოქანდაკე დღეს მეტისმეტად შეჭირვებით ცხოვრობს. მდგომარეობა უფრო მეტად სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნამ გაართულა. ბატონი სანდრო საკვებისთვის სათნოების სახლს მიმართავს. დღის მანძილზე იქ რჩება, საღამოს კი კვლავ თავის ოთახში ბრუნდება და ახალ საზრუნავს - ქეთევან დედოფლის ქანდაკებას დაჰფუსფუსებს, რომლის განთავსებაც მუხრანის გზაზე სურს.


GzaPress- 2017 წლის ცნობილი "სუპერბაბუა" ხართ...
- სათნოების სახლში, სადაც დღემდე საკვებით უზრუნველმყოფენ, შარშანწინ ღონისძიება მოაწყვეს და მომღერლები და მოცეკვავეები ექვსი რაიონიდან მოიწვიეს. მე სამშობლოზე ჩემი დაწერილი ლექსი წავიკითხე, სამ ინსტრუმენტზე დავუკარი (მანდალინა, სალამური და ფანდური) და ვიცეკვე. შედეგად, პირველი ადგილი მოვიპოვე. საერთოდ, რვა ინსტრუმენტზე ვუკრავ.
- თიანეთის რაიონში კარგად იციან თქვენი დედის, იმ დროისათვის საზოგადოებრივად მეტად აქტიური ქალბატონის, ნატო ალბუთაშვილის სახელი. ის პირველი იყო, ვინც რაიონში დღისა და ღამის სკოლა გახსნა...
- დიახ, დედა 18 წლის იყო, როცა მამამ შეირთო. მაშინ თიანეთში პირველად გაიხსნა სასწავლებელი, სადაც დედამ პედაგოგიური განათლება მიიღო და 1930-იან წლებში ჩვენი სახლის სამ ოთახში პირველი საბჭოთა სკოლა გახსნა. ამ სკოლაში სწავლობდნენ როგორც ბავშვები, ისე დედაზე ბევრად უფროსები. დღის სკოლის გარდა, გახსნა ღამის სკოლაც, სადაც ხევსური და ფშაველი კაცები და ქალები წერა-კითხვას ლამპის შუქზე სწავლობდნენ. ეს სახლი 1927-28 წლებში მამას, ნიკო ხუცურაულის პროექტით აშენდა. მაშინ ხალხის ნახევარზე მეტი გომურში საქონელთან ერთად ცხოვრობდა და ავეჯიც არაფერი ებადათ. მამამ რამდენიმე ხელობა იცოდა, ნიჭიერი კაცი იყო და ეს სახლი 24 წლისამ ააშენა. კარ-ფანჯარაც თავად დაამზადა და იატაკიც დააგო. გააკეთა იმ დროისთვის იშვიათი ავეჯი - ტახტი, სკამები და მაგიდა. ჩვენი სახლის პატარა ოთახში იყო საფოსტო განყოფილება, სატყეო მეურნეობა, ვეტპუნქტი. მამას უყვარდა სიახლე. მან რაიონში პირველმა მოიტანა გრამაფონი, პატეფონი, გიტარა, მანდალინა. იყო რაიონის მთავარი მექანიზატორი. პირველი იყო, ვინც რაიონში ბორბლიან და მუხლუხიან ტრაქტორს, ასევე, სალეწ მანქანას ფლობდა. მამამ მომიტანა გიტარა, სალამური, მანდალინი, რომელსაც ხევსურები აწკრიალებდნენ და სულ მაინტერესებდა, როგორ გამოსცემდა ასეთ საოცარ ხმას. ვუკრავდი დუდუკზე, მოგვიანებით გარმონი შევიძინე. ასევე, ფორტეპიანოც. ახლანდელი ფანდურის სიმები არაა კარგი. მე ვიცი ნამდვილი სიმების გაკეთება, ლარების დაგრეხა ცხვრის ნაწლავებისგან - იმას ქართული ხმა აქვს. შესახედად ახლა ულამაზესი, კრიალა ფანდურებია, მაგრამ ლამაზ ბგერას ვერ გამოსცემს... მამამ საკუთარი ხელით ააშენა სახლი თბილისშიც. მისი დაგეგმარებულია ნატახტრისა და ბულაჩაურის წყალსადენები. დედაც და მამაც მთიელთა კულტურული განვითარების წევრები იყვნენ, რომელსაც მთიელ ხალხში კულტურის გავრცელება ევალებოდა. მამა მეზობელ თანატოლ კაცებს "ბიძია თომას ქოხს", "ტრისტან და იზოლდას" და სხვა ნაწარმოებებს უკითხავდა. როცა მამას განსასვენებელი ადგილი შევუცვალეთ, მისი ძვლები საკუთარი ხელით გადავალაგე ერთი სასახლიდან მეორეში...
- მოგვიანებით ამ სახლში საბავშვო ბაღი გაიხსნა...
- დიახ, 50-იან წლებში დედამ საბავშვო ბაღი გახსნა. მარტო უვლიდა 12 ბავშვს. თლიდნენ ხის ნივთებს, ხატავდნენ, ძერწავდნენ, უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ვარჯიშობდნენ. 1989 წელს ამ სახლში ჩვენი სოფლელები შევკრიბე და სამშობლოს დამოუკიდებლობის შესახებ აგიტაციას ვუტარებდი. შეგროვებული თანხით ვიყიდეთ ქსოვილი და ორი ეროვნული დროშა შევკერეთ. ერთს მიტინგებზე ვატარებდით, მეორე კი სოფლის თავში აღვმართეთ, სადაც მანამდე საბჭოთა საქართველოს გერბი იყო განთავსებული. ამ დროშას ხალხმა სანდროს დროშა შეარქვა. როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დროშა ჩამოვხსენი და დღემდე სათუთად ვინახავ, ყოველ 26 მაისს კი აივანზე გამოვფენ ხოლმე. 2000 წელს ამ სახლში სკოლა მეც გავხსენი. მასწავლებელი ვიყავი მხოლოდ მე, მყავდა ერთი მოსწავლე, ვასწავლიდი მხოლოდ ერთ საგანს, ლიტერატურას, ერთ ავტორს, ვაჟა-ფშაველას და ერთ ნაწარმოებს - "სტუმარ-მასპინძელს" (იცინის). ამ სახლს ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის: იოსებ კეჭაყმაძე, აკაკი შანიძე, ქართველი ფერმწერი უჩა ჯაფარიძე, პოეტი გაბრიელ ჯაბუშანური და ბევრი სხვა. მიმაჩნია, რომ ის მუზეუმად უნდა გადაკეთდეს. ვცდილობ, ამ მიზანს მივაღწიო, რაიონის ხელმძღვანელობას გავაცანი იდეა, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული პასუხი არ მიმიღია.
- ომის წლები მძიმე იყო რაიონისთვის?
- როცა ომი დაიწყო, იმ წელს შვიდი კლასი დავამთავრე. თბილისში ვსწავლობდი და ომის გამო დროებით სოფელში გადავედით. ერთი წელი გაგვიცდა, სოფელში დავისვენეთ. ომი გაგრძელდა, ამიტომ ერთი წელი თიანეთში ვისწავლეთ. მთებიდან ზარბაზნების გრუხუნი ისმოდა. ხალხს ძალიან უჭირდა, თუმცა, ჩვენ არ შეგვხებია, რადგან მამა მუშაობდა. რომ გარდაიცვალა და ომიც დასრულდა, მერე გაგვიჭირდა. ერთხელ სამი დღე ისე გავიდა, პურიც არ გვქონდა. მახსოვს, ზესტაფონიდან გადმოდიოდნენ, ტანსაცმელი მოჰქონდათ და ლობიოზე, კარტოფილსა და სიმინდის ფქვილზე ცვლიდნენ. სულ ორი ჩასაცმელი გვქონდა, ასე იყო მიღებული. ერთი გაცვეთილი, დაკერილი და მეორე, უფრო ახალი - ქორწილში ან დღეობაში წასასვლელად.
GzaPress
- ასეთ გარემოში უმაღლესი განათლების მიღება როგორ მოახერხეთ?
- 15 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. თავდაპირველად უნივერსიტეტში ეკონომიკურზე ვაბარებდი. ქართულში ფრიადები მივიღე, მათემატიკაში კი - დაბალი ნიშანი. შემდეგ ბედი სამხატვრო აკადემიაში ვცადე. ხუთზე ჩავაბარე ხატვა და ქანდაკება, რუსულ კარნახში კი ორი დამიწერეს. მითხრეს, რუსული როგორ ვერ ისწავლეო?! ვუპასუხე, რუსული არც ფიროსმანმა იცოდა და არც რაფაელმა-მეთქი. ის ერთი წელი ძალიან გამიჭირდა. დედა ბევრს შრომობდა, 83 ფარდაგი მოქსოვა, ხევსურეთში ცვლიდა ყველსა და კარაქზე. მოახერხა და მეც, ჩემს დასაც და ძმასაც განათლება მოგვცა. აკადემიაში რვა წელი ვისწავლე. ძირითადად, ჩაისა და პურზე ვიყავი. მძიმე რეჟიმი იყო, რვიდან ათ საათამდე ვსწავლობდით. მსგავსი პირობების გამო, ნახევარზე მეტმა სწავლა მიატოვა.
- თქვენს კურსელებს შორის შემდეგ უკვე გამოჩენილი მოქანდაკეები და მხატვრები ხომ არ იყვნენ?
- ჩემთან ერთად სწავლობდნენ მერაბ ბერძენიშვილი და ელგუჯა ამაშუკელი, გოგი და ირაკლი ოჩიაურები. გარკვეული პერიოდი პირველი ქართველი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეც მასწავლიდა. ლექციებს მიკითხავდა შალვა ამირანაშვილი, მომისმენია შალვა ნუცუბიძის ლექცია არეოპაგიკის შესახებ, ასევე, დიმიტრი უზნაძის ლექციები. სერგო ქობულაძე რექტორი გახლდათ. დიპლომის დაცვის თავმჯდომარე გიორგი ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ფუძემდებელი იყო. ელგუჯა ამაშუკელი ძალიან განათლებული გახლდათ. ჩემში ხედავდნენ ნიჭს და ცდილობდნენ, მეტი ცოდნა გადმოეცათ. ელგუჯა მეტისმეტად სპეტაკი იყო. კარგად თამაშობდა ფეხბურთს, მესხის ახლო მეგობარი გახლდათ. საოცრად უკრავდა გიტარაზე. გიტარას კარგად მისი გავლენით დავეუფლე. მასწავლიდა, რჩევებს მაძლევდა. უყვარდა წერა. არაჩვეულებრივად ასრულებდა არიებს იტალიური ოპერებიდან. ბერძენიშვილი გარეგნობით გამოირჩეოდა. დიდი ყურადღებით სარგებლობდა ქალთა საზოგადოებაში (იცინის).
GzaPress
- ოჯახზე გვიამბეთ...
- მეუღლე არ მყავს. მეგრელი ქალი მიყვარდა, რომელიც სხვას მისთხოვდა. 12 წლის შემდეგ გადავწყვიტე ცოლი შემერთო და საცოლის ძებნა დავიწყე. წარმოიდგინეთ, 144 ქალი დავთვალე, ვისაც ვთხოულობდი. დედა იტყოდა ხოლმე, ადამიანი რა ვარსკვლავზეც დაიბადება, ისე გალევს წუთისოფელსო და მართალი ყოფილა. ჩემ გარშემო მუდამ მშვენიერი გოგონები ტრიალებდნენ, მაგრამ ოჯახი ვერ შევქმენი. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი მოკრძალებული ხასიათიც გახლდათ. ახლა კი მარტოს ძალიან მიჭირს. ამდენი ხელოვნების ნიმუში შევქმენი, მაგრამ ვფიქრობ, მათ დატოვებას, მაინც სჯობდა, ერთი სულიერი დამეტოვებინა...
ცოტა უცნაური "კოლექცია" მაქვს გამოცდილების... დამილევია ყავა ფინჯნიდან, რომლითაც პუშკინი სვამდა, მძინებია იმ ოთახშიც, სადაც ღამეს პუშკინი ათევდა. ეს იყო პუშკინის მეგობრის, თავად ვიაზებსკის ექვსსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მძინებია ტურგენევის ტახტზე. იმ ნარდით მითამაშია, რომლითაც ილია თამაშობდა. მომისმენია ექვთიმე თაყაიშვილის ლექცია სამხრეთ საქართველოს ძეგლების შესახებ.
- მუშაობას ახლაც აგრძელებთ?
- ამჟამად ქეთევან წამებულის ქანდაკებაზე ვმუშაობ. 10-მეტრიანი კოლოსი მუხრანის ტრასაზე უნდა დაიდგას. 9 მაისისთვის თიანეთში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მინდა გამოფენა მოვაწყო. ბევრი სამუშაო მაქვს. შემეძლო უფრო მეტი მემუშავა, როგორც მხატვარსა და მოქანდაკეს, მაგრამ პედაგოგობას დიდი დრო მიჰქონდა, ოთხ ადგილას ვმუშაობდი. ხშირად მიმუშავია უსასყიდლოდაც...
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ დააქორწინეს ქართველებმა "სოფი ლორენი"?
თურქეთში წარმატებული ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური ინტერვიუ
ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ამერიკაში ქართულ საქმეს აკეთებს
ელენე ელყანიშვილი ჯერ მხოლოდ 11 წლის არის და უკვე 700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორია.
სამთო მაშველი გოგონები ტურისტების უსაფრთხოების სამსახურში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.