"ალადინი" - საახალწლო საჩუქარი პატარებს მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან
font-large font-small
"ალადინი" - საახალწლო საჩუქარი პატარებს მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა

სპეციალისტების შეფასებით, ბავშვებს, რომელთაც ნაკლები შეხება აქვთ თეატრთან, ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე მაღალი ზნეობრივი ნორმებით ხელმძღვანელობა, ესთეტიკური აზროვნება, ჭეშმარიტი ფასეულობების ფსევდოღირებულებებისაგან გარჩევა უჭირთ. შესაბამისად, მათ, ვისაც საბავშვო სპექტაკლების ხშირად ნახვის ფუფუნება აქვთ, მეტად მომზადებული აქვთ სულიერი ნიადაგი სიკეთისა და ჭეშმარიტების შესაცნობად, ავსა და კარგს შორის სხვაობის დასანახავად და სწორი არჩევანის გასაკეთებლად. პატარა იოლად იჯერებს ზღაპრებს, სადაც კაცობრიობის სულიერი კულტურის მარად უცვლელი სიბრძნე თავს სხვადასხვა ფორმითა და ფერით გამოხატავს და მას ძალდაუტანებლად აჯერებს, რომ სიკეთე დაუმარცხებელია.



ნორჩი მაყურებლის სულიერი სამყაროს ჩამოყალიბების ამ რთულ პროცესში კიდევ ერთი ფერადი, "ჟღერადი" და იმპრესიული წვლილი ახლახან მოზარდ მაყურებელთა თეატრმა შეიტანა მორიგი სპექტაკლით - "ალადინი". პიესის სახით "ალადინი" - მუსიკალური კომედია ჯადოსნურ ლამპარზე და არა მარტო მასზე, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. სპეციალურად მიუზიკლისთვის, რომელიც მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა, შეიქმნა ინსცენირება და არანჟირებები, რომლებიც პროექტის ავტორსა და ჯინის როლის შემსრულებელს, მსახიობ ლევან გვაზავას ეკუთვნის. მიუზიკლში გამოყენებული მუსიკალური თემები არა მხოლოდ ქართველი, მსოფლიო მსმენელისთვისაც კი უცნობია. დაუვიწყარ, შთამბეჭდავ სანახაობას უჩვეულო სცენოგრაფია, ცოცხალი შესრულება, ულამაზესი კოსტიუმები და შთამბეჭდავი ქორეოგრაფია ქმნიდა.
GzaPress
ლევან გვაზავა, პროექტის ავტორი, მსახიობი:
- შარშან ჩვენ მიერ დადგმული "ურჩხული და მზეთუნახავი" საახალწლო საბავშვო ატრაქციონი უნდა ყოფილიყო, თუმცა, საბოლოოდ, სპექტაკლად ჩამოყალიბდა. ჩემი მთავარი მიზანი გახლდათ კი არ მეთარგმნა მიუზიკლი, არამედ გამექართულებინა ამბავი, სიმღერები, ტექსტები. მაქვს მუსიკალურ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ასე მასშტაბურად პირველად ვიმუშავე. ამან იმხელა გამოცდილება მომცა, იდეა გაჩნდა მუსიკალური ზღაპრის ნაცვლად უკვე მიუზიკლზე გვემუშავა. ძალიან მიყვარს "ალადინის" მუსიკა და გარდა ამისა, "ხელში ჩამივარდა" ბროდვეის პიესა. არანჟირებებმა დამაინტერესა და რამდენიმე მუსიკოსთან ერთად, საცდელი არანჟირებები დავიწყე. როცა მივხვდი, შედეგი გვქონდა, დირექციას ვაცნობე და პროცესში სხვებიც ჩაერთვნენ. შვიდი თვე ვიმუშავე. დავამატეთ პერსონაჟები, ახალი სიმღერები, რომლებიც არათუ ქართველი, მსოფლიო მსმენელისთვისაც არ არის ცნობილი. მსგავსი პროექტების განხორციელებაში ხელს საოცარი დასი გვიწყობს. გარდა იმისა, რომ დრამატული მსახიობები არიან, ბევრი მათგანი კარგად მღერის. ასე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მიუზიკლის დასი (იცინის).
- პროექტის ავტორი, მსახიობი, არანჟირებისა და ტექსტების ავტორი, ვიდეოინსტალაცია - და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი... ამდენი მიმართულებით მუშაობისას კონცენტრაციას როგორ ინარჩუნებთ?
- პირველ რიგში, მომღერალი ვარ, თუმცა, ცნობილი მიზეზების გამო - არცთუ ისე რეალიზებული. მსახიობობა ჩემი მეორე პროფესიაა. ვერც ერთს ვერ ველევი (იცინის). შედეგად, დიდი სიამოვნებით ვმღერი, ვცეკვავ და ვთამაშობ, რადგან ყველა ეს კომპონენტი "ჩემია". სხვათა შორის, მარტიდან ახალ სიმღერებზე მუშაობას ვიწყებ, რომლებსაც ნოემბერში უკვე ფართო საზოგადოებაც მოისმენს.
GzaPress
დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:
- შარშან პირველი წელი იყო, როცა საახალწლო კონცერტის ნაცვლად მიუზიკლი დავდგით, რომელიც რეპერტუარშიც შედიოდა. სპექტაკლს იმდენად ფართო გამოხმაურება მოჰყვა, თითქოს საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნეთ და კიდევ უფრო რთული გზა ავირჩიეთ - ერთსაათიანი სპექტაკლის ნაცვლად ორმოქმედებიანი მიუზიკლი დავდგით და ქორეოგრაფიული მხარე "გავაძლიერეთ". დიდ რისკზე წავედით, თუმცა, მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა.
- სპექტაკლი რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს - დრამატურგია, ვოკალი, ქორეოგრაფია... ალბათ, განსხვავებული იყო მუშაობის პროცესიც...
- პირველად მუშაობა ქორეოგრაფმა დაიწყო, შემდეგ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა. პარალელურად, სიმღერების ჩაწერა მიმდინარეობდა. ამას მოჰყვა დრამატული ნაწილის დამუშავება. ეს არ იყო კლასიკური სპექტაკლის დადგმის პროცესი. ის ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი. ცალ-ცალკე მუშავდებოდა ქორეოგრაფია, ვოკალი და დრამატული ნაწილი. მეოთხე კი ამ სამი კომპონენტის შეერთება გახლდათ. შემდეგ უკვე მხატვარი ჩაერთო საინტერესო კოსტიუმებით, დეკორაციითა და ფინალამდეც მივედით.
GzaPress
დათო მეტრეველი, ქორეოგრაფი:
- ოთხი თვის მანძილზე ათი ქორეოგრაფიული ნომერი დავამუშავეთ. გვაქვს რთული ნომრები, სადაც "ჩიჩოტკას" ვცეკვავთ და მხოლოდ ამის ათვისებას თვე-ნახევარი დასჭირდა.

მარიამ ჩუხრუკიძე, მსახიობი:
- დისნეის პრინცესებს შორის ჟასმინს ყოველთვის გამოვარჩევდი. საინტერესო პერსონაჟია, ზუსტად იცის, რისი მიღება უნდა ცხოვრებისგან. ვცდილობდი, მულტფილმისა და ფილმის გმირის ხასიათის შტრიხებიც გამეთვალისწინებინა და ჩემი ინდივიდუალური დეტალებიც შემეძინა. ძალიან მოვინდომე, რომ დასამახსოვრებელი პერსონაჟი შემექმნა. თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, სრული დატვირთვით ვმუშაობდით. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორიაში ვოკალური განხრით ვსწავლობ და სპექტაკლში თამაშის პარალელურად, სიმღერა იქაც მიხდება, ოპერასთან შედარებით მიუზიკლს განსხვავებული სპეციფიკა ახასიათებს. ამ ჟანრში მუშაობა მსახიობისთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან დიდი ყურადღება და კონცენტრაციაა საჭირო. ხშირად გადმოქართულებული ტექსტი უხეშად ჟღერს. ლევანმა კი ეს ისე ოსტატურად მოახერხა, ტექსტები ორიგინალს უტოლდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც სპექტაკლის დადგმაში მონაწილეობდა. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, მაყურებელს რომ სიამოვნება მივანიჭოთ და განწყობა ავუმაღლოთ. მიხარია, თუ ეს მოვახერხეთ.
GzaPress
ნიკა ფაიქრიძე, მსახიობი:
- პირველად რომ გავიგე, თუთიყუში უნდა მეთამაშა, სერიოზულად დავფიქრდი, რამე "კარმა" ხომ არ იყო და ვისჯებოდი (იცინის), რადგან მონოსპექტაკლში "ღამე და თუთიყუში" პრემიერის დღიდან დღემდე ოთხი თუთიყუში მოგვიკვდა. პიესა რომ წავიკითხე, მივხვდი, ადვილი სამუშაო არ იქნებოდა, უნდა მოგვეძებნა თამაშის მანერა, პლასტიკა, ხმის ტემბრი... ეს იყო შემოქმედებითად მსუყე პერიოდი, მყავდა საოცარი პარტნიორები, რომლებიც საინტერესო რჩევებს მაძლევდნენ. დიმამ და ლევანმა საოცრებები ჩაიდინეს, დღე და ღამე იმუშავეს და ჩვენი თეატრის მაყურებელს ულამაზესი სპექტაკლი აჩუქეს. ეს იყო ნამდვილი ზეიმი. თეატრის ყველა საამქრო გვერდით გვედგა, ურთულესი წარმოდგენა უამრავი გადასვლით "სცენის ბიჭებს" ისე მიჰყავდათ, რომ განცდა მქონდა, თითქოს კულისებში ისინიც თამაშობდნენ. მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ათევდა ღამეებს. ვინც სპექტაკლი ნახა, ხაზი გაუსვა არაჩვეულებრივ ქორეოგრაფიას. დათო მეტრეველს ყველა უნდა იცნობდეს. დიდი მადლობა მხატვარს, ნინო კიტიას.
- თქვენ მიერ განსახიერებული მაიმუნი ისეთი ექსპრესიულია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებს არ აჟღერებს, ყველაფერი "ხმამაღლა ისმის"...
GzaPress
ანა ზამბახიძე, მსახიობი:
- რადგან სიტყვა არ ისმის, დატვირთვა გამომსახველობაზე გადადის, აზრების გამოხატვა ჟესტიკულაციით, სახის მიმიკითა და ქცევებით გვიხდება... დიდხანს ვფიქრობდით, როგორ შეგვექმნა მაიმუნის პერსონაჟი. ადამიანი უნდა ყოფილიყო მაიმუნის ქცევებით, ელაპარაკა თუ სათქმელი "მაიმუნის ენაზე" გამოეხატა. ვფიქრობ, ბავშვებს, ვისაც ნანახი აქვთ ფილმი ან წაკითხული აქვთ ზღაპარი, ფანტაზიაში ზუსტად ისეთივე მაიმუნი უნდა დარჩეთ, მკვეთრად არ უნდა გადავუხვიოთ ზღაპრის ხაზს. ამ თეატრში მეოთხე მაიმუნი ვითამაშე. შესაბამისად, მინდოდა გამორჩეული ყოფილიყო.
- ალბათ, რთულია, ორი საათის მანძილზე კონკრეტული პოზით გადაადგილება, სათქმელის სპეციფიკური ხმით გამოხატვა...
- დიახ, ორივე საკმაოდ რთულია. თუმცა, იმდენად სახალისო პერსონაჟი იყო და რეჟისორიც ყველაფრის უფლებას მაძლევდა, მისთვის ახალ-ახალი შტრიხების გამოძებნისა და "მიწებების" პროცესი მეტად საინტერესო აღმოჩნდა. არც ერთ ბავშვს არ დაუშვია, რომ გოგო ვარ, ახლობლებმაც ვერ მიცნეს - ეს ჩემთვის ყველაზე მეტყველი "კომპლიმენტია".
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
ინტერნეტის დახმარებით ნასწავლი ხელსაქმე
"აუცილებელი არაა საზღვარი გადაკვეთო, უამრავი სანახავია ჩვენს ქვეყანაში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.