"ნახალოვკელები" ქუჩაში კი აღარ იდგებიან, რაგბის ითამაშებენ..."
font-large font-small
"ნახალოვკელები" ქუჩაში კი აღარ იდგებიან, რაგბის ითამაშებენ..."
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს

33 წლის ერეკლე კამლაძემ ევროპულ გუნდებში თამაშის შემდეგ ნაძალადევში საბავშვო კლუბი "რაშები" დააარსა და უამრავ ბავშვს უფასოდ ავარჯიშებს. მართლაც კარგ საქმეს აკეთებს ერეკლე, ახლა უკვე რამდენიმე მეგობართან ერთად - ბიჭებს გარდა რაგბისა, ადამიანობას, ვაჟკაცობასა და ერთმანეთის სიყვარულსაც ასწავლიან. ერეკლე წარმოშობით ზესტაფონიდანაა, თუმცა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. განსაკუთრებით უყვარს ფიოდორ დოსტოევსკის კითხვა, იუმორიც ახასიათებს და ჭკვიანი ქალებიც იზიდავს. როგორც თვითონ ამბობს, ქარიზმატული და მხიარულია.



- რაგბით რომ დავინტერესდი, 11 წლის ვიყავი, მანამდე ჭიდაობაზე დავდიოდი. ძალიან კარგი მწვრთნელი მყავდა და ჭიდაობაც მომწონდა, მაგრამ ერთხელ მეგობრებმა რაგბის სათამაშოდ რომ წამიყვანეს, ყველაფერი შეიცვალა. ისე შემიყვარდა, ჭიდაობას თავი დავანებე და კლუბ "ლელოში" გადავედი. მომეწონა გუნდური თამაში, გამიმართლა კიდეც და ლევან მაისაშვილთან, - ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან მოვხვდი.
- მანამდე რამდენიმე უცხოურ გუნდში თამაშობდი, ხომ?
- "ლელოში" დიდხანს ვითამაშე, მერე საფრანგეთში, ქალაქ ანტიბის გუნდში, ცოტა ხანს იტალიაშიც ვიყავი, ჰოლანდიაში როტერდამის გუნდშიც გახლდით და შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. 6-7 წლის განმავლობაში მომთაბარე ცხოვრება მქონდა - 6 თვე აქეთ ვიყავი და "ლელოში" ვთამაშობდი. 3 წლის წინ ჩამოვედი საბოლოოდ.
- რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება? ყველას ხიბლავს უცხოურ გუნდებში თამაში.
- ერთ-ერთ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, ანდორაში უნდა წავსულიყავი. მოწვევა მომივიდა, მაგრამ საკონტრაქტო ფანჯარა სექტემბერში დაკეტილი იყო და წასვლა აპრილამდე გადაიდო. ბავშვებთან მუშაობა გავაგრძელე, მაშინ "ლელოს" ბავშვებს ვავარჯიშებდი. საქართველოს ისტორია და ისტორიული წიგნების კითხვა ყოველთვის მიყვარდა. ერთხელაც ვიფიქრე, საკმარისია ევროპაში სიარული, მათ პატრონი ისედაც არ აკლიათ, აქ უნდა დავრჩე და რაც ამდენი წლის განმავლობაში ვისწავლე, ახლა ქართველ ბავშვებს უნდა ვასწავლო-მეთქი. აპრილში რომ დამირეკეს, ვუთხარი, მაისში სეზონს დავამთავრებდი და სექტემბრისთვის წამოვალ-მეთქი. ზაფხულში კი ჩემს მეგობართან ერთად გადავწყვიტე, რომ ნაძალადევის რაიონში, სადაც გავიზარდე, დაგვეარსებინა კლუბი. ჩემი ხარჯითა და უბნის დახმარებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონი მოვაწყვეთ და დავიწყეთ ვარჯიში. ბავშვობისას, როდესაც რაგბიზე მივედი, არც კი მახსოვს, გადასახადი რა იყო და ბოლოს როდის მივიტანე. მაშინაც უჭირდა ხალხს და ახლაც ბევრს უჭირს. სოციალურად დაუცველები არ არიან, თუმცა ზოგი ისეთი გაჭირვებულია, ვერ წარმოიდგენთ და ზოგს სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ აქვს, ისეთი მანქანით მოდის, გაგიკვირდება. ამიტომაც, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს, ვეუბნები, რომ პრობლემა არაა და როცა შეძლებენ, მაშინ გადაიხადონ. ბევრი იხდის, დაახლოებით 40 ბავშვი ვერ ახერხებს.
GzaPress
- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს და რა მონაცემების მიხედვით?
- 6 წლიდან ყველას ვიღებთ, გამხდარსაც, ფუმფულასაც, მაღალსაც და დაბალსაც. რაგბიში ყველანაირი ფიზიკური მონაცემების მქონეა საჭირო და ამიტომ კონკრეტული მონაცემების მიხედვით არ ვარჩევთ. შეიძლება, დღეს ვერ არის აქტიური, მაგრამ ხვალ გაიხსნას. აუცილებლად მებრძოლი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ერთადერთი გოგონა გვყავს - მარიამი. გოგონები იშვიათად მოჰყავთ. მშობლებს დიდი მადლობა, რომ ბავშვებს მაქსიმალურად უწყობენ ხელს. მგონი, ზოგ მშობელზე მეტად მე მეჩქარება, როდის გაიზრდებიან და როდის გახდებიან 18 წლისები, რომ საკუთარი შრომის შედეგი ვნახო. სულ 6 წელი დაგვრჩა მანამდე. ჩვენი მიზანია, ყველაზე მაგარი გუნდი გვყავდეს. ჯანმრთელი და ვაჟკაცი ბიჭები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რათა წინაპრების გზა გავაგრძელოთ. მიხარია, რომ შევძელით და უკვე წარმატებაც გვაქვს - "რაშები" "2019 წლის საუკეთესო გუნდად" დაასახელეს. "ნახალოვკელები" ქუჩაში კი აღარ იდგებიან, რაგბის ითამაშებენ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. კვირაში სამჯერ ვვარჯიშობთ. ბევრი ბავშვი გვყავს და ძალიან დატვირთულები ვართ.
- ბუნებრივია, სირთულეებიც გექნებოდათ.
- სირთულე ინფრასტრუქტურის კუთხით გვაქვს. მერია შეგვპირდა დახმარებას და იმედია, რომ 150 ბავშვს უყურადღებოდ არ დატოვებენ. სტადიონი და სხვა დანარჩენი კი გავაკეთე ჩემი ხარჯით, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ძნელია, ყველაფერს მოერიო. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი პატრიარქი, ვცხოვრობ ეკლესიურად. 2009 წელს დედა გარდამეცვალა და მის სულს ვახარებთ, როცა ამდენ კარგ ბავშვს ვზრდით მე და ჩემი მეგობრები - გიგა, დიტო, ლევანი, დათო... შვილებივით გვიყვარს ჩვენი ბავშვები და დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში ეს კარგი ბიჭები დაამშვენებენ ქალაქს. მერე მეც დავისვენებ და ცოლსაც მოვიყვან (იცინის).
- ოჯახის შექმნა ძალიან დაგიგვიანდება...
- რა ვქნა, არ შემხვდა ისეთი გოგო, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიმაღებინებდა. მე სერიოზული გოგოები მომწონს და რატომღაც, არ მხვდებიან ასეთები. თავიდან მომეწონება ვიღაც და მერე რატომღაც მალე განვიხიბლები ხოლმე.
GzaPress
- კარგი, რაკი ასეა, მითხარი, როგორი ხარ თვითონ და როგორი გინდა იყოს შენი საცოლე?
- ქარიზმატული გოგონები მომწონს. ქალის ჭკუაზე გავივლი და მის რჩევებსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მისგანაც ამასვე მოვითხოვ. ჭკვიანი ქალები მომწონს. ზოგს აშინებს რეალიზებული და წარმატებული ქალი, მე კი პირიქით, ასეთს ვეძებ. ჩემს შვილს ბევრი რამ უნდა ასწავლოს და გაუნათლებელი რას ასწავლის? მარტო სილამაზის გამო ვერავის მოვიყვან.
- რომანტიკული ხარ?
- ჰოროსკოპით მორიელი ვარ და ცოტ-ცოტა ყველანაირი ვარ. გულში ბოღმის ჩადება არ ვიცი, უფრო გაბუტვა მიყვარს (იცინის). არავის არაფერს ვუშავებ. სხვები როდესაც ცუდად იქცევიან და ვერ ხვდებიან ამას, არაფრის ახსნას არ ვიწყებ, თავს ვანებებ ხოლმე, ასე სჯობს.
- უარყოფითი თვისება, რისი გამოსწორებაც გინდა, არ გაქვს?
- ამ ეტაპზე კარგად ვიქცევი, არაფერს ვაშავებ და მერე თუ ავურიე, არ ვიცი. მეგობრული ვარ, ჩხუბი და კონფლიქტი არ მიყვარს. მავნე ჩვევებიც არ მაქვს, წელიწადში სულ ხუთჯერ თუ დავლევ, ჩემი სამუშაო გრაფიკის გადამკიდე. ბავშვებთან ნაბახუსევი ხომ ვერ მივალ?
- სიმთვრალეში როგორი ხასიათი გაქვს?
- ყველა ძალიან მიყვარს, მტერიც კი. სიმთვრალეში თუ მოვიყვან ცოლს, თორემ ისე არა მგონია. აი, ჩემი ერთი ნაკლიც გამახსენდა - ძალიან წუნია ვარ. წუნია რომ არ ვიყო, 33 წლამდე ვინმე სერიოზულად როგორ არ მომეწონებოდა?
- ოჯახში თუ მიხვალ ხელის სათხოვნელად? ამბობ, ტრადიციები მომწონსო და ამიტომ გეკითხები.
- ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და შესაბამისად, აუცილებლად მივალ მამამისთან და ხელს ვთხოვ, სხვანაირად არ იქნება. მალე ჩოხოსანი ვხდები და ძალიან მიხარია ეს ამბავი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო 2020 წლის დადგომა. ღმერთს ვთხოვ, ეს წელი ყველასთვის წარმატებული ყოფილიყოს, ყველას გაუუმჯობესდეს პირობები. მინდა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაინტერესდეს სპორტით, რაგბით და მერე, როცა მაგარ გუნდებში ითამაშებენ, თვითონაც მოინდომებენ და დარწმუნებული ვარ, ბევრ სიკეთესაც გააკეთებენ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.