"ის, რომ გრიპის ვირუსები ხელოვნურად ვრცელდება, "ჭკვიანი" ორაკულების მოგონილია"
font-large font-small
"ის, რომ გრიპის ვირუსები ხელოვნურად ვრცელდება, "ჭკვიანი" ორაკულების მოგონილია"
ნათქვამია, დარდი და სიხარული ძმები არიანო... ამ დღეებში, როცა მთელი საქართველო ახალი წლის მოსვლას აღნიშნავდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა: გრიპის ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გარდაცვლილებს H1N1 ვირუსი ჰქონდათ და ორივე თანმხლები ქრონიკული სენით იყო ავად. ზამთარში გრიპით დაავადების შემთხვევები ყოველთვის მატულობს და ეს ტენდენცია წელსაც შეიმჩნევა. ექიმების თქმით, პაციენტებს შორის უმეტესობა ბავშვია. რამდენად საშიშია ვირუსები, რომლებიც დღეს ჩვენთანაა გავრცელებული? - ამ შეკითხვით მივმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ შოთა ცანავას.


- ჩვენ ყოველ წელიწადს გვესმის, რომ საქართველოში განსაკუთრებით საშიში ვირუსები ვრცელდება. მეც უკვე ათეული წლების განმავლობაში ვაკვირდები ამ პროცესს და ყოველ წელიწადს მიწევს იმის მტკიცება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, წლევანდელი სიტუაცია როგორია. გრიპიან პაციენტებს ექიმები საფუძვლიანად იკვლევენ. საერთოდ, გრიპის ვირუსები "A" და "B" ტიპად იყოფა. ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება სერიოზულია, რადგან "B" ტიპის ვირუსები ნაკლებად პათოგენურია. ლაბორატორიული კვლევები გვიჩვენებს, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტად ამ ტიპის ვირუსებია გავრცელებული. "A" ტიპის ვირუსები კი, კერძოდ, H1N1, H3N2 და სხვები, შედარებით ნაკლებად გვხვდება. პაციენტების 70 პროცენტს "B" ტიპის ვირუსი აქვს, ხოლო 30 - "A" ტიპის ვირუსით არის დაინფიცირებული.
- მოსალოდნელია თუ არა სიტუაციის შეცვლა?
- რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ ამჟამინდელი სიტუაცია ბოლომდე შენარჩუნდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიცვლება სურათი მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მონაცემები გვაქვს. რაც შეეხება H1N1 და H3N2-ს, როგორც გითხარით, პაციენტების 30%-ში გვხვდება. წელსაც ის ვირუსებია გავრცელებული, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი ხდება - ეს ჩვეულებრივი გრიპია.
- ბატონო შოთა, გრიპის ვირუსით უკვე 2 ადამიანი დაიღუპა. რით იყო ეს შემთხვევები გამოწვეული?
- რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ისინი მხოლოდ გრიპით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მისი გართულების შედეგად. ეს ერთეული შემთხვევებია, რომელიც თანმხლები ქრონიკული დაავადების ან დაგვიანებული მიმართვის ბრალია. ყველამ ვიცით, რომ გრიპის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას ექიმს უნდა მივმართოთ, მან უნდა დაგვისვას დიაგნოზი, უნდა შეაფასოს სიტუაცია. ეს არის "ოქროს წესი", რომელიც უნდა შესრულდეს. მე ყველას ვაფრთხილებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავეყრდნოთ ნათესავების, მეზობლების ან მეგობრების რჩევებს. აუცილებლად, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს და უნდა ვეცადოთ, მწვავე ინფექციის პერიოდში სახლში დავრჩეთ, რადგან გრიპის ვირუსი იოლად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. სწორედ ამ გზით ინფიცირდებიან ისინი, ვისაც ეს დაავადება გადატანილი ჯერ კიდევ არა აქვთ. ასე რომ, დაავადების დროს ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია: საკუთარი ჯანმრთელობის და იმ უდანაშაულო ადამიანების წინაშე, რომლებსაც ვაინფიცირებთ... ჯერჯერობით, საქართველოში სიტუაცია ეპიდემიისაგან ძალზე შორს არის, მაგრამ თუ წესებს არ შევასრულებთ, დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. ლეტალური შედეგიც დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში დგება და მაშინ, როცა პაციენტს ქრონიკული დაავადება აქვს.
- რა ნიშნების მიხედვით უნდა ამოვიცნოთ, რომ გრიპის ვირუსი შეგვეყარა?
- სიმპტომატიკა იგივეა, რაც საერთოდ, გრიპს ახასიათებს: ტემპერატურის მატება, სახსრების, კუნთებისა და ყელის ტკივილი, ასევე - თვალებისა და თვალბუდეების ტკივილი, საერთო სისუსტე... მოკლედ, უჩვეულო კლინიკური ნიშნები ჯერჯერობით შემჩნეული არ არის. ამ სიმპტომების გამოჩენა უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ საზოგადოებაში გასვლას უნდა მოვერიდოთ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სკოლებსა და ბაღებში, რადგან ეს ყველაზე მოწყვლადი კონტინგენტია, ასაკოვან ადამიანებთან ერთად. ასე რომ, ბავშვებსა და მოხუცებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. გრიპის გართულების რისკი ყველაზე მაღალია 5-6 წლამდე ბავშვებში. პატარებში ეს დაავადება მაღალი ტემპერატურით ვითარდება. ეს იმიტომ, რომ ბავშვის იმუნური სისტემა ძალიან ძლიერია. ორგანიზმი გრიპის ვირუსს ებრძვის და ეს სურათი ტემპერატურის მომატებით და მწვავე კლინიკური სურათით გამოიხატება. რაც შეეხება დიდებს, მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ასეთი მკვეთრი სურათი, მაგრამ თუ თავს დროულად არ მიხედავენ, გართულებების ალბათობა მაინც მაღალი აქვთ.
GzaPress
- გარდა ბავშვებისა და მოხუცებისა, ვისთვის არის გრიპი ყველაზე საშიში?
- ვირუსიან ადამიანთან კონტაქტს განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ. კერძოდ: ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ასევე - ონკოლოგიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ან სხვა სერიოზული დაავადება აწუხებს - ეს ყველაზე მოწყვლადი კონტინგენტია. ეს დაავადებები არის ხელსაყრელი ფონი იმისათვის, რომ ვირუსი ძალიან საშიში იყოს. ასეთ დროს პროცესში ყველა ორგანო ჩაერთვება. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ, რა დაავადებებთან გვაქვს საქმე.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ვირუსებისგან მეტ-ნაკლებად დაზღვეულნი ვიყოთ?
- პირველი და უმთავრესი წესი ისაა, რომ სახლიდან გასვლისას ან დაბრუნების შემდეგ ხელები გულდასმით, კარგად დავიბანოთ. ამის შესახებ ჩვენ მოსახლეობას ყოველ წელიწადს ვაფრთხილებთ. ზოგიერთი ამას იოლად უყურებს და გვსაყვედურობს: ხელების დაბანას რატომ გვასწავლითო. ხელების დაბანას არავის ვასწავლით, მაგრამ ეს აუცილებელია: გარეთ ჩვენ ათას ნივთს ვეხებით, რომელიც გრიპის ვირუსით არის დაინფიცირებული. ახლო კონტაქტებისა და თავშეყრის ადგილებში ყოფნის შეზღუდვაც იმისთვის არის საჭირო, რომ გრიპის შემდგომი გართულებები ავიცილოთ თავიდან, თორემ თავად გრიპს ვერ ავიცილებთ. გრიპის ვირუსებს გადაცემის ისეთი სისწრაფე ახასიათებს, რომ ყველას შეიძლება დაემართოს - ასეთია ბიოლოგიური წესი. ასე ვცხოვრობთ და ვარსებობთ ადამიანები ვირუსებთან ერთად საუკუნეების განმავლობაში. ყველაზე საშიში სწორედ გრიპის შემდგომი გართულებებია. კიდევ ერთი "ოქროს წესი": გრიპიანი ადამიანი არ უნდა დადიოდეს სამსახურში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თუ ხედავთ, რომ ვიღაც ახველებს და აცემინებს, ახლოს არ უნდა მიხვიდეთ და მასთან კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანეთ. როცა გრიპიანი ადამიანის ნივთებს ვეხებით, ხელი უნდა დავიბანოთ - ასე უნდა დავწიოთ და შევამციროთ რისკი ჩვენი დაინფიცირებისა. ეს ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებებია.
- დავუშვათ, ვირუსი უკვე მოგვერია და თავს ცუდად ვგრძნობთ, როგორ მოვიქცეთ?
- ვირუსული დაავადებების მკურნალობა საერთოდ რთულია. ამიტომ, პირველ რიგში ექიმს უნდა დავურეკოთ და ვკითხოთ, რა გავაკეთოთ, რომელი წამალი დავლიოთ... თუ ტემპერატურა 38 და მეტი გვაქვს, ის სიცხის დამწევი პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ. რომელსაც ექიმი გვირჩევს. ტრადიციულად, უნდა მივიღოთ სითხეები და ვიტამინებით გაჯერებული საკვები, აუცილებელია იზოლაცია, სახლში ყოფნა და იმუნოპრეპარატების მიღება - ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა. ასევე კარგია ძველებური, ჩვენი ბებიების რეცეპტები - მოცვის, ჟოლოს, მცენარეული ჩაის მიღება. მართალია, ექიმი ვარ, მაგრამ მცენარეულ საშუალებებს მეც დიდ პატივს ვცემ. ყველას ახსოვს, რომ ე.წ. ღორის და ქათმის გრიპის საწინააღმდეგოდ "ტამიფლუს" და სხვა პრეპარატებს სვამდნენ, მაგრამ მათი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე სასურველი ნამდვილად არ არის. ექიმის კონსულტაციის გათვალისწინება გრიპის შემდგომ გართულებებს თავიდან აგვარიდებს.
- ხშირად გრიპი და გაცივება ერთმანეთში ერევათ. როგორ გავარჩიოთ ისინი?
- ზოგჯერ, რასაც ვირუსს ეძახიან, შეიძლება სულ სხვა დაავადება იყოს. ხშირად ექიმებიც კი ვერ არკვევენ, რომელ გამომწვევზეა ლაპარაკი, რადგან შეიძლება ეს დაავადება სულაც არ იყოს ვირუსით გამოწვეული. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე ასეთი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. ექიმმა უნდა შეაფასოს საერთო სიტუაცია, დიაგნოზიც მან უნდა დასვას და გაარკვიოს, გრიპია ეს თუ გაცივება. გაცივების დროს მაღალი ტემპერატურა იშვიათია. ამ დროს ადამიანს მხოლოდ სისუსტე, ცხვირიდან გამონადენი და სახსრების ტკივილი აწუხებს. ამიტომ, სწორი დიაგნოზის დასმა საჭირო და აუცილებელია. ხშირად გვეკითხებიან - რამდენად სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - ეს სავალდებულო არ არის. ვაქცინაცია მხოლოდ მოწყვლად კონტინგენტს სჭირდება: ესენი არიან ბავშვები, მოხუცები და სამედიცინო პერსონალი, რომელსაც გრიპთან ყოველდღიური შეხება აქვს. მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვის უკეთებენ ვაქცინაციას და ამაზე სახელმწიფო ზრუნავს. არის ხალხი, ვისაც სურს, აცრა პირადი ინიციატივით ჩაიტაროს, რაც სავსებით ნორმალურია. მე ყველას ვურჩევ, რომ ყველაფერი ექიმის რეკომენდაციით ჩაიტაროს. ტრადიციული მეთოდები ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას, მაგრამ ვერ განკურნავს.
- ამბობენ, რომ ეს ვირუსები ხელოვნურად ვრცელდება. ამაზე რას გვეტყვით?
- საქართველოში ყოველ წელიწადს 450 ათასი ადამიანი ავადდება გრიპით და გრიპის მსგავსი რესპირატორული დაავადებებით - ეს დიდი ციფრია, მაგრამ ის, რომ ვირუსებს ხელოვნურად ავრცელებენ, გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი, უფრო მეტიც, ეს უაზრო ჰიპოთეზაა - ეს არის "ჭკვიანი" ორაკულების მოგონილი სისულელე, რომელსაც მხოლოდ გამოუცდელი ადამიანები იჯერებენ. ყველაზე დაუჯერებელი კი ის არის, რომ განსაკუთრებით საშიშ ვირუსებს საქართველოში სპეციალურად სხვადასხვა ლაბორატორიიდან ავრცელებენ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.