19 წლის ზურაბ ბალიაშვილი წარმოშობით გორიდან არის, თუმცა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ძალოსანია, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარჯიშობს და უკვე წარმატებებიც აქვს - საქართველოს ორგზის პრიზიორია. პატარაობიდანვე ხატწერით დაინტერესდა და სამების სამრევლო სკოლაში ხატმწერის პროფესიას ამჟამადაც ეუფლება. პარალელურად კი "თბილსერვის ჯგუფშია" დასაქმებული. მის ასაკში ბევრი ვერ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და არც მასავით მიზანდასახული არ არის, რაც მართლაც სამაგალითოა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ბებო მორწმუნე ქალია და მირჩია, რაკი ხატვა გეხერხება, მოდი, ესეც ისწავლეო. 13 წლისამ დავიწყე ხატწერის შესწავლა, ახლა ჩემი ხელფასით ვყიდულობ მასალებს. 11 წლის უკვე მედავითნე ვიყავი და ჩემს მოძღვარს ტაძრის მშენებლობაში ვეხმარებოდი, პატარა წვლილი მეც შევიტანე. სამების სამრევლო სკოლაში 2019 წელს განვაახლე სწავლა და მაცხოვრის 3 ხატი დავწერე..."
"ბავშვობაში ბიჭები ხშირად ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ვინც უფრო დიდსა და მძიმე ქვას დაძრავდა, გამარჯვებულიც ის იყო. მე გამხდარი ვიყავი, მაგრამ მაინც არ მეშინოდა და ყველაზე დიდ ქვებს ვეჭიდებოდი. ლაშა ტალახაძის ერთ-ერთ გამოსვლას რომ ვუყურე, მომეწონა, დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით და რატომღაც ვიფიქრე, რომ მეც წარმატებას მივაღწევდი. ადრე რაგბიზე დავდიოდი, მაგრამ გუნდურმა თამაშმა არ მომხიბლა, მარტო მინდა ყველაფრის მიღწევა..."
"ვხუმრობ ხოლმე, შტანგისტმა ძალოსნობის გამო ხელში ცოცხი ავიღე და თბილისის ქუჩებს ვასუფთავებ-მეთქი. ჩემი მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ. საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს, ამიტომაც ჩემი სახსრებით გამაქვს თავი, თუმცა ძალოსნობის ფედერაცია ყურადღებას გვაქცევს..."
"მშობლების გარეშე ვიზრდებოდი, ფაქტობრივად, ეკლესიამ გამზარდა, უფრო ზუსტად, ბებომ და ეკლესიამ. მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ. ბევრი რამ გამოვიარე... სკოლა რომ დავამთავრე, 2 არჩევანი მქონდა - ან სწავლა უნდა გამეგრძელებინა, ან სპორტს გავყოლოდი, მაგრამ თუ არ ვიმუშავებდი, ვარჯიშს ვერ შევძლებდი. მე ხომ უამრავი საკვები დანამატი, კარგი კვება მჭირდებოდა, გარდა ამისა, ჩემი ჯიბის ფულიც მინდოდა..."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 16 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი