სოფო კილაძე კარიერასა და პირად თემებზე
font-large font-small
სოფო კილაძე კარიერასა და პირად თემებზე
"ვი­ღა­ცებს ჩე­მი და­ბუ­ლინ­გე­ბა რომ მო­უნ­დე­ბათ, ჩემს ცუდ ჩაც­მა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ"

წარმატებული და რეალიზებული ქალბატონების რიცხვი პოლიტიკასა თუ სხვა სფეროებში სულ უფრო იზრდება და მათი შედეგები სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი ხდება. მმართველი გუნდის წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი - სოფო კილაძე თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ გვიამბობს.


როგორც აღნიშნავს, გერმანიაში თავდაპირველად, სტუდენტობისას ძიძად მუშაობდა, ერთხანს ოფიციანტი და ჭურჭლის მრეცხავიც იყო, მიაჩნია, რომ ყველანაირი პატიოსანი შრომა სასახელოა და ახალგაზრდებმა, თავიანთი საქმიანობის დასაწყისში, არაფერი არ უნდა ითაკილონ. მერე უკვე მისი კარიერა ნელ-ნელა საინტერესოდ ვითარდებოდა და სწავლასაც თავისი შედეგი მოჰქონდა. ბოლოს, გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტის იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა. წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.
- სოფო, როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება?
- ახლა რასაც ვიტყვი, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ლიბერალი ფრთა ამაზე "დამაბულინგებს", მაგრამ წარმატებას, თავდაუზოგავი შრომისა და ნიჭის გარდა, გამართლება და ღვთის წყალობა, მისი მფარველობა სჭირდება. მთავარი შრომისმოყვარეობაა, იმ საქმის ნიჭი, რასაც აკეთებ და რწმენა, რომ ის საქმე ადამიანებისთვის სიკეთისა და შვების მომტანია. პოლიტიკაში ესეც მნიშვნელოვანია.
- იურისტობა ბავშვობიდან გინდოდათ?
- პირველ კლასში რომ ვიყავი, მინდოდა, მულტფილმების მხატვარი გავმხდარიყავი (იცინის). მერე კი იურისტობა მომწონდა, მას შემდეგ, გადაწყვეტილება აღარ შემიცვლია. ძალიან კარგი ბებო მყავდა, იმერელი ქალი, თავადის ოჯახიდან და უნდოდა, თავისი შვილიშვილი ექიმი ყოფილიყო. მეუბნებოდა, როცა დავბერდები, შენ ხომ უნდა მომიარო, რად გინდა ეს კაცის პროფესიაო?!.
მხატვრული ლიტერატურის კითხვა ძალიან ადრე დავიწყე და დეტექტივები მომწონდა, განსაკუთრებით, შერლოკ ჰოლმსი. ჩემი არჩევანი, ალბათ, ამანაც განაპირობა.
- გერმანიაში სწავლის პერიოდზე გვიამბეთ.
- რთული პერიოდი გამოვიარე, პარალელურად მუშაობა მიწევდა. რუპრეხტ კარლსის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, სადაც თვით გერმანელებისთვისაც რთულია სწავლა. იქ მთავარ აქცენტს ლოგიკურ აზროვნებაზე აკეთებენ, იურისტის მთავარი ღირსება არგუმენტაციის უნარია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, როგორ მიხვიდე დასკვნამდე არგუმენტაციით. რთული გამოცდები ჩავაბარე და წარმატებით დავასრულე. შემდეგ, მაქს პლანკის ინსტიტუტში ვმუშაობდი სერიოზულ კორიფეებთან, რომლებიც გერმანიაში საერთაშორისო სამართალში დიდი ავტორიტეტები არიან და მათგან დიდი გამოცდილება მივიღე. მერე სასამართლოში დავიწყე მუშაობა. ამ დროს, საქართველოში შვებულებით ჩამოვედი და კვლავ გერმანიაში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ გადავიფიქრე და აქ დარჩენა გადავწყვიტე.
GzaPress
- თქვენი პირველი სამსახურიდან რამეს გაიხსენებთ?
- გერმანიაში ჩემი პირველი სამსახური ძიძობა იყო. ბავშვებთან ურთიერთობა თავიდანვე ძალიან მომწონდა და კარგ ოჯახშიც მოვხვდი, რომელიც ძალიან დამეხმარა; ხელს მიწყობდნენ, იცოდნენ, რომ სწავლა მინდოდა, გერმანულიც არ ვიცოდი მაშინ კარგად, საღამოობით და შაბათ-კვირას ვმეცადინეობდი. ერთი წელიც არ დამჭირდა, რომ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ის უნივერსიტეტი დიდად არ მომეწონა და შემდეგ ჰაიდელბერგში გადავედი. 2008 წლიდან კი მაქს პლანკის ინსტიტუტში სამ წელზე მეტხანს ვიმუშავე. შემდეგ, ერთ-ერთ მსხვილ ფირმაში იურიდიულ განყოფილებაში გადავედი. თუმცა, მანამდე ბევრგან მიმუშავია, ზაფხულის არდადეგებზე, სხვადასხვა სახის სამუშაოზე - ოფიციანტად, ჭურჭელიც გამირეცხავს, კონვეირზეც მიმუშავია საწარმოში. შრომა არასდროს მეზარებოდა და არც მეთაკილებოდა, ამით ვამაყობ. მაგალითი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს. ერთხელ ჩემმა სტუდენტებმა ფლაერების დარიგება იუკადრისეს, ასეთი რამ ძალიან მიკვირს ხოლმე. წესიერი და პატიოსანი შრომა რატომ უნდა იუკადრისოს ადამიანმა? პირიქით, როდესაც დაბალი საფეხურიდან იწყებ მუშაობას და ნელ-ნელა ქმნი შენს ცხოვრებას, რაღაც მიზანი გაქვს, ეს ადამიანს ღირსებას მატებს. შრომის ფასიც იცის და გაჭირვებისაც და ყველაფერს გადალახავს. სამარცხვინოდ მიმაჩნია ქურდობა, ცუდი საქციელი, ახალგაზრდის ცუდად განვითარება.
გერმანიაში ყოფნის 7 წლის თავზე შესაძლებლობა მქონდა, მოქალაქეობა მიმეღო, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მაშინ საქართველოს მოქალაქეობა უნდა დამეთმო და ეს არ მინდოდა. ვიცოდი, რომ მაინც აქ დავბრუნდებოდი, ეს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო სამშობლოს მიმართ, რასაც ჩემი უცხოელი მეგობრები ვერ იგებდნენ და უკვირდათ. მაშინ აქ სააკაშვილის რეჟიმი იყო გაბატონებული და მეუბნებოდნენ, ფრთხილად იყავი, არაფერი დაგემართოსო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. როცა ბატონმა ბიძინამ განცხადება გააკეთა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, ამ პროცესებში მეც ჩავები. თავიდან რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, შემდეგ კი, 2012 წელს, შსს-ში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის ავტორი და თანაავტორი ვარ. გარკვეული პერიოდი პოლიციის აკადემიის პრორექტორი ვიყავი.
- "ქართული ოცნებისა" და თქვენი "გადაკვეთა" როგორ მოხდა?
- ამის შემდეგ, "ქართული ოცნებისგან" შემოთავაზება მივიღე, ე.წ. ახალ სახეებს ეძებდნენ, რომლებსაც დასავლეთში ჰქონდათ განათლება მიღებული და ერთ-ერთი არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. სიმართლე გითხრათ, ჩემს მშობლებს ძალიან არ უნდოდათ, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი: ბინძური სფეროა და წესიერ ადამიანს პოლიტიკაში ყოფნა ძალიან გაუჭირდებაო, მეუბნებოდნენ. პრინციპში, ეს სიმართლე აღმოჩნდა. თუმცა, ვთვლი, რომ როდესაც ღმერთი გაძლევს შესაძლებლობას, შენი სამშობლოსთვის რაიმე გააკეთო, ამაზე უარი არ უნდა თქვა და მერე, აღარ იწუწუნო, რომ შენს ქვეყანაში რაღაცები არ მოგწონს. შენს გასაკეთებელს სხვა არ და ვერ გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა იმ ადამიანების მხრებზე დგას, რომლებმაც ტვირთი თავიანთ თავზე აიღეს. ამიტომ, ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის. ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ღირებულებები იყო.
- როდესაც თქვენი საქმიანობის გამო ვიღაც გაკრიტიკებთ, ემოციურად აღიქვამთ?
- პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები გულთან ახლოს დიდი ხანია აღარ მიმაქვს, რადგან ვიცი, რომ როდესაც შენს წინააღმდეგ კამპანიას აგორებენ და უსამართლოდ გერჩიან, გლანძღავენ, ეს პიროვნულად არ უნდა მიიღო, პოლიტიკური მოწინააღმდეგე ხარ და შენს ადგილას ვინც უნდა იყოს, ზუსტად იმავენაირად გალანძღავენ.
- თუმცა, როდესაც ბულინგის მსხვერპლი ხდები, გულგრილად ამის ყურება რთულია, ხომ ასეა?
- ცხადია, ბულინგი ძალიან ცუდი რამაა და ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბულინგმა ჩვენს საზოგადოებაში კამპანიური სახე მიიღო. თუ ვინმეს რამე და ვინმე თვალში არ მოსდის, მაშინვე მის დაბულინგებას იწყებს. ეს ხდება არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ყველა სხვა პროფესიის შემთხვევაში. ბავშვები ჩაგრავენ და აბულინგებენ ერთმანეთს, რაც საბოლოოდ, ბევრი ცუდის საწყისი ხდება. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, როდესაც ბავშვი, რომელიც მთელი ბავშვობის განმავლობაში დაჩაგრული იყო, როგორ ვითარდება, რას აკეთებს და რა სერიოზული საფრთხე შეიძლება მიადგეს მასაც და საზოგადოებასაც მისგან. ამიტომ, ბულინგს ერთიანად უნდა მოვერიოთ, რადგან ჩვენვე გვაზიანებს და ეს საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გავაცნობიეროთ.
- საქმიანი და დატვირთული რეჟიმის ფონზე, დიასახლისობისთვის თუ გრჩებათ დრო?
- მაქსიმალურად ვცდილობ. საჭმელების კეთება ძალიან მიყვარს, სიამოვნებას მანიჭებს. ეს ალბათ გენეტიკურია, დედა და ბებია ყოველთვის ძალიან გემრიელ იმერულ საჭმელებს აკეთებდნენ და ჩემზეც ამბობენ, რომ გემრიელი ხელი მაქვს. გურმანი ვარ, მიყვარს წიწაკიანი, ცხარე, მჟავე გემოები. სალათები - ნაკლებად. ერთადერთი, რასაც ვერ ვაკეთებ, არის ხაჭაპური, რაც უნდა გასაკვირი იყოს (იცინის). ფორმა არ გამომდის და დავკომპლექსდი. ჩემი კოლეგები სულ მეხუმრებიან, რანაირი იმერელი ქალი ხარ, ერთი ხაჭაპური არ გვაჭამეო (იცინის). უცხოური სამზარეულოც მომწონს და ვამზადებ ხოლმე, მათ შორის, ზოგიერთ ჩინურ კერძს.
- შოპინგი თუ გიყვართ? თავის მოვლას რა დროს უთმობთ?
- შოპინგი ჩემი სუსტი მხარეა. თუ რამე მეზიზღება ცხოვრებაში, ეს შოპინგია (იცინის). თავი მტკივდება და ცუდად ვხდები. მირჩევნია, ის დრო წიგნის კითხვისთვის გამოვიყენო ან კარგ ფილმს ვუყურო. ძალიან ჩვეულებრივად ვიცვამ, სადად. ვიღაცებს ჩემი დაბულინგება რომ მოუნდებათ, ჩემს ცუდ ჩაცმაზე მიუთითებენ. როცა სხვა რამეზე ვერ გედავებიან, ფიზიკურ მხარეზე აკეთებენ აქცენტს და შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს ცნობილი მეთოდია ჩვენი ოპონენტებისგან და სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს. მეცინება ხოლმე. მე კი მგონია, რომ უნდა გეცვას სუფთად, სადად და მოწესრიგებულად, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ღარიბი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, თუ მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობ, ვერანაირად ვერ გექნება საშუალება, რომ ბრენდული და ძვირად ღირებული ტანსაცმელი შეიძინო, გამორიცხულია. თუ ბიზნესი გაქვს, სხვა თემაა. არა მგონია, პარლამენტარის ხელფასი ვინმეს საშუალებას აძლევდეს, რომ მდიდრული გარდერობი ჰქონდეს. გარეგნობას ზედმეტი ყურადღება არ უნდა დაუთმო.
- როგორი დედაა სოფო კილაძე?
- ზოგადად, არ მიყვარს ჩემს შვილზე საჯაროდ საუბარი. როცა გაიზრდება, თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ თავისი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ისაუბროს, მისი ნებაა. მანამდე, ვცდილობ, ის ჩემს საქმიანობაში არ გავრიო და ჩემს ოჯახურ ყოფას ამ ყველაფრისგან მკაცრად ვმიჯნავ.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.