მახვშის სავარძელში გაცოცხლებული "ვეფხისტყაოსანი" ექსტრემალური სპორტის მოყვარულისგან
font-large font-small
მახვშის სავარძელში გაცოცხლებული "ვეფხისტყაოსანი" ექსტრემალური სპორტის მოყვარულისგან
ნავიდან გადავარდნის დროს ყველაზე ცუდი - პანიკაა, მაგრამ საშიში არაფერია

ბაჩო ლიპარტელიანი ლენტეხში, სოფელ ყარიშში ცხოვრობს - ჯერ ხეზე კვეთის ხელოვნება შეისწავლა და ჩანაფიქრი, "ვეფხისტყაოსანი" სვანურ საკარცხულზე ამოეკვეთა და კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინა, სისრულეში მოიყვანა. ერთი წლის განმავლობაში თავი არ აუწევია, ისე დაუღალავად შრომობდა. ალბათ დაუფასდება კიდეც - ნაკეთობას ანალოგი არ აქვს, მასიური კაკლის მასალისგანაა შექმნილი და ვფიქრობ, საუკუნეებს გაუძლებს. გარდა ამისა, ბაჩო ჯომარდობის ინსტრუქტორიცაა და სასიმაღლო-ალპინისტურ სამუშაოებსაც ასრულებს. ერთი სიტყვით, ექსტრემი და ექსტრემალური სპორტიც არანაკლებ იზიდავს.


- საერთოდ, ხელოვნება და განსაკუთრებით, ხატვა ბავშვობიდანვე მიტაცებდა, პარალელურად ვვარჯიშობდი კიდეც, ალპინიზმითაც ვიყავი გატაცებული. გადავწყვიტე, ხის მხატვრული დამუშავება პროფესიულ დონეზე შემესწავლა და კოლეჯი სწორედ ამ მიმართულებით დავამთავრე. ხატმწერიც ვარ, ადრე ძირითადად ხატებს ვწერდი, საკარცხული კი ჩემი პირველი მასშტაბური ნამუშევარია. ჩუქურთმები ქართული ორნამენტებითაა, დაახლოებით ათამდე სხვადასხვა ჩუქურთმა და გეომეტრიული ფიგურაა გამოყენებული, მასალად კი - კაკლის ხე. საკარცხულზე სულ 5 სურათია ამოჩუქურთმებული - საზურგეზე, წინა მხარეს შოთა რუსთაველია, უკან - ნესტან-დარეჯანი, გვერდებზე - ტარიელი და ავთანდილი, ხოლო საზურგეს ქვემოთ - ხატაეთის ბრძოლის სცენა.
- ბაჩო, როგორ გაჩნდა იდეა, "ვეფხისტყაოსნის" სცენები და პერსონაჟები ხეში გაგეცოცხლებინა?
- "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიოს არაერთ ენაზეა ნათარგმნი, უკვდავი პოემაა. განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ამ ნაწარმოებთან, ბავშვობიდან მიყვარდა და ამიტომაც გადავწყვიტე, ხეში გამომეკვეთა. 4 წლის წინ გამიჩნდა ეს იდეა, მაგრამ რატომღაც თავი ვერ მოვაბი. ერთი წლის წინ დავიწყე, მართლაც ბევრი ვიშრომე და ვიწვალე, დაწყება ადვილი იყო და დამთავრება - რთული. ნებისყოფა უნდა გქონდეს, რადგან თითოეულ წვრილმანს გათვლა სჭირდება. ნათქვამი რომაა, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო, ამ საქმეში სწორედ ასეა. წინასწარ ვხატავდი და მერე გადამქონდა ხეზე. სულითა და გულით ვმუშაობდი, მის შექმნას მთელი ჩემი ენერგია და სიყვარული შევალიე, დამხმარეც არავინ მყავდა. დილიდან რომ დავიწყებდი, საღამომდე დრო როგორ გადიოდა, ვერ ვხვდებოდი. ბევრჯერ თავზეც დამთენებია. როდესაც დავასრულე, ცოტა არ იყოს, სიამაყეც ვიგრძენი, რომ რაც მინდოდა, ის გამომივიდა. აქაურებსაც ძალიან მოეწონათ, მეც კმაყოფილი ვარ, რომ უფლისგან ამის გაკეთების საშუალება და ძალა მომეცა...
GzaPress
- არცთუ უსაფუძვლოდ ამაყობ შენი ნაკეთობით. გასაყიდად არ გენანება?
- სიმართლე გითხრათ, მენანება, მაგრამ რა ვქნა, სხვა კიდევ უფრო საინტერესო გეგმები მაქვს და თანხა მათ განსახორციელებლად მჭირდება. მინდა, უფრო განვვითარდე ამ კუთხით და მახვშის სავარძელზე ახლა უკვე ქართული ისტორია ავსახო, ერთიანი საქართველოს მეფეებიდან დაწყებული, ქართველი გმირებით დამთავრებული. ალბათ 2 წელი მაინც მოვუნდები ამ ჩანაფიქრის განხორციელებას.
- ბაჩო, სვანისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ტრადიციებს, ადათ-წესებს და შენც ალბათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტე საკარცხულზე მუშაობა. ვიცით, რომ ეს იყო საუფროსო სკამ-სავარძელი, რომელზეც უხუცესი, ოჯახის სრულუფლებიანი გამგებელი იჯდა და ოჯახში მცხოვრები სხვა მამაკაცები მას ემორჩილებოდნენ. კიდევ რისი თქმა შეგიძლია ამის შესახებ?
- მახვშს უვადოდ ირჩევდნენ, მაგრამ თუ ღირსეული არ იქნებოდა, გადაირჩევდნენ. მის არჩევაში მონაწილეობდა ყველა სრულწლოვანი და, სხვათა შორის, ქალებსაც იგივე უფლება ჰქონდათ თურმე, თუმცა შეკრებებზე ყოველთვის მამაკაცებზე ნაკლები ყოფილან. საკარცხულს წიწვოვანი ხისგან თლიდნენ, მოჩუქურთმებული მაღალი, სწორი საზურგე და მკლავსაყრდენები უნდა ჰქონოდა. რაც უფრო მაღალი იქნებოდა საზურგე, მით მეტად ფასდებოდა ოსტატიცა და მისი ნამუშევარიც. ყველა თემი თავისი მახვშისთვის სპეციალურად ამზადებინებდა საკარცხულს, რომელზე გამოხატული ორნამენტები და სიმბოლოები თითქოს იმ პიროვნების ხასიათს გამოხატავდა. საკარცხულს მხოლოდ საპატიო სტუმარს უთმობდნენ ხოლმე.
GzaPress
- ბოლოს, შენს სხვა გატაცებებზეც ვისაუბროთ - ალპინიზმზე, ჯომარდობაზე...
- ნადირობა მიყვარს, სვანეთში გაზრდილ კაცს ნადირობა და მთაში ხეტიალი როგორ არ მეყვარება?! ამიტომაც, გადამზადების კურსები გავიარე და სხვადასხვა სასიმაღლო სამუშაოს ვასრულებ ჯგუფთან ერთად. რაც შეეხება ჯომარდობას, უკვე 3 წელია, ინსტრუქტორი ვარ. რთული პროფესიაა, ერთი არასწორი ქმედება და რისკის ქვეშ აყენებ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ზოგჯერ არ გვიჯერებენ, არადა, ინსტრუქტორის ყველა ბრძანებას უნდა მოუსმინო და დაემორჩილო. ნავიდან გადავარდნის დროს ყველაზე ცუდი - პანიკაა, მაგრამ საშიში არაფერია - უნდა ამოტრიალდე, ზურგზე დაწვე, ნიჩაბს ხელები არ გაუშვა და, ინსტრუქტორმა რომც ვერ ამოგიყვანოს, არ ჩაიძირები. ნავის ქვეშ თუ მოჰყვნენ, მაგ დროს ყველაზე მეტად ვარდებიან პანიკაში, არადა, ყველაზე უსაფრთხოდ მაშინ ხარ - ნავს ღვედები აქვს, ყველაფერს ხელს გაუშვებ და ამ ღვედებს ჩაეჭიდები. ერთხელ არაბებმა შუაღამისას მოინდომეს დაშვება. ღამდებოდა და უარი ვუთხარით, მაგრამ ძალიან გვთხოვეს, ვერაფერი გავაგებინეთ. ცოლ-ქმარი იყო, თან წლინახევრის ბავშვი ახლდათ. პატარა პანიკაში ჩავარდა, ისტერიკულად ტიროდა, ვერ გავაჩუმეთ. ხან რომელ ქვას ვეჯახებოდით, ხან - რომელს. ძლივს გავედით ბოლომდე. მგონი, ვერც გააცნობიერეს, რა საფრთხე შეუქმნეს შვილს, მადლობა გადამიხადეს და ბედნიერები წავიდნენ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.