"დედა შვილის სიკვდილს რომ ნახავს, აბა, იმის სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა"
font-large font-small
"დედა შვილის სიკვდილს რომ ნახავს, აბა, იმის სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა"
"ისე შემიყვარდა, ისე, რომ ახლა ჩემს სიცოცხლეს შემოვავლებ"

არ მეგულება ადამიანი, ვისაც სიბერესა და სიკვდილზე არ ეფიქროს. არც ის ვიცით წინასწარ, სად, ვისთან ერთად მოგვიწევს სიცოცხლის უკანასკნელი წლების გატარება, მაგრამ აუცილებლად უნდა დავბერდეთ და მანამდეც ხშირად უნდა ვუთხრათ ერთმანეთს ის სიტყვები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფრის შენობის კედლებზე წავიკითხე. ეს სიტყვებია: "ვწუხვარ, მაპატიე, მადლობელი ვარ, მე შენ მიყვარხარ..."



მოხუცთა თავშესაფარი "ბარბარე ოცდაერთი" სოფელ გლდანშია. მოხუცებზე მწერალი მერაბ შათირიშვილი მეუღლესთან, მაკა სალუქვაძესთან ერთად ზრუნავს. ურიგო არ იქნება, თუ საზოგადოებაც, განსაკუთრებით შეძლებული ფენა, მათთან ერთად აქტიურად ჩაებმება საქველმოქმედო საქმიანობაში და მოხუცებს იქ ყოფნას გაულამაზებს. ვიდრე ბატონ მერაბს დაველაპარაკებოდი, მისაღებში ტელევიზორთან მიმსხდარ ქალბატონებს გავესაუბრე. გაუხარდათ ჩემი დანახვა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოგონებებმა აატირა.

ლილი გადელია:
- 1930 წელს დავიბადე, ეეეჰ, ძალიან დიდი ხნის ვარ. ისე არა მიშავს, ჯანმრთელობის მხრივ არაფერი მაწუხებს. ნათესავები მაკითხავენ ხოლმე და ისინიც შენსავით მეუბნებიან, რა კარგად გამოიყურები, სულ არ გეტყობა, 90 წლის რომ ხარო. მეუღლე მყავდა ისეთი, სად იპოვეო, მეკითხებოდნენ. მე კი არ ვიპოვე, თვითონ მიპოვა-მეთქი, ვპასუხობდი ყველას (იცინის). იურისტი კაცი იყო, გვარად გოგოხია, ბევრი ადამიანური თვისებით შემკული, ყველას მოსწონდა.
- როგორც ჩანს, თქვენც იოლად მოგაწონათ თავი, ხომ?
- არ მომეშვა, 4 წელი არ გავყევი და თავი მაინც არ დამანება. ცოტა ჯიუტი ვიყავი გათხოვების ამბავში, სულ სწავლა, სწავლას გავიძახოდი. რაც კურსები არსებობდა სოხუმის კულტურის სახლში, ყველაფერი დავამთავრე, სამკერვალო თუ ათასი სხვა რამ. ინსტიტუტში ხომ ვისწავლე და ამდენი რამის სწავლა რაღად მინდოდა, არ ვიცი.
- შვილი რამდენი გყავთ?
- ერთი გოგო გარდამეცვალა, ბიჭი მყავს, მოგეწონებათ, რომ ნახოთ. აქ, თბილისში ცხოვრობს. ხანდახან მომაკითხავს ხოლმე, ახლა კარგა ხანია, აღარ მოსულა და არ ვიცი, რაშია საქმე. 5 შვილი ჰყავს - 3 ბიჭი და 2 გოგო. ისეთები არიან, რა დედამ შობაო, იტყვი იმათი შემხედვარე. უფროსს, ირაკლის 4 წელი მე ვზრდიდი. შვილი მეუბნება, სულ ირაკლის რომ გაიძახი, სხვა შვილიშვილები არ გყავსო? შვილიშვილი არ უნდა გაზარდო თურმე, ვისაც გაზრდი, ის მეტად გიყვარს მერე, შვილივით. სასწაული რამეა შვილიშვილი.
- ადრე როგორ ცხოვრობდით, მომიყევით.
- პროფესიით ფილოლოგი ვარ, სოხუმში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი წლების განმავლობაში. ძიძარიას ქუჩა იცით? სადგურის წინ, კარგ ადგილას ვცხოვრობდი. სოხუმი არ უნდა დამეტოვებინა, დიდი შეცდომა დავუშვი და ვნანობ. სოხუმს რომ დატოვებს, ის კაცი კარგად როგორ უნდა იყოს? ყველაზე გამორჩეული ქალაქი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. მე რომ ვცხოვრობდი იქ, ნეტავ, ყველა ქართველს ეცხოვროს ისე. თქვენ ხომ არ გიცხოვრიათ სოხუმში?
- არა, სამწუხაროდ, არც კი მინახავს.
- აუცილებლად წადით რა სოხუმში...
წავალ, აუცილებლად წავალ-მეთქი სოხუმში, ვუთხარი და ვიგრძენი, გული ყელში როგორ მომებჯინა და როგორ მეტკინა თვალით არნახული სოხუმი და აფხაზეთი...
GzaPress
ნუნუ ხუციშვილი:
- ნაღდი ქართლელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, ხასიათიც ქართლური მაქვს - ჩვენ პირში მთქმელები ვართ. სინამდვილეში ესმა მქვია, მაგრამ ყველა ნუნუს მეძახის. ახალგაზრდობისას რამდენიმე ბიჭს უნდოდა ჩემი მოტაცება, მაგრამ ჩემმა ქმარმა აჯობა ყველას და მომიტაცა. ისიც ქართლელი იყო. არ მინდოდა, არც მიყვარდა, ძალით წამიყვანა, მაგრამ რას ვიზამდი?
- რატომ უკან არ წამოხვედით?
- როგორ წამოვიდოდი უკან? არ შეიძლებოდა, მაშინ უნდა წასულიყავი და თავი მოგეკლა. ძალიან კარგი კაცი იყო, მაგრამ მოტაცებით რომ წამიყვანა, ვერ ვაპატიე. ასაკში, რა თქმა უნდა, ვაპატიე და როცა გარდაიცვალა, ყველაფერი წესისამებრ გავუკეთე კიდეც, მეცოდებოდა და ამიტომ. სიყვარული სხვა რამეა, შეცოდება კიდევ სხვა.
- შვილი რამდენი გყავთ?
- ჩემი ბიჭი ავარიაში დაიღუპა, კახეთში მიდიოდა, ჩემს კახელებთან ერთად უნდა ვიქეიფოო. იცი, როგორი ბიჭი მყავდა? მთელი კახეთი გლოვობდა მის გარდაცვალებას (ტირის). ამ ამბავმა მომკლა, გამანადგურა. დრო ტკივილს მკურნალობსო, არა! შეუძლებელია, შვილმკვდარ დედას ტკივილი რამემ დაავიწყოს... შვილი არ უნდა მოუკვდეს არავის, დედა შვილის სიკვდილს რომ ნახავს, აბა, იმის სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა, სიკვდილი მინდა...

75 წლის სალომე სოსიაური ხევსურია, წარმოშობით თიანეთიდან და სულ რამდენიმე დღის მისულია თავშესაფარში.
- 18 წლიდან თბილისში ვცხოვრობდი, ჯერ ვსწავლობდი - პროფესიით მჭიდა მასალების ტექნოლოგი ვარ, მერე ქარხანაში ვმუშაობდი. იქ გამანაწილეს და ბინაც მომცეს, კარგად ვიყავი, მაგრამ ცხოვრება თურმე კიბე ყოფილა. აი, ხომ ხედავთ, დღეს აქ ვარ. 2003 წელს ფეხი მოვიტეხე, რთული მდგომარეობა მქონდა და ბინა გავყიდე. შარშან მეორედაც მოვიტეხე ფეხი და აქ მოსვლა გადავწყვიტე. თავშესაფრის დირექტორი ტელეფონით გავიცანი, თბილად მელაპარაკა, დამამშვიდა. ღმერთს მადლობა, რომ აქ მოვხვდი. წარამარა მირეკავს ჩემი და, ერიდება, აქ რომ ვარ, მაგრამ მე ხომ ჩემი სურვილით წამოვედი. ნათესავებთან რაღაცნაირად ზედმეტად ვგრძნობდი თავს, ყველას თავისი პრობლემა ჰქონდა და მერიდებოდა, აქ თითქოს "გავიშალე", თავისუფლად ვარ.
- დაოჯახებული არ ხართ?
- არა, მარტოხელა ვარ.
- რატომ, წუნია იყავით?
- ძალიან წუნია, ისეთი, რომ გაგიჟდებოდი. სამსახურში სულ ამაზე იცინოდნენ, ყველას იწუნებს, იმას ასეთი პიჯაკი ეცვა, ამას ასეთი შარვალი ეცვაო. ყველა წვრილმანს ვამჩნევდი, არ ვიცი, რატომ ვიყავი ასეთი. 2 ძმა მყავს და 3 და. სულ ვამბობდი, დავიჯერო, დისშვილებსა და ძმისშვილებზე მეტად მეყვარება-მეთქი ჩემი საკუთარი შვილი, მაგრამ თურმე შვილი მაინც შვილია.

სალომესთან საუბრის შემდეგ მესამე სართულზე შიდა კიბით ავედით. შეიძლება ითქვას, კიბე საკმაოდ ციცაბოა და მოხუცებს ასვლა-ჩამოსვლა ცოტა უჭირთ. ლიფტის გაკეთება კი თავშესაფრის ბიუჯეტისთვის იოლი არ არის. ოთახში მოხუცი ცოლ-ქმარი დამხვდა - კაცი ყავას ადუღებდა, ქალს მაგიდა გაეწყო და გველოდებოდნენ.
GzaPress
მერი წამალაშვილი:
- თეთრიწყაროს რაიონიდან ვარ, 78 წლის, მანგლისში გათხოვილი. 42 წელი ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავე ექთანად ჯერ თეთრიწყაროში, მერე - მანგლისში და პარალელურად, ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც ვმუშაობდი. ამის გამო ისე იოლად შევეჩვიე აქაურობას, ვერ წარმოიდგენთ. აქ მოხვედრილს ბევრს უკვირს სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასე რატომ იქცევა, ისე როგორ შეიძლებაო და ა. შ. მე არაფერიც არ მიკვირს, ძაან ჭკვიანები არიან ესენი ჩემთვის, ყველა. ურთულესი სამუშაო მქონდა ბედიანაში, 6 კორპუსი იყო, ერთი იყო "მთლად აღელვებულების", დაბმულები ჰყავდათ. იყვნენ ჭკვიანი, შედარებით მშვიდი პაციენტებიც, ახალგაზრდებიც კი. ერთხელ გარეთ გამოვიყვანე "პრაგულკაზე", სხვები ერთმანეთთან საუბრობდნენ, ერთი კი ძალიან წუხდა და ოხრავდა. მიზეზი ვკითხე, არ ვიციო, მითხრა. ნუ გეშინია, შვილო, ყველანი კარგად გახდებით და აქედან წახვალ-მეთქი, ვანუგეშე. მიყურა, მიყურა და მითხრა: ეეჰ, შენც კარგად გაკლია, ჩვენ ქრონიკული ავადმყოფები ვართ, გიჟები ვართ და სად წავალთო? იყო შემთხვევა, ბევრს გვაცინებდნენ, მაგრამ ზოგჯერ ვტიროდით ხოლმე კიდეც მათ გამო. ზოგი ვიღაცას ეჩხუბებოდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი შვილების სახელებს იძახდა, მოდი, შვილო, უნდა გაჭამოო. ერთი ულამაზესი ქალი გვყავდა, მსახიობი, სახელი და გვარი აღარ მახსოვს, ოდესიდან, ოღონდ ქართველი იყო. ჩემი ქმარი თავის მეორე ცოლს მოიყვანს და გაგაცნობო, დამპირდა. მართლაც მოვიდა ის კაცი, თავისი ცოლით და შვილებით. ამ ქალმა უთხრა ჩემზე, კარგი გოგოა, კარგად მექცევაო. დედას რომ უყურებდნენ, შვილები სულ ტიროდნენ, ის კი ორივეს ამშვიდებდა: რა გატირებთ, მშვენიერი ქალია, ესეც თქვენი დედიკოა და დაუჯერეთო.
- ახლა თქვენი დაოჯახების ამბავს მომიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- როგორ და სასაცილოდ. რაიონის მთავარი ექიმი ძალიან კარგი ქალი იყო და რატომღაც განსაკუთრებულად ვუყვარდი. აფთიაქის გამგე, რომელიც ჩემი ქმრის ნათესავი იყო, ამ ექიმთან მეგობრობდა. ერთმანეთი გაგვაცნეს. თავიდან უარზე ვიყავი, ისღა მაკლია, "შოფერს" გავყვე-მეთქი. მაშ, არ გაჰყვებიო? - მკითხა მთავარმა ექიმმა, მაშინ ხვალვე გამოვაცხადებ, რომ შენი თავის იმედი არა გაქვს და იმიტომ არ თხოვდებიო. მოკლედ, შანტაჟი მომიწყო. ეჭვების გასაფანტად გადავწყვიტე, მივთხოვდები-მეთქი (იცინის). მოვიდნენ, დამნიშნეს და წამიყვანეს კიდეც. დედა მწოლიარე ჰყავდა, კიბო ჰქონდა. ის რომ დავინახე, ძალიან შემეცოდა. მერე კი ჩემს ქმარსაც მივეჩვიე და ისე შემიყვარდა, ისე, რომ ახლა ჩემს სიცოცხლეს შემოვავლებ. ძალიან ტკბილად და კარგად ვიყავით. სამსახურში მიმავალს ჭიშკრამდე გამომაცილებდა, გადამკოცნიდა და დამემშვიდობებოდა ხოლმე. თვითონ მეურნეობაში მუშაობდა მძღოლად. შვილები არ გვეყოლა. ძმისშვილები მყავს, კარგი ცოლები ჰყავთ, იმათ შემოვევლე და ისინი გვპატრონობდნენ, მაგრამ ვიფიქრე, სადამდე მოგვივლიან, ყველანი მუშაობენ, შაბათ-კვირას ისვენებენ და ხომ უნდათ ან წასვლა, ან წამოსვლა, სულ სახლში ხომ არ ისხდებიან და ჩვენ ხომ არ მოგვივლიან-მეთქი. გეფიცებით, აქ ისე კარგად ვართ, ჩვენს სახლშიც არ ვიყავით ასე კარგად. ისინიც მოდიან ხოლმე სანახავად, გვეუბნებიან, მანქანას მოვიყვანთ და წამოგიყვანთო, მაგრამ არ მივყვებით. ერთი ეგ არის, გადაადგილება მიჭირს და პირველ სართულზე იშვიათად ჩავდივარ, ლიფტი არ არის და მთელი დღე მესამე სართულზე ვართ მე და ჩემი ქმარი.

მერაბ შათირიშვილი, თავშესაფრის დირექტორი:
- წლების წინ ერთმა ქალბატონმა მთხოვა ამ საქმეში დახმარება, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ გადაიფიქრა და მითხრა, იქნებ შენ დაინტერესდე, შენ უფრო გაართმევ თავსო. ვიფიქრე, ალბათ ღმერთს ასე უნდოდა-მეთქი. მწერალი ვარ და ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ საქმეს თუ მოვკიდებდი ხელს. მერე უფალმა პატარა გოგონა, ბარბარე მაჩუქა და თავშესაფარს მისი სახელი დავარქვით. ეს მადლი ჩვენს ქალიშვილზე ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნება. უკვე 4 წელია, რაც პანსიონატი არსებობს. ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა აქ, მომღერალი არჩილ ჩიხლაძე სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჩვენთან იყო. მე და მაკა ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და როგორც გამოგვდის, ამას თვითონ მოხუცებიც ხედავენ და უფალიც. თვითონაც ნახეთ, როგორი სიმშვიდე და სისუფთავეა აქ. ზოგჯერ მსურველები მოდიან და კონცერტებს უწყობენ მოხუცებს, ტკბილეული და ნუგბარი მოაქვთ მათთვის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღება არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ არის. ისეთ ერს, დედის სადღეგრძელოს რიხით რომ ამბობს, ქალს ეთაყვანება და მოხუცს პატივს არ სცემს, ვფიქრობ, მეტი მოეთხოვება. არ იცი, ბედისწერა რას გიმზადებს, წისქვილის ქვა როგორ დატრიალდება შენს თავზე. აქ ვინც არის, ზოგმა ქონება დაკარგა, ზოგს შვილი დაეღუპა და არავინ დარჩა, ზოგს ოჯახის წევრები ვერ უვლიან და ა.შ.. ვერც ნორმალურ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ვერც ჯანმრთელ საზოგადოებას ვერ შევქმნით, თუ არ გვეცოდინება, როგორ მოვუაროთ ბავშვებსა და მოხუცებს. ევროპული იდეოლოგიის დამკვიდრებას რომ ვცდილობთ, ყველაზე დიდი ევროპული ღირებულება და თუნდაც ამერიკული მონაპოვარი სწორედ ის არის, რომ იქ იციან, მოხუცებსა და ბავშვებს როგორ მოექცნენ. მხოლოდ ლაპარაკით შორს ვერ წავალთ. შეძლებული ადამიანები, საზოგადოება და სახელმწიფო ერთად უნდა ზრუნავდეს ასეთი სახის დაწესებულებებზე, რადგან ეს სახლი არ ეკუთვნის მხოლოდ მერაბ შათირიშვილს. ის ეკუთვნის 24 მოხუცს, 24 ბენეფიციარს, ისინი კი საზოგადოებას ეკუთვნიან. მათზეც გადანაწილდება ეს მადლი. ყველას აქვს აქ მოსვლისა და იმის უფლება, რომ მათ ცხოვრების წუთები გაულამაზონ. ეს არ არის კერძო პანსიონატი, რომელიც ჩაკეტილია, ჩვენი თავშესაფარი ყველასთვის ღიაა. უდიდეს სიხარულს ანიჭებთ, როცა მათთან შესახვედრად ვინმე მოდის, რაც სამწუხაროდ, იშვიათად ხდება. მათ თვალებში იმხელა სიხარულს ვხედავ ხოლმე, ენით ვერ აღვწერ, მივიწყებულად აღარ თვლიან თავს. ამით შვილებს არ ვეუბნები, მშობლებს ვერ უვლით და არიქა, პანსიონატებში წაიყვანეთ-მეთქი, მაგრამ ვთვლი, რომ ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონეც რომ იყოს, პანსიონატები კიდევ უფრო უნდა გამრავლდეს და გამდიდრდეს, რადგან მოხუცები კარგად გრძნობენ თავს - მათთვის ყველაზე დიდი კომფორტი ხომ ერთმანეთთან, თანატოლებთან ურთიერთობაა. მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებს, რაკი სახელმწიფო პატრონობს მოხუცებს, ფიქრობენ, რომ ისინი ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან, ოჯახის წევრები, ახლობლები მათ საპენსიო ბარათებს ართმევენ და პენსიას ხარჯავენ! მართალია სახელმწიფო თავშესაფარში ყოფნის ხარჯებს აფინანსებს, მაგრამ 24-საათიანი მომსახურების ცენტრი მათ მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს. მესმის, რომ შენს მოხუცს ვერ მოუარე და ვერ უზრუნველყავი, მაგრამ როცა უწამლოდ ტოვებ და მის საპენსიო ბარათს ხმარობ, მოხუცი კი პანსიონატში მიგყავს, ეს არ მესმის... მე და მაკა ფაქტობრივად, ახლა ვსწავლობთ ბევრ რამეს. ვიცი, რომ როგორც დედას და მამას, მათაც ისევე უნდა მოვექცე, მაგრამ ცოტა არ იყოს, რთულია, ყველაფერი მათი ხასიათისა და მოთხოვნილებების მიხედვით ააწყო, თუნდაც ყოველთვიური კვების რაციონი და მენიუ. მთავარია, დაინახონ, რომ ყველაფერს გულით ვაკეთებ. ხმამაღლაც რომ მომიხდეს მათთვის რამის თქმა, დარწმუნებული ვარ, არ ეწყინებათ, რადგან იციან, რომ ძალიან მიყვარს ისინი და მეც ვგრძნობ, რომ მათაც ვუყვარვარ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ დააქორწინეს ქართველებმა "სოფი ლორენი"?
თურქეთში წარმატებული ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური ინტერვიუ
ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ამერიკაში ქართულ საქმეს აკეთებს
ელენე ელყანიშვილი ჯერ მხოლოდ 11 წლის არის და უკვე 700-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორია.
სამთო მაშველი გოგონები ტურისტების უსაფრთხოების სამსახურში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.