დამტვრეული ნიჩბებით წყალზე გავლილი გზა - ჩემპიონობამდე
font-large font-small
დამტვრეული ნიჩბებით წყალზე გავლილი გზა - ჩემპიონობამდე
"საზღვარგარეთ რომ გავდივართ, უკვირთ, აქ რატომ ჩამოდიხართ, იმდენი წყალი გაქვთო"

ქართველი ნიჩბოსანი - ზაზა ნადირაძე არაერთი შეჯიბრების, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე და გამარჯვებულია. წარმატებამდე და სპორტის ამ სახეობის მეტად პოპულარიზაციამდე, მანაც რთული გზა გაიარა, ქვეყანაში იმ დროს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა, სპორტის ეს სახეობა იმდენად მოსწონდა, რომ დამტვრეული ნიჩბებისა და გაუმართავი ნავების მიუხედავად, წყალზე სვლას არ წყვეტდა და შეჯიბრებებზე მაინც გამოდიოდა, მუდმივად ეცნობოდა სიახლეებს და ცდილობდა, ოცნების ნაცვლად, მიზნები და ამოცანები დაესახა და განეხორციელებინა. ზაზა იმ პერიოდს იხსენებს, როცა ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამდა.


მინიდოსიე:
დაბადების ადგილი და თარიღი: დავიბადე მცხეთაში, 1993 წლის 2 სექტემბერს.
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი.
სპორტული დებიუტი: თუ სწორად მახსოვს, სკოლის "მხიარული სტარტები", სადაც სკოლების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში ვეჯიბრებოდით.

"დამტვრეული ნავები და ნიჩბები გვქონდა"
- სპორტის სახეობა, სადაც პირველად დავიწყე სიარული, კარატე იყო, შემდეგ - ფეხბურთი, რომელიც არ მომეწონა და რაგბიზე გადავერთე. რაგბი ძალიან მომეწონა, მაგრამ გუნდში დიდი ბიჭები იყვნენ, ყველას ვეჯახებოდი, ბურთს არ ვუთმობდი და შინ სულ დალეწილ-ჩალურჯებული ვბრუნდებოდი, ამიტომ მშობლებმა გამომიყვანეს. სხვათა შორის, ერთხანს ცეკვაც ვცადე, მაგრამ ჩვენი მასწავლებელი ცოტათი აგრესიული კაცი აღმოჩნდა და იქიდანაც გამოვედი. არადა, ცეკვა ძალიან მინდოდა. მერე, 2-3-წლიანი შესვენება მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემი ნიჩბოსანი მეგობარი ჩამოვიდა და ნიჩბოსნობის შესახებ ისეთი ემოციით გვიამბო მე და ჩემს ძმას, დაგვაინტერესა. 13 წლის ვიყავი მაშინ, რთული პერიოდი იყო, გასართობიც არაფერი გვქონდა, ფეხბურთის თამაში მე არ მიყვარდა, ამიტომ ნიჩბოსნობით დავინტერესდით. მე და ჩემმა ძმამ მწვრთნელიც გავიცანით, მან კი რაც დამტვრეული ნავები და ნიჩბები ჰქონდა, ყველაფერი მოგვცა... დავდიოდით წყალზე და ერთმანეთს ვაყირავებდით (იცინის), ვთამაშობდით, ვერთობოდით.
მერე, მშობლების რჩევით, ძიუდოზე მისვლა გადავწყვიტეთ, რადგან ნიჩბოსნობას მომავალი არ ჰქონდა და იქ უკეთესი სიტუაცია იყო. ვიფიქრე, ერთ შეჯიბრებაზე გავალ და ნიჩბოსნობას მერე დავანებებ-მეთქი თავს. რუსთავში საქართველოს ჩემპიონატზე გამოვედი და გავიმარჯვე! არ ველოდი. 14 წლის ვხდებოდი და ჩემს ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ეს დიდი სტიმული, დიდი სიხარული და მოტივაცია იყო ჩემთვის, ასე გავაგრძელე ნიჩბოსნობა.

"საზღვარგარეთ პირველი შეჯიბრება წავაგეთ"
- 2009 წელს საშინელი პირობები იყო და შეჯიბრებაზე ძალზე გადაღლილები ჩავედით. ნავი და ნიჩაბი არ მქონდა, ვიღაცამ ძველი ნავი მათხოვა, რომელიც ძალზე დამტვერილი იყო... ცუდ მდგომარეობაში მოგვიწია გამოსვლამ. სხვა მონაწილეებს თავიანთი ნავები მიჰქონდათ ან ახალს იღებდნენ. ჩემსას კი შიგნითაც არაფერი ჰქონდა ჩაყენებული (სპეციალური მექანიზმები, რაც უნდა მოირგო). მოკლედ, რაღაცები მოვუხერხეთ. უცებ ჩავჯექი და სტარტზე გავედი. წავაგე... დიდი მარცხი განვიცადეთ, სამი სპორტსმენი ვიყავით. გაჭირვება იყო და ფედერაციამ ჩვენი წასვლა რომ უზრუნველყო, ესეც ბევრს ნიშნავდა მაშინ, გამოცდილება მაინც მივიღეთ.
როცა დავბრუნდი, მეორე დღეს, ჩემი მეგობრის მოტოციკლეტზე დავჯექი. ვიფიქრე, ცოტას გავივლი-მეთქი და დაახლოებით ორ კილომეტრში დიდი ავარია მომივიდა. სერიოზული ტრავმები მივიღე და ვარჯიში მხოლოდ 2011 წელს გავაგრძელე, მერე კი შეჯიბრებებზეც გავედი.
საერთაშორისო ფედერაციამ დახმარება გამოგვიყო, რომ სასტუმრო და სხვა ხარჯები დაგვეფარა. მაშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დავიკავე, რაც წარმატებად ითვლებოდა. ამასობაში გავიზარდე კიდეც და ნელ-ნელა წინ მივდიოდი. ბევრი რამ შევისწავლე.
GzaPress
პირველი დიდი წარმატება
- 2014 წელს საერთაშორისო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე 23 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. მაშინ ასეთი შედეგი ჩვენთან არავის ჰქონდა. სპორტის ეს სახეობა მერე უფრო განვითარდა, თანხებიც წამოვიდა და სხვებმა შედეგებიც გააუმჯობესეს. წინ წავედით, უკვე მედლები ჩამოაქვთ.
ახლა ბევრად უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, კიდევ უამრავი რამაა საჭირო - ბაზებია ასაშენებელი, ინვენტარი შესაძენი. უცებ განვითარება რთულია, მაგრამ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, ნავებსა და ნიჩბებს ყოველწლიურად ყიდულობენ და ამატებენ. ნაკრების წევრებს ეს ყველაფერი უკვე აღარ გვიჭირს. მცხეთაში კარგი ბაზა აშენდა. ფოთშიც იგეგმება. საზღვარგარეთ შეკრებებზე რომ გავდივართ, უკვირთ, თქვენ აქ რატომ ჩამოდიხართ, იმხელა პოტენციალი და იმდენი წყალი გაქვთო. ფოთში თუ კარგი ბაზა გვექნება, ჩვენ კი აღარ წავალთ, აქეთ ჩამოვლენ სხვები. ეს ბაზისთვისაც შემოსავალი იქნება.

მისაბაძი სპორტსმენი და რჩევა მშობლებს
- მისაბაძი ბევრია. მაგალითად, უკრაინელი, ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი - იური ჩებანი. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.
საერთოდ, ბევრს ვაკვირდებოდი, მათ რჩევებს ვისმენდი და ვითვალისწინებდი. რჩევებს მეც ვაძლევ უმცროსი თაობის სპორტსმენებს და რითაც შემიძლია, ვეხმარები. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები სპორტის იმ სახეობაზე ატარონ, რომელიც მათ უყვართ და რისი ნიჭიც აქვთ. თუ არ უყვარს, არ გამოუვა და ტყუილად უნდა დატანჯონ. მიიყვანონ იქ, საითაც გული მიუწევთ! დიდი შედეგების მიღწევაში დაეხმარონ. ბავშვებს კი ვურჩევ, დაისახონ მიზნები და არა - ოცნებები და ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნების მისაღწევად!

"მაყურებელი უმედლობას ვეღარ გაპატიებს"
- ჩემი ბავშვობისას ისეთი რთული პერიოდი იყო, ვერც კი ვიოცნებებდი რამეზე. წინ რომ წავიწიე, უკვე ოცნება აღარ იყო, მიზნები და გეგმები მქონდა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ შედეგისთვის მიმეღწია. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. სხვაგვარად წარმოუდგენელია: თუ არ გიყვარს, არც გამოგივა, მაღალ შედეგს ვერ მიაღწევ. ახლა რომ ვაკვირდები, ჩვენს ქვეყანაში ყველამ ის რომ აკეთოს, რაც უყვარს, უფრო წინ ვიქნებით.
ნიჩბოსნობას ახლა მეტი ყურადღება ექცევა ხალხის მხრიდანაც, მანამდე დიდად არც იცოდნენ, რომ ქართული ნიჩბოსნობაც არსებობს. ოლიმპიადაზე წასული რომ ვიყავი, ბევრმა ესეც არ იცოდა. ახლა პასუხისმგებლობაც მეტი მაქვს, ერთი მედალი, მეორე, მესამე და უკვე უმედლობას ვეღარ გაპატიებს მაყურებელი, სულ შენი წარმატება უნდა. მათი გულშემატკივრობა კი ძალიან მნიშვნელოვანია.
სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ უმაღლესი შედეგების მისაღწევად. ვნახოთ, რა გამოვა. საერთოდ, სპორტსმენის წარმატება ხომ პირველ რიგში, ჯანმრთელობასთან, ფორმაში ყოფნასთან, ვარჯიშთანაა დაკავშირებული. თუმცა, იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.