"ეს არის საქმე, რომელიც უზომოდ მიყვარს"
font-large font-small
"ეს არის საქმე, რომელიც უზომოდ მიყვარს"
სამთო მაშველი გოგონები ტურისტების უსაფრთხოების სამსახურში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სამთო კურორტების განვითარების კომპანიას რამდენიმე წელია უკვე, მთიან რეგიონებში თავისი სამაშველო სამსახური აქვს, სადაც გოგონებიც არიან დასაქმებული. ორივე მათგანი ბავშვობიდან სრიალებდა. მთა, თოვლი და სრიალი მათთვის იმდენად ახლობელი იყო, რომ პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრიათ.


თეკო არჩაია, 35 წლის:
- მთელი ცხოვრება, ფაქტობრივად, ვსრიალებ, ოღონდ თავიდან მოყვარულის დონეზე ვაკეთებდი ამას. შემდეგ შვილი შემეძინა და გარკვეული წყვეტა მქონდა... მერე, როდესაც ბავშვი წამოიზარდა, ბაკურიანში დამყავდა და სრიალის წყურვილს ამით ვიკლავდი. უამრავ დამტვრეულ და დაზიანებულ ადამიანებს დავხმარებივარ. შემომთავაზეს, ჩვენთან ხომ არ ითანამშრომლებდიო?.. ბავშვის გამო მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვიფიქრე, ისედაც მთელი სეზონი, ორი თვე ბაკურიანში ვარ, სამსახურიც სეზონურია და გავრისკავ-მეთქი... თან ყოველთვის მომწონდა ადამიანების დახმარება, ბაკურიანი და თოვლიც ძალიან მიყვარს და შემოთავაზებას დავთანხმდი.
GzaPress
- მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, მაინც არიან ადამიანები, ვინც უსაფრთხოების კანონებს არ ითვალისწინებს.
- წელს ჩემი პირველი სეზონია, როდესაც სამთო მაშველის სტატუსით ვსრიალებ... მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მაინც არიან ისეთები, ვინც ცდილობს, კანონს გვერდი აუაროს - ჩაფხუტი არ დაიხუროს ან ნასვამი ავიდეს სასრიალოდ. პატრულიც დადის, სთხოვს, მიმართავს, საფრთხეებზე ესაუბრება, ამასთან - ბადეებიც გვაქვს, ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნებიც, მაგრამ მაინც იპარებიან... შარშან უფრო სტუმრები იქცეოდნენ ასე, ზედა ტრასებზე ადიოდნენ. რაც შეეხება წლევანდელ წელს, თოვლი რამდენიმე დღის წინ მოვიდა, ყველა ტრასა არ მუშაობს, მაგრამ დარღვევები მაინც არის... ჩაფხუტების მხრივ წინსვლა გვაქვს, უკვე ყველა ცდილობს დაიხუროს.
- რა რეაქცია აქვთ, როდესაც ქალ მაშველს ხედავენ?
- ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლები მიცნობდნენ, მაგრამ მაინც გაუკვირდათ... ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მითხრა, - დიდველზე ქალი მაშველი აუყვანიათო. - ვიცი, გამარჯობა, მე ვარ-მეთქი.
- ალბათ უკვე მოგიწიათ ვიღაცების დახმარებამ.
- დიახ, რამდენიმე დღის წინ თურქი ქალბატონი დაეცა ცუდად, ხელი და ფეხი ჰქონდა ნატკენი. შეშინებული იყო, ანკარაში ვინ წამიყვანსო. ეტყობა, ეგონა, რომ ბაკურიანში სამედიცინო დახმარებას ვერ აღმოუჩენდნენ. ჩავიყვანეთ დაბაში და დაეხმარნენ... რუსეთის მოქალაქე მამაკაცსაც დავეხმარე და არც მას გამოუხატავს მაინცდამაინც გაოცება...
- ალბათ ოჯახმაც მხარი დაგიჭირათ, არა?
- კი, მეუღლემაც იგივე მითხრა, - ორი თვე მაინც იქ ხარო... მასთან შეთანხმების გარეშე არც მივიღებდი გადაწყვეტილებას. თან, ეს ის პერიოდია, როდესაც შვილსაც არდადეგები აქვს.
- პროფესიით ვინ ხართ?
- ფინანსისტი და ძალიან ბევრგან მიმუშავია, სხვადასხვა კომპანიაში მენეჯერი ვიყავი... თუმცა, ბოლო ხანებში, ბავშვის გამო, სახლში მიწევდა ყოფნა, ამიტომ ცოტა მოვწყდი საქმეებს. არადა, სრიალიც მიყვარს და სულ მენატრებოდა...
- შვილიც სრიალებს?
- დიახ, ორი წლის იყო თხილამურზე რომ დავაყენე და უკვე არაერთი წარმატება აქვს ტურნირებში. "ბაკურიანობაზე" არაერთხელ იყო გამოსული და თავისი ასაკის მოთხილამურეებში პირველი ადგილი დაიკავა... ძალიან გამიხარდება, თუ ამ საქმეს უფრო მეტი მონდომებით მოკიდებს ხელს.
GzaPress
მარიამ ჯაფარიძე, 21 წლის, სამთო მაშველი:
- ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი მხარე, სახლი, ოჯახის წევრები და ახლობლები არ დამეტოვებინა. ახლა ყველა ცდილობს სოფლიდან ქალაქში წავიდეს, მაგრამ მე ყველაფერზე მეტად, ჩემი კუთხე მიყვარს და მინდოდა, სვანეთის განვითარებაში მცირედი წვლილი შემეტანა... 18 წლიდან ვმუშაობ. სრიალი და თოვლი ყოველთვის მიყვარდა, პირველი კლასიდან სპორტით ვიყავი დაკავებული, მოთხილამურე ვარ და არაერთი საპრიზო ადგილი მაქვს აღებული. როდესაც სამაშველოში მუშაობა გადავწყვიტე, ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი. ჰაწვალის სამაშველოს უფროსს დავუკავშირდი და განზრახვის შესახებ ვუთხარი. მან მირჩია, ჯერ პატარა ხარ, ცოტა ხანს მოითმინე, სკოლა დაამთავრე, სერტიფიკატი აიღე და შემდეგ ვიმსჯელოთო. როგორც კი სკოლა დავამთავრე, მაშინვე შევიტანე განაცხადი.... აუცილებელი იყო ენების ცოდნა, რუსულის ან ინგლისურის. რუსული ცუდად ვიცი, მაგრამ ინგლისურად ვსაუბრობ...
აქ ყველა მიცნობდა. თუმცა, როგორც სხვებმა, მეც ჩავიარე მომზადება, ხალხის ჩამოყვანასა და სხვა სახის დახმარებებში. ბიძინა გუჯაბიძემ ჩაგვიტარა მოსამზადებელი ეტაპი. გამოცდები ჩავაბარეთ, ყველა სეზონზე და შესაბამისად, ზამთარშიც. მაგალითად "აკიას" (დაშავებული ადამიანის ჩასაყვანი მოწყობილობა) ჩამოტანაზე. ჩემთან ერთად კიდევ ერთი გოგო იყო, ნატა. როდესაც შედეგები გამოცხადდა, ის თეთნულდზე აიყვანეს, მე - ჰაწვალზე. ხუმრობდნენ, ყველაზე პატარა მაშველი ჩვენ გვყავსო. მაშინ 18 წლის ვიყავი და ბედნიერებისგან დავფრინავდი, რადგან ეს არის საქმე, რომელიც უზომოდ მიყვარს.
- რა სირთულეები იყო?
- არაფერი გამჭირვებია, რადგან არც ძალა მაკლია. თუ ადამიანს მთა უყვარს და მონდომებაც აქვს, იმუშავებს. ისე კი, ყოველდღე მთაში ყოფნა, ამინდის მიუხედავად, წვიმა იქნება, ქარი, მზე, ყინვა თუ თოვლი, ადვილი არ არის... თან სპორტსმენი ვარ და თითქოს ჩემი საქმე გავაგრძელე. აქ ადამიანების გადარჩენა მიწევს...
- ოჯახის დამოკიდებულებაზეც გვიამბეთ.
- დედაჩემი წინააღმდეგი იყო, - ყოველ საღამოს, ვიდრე სახლში მოვიდოდი, გარეთ მელოდა. მამა მგულშემატკივრობდა, ოღონდ აქედან არ წახვიდე და რაც გინდა, გააკეთეო. როდესაც არ ვმუშაობდი, მაშინაც ავდიოდი მთაში და მარტო ვსრიალებდი... მთის გარეშე მიჭირს.
- და-ძმა გყავთ?
- დიახ, 5 და და ერთი ძმა ვართ. დები უფროსები არიან და ყველას თავისი ოჯახი ჰყავს. სახლში მე, ჩემი ძმა და მშობლები ვართ. მათი დატოვება ყოველთვის მიმძიმდა.
GzaPress
- ვიცი, რომ სწავლობთ.
- როდესაც ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, ქულებისა და ჩარიცხვის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა, - გილოცავ, სტუდენტი გახდიო. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თან ვდარდობდი, სწავლასა და მუშაობას ერთად როგორ მოვახერხებ-მეთქი? პირველი წელი ძალიან კარგად ვსწავლობდი, ჯგუფელები მეხმარებოდნენ, ყველაფერზე მაწვდიდნენ ინფორმაციას და სამსახურის მერე, გათენებამდე ვიჯექი და ვსწავლობდი. შემდეგ უკვე ვერ მოვახერხე. ამიტომ სამწლიანი აკადემიური ავიღე. იქნებ მოვახერხო და თუ ხელს შემიწყობენ, დაუსწრებელზე გადავიტანო... აქაურობის დატოვება მიჭირს... ერთი ასეთი შემთხვევა მახსოვს, მზიანი დღე იყო და როგორც მთას სჩვევია, ამინდი უეცრად შეიცვალა, - ქარი ამოვარდა. საბაგიროს დაკეტვამ მოგვიწია, ხალხს აღარ ვუშვებდით. ოპერატორებიც გავუშვით. რამდენიმე მაშველმა გზა ჩაასუფთავა და მე ბოლო ვიყავი, რადგან ფოტოებს ვიღებდი... ზაფხულსა და ზამთარში ჰაწვალიდან თეთნულდზე სხვადასხვა გზით გადადიან, საცალფეხო ბილიკია და იმით სარგებლობენ. ბიჭები "სკი" ტურებით ყოფილან წასული. ფოტოებს რომ ვიღებდი, ტყიდან საუბარი შემომესმა. უეცრად ამ დაკეტილ ზონაში ორი ბიჭი შემოვარდა. ვუთხარი, ცუდი ამინდია, არ შეიძლება, აღარ წახვიდეთ-მეთქი. უკრაინელები იყვნენ. ვიცით, ტრასას ჩავუყვებით და ჩავალთო. ვიფიქრე, ვაცდი-მეთქი. მკვეთრი დაღმართი იყო. ერთი კარგად სრიალებდა, მეორე შედარებით სუსტი გახლდათ... თან ახალი ჩამოთოვლილი იყო და ამ დროს თუ ძალიან კარგად არ იცის, ცოტა ძნელია სრიალი. მარჯვენა მხრის ნაცვლად, მარცხნივ წავიდა და უეცრად უკნიდან თავის მეგობარს დაეჯახა. ის სახით თოვლში ჩაეფლო. სასწრაფოდ ჩავედი. სახეზე გალურჯებული იყო. მე და მისმა მეგობარმა გადმოვატრიალეთ და ჩაფხუტი მოვხსენით. გონება დაკარგული ჰქონდა. ორივეს ძალიან შეგვეშინდა. მის მეგობარს ფერი დაეკარგა. მეც მარტო ვიყავი და ბიჭებს "რაციით" დავუკავშირდი. მაშინვე ბურანით ამოვიდნენ... მოკლედ, როგორც იქნა, მოვასულიერეთ, მაგრამ კარგა ხანს ვერ გააცნობიერა, სად იყო და რა მოუვიდა. მისი მეგობარი კითხვებს რომ უსვამდა, ადეკვატური პასუხის გაცემა უჭირდა... ბურანით ჩაყვანა შევთავაზეთ, მაგრამ იუარა, ჩემით ჩავალო, თუმცა მერე ისევ ცუდად გახდა, გონებას კარგავდა. ჩავიყვანეთ მესტიაში და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადავეცით. ჩაუტარეს საჭირო სამედიცინო პროცედურები. საბედნიეროდ, გამოკეთდა და მადლობები გვიხადა...
- ეს იყო თქვენი პირველი შემთხვევა?
- დიახ, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მარტოს მომიწია ტურისტთან მუშაობამ... შემდეგ უკვე მივეჩვიე. ბავშვები რომ ეცემიან, დედები პანიკაში ცვივდებიან, ასეთ დროს ძალიან რთულია დედაც დაამშვიდო და ბავშვსაც მიხედო. ერთი შემთხვევა იყო, სნოუბორდით მოსრიალე დაეჯახა ბავშვს. დედამისს ისტერიკა დაემართა და მის დანახვაზე, ბავშვიც პანიკაში ჩავარდა... მაშველები რომ გამოვიძახეთ და "აკიაში" ჩავსვით, აღმოჩნდა, რომ ხელი მოიტეხა და ტვინის შერყევა ჰქონდა.
- ხშირად სიმაღლეზე ადიან და მერე დაშვება უჭირთ, ხომ?
- დიახ, უამრავი შემთხვევაა და უმეტესად, გოგონებს ემართებათ. ამ დროს ჩვენი ბიჭები ადიან და ზურგით ჩამოჰყავთ... გაზაფხულზე, ჰესების მშენებლობა მიმდინარეობდა და დენი ხშირად ითიშებოდა. ამ დროს დატვირთულ საბაგიროზე დარჩენილი ტურისტები ჩვენ ჩამოგვყავს. ზოგჯერ მოუმზადებელი ვართ, ანუ აღჭურვილობით კი არა, სპორტული ფეხსაცმელებით. გაზაფხულზე თოვლი დნება და ადამიანის ჩამოყვანა იოლი არ არის, მაგრამ რამდენიმეკილომეტრიან ტრასაზე ყველანი უვნებლად ჩამოგვიყვანია... დღის ბოლოს დაქანცულები ვიყავით, მაგრამ მეორე დღეს ისევ მზად ვართ ჩვენი საქმე შევასრულოთ.
- ვიცი, რომ მხოლოდ სამთო მაშველობა კი არა, გიდობაც გიწევთ.
- დიახ, მთელი მონდომებით ვცდილობთ, ტურისტს ისიც დავანახვოთ, რასაც თავად ვერ ხედავს. მთებისა და ბუნების გარდა, ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებზე, ადათზე ვესაუბრებით, რომ უფრო მეტად დაინტერესდნენ. არ მახსოვს, ტურისტი ემოციის გარეშე წასულიყოს. უამრავი ისევ ბრუნდება და ამბობს, რომ აქ, მთებში იპოვა ბედნიერება. ისედაც გადარეული ვარ ჩემს კუთხეზე და ამას რომ ვუსმენ, სიამაყითაც ვივსები.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.