"ფოტოს, რომელზეც კარდაშიანს ჩვენი სათვალე უკეთია, 5 მილიონზე ცოტა მეტი "მოწონება" აქვს"
font-large font-small
"ფოტოს, რომელზეც კარდაშიანს ჩვენი სათვალე უკეთია, 5 მილიონზე ცოტა მეტი "მოწონება" აქვს"


23 წლის იყო, როდესაც ხისგან პირველი სათვალე გააკეთა და სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, სხვებისთვისაც შეეთავაზებინა საკუთარი ნაკეთობა. უკვე 3 წელია, ნიკოლოზ ბრეგაძე ძმასთან, ბექასთან ერთად, ნაირ-ნაირი დიზაინის სათვალეს აწყობს და ამბობს, რომ ახლა უკვე ზუსტად იცის, რა უნდა და რაში გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს უკეთესად.


- პროფესიით გეოლოგი ვარ, მეორად საგნებად ბევრი რამ მქონდა არჩეული - პიარის, მარკეტინგის, ბიზნესის კუთხით. ისე გამოვიდა, რომ გეოლოგიის გარდა, ჩემს ახლანდელ საქმიანობაში სხვას ყველაფერს ვიყენებ. პროფესიით არასდროს მიმუშავია და ალბათ, არც არასდროს ვიმუშავებ. მაშინ საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი, ახლა კი ზუსტად ვიცი, რა უნდა ვაკეთო.
- როგორ გაჩნდა ეს იდეა? ალბათ აქსესუარები განსაკუთრებით გიყვარდა.
- ბავშვობაში ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, ვხატავდი, ვძერწავდი. ჩხირკედელაობა ძალიან მიყვარდა, თოფებსა და მანქანებს ჩემი ფანტაზიით ვქმნიდი. მახსოვს, დიდბორბლებიანი მანქანაც გავაკეთე, რომლითაც მე და ჩემი ძმა ვერთობოდით. ისეთი ბავშვები არ ვიყავით, ინტერნეტზე დამოკიდებულები რომ არიან. ყოველთვის მეგონა, არანაირი ფორმის სათვალე არ მიხდებოდა. ერთხელ ვიღაცამ მაჩუქა. მეუბნებოდნენ, გიხდებაო და მეც ვატარებდი. 17 წლის ვიქნებოდი და აი, სწორედ მაშინ შემეცვალა დამოკიდებულება. ხისგან რაღაცების გამოთლა სულ მიყვარდა. ერთ დღეს, მე-4 კურსზე ვიყავი, სათვალის გაკეთება რომ მოვინდომე. სამუშაო იარაღად და მასალად, რაც სახლში მქონდა, ის გამოვიყენე, მინა ძველი სათვალიდან ამოვიღე. ასე შევქმენი პირველი სათვალე 3 წლის წინ.
- თვითონ თუ მოგეწონა პირველი ნაკეთობა?
- დასრულებული არ იყო, მეგობრებს რომ ვაჩვენე - ნახეთ, რა მაგარი რამე გავაკეთე-მეთქი და დამცინეს. როცა დავასრულე და უფრო დავხვეწე, უნივერსიტეტში გავიკეთე. სტატისტიკის ლექტორმა, გიორგი რატიანმა მითხრა, - ხის სათვალეები ევროპაში ძალიან ძვირი ღირს და შეიძლება მაგის გაყიდვაო. მანამდე დამზადება და გაყიდვა აზრადაც არ მომსვლია. სულ რაღაც 4-5 თვე დამჭირდა, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა და შემექმნა სათვალე, რომელსაც გავყიდდი. მახსოვს, ჩემმა ახლობელმა მეგობარ გოგოს საჩუქრად უყიდა. თუ მას ასე მოეწონა, რატომ არ შეიძლება, სხვასაც მოეწონოს და ეს ჩემს საქმედ ვაქციო-მეთქი? სამსახური მქონდა, სხვათა შორის, არცთუ ურიგო ქართული რეალობისთვის - ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტიორ კომპანიაში ბუღალტრის თანაშემწედ ვმუშაობდი. დედა გაგიჟდა, - რას აკეთებ, შვილო, ხალხი ასეთ სამსახურზე ოცნებობს და შენ უარს ამბობო?!. არადა, სამსახური ძალიან მიშლიდა ხელს. მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდი, დრო ცოტა მქონდა, თან ბავშვობიდან სულ მინდოდა, რაღაც ჩემი მქონოდა და საკუთარი თავის უფროსი თვითონვე ვყოფილიყავი. ზუსტად ვიცოდი, რასაც ხელს მოვკიდებდი, წარმატებით გამომივიდოდა, რადგან მიზანდასახული ვარ. ამიტომაც არანაირად არ ვნანობ მაშინდელ გადაწყვეტილებას. ჩვენი ოჯახის შემოსავალი დღეს ეს არის, თანაც - მზარდი. ნაკეთობები ექსპორტზეც გაგვაქვს ამერიკაში, რუსეთში, ევროპაშიც, მაღაზიის მფლობელებისგანაც არის დაინტერესება.
GzaPress
- დიზაინს როგორ ქმნი?
- ხშირად ვხატავ. შეიძლება, ღამის 4 საათზე გამომეღვიძოს და რასაც გონებაში უცებ წარმოვიდგენ, ის დავხატო. სხვადასხვა ფორმიდან გამომდინარე ვქმნი ახალ მოდელებს, ბევრიც უშუალოდ მუშაობისას იქმნება. არის რაღაცები, რასაც შეკვეთით ვაკეთებთ, თუმცა, რასაც აქ ხედავთ, ძირითადად, ჩემი საავტორო მოდელებია. ვცდილობ, სხვებს არ დავემსგავსო და განსხვავებული მოდელები მქონდეს. დამზადების ტექნიკაც მე მეკუთვნის. მგონი, სახლი ხუთჯერ გადაურჩა დაწვას, ისეთ ცდებს ვატარებდი (იღიმის).
- მასალად მხოლოდ ხეს იყენებ? როგორია სამუშაო პროცესი?
- ძირითადად, კაკლის ხის მასალას ვიყენებ - ლამაზიც არის, მყარიც და იმავდროულად, მსუბუქიც. მინები კი ამერიკიდან ჩამოგვდის. მზისგან დამცავი ფენა ყველას აქვს და ულტრაიისფერ გამოსხივებას 100%-ით ბლოკავს. თავიდან ბევრი დრო გვჭირდებოდა, მაგრამ ახლა, როცა ამ საქმის პროფესიონალები ვართ, მეც და ჩემმა ძმამაც, დღეში შეიძლება 4 სათვალე ავაწყოთ. ბექა პროფესიონალი ბარმენია, ჟონგლიორი, თუმცა, როცა დამჭირდა, გვერდით დამიდგა და თვითონაც მალე აუღო ალღო ყველაფერს. დედაც აქტიურადაა ჩართული ჩვენს საქმიანობაში, ტყავს გვიკერავს იმ მოდელებისთვის, რომლებიც ტყავის ბუდეში ზის, "დაშკურკვაშიც" გვეხმარება, როცა ბევრი შეკვეთა გვაქვს. რაც შეეხება დამუშავების პროცესს - კაკლის გულს ვყიდულობთ, გამოვაშრობთ, მერე ესკიზების მიხედვით ამოვჭრით, გარკვეულ ტემპერატურაზე ვაცხელებთ, რომ უფრო მყარი იყოს, მერე "ვშკურკავთ", რკინის ანჯამებს ვუსვამთ და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა საღებავით ვღებავთ. ხისგან დამზადებული სათვალეების უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, მსუბუქია, სხვათა შორის, ბევრ პლასტმასის სათვალეზე მეტადაც კი - თითოეულის წონა 16-დან 20 გრამამდეა.
- ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ჩვენი დამზადებული სათვალეო, მითხარი...
- კაილ ჯენერ კარდაშიანის ფოტოს, სადაც ჩვენი სათვალე უკეთია, 5 მილიონზე მეტი "მოწონება" აქვს. კარდაშიანებს კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ 145 მილიონი "გამომწერი" ჰყავთ და მგონი, კარგი ამბავია, საქართველოში, სოფელ დიღომში გაკეთებული სათვალით რომ გადაიღო ფოტო და სოციალურ ქსელში ატვირთა. ეს არის თათა ქართველიშვილის დამსახურება, რომელსაც ჩვენი ნაკეთობები მოეწონა და გვთხოვა, კოლექცია გაგვეგზავნა ლოს-ანჯელესში, სადაც თვითონ ცხოვრობს და "შოურუმი" - საგამოფენო დარბაზი აქვს. ქართველებიდანაც ბევრი ატარებს ჩვენს სათვალეს - ქრისტი ყიფშიძე, ნუკი კოშკელიშვილი, თამთა გოდუაძე, ბერას მეგობრის ხელით გავუგზავნეთ, ძალიან მოეწონა და მადლობა შემოგვითვალა.
- რამდენიმე უცნაური ფორმის ჩანთაც შევამჩნიე, ესენიც თქვენი დამზადებულია?
- დიახ, ეს ახალი ამოცანაა ჩვენთვის. უცნაურ ჩანთებს ვაკეთებთ, ისეთს, ყველას თვალში რომ მოხვდება. ხეს და ნატურალურ ტყავს ვიყენებთ. სამომავლოდ ბევრ რამეს ვგეგმავ - ვაპირებთ მეტალის სათვალეების აწყობას, უკვე მუშაობთ კიდეც. მათ ვერცხლის, ოქროს ან მოოქრული ვერცხლის ჩარჩო ექნებათ. ასევე ვმუშაობ მანქანის პროექტზე, ჩემი დიზაინით მინდა ავაწყო. კომპიუტერული გრაფიკა უკვე მზად მაქვს - ეს იქნება სასეირნო, სპორტული იერის მქონე ავტომობილი, რომელიც მომავლის მანქანას ჰგავს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.