"მაქსიმალურად ვცდილობ, ენა არ დავივიწყო!"
font-large font-small
"მაქსიმალურად ვცდილობ, ენა არ დავივიწყო!"
თურქეთში წარმატებული ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური ინტერვიუ

დიზაინერმა გია კანდელაკმა საქართველო 22 წლის წინ დატოვა, როცა 90-იანი წლების გაღატაკებულ ქვეყანაში პედაგოგის ხელფასით თავის რჩენა ვეღარ შეძლო და მას შემდეგ, ჯერ რუსეთში ცხოვრობდა, ბოლო 10 წელი კი - თურქეთში საქმიანობს. როგორც აღნიშნავს, სამი პროფესია აქვს, აქედან ორს საქართველოში, ერთს კი საფრანგეთში დაეუფლა. თუმცა, საბოლოოდ, თავისი ცოდნა და ნიჭი მაინც იმ სფეროში განავითარა, რომელიც ბავშვობიდან მოსწონდა. ამჟამად თურქეთში საკუთარი საწარმო აქვს და ქალბატონებისთვის სამოსს ქმნის. მისი კოლექციები ადგილობრივი ბაზრის გარდა, ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და ბრაზილიაშიც გადის, ასევე, ბათუმისა და თბილისის თითო მაღაზიაში.


- მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ, საქართველოში ვიღაცას გავახსენდი (იცინის). ამჟამად საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, რადგან 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წამოვედი. სამი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული - სტუ-ში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ფიზიკის განხრით; ასევე, ვსწავლობდი სამართალმცოდნეობაზე და ადვოკატი ვარ, საფრანგეთში კი - Iნდუსტრიალ ფასჰიონ აცადემყ დავამთავრე. თუმცა, საქართველოში ჩემი არც ერთი სპეციალობა არ გამომადგა... ნეტავ, საერთოდ უსწავლელი ვყოფილიყავი (იცინის)... ვწვალობდი, სამ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად ვმუშაობდი, მერე რაიონის სკოლაშიც კი წავედი, სადაც ჩემი მეგობრები ასწავლიდნენ. მაშინ კუპონების დრო იყო, დიდი გაჭირვება და მთელი წელი რომ მემუშავა, ფეხსაცმლის საყიდელ ფულსაც ვერ ვაგროვებდი. რადგან არაფერი გამოდიოდა, ავდექი და წამოვედი.
რუსეთის მოქალაქე ვარ. იქ ნორმალურად ვცხოვრობდი, საკუთარი ბიზნესი მქონდა. მერე კონკურსში მივიღე მონაწილეობა ლივანში, პირველი ადგილი დავიკავე და გარკვეული შემოთავაზებებიც გაჩნდა. არჩევანი ჩინეთსა და თურქეთს შორის უნდა გამეკეთებინა. ვინაიდან სამზარეულოს მიმართ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, ვიფიქრე, ჩინეთში ვერ გავძლებდი და თურქეთში წასვლა ვამჯობინე. ჩამოვედი და უკვე 10 წელია, აქ ვარ.
- სად მუშაობდით?
- სხვადასხვა დიდ ფირმაში, ორგანიზაციებში ვმუშაობდი მოდის დიზაინერად. მაგალითად, გერმანიაში კელვინ კლეინის ფირმაში, ასევე იტალიაში "კოკო შანელში" ვიყავი დასაქმებული... მერე საკუთარი ორგანიზაცია დავაარსე, ადამიანები დავასაქმე, დღეს უკვე სერიოზული კომპანიაა და მსოფლიო მარკებზე დიზაინს ვქმნი.
GzaPress
- რომელ ქვეყნებზეა საუბარი?
- ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ბრაზილია. იქაურ ფირმებთან ხელშეკრულებები მაქვს დადებული და კოლექციებს ვუკეთებ. ასე ხვდება ჩემი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე.
- როგორც მომღერალმა თათია კობალაძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ თქვენ ურჩიეთ, ანკეტაც შეუვსეთ და გზა გაუკვალეთ, რომ თურქულ "ვოისში" მოხვედრილიყო, თვითმფრინავის ბილეთებიც შეუძინეთ და საცხოვრებლადაც თქვენთან მიიპატიჟეთ თავის მეუღლესთან ერთად...
- არ მიყვარს ამ ყველაფრის აფიშირება... უბრალოდ, მინდა, ნიჭიერ ადამიანებს გზა გავუკვალო და რაღაცით დავეხმარო. თათიას პირველად უკრაინის "იქს ფაქტორში" მოვუსმინე და მაშინ მივაწვდინე ხმა. საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ნიჭი რომ დავინახე, სურვილი გამიჩნდა, აქ გზის გაკვალვაში დავხმარებოდი და მიხარია, რომ ახლა პროექტში წინ მიიწევს. ვგულშემატკივრობ. მინდა, ყველა ნიჭიერმა ქართველმა წარმატებას მიაღწიოს.
- ამდენი წელია წასული ხართ და ქართულად საუბარი არ გიჭირთ. მანდ მყოფ ქართველებთან კონტაქტი გაქვთ? თქვენს ფირმაში თუ არიან დასაქმებულები?
- გარკვეული სიტყვების უცებ გახსენება ზოგჯერ მიჭირს, ცოტა ხანს ფიქრი მჭირდება - ეს ბოლო წლებში შევამჩნიე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ენა არ დავივიწყო! ოთხი ენა ვიცი.
რაც შეეხება ქართველებს, ამჟამადაც არიან დასაქმებულები ჩემთან. სულ ვცდილობ, მეტი ქართველი მყავდეს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოდის... ეტყობა, არ ვართ მაინცდამაინც ენერგიული და შრომისმოყვარე ხალხი... ვისაც შრომა უნდა, მშვენივრად მუშაობს ჩემთან. რამდენიმე ზარმაცობდა... ეს სხვა ქვეყანაა, სხვა კანონებია, სხვა წესებია. ამდენი თურქი მუშაობს და როცა ისინი თავის დროზე მოდიან, მაგრამ ხედავენ, ქართველი სულ აგვიანებს, ხან აცდენს, ბუნებრივია, არ არის სასიამოვნო... ამაზე არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ სამწუხაროდ, ასეც ხდება.
- ქალის ხაზზე მუშაობთ თუ მამაკაცის?
- მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ვკერავთ; ყველაფერს, რაც ქალს სჭირდება.
- მოდის წლევანდელ ტენდენციებზე რას გვეტყვით?
- საერთოდ, საქართველოს მოდას რომ ვუყურებ, ეს აბსოლუტურად უცხოა ჩემთვის. ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავ, სპეციალობა ხომ არ დამავიწყდა-მეთქი? არადა, 20 წელია ამ საქმეს ვაკეთებ... ჩემს საკუთარ ქვეყანაში ვერ მივაღწიე წარმატებას, მაგრამ თურქეთში, ასე თუ ისე მეთქმის სიტყვა. რაც ევროპული მოდის ტენდენციაშია - ფერი, დეტალი თუ სხვა რამ, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვითვალისწინებთ.
- როგორ ხდება თქვენი პროდუქციის შეძენა? საკუთარი მაღაზია გაქვთ?
- არა, მხოლოდ წარმოება მაქვს. აქ ვქმნით მოდელებს, აქ იკერება ყველაფერი, მერე ხდება მათი არჩევა. ვინმე რომ მოვიდეს და ერთი ცალი შეიძინოს, ასე ჯერ არ ხდება. თათიას, რა თქმა უნდა, ჩემი სამოსი ეცვა "ვოისზე".
- კიდევ ვის აცვია თქვენი სამოსი?
- ჩემი დევიზი არ არის, რომ მე ვიყო წინა პლანზე, თორემ ჩემი კაბა კვიპროსის პრემიერ-მინისტრის შვილსაც აცვია, თურქ მომღერლებსაც და ა.შ. მთავარია, ის პროდუქცია, რომელსაც ვამზადებ, ქალბატონებს მოეწონოთ და ამით ყოველდღიურობა გაილამაზონ, თორემ თვითონ ისედაც ლამაზები არიან. მთავარია, რას აწვდი მომხმარებელს და რა ფასს ადებ. ქართველ ხალხს რას ვაწვდით დღეს? - პროდუქცია ხარისხიანი უნდა იყოს და დაბალფასიანი, ამას თუ აკეთებ, მაშინ ხარ მაგარი. ერთ ადამიანს ყოველთვის შეიძლება მოაწონო თავი, პიარი გაგიკეთოს, მაგრამ მერე რა ხდება? ისეთი უნდა შექმნა, რომ ერთს კი არა, მილიონობით ადამიანს ეცვას და მოსწონდეს.
- საქართველოში თუ შემოდის თქვენი პროდუქცია?
- კი, რა თქმა უნდა. არ ვიცი, რამდენად ისურვებენ ამის გახმაურებას, მაგრამ რუსი ოჯახია, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად და მე მათ აქ ვუკერავ კოლექციას. როგორც ვიცი, ბათუმსა და თბილისში აქვთ მაღაზიები და იქ ახდენენ რეალიზაციას. როცა ვკითხე, მომხმარებელი ვინ არის-მეთქი? მხოლოდ და მხოლოდ ტურისტიო, - მიპასუხეს. რადგან საქართველოა, მე ძვირად არ ვაძლევ, მაგრამ რადგან ის ტურისტებზე მუშაობს, ალბათ, მაღალ ფასად ყიდის...
- თავის დროზე რატომ გადაწყვიტეთ საქმიანობის სფეროს ასე რადიკალურად შეცვლა?
- ბავშვობიდან მომწონდა. შესანიშნავად ვხატავდი და დიზაინერობის სურვილი ყოველთვის მქონდა. დიდი წვალების შედეგად, მივაღწიე იმას, რაც მინდოდა.
GzaPress
- სად გაიყიდა თქვენი პირველი კოლექცია?
- ლივანში, თურქეთში. ახლა წელიწადში ოთხ კოლექციას ვაკეთებ, სეზონების მიხედვით.
- რთული იყო თავის დამკვიდრება?
- რა თქმა უნდა, რთულია. ისეც კი მომხდარა, რომ ღამე გაჩერებაზე გამითევია, როცა სასტუმროს ფული გამომელია. თუ ადამიანს რაიმეს მიღწევა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაიაროს. მიზნის მისაღწევად წვალება და ბევრი შრომაა საჭირო... მერე ისე მოხდა, რომ საკმაოდ სერიოზულ კომპანიებს მთლიანად, 90-100%-ით მე ვუკეთებდი მთელ კოლექციას, ზოგს - 70%-ით. მე მხოლოდ მასაზე ვმუშაობ, მსოფლიოს მასშტაბით. ყოველდღიური ტანსაცმელი ყველა ქალს სჭირდება - მოდური, ლამაზი, კარგი და ხელმისაწვდომი ფასით.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- რისი მიღწევაც მინდოდა, იმ ეტაპამდე უკვე მოვედი. ახლა ვცდილობ, დაწყნარებულად ვაკეთო ჩემი საქმე. მინდა, რაიმე განსხვავებული და ორიგინალური ჩვენება მოვაწყო. საინტერესო პროექტი მაქვს. ვნახოთ, რა გამომივა. პერიოდულად ყოველთვის მაქვს ჩვენებები თურქეთში; კოლექციებს სადაც ვგზავნი, იქაც აუცილებლად ხდება ვიდეოგადაღება.
- გია, ქართველებს რას ეტყოდით?
- გვიყვარდეს ერთმანეთი, მეტი რა გითხრათ... მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს.
- ბოლოს როდის იყავით საქართველოში? აქ ოჯახი თუ გყავთ?
- 20 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ... მშობლები ადრეულ ასაკში დამეღუპნენ... ჩემი ძმა კი საბერძნეთში ცხოვრობს, 22 წელია. ნათესავების ნაწილი ცხადია, საქართველოშია, ნაწილი კი მოსკოვში ცხოვრობს. ვფიქრობ, როცა მოვხუცდები და ჯოხით ვივლი, ეგებ საქართველოშიც რაღაც გავაკეთო-მეთქი. იქნებ მოხუცებული მაინც მიმიღონ (იცინის).
- გენატრებათ საქართველო?
- ნუ, როგორ შეიძლება ადამიანს თავისი ქვეყანა არ ენატრებოდეს?.. რა თქმა უნდა, მენატრება. ამდენი წელია წამოსული ვარ და უცხოურ სამზარეულოს ვერ მივეჩვიე, სულ ქართულ კერძებს ვამზადებ! ყველაფერი ქართული უნდა იყოს. აი, თქვენ თუ ჩამოხვალთ ჩემთან სტუმრად, აუცილებლად დაგახვედრებთ ქართულ სუფრას!
- დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.